გასული საუკუნის 60-იან წლებში სამეგრელოში დაფნის კულტურა ფართოდ იყო გავრცელებული და მედაფნეობა მომგებიანი საქმეც გახლდათ.
დაფნამ დიდი როლი შეასრულა მოსახლეობის მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესებაში (1კილოგრამი მშრალი დაფნის ფოთოლი იმ დროს საკმაოდ ძვირი, 8-10 მანეთი ღირდა).
70-იან წლებში დაფნაზე მოთხოვნილება თანდათან შემცირდა და ფასიც მკვეთრად დაეცა, ამიტომ მოსახლეობამ დაფნის ამოძირკვა და მის ადგილზე თხილის დარგვა დაიწყო.
21-ე საუკუნის დასაწყისში დაფნა კვლავ აქტუალური და მოთხოვნადი კულტურა გახდა, ამიტომაც ფერმერები მიუბრუნდნენ მისი მოშენებას.
ფერმერი ჰამლეტ ხარჩილავა 39 წლის გახლავთ, პროფესიით იურისტია, წლების განმავლობაში მუშაობდა ადვოკატად და საკმაოდ კვალიფიციური ადვოკატის სახელიც ჰქონდა. დღეს თავის მშობლიურ სოფელ დიდინეძში ზუგდიდის მერიის წარმომადგენელია.
_ „თავიდან სახელმწიფო პროგრამა „დანერგე მომავალის“ ხელშეწყობით 0,5 ჰა-ზე მოცვის პლანტაცია გავაშენე. ვინაიდან მიწა ჩემი მამა-პაპისეულია, შემოღობილი და მოვლილია, მაქვს ჭაბურღილი, ამიტომ თანხა დავზოგე და იმავე წელს ამ თანახით დამატებით დაფნა დავთესე“ _ ამბობს ჰამლეტ ხარჩილავა.
ახალგაზრდა ფერმერს პირველსავე წელიწადს 10 000 ლარის მოგება დარჩა.
ჰამლეტს დაფნის თესლი კახეთიდან ჩამოაქვს. 1 კგ. დაფნის თესლი 25-30 ლარი ღირს, ხოლო 1 ძირი ჯანსაღი ნერგის ფასი 80 თეთრია.
_ „სამეგრელოში არსებული დაფნის თესლი უხარისხოა, რადგან აზიური ფაროსანას მიერ არის დაზიანებული, ამიტომაც ჩამომაქვს კახეთიდან. კახური დაფნა წვრილფოთლიანია, მაღალი ცხიმიანობით გამოირჩევა, ამიტომ კარგად იყიდება _ გააქვთ ჩინეთში და ევროპის ქვეყნებში“ – აღნიშნავს ჰამლეტ ხარჩილავა.
მისი თქმით, ნერგის რეალიზაცია არ უჭირს, აქვს შეკვეთები. ძირითადად ადგილობრივები ყიდულობენ დაფნის პლანტაციების გასაშენებლად, ამიტომაც შესაძლებელია რამდენიმე წელში მომრავლდეს დაფნის პლანტაციები და მისი სანერგე მეურნეობა ასეთი მოთხოვნადი აღარ იყოს, როგორც დღეს, მაგრამ ვიდრე მოთხოვნაა ჰამლეტი ადგილობრივ ფერმერებს ეხმარება და კარგი ხარისხის ნერგს მისაღებ ფასად სთავაზობს. ფერმერს მეურნეობაში ორი კაცი ჰყავს მუდმივად დასაქმებული.
ჰამლეტ ხარჩილავა ურჩევს დამწყებ და მოქმედ ფერმერებს მეტი იმუშაონ, გული არ აიცრუონ და დასახულ მიზანს აუცილებლად მიაღწევენ.
_ „მე არასოდეს არ მიფიქრია, რომ დაფნის ბიზნესით დავკავდებოდი, ვიყავი წარმატებული ადვოკატი, ვარ ზუგდიდის მერიის წარმომადგენელი, მაგრამ ამჟამად ძალიან მიყვარს ის საქმე, რომელსაც ვაკეთებ“ – ამბობს ახალგაზრდა ფერმერი.
ჰამლეტ ხარჩილავასგან განსხვავებით, სახელმწიფოს პროგრამების და ფონდების დაუხმარებლად ენთუზიასტებმა: მანუჩარ იაშვილმა, ნანა ფიფიამ და ეკა მიქენაიამ 2012 წელს „ხილ-კენკროვან კულტურათა განვითარების ასოციაცია“ დააფუძნეს, რომელიც მიზნად კენკროვანი კულტურების: მარწყვისა და ჟოლოს გაშენებას და ამ დარგის ხელშეწყობას ისახავდა. ესპანეთიდან შემოიტანეს მარწყვისა და ჟოლოს ნერგები და სოფელ ცაისში 4000მ2 სათბურში გააშენეს. იყო ჩავარდნები, ზარალიც ნახეს, მაგრამ უკვე 4-5 წელიწადია სტაბილურად მოგებას იღებენ. ნერგებიც თვითონ გამოჰყავთ და მთელი წლის განმავლობაში ამარაგებენ მოსახლეობას მარწყვისა და ჟოლოს მაღალი კვებითი და დიეტური თვისებების შემცველი ხარისხიანი კენკრით.
_ „პროფესიით ეკონომისტი ვარ. არანაირი გამოცდილება და ცოდნა არ გამაჩნდა. 20 დღე დავყავი ამერიკაში, სადაც დეტალურად შევისწავლე ყველაფერი, რაც ამ კულტურების მოყვანა-მოშენებას უკავშირდებოდა. ამერიკა მარწყვისა და ჟოლოს სამშობლოა. ახლა უკვე სხვას ვასწავლით და ვუზიარებთ ჩვენს ცოდნა-გამოცდილებას“ – აცხადებს ქალბატონი ნანა ფიფია.
ყოველწლიურად ფერმერებს 3 ტონამდე მარწყვი მოჰყავთ. რეალიზაცია არ უჭირთ, თუმცა პანდემიის პირობებში დაიწყეს გამოძახებით მარწყვისა და ჟოლოს მომხმარებლებისთვის შინ მიტანა. 1 კგ. 10-12 ლარი ჯდება. ამ პროცესმა გაამართლა, თვითონაც და მოსახლეობაც კმაყოფილია.
„ხილ-კენკროვანთა კულტურათა განვითარების ასოციაცია“ მარწყვის, მაყვლისა და ჟოლოს წარმოებაში დასაქმებულ ადამიანებს აერთიანებს, რომელთაც საკუთარ საკარმიდამო ნაკვეთებში მოჰყავთ ეს კულტურა და ოჯახსაც არჩენენ.
სწორი მენეჯმენტით ფერმერებმა შეძლეს გაეფართოებინათ კენკროვანი კულტურების წარმოება. გაიზარდა ამ კულტურებით გაშენებული მიწის ფართობები, შესაბამისად გაიზარდა წარმოებული პროდუქციის, როგორც რაოდენობა ისე ხარისხი.
გაყიდვები ჯერ შიდა ბაზარს მოიცავს, საბოლოო მიზანი ევროპის ბაზარზე გასვლაა.
_„კიდევ დავამატეთ სამი სათბური, რათა მოსავალი 10 ტონამდე გავზარდოთ და კიდევ 2000მ2 დავრგეთ ჟოლო.
ჩვენთან მრავალი სხვადასხვა ასაკის და პროფესიის ადამიანი გვსტუმრობს, ჩვენთან მათ შეუძლიათ, სრულიად უსასყიდლოდ დააგემოვნონ ჩვენს მიერ მოწეული პროდუქცია.
ენით ვერ გადმოგცემთ იმ სიხარულს, აღფრთოვანებას, რასაც ისინი განიცდიან, რაც ჩვენც ძალიან გვახარებს, ამიტომაც დილიდან საღამომდე დაუღალავად ვმუშაობთ“ _ აღნიშნავს ნანა ფიფია.
ნანას ოცნება კენკრის მუზეუმის დაარსებაა, სადაც მნახველთათვის ყველა პირობა იქნება გაეცნონ კენკროვან კულტურათა გაშენება-მოყვანის ტექნოლოგიას, წარმოების პროცესს და ყველა წვრილმანს, რაც ხარისხიანი კენკრის უხვი მოსავლის მისაღებად არის საჭირო.
ლადო ქირია, ზუგდიდი, ნოემბერი, 2021წ.