
ყულევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის პროექტი არის ყველაზე მსხვილი კერძო საინვესტიციო პროექტი დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში და ის უმნიშვნელოვანესი შენაძენი იქნება ჩვენი ქვეყნის ეკონომიკისთვის, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ყულევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის პროექტის პრეზენტაციაზე განაცხადა.
მშენებლობის პირველი ეტაპის ბიუჯეტი 110 მილიონ დოლარს, მთლიანი პროექტის საინვესტიციო მოცულობა კი 700 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს.
„ქარხანა აღჭურვილი იქნება მაღალტექნოლოგიური, თანამედროვე დანადგარებით, რაც განაპირობებს უმაღლესი ხარისხის, საერთაშორისო სტანდარტის პროდუქტის მიღებას.
საწარმო ფუნქციონირებას მომავალი წლის მარტში დაიწყებს და პირველ ეტაპზე წლიურად 1,2 მილიონი ტონა ნედლ ნავთობს გადაამუშავებს. ეს მოცულობა ეტაპობრივად 4 მილიონ ტონამდე გაიზრდება.
2028 წლის ბოლოსთვის, საწარმოში სრულად იქნება დანერგილი ნედლი ნავთობის და ნავთობპროდუქტების მაღალტექნოლოგიური გადამუშავება. ამის შემდეგ, „ბლექ სი პეტროლიუმი“ შეძლებს, ადგილობრივ ბაზარს მიაწოდოს სხვადასხვა სახის ნავთობპროდუქტები. რაც ასევე არანაკლებ მნიშვნელოვანია, პროდუქტი გავა ექსპორტზე ევროპაში და მსოფლიოს სხვა ბაზრებზე“, – განაცხადა პრემიერმა.
მთავრობის მეთაურის თქმით, საწარმოს სრული ციკლით ამოქმედება ხელს შეუწყობს იმპორტის ჩანაცვლებას და მეტად კონკურენტული ბაზრის შექმნას, რაც ერთ-ერთი უმთავრესი ეროვნული პრიორიტეტია.
„პროექტი მნიშვნელოვან დადებით გავლენას მოახდენს ქვეყნის ეკონომიკურ ზრდაზე. მნიშვნელოვნად გაიზრდება ქვეყნის საექსპორტო პოტენციალი, გაუმჯობესდება საგარეო სავაჭრო ბალანსი, რაც ხელს შეუწყობს ეროვნული ვალუტის მდგრადობას და სტაბილურობას, ზოგადად, ჩვენი ეკონომიკის სტაბილურ განვითარებას. ქარხანა უზრუნველყოფს საერთაშორისო სტანდარტების მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილების შექმნას და პირველ ეტაპზე 500 ადამიანს დაასაქმებს. მნიშვნელოვანია, რომ დასაქმებულთა უმრავლესობა ადგილობრივი იქნება.
რაც ძალიან მნიშვნელოვანია, პროექტი საქართველოში ახალი პროფესიების ჩამოყალიბების, ახალგაზრდობისთვის ახალი ცოდნისა და სამუშაო გამოცდილების მიღების უნიკალურ შესაძლებლობას შექმნის. შესაბამისად, ეკონომიკურთან ერთად, პროექტს დიდი საზოგადოებრივი და სახელმწიფოებრივი მნიშვნელობა აქვს. ყულევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა მნიშვნელოვან როლს შეასრულებს ქვეყნის ენერგოუსაფრთხოებისა და ენერგოდამოუკიდებლობის გაძლიერებაში.
მადლობას ვუხდი და წარმატებებს ვუსურვებ „ბლექ სი პეტროლიუმს“, მის ხელმძღვანელობას და ყველა ადამიანს, ვინც ჩართულია ამ პროექტის განხორციელებაში,”- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
ღონისძიების სტუმრებს სიტყვით მიმართეს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა და კომპანია Black Sea Petroleum-ის დამფუძნებელმა მაკა ასათიანმა. პრეზენტაციას აღმასრულებელი, საკანონმდებლო და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ.