დაფნა – დაფნის მოვლა-მოყვანის თანამედროვე ტექნოლოგია

9103 Views

კულტურის ბოტანიკური და აგრობიოლოგიური დახასიათება

დაფნა – (Laurus-ს) – მცენარეთა გვარის და დაფნისებრთა ოჯახის (Lauracaes) წარმომადგენელი მრავალწლიანი ხე ან ბუჩქოვანი მცენარეა. 2-12 (ზოგჯერ 20 მ-მდე) სიმაღლის ხე ან ბუჩქია.

ველურად იზრდება (ან გაველურებულია) კოლხეთსა და სამხრეთ ყირიმში, ზღვის დონიდან 700 მ-მდე სიმაღლეზე. სუბტროპიკული ტენიანი და მშრალი ჰავის პირობებში, ზოგჯერ ქმნის წმინდა კორომებს, კულტივირებულია სამხრეთ ევროპაში, ჩრდილოეთ ამერიკაში, საქართველოში (ძირითადად კოლხეთში, სადაც გაშენებულია დაფნის პლანტაციები) და სამხრეთ ყირიმში.

მსოფლიო ფლორაში დაფნის ორად-ორი სახეობაა ცნობილი – კეთილშობილი დაფნა Lაურუს ნობილის და კანარიის დაფნა – Laurus canariensis. საქართველოში მხოლოდ კეთილშობილი დაფნის სახეობა-პოპულაციაა გავრცელებული, მისი მრავალფეროვანი ვარიაციების – ფორმების სახით.

უნდა აღინიშნოს, რომ დღეისათვის არც საქართველოში და არც მსოფლიო მასშტაბით დაფნის სელექციური ჯიში არ არსებობს, ამიტომ სამრეწველო მასშტაბით და ერთეული ნარგაობების სახით (საკარმიდამო ნაკვეთებზე) ამრავლებენ მისი სახეობა-პოპულაციის ერთმანეთისაგან მკვეთრად განსხვავებულ ფორმებს.

მცენარის ფოთოლი მარტივია, ზომა 10-დან 20 სმ-მდე აღწევს. ფოთლის ფერი, ზომა და ფორმა გარემო ფაქტორებისა და მოვლის პირობების შესაბამისად მნიშვნელოვნად ცვალებადობს.

ფოთლის სიდიდის მიხედვით არჩევენ ვიწრო, საშუალო და ფართოფოთლიან ფორმებს. ფორმების მიხედვით ეთერზეთის შემცველობა მერყეობს 1,48 -დან 4,62 %-მდე. მიუხედავად იმისა, რომ, ფართოფოთლიანი ფორმის ბუჩქები 2-3 ჯერ მეტი რაოდენობის მასას იძლევა, ვიდრე წვრილფოთლიანები, ამ უკანასკნელის ფორმები გაცილებით მეტი ეთერზეთის შემცველობით ხასიათდებიან.

აქვს ქოლგისებრ ყვავილედად შეკრებილი მომწვანო-ყვითელი ყვავილები, მცენარე უხვად ყვავილობს. ყვავილი სურნელოვანი და თაფლოვანია, ამიტომ გაზაფხულზე მისი დამტვერიანება უმეტესად თაფლის მოყვარული მწერების საშუალებით ხდება. მამრობითი ყვავილები მდედრობით ყვავილებთან შედარებით უფრო მსხვილია და განლაგებულია ყლორტების ბოლოებზე, მაშინ როცა მდედრობითი ყვავილები მოთავსებულია ფოთლების იღლიებში.

დაფნა ორბინიანი მცენარეა, მაგრამ გვხვდება ერთბინიანიც, უფრო ხშირად ჰერმაფროდიტულია. აქვს შავი ფერის, კვერცხისებრი, ოვალური, მრგვალი ან წაგრძელებული ფორმის ერთთესლიანი  მოლურჯო-შავი კურკიანი ნაყოფი. ხეზე ნაყოფები ერთეულად, ზოგჯერ ჯგუფურად არის წარმოდგენილი. ნაყოფში ერთი თესლია, რომელსაც ყავისფერი თხელი ნაჭუჭი აქვს. ფესვთა სისტემა მთავარღერძაა. ბუნებაში დაფნა ცოცხლობს 300-400 წლის განმავლობაში.

კულტურის ზოგადი დახასიათება

დაფნა, პლანტაცია, მოვლა, მოყვანა

დამოკიდებულება აგროკლიმატური ფაქტორებისადმი

დაფნა კარგად ხარობს ჰუმუსით მდიდარ, წყლის კარგად გამტარ ნეშომპალა-კარბონატულ, გაეწრებულ, ეწერ, ალუვიურ, წითელმიწა, კირიან ქვეთიხნარებზე და კირნარებზე. იგი ვერ ეგუება დამლაშებულ, ჭარბტენიან ნიადაგებს. ნიადაგის არეს ოპტიმალური რეაქცია (pH) დაფნისათვის არის 6,5-7,5.

დაფნა გვალვაგამძლეა, სინათლის მოყვარულია, თუმცა სუსტი დაჩრდილვა არ ვნებს. დაფნის განვითარებისთვის ოპტიმალური ტემპერატურა არის 20-300C. მისი განვითარებისათვის კრიტიკული ტემპერატურული მინიმუმი იწყება -180C -დან ხოლო ტემპერატურული მაქსიმუმი კი 400C -დან.

ამასთანავე აღსანიშნავია, რომ დაფნა კარგად იტანს გვალვებს. დაფნას მკვეთრად გამოხატული საზამთრო შესვენების პერიოდი არა აქვს და მთელი წლის განმავლობაში, ხელსაყრელ პირობებში, აქტიურ ვეგეტაციას განაგრძობს. ის მნიშვნელოვანი დაზიანების გარეშე იტანს -12 -130C ყინვას.

ერთწლიანი ღერო- ფოთლების სუსტი დაზიანება იწყება -9 -10 გრადუსზე, ხოლო -14 -150C ყინვაზე ზიანდება ვარჯის ჩონჩხის ძირითადი ტოტები. -18 -200C ყინვაზე მცენარე მთლიანად იღუპება.

მრავლდება თესლით, კალმით (სათბურში) და გადაწვენით (ზაფხულში). ითესება შემოდგომით ან ადრე გაზაფხულზე. აღმოცენების პერიოდი გრძელდება 46-81 დღე. ყვავილობს აპრილში, ნაყოფი ოქტომბერ-ნოემბერში მწიფდება. უხვად იკეთებს ძირკვიდან ამონაყარს, ფოთოლს ორ წელიწადში ერთხელ აგროვებენ.

სამრეწველო გამოყენება მის ფოთლებს აქვთ. დაფნაში ეთეროვანი ზეთის რაოდენობა იცვლება წლის დროის მიხედვით, დღე-ღამის საათებში და დამოკიდებულია ფოთლის ხნოვანებაზე, სიდიდეზე, ოროგრაფიულ პირობებსა და რაც მნიშვნელოვანია, თვით მცენარის ბიოლოგიურ თავისებურებაზე – ბუნებაში არსებობს როგორც მაღალი, ისე საშუალო და დაბალზეთიანი ფორმები. 1 ჰა-დან იძლევა საშუალოდ 1-1,2 ტ მოსავალს.

ქიმიური შემადგენლობა

დაფნას თითქმის ყველა ორგანო შეიცავს ეთერზეთს, შედარებით მეტად გვხვდება ფოთლებსა და ახალგაზრდა ტოტებში. ეთეროვანი ზეთის რაოდენობა იცვლება წლის დროის მიხედვით, დღე-ღამის საათებში და დამოკიდებულია ფოთლის ხნოვანებაზე, სიდიდეზე, ოროგრაფიულ პირობებსა და რაც მნიშვნელოვანია, თვით მცენარის ბიოლოგიურ თავისებურებაზე-ბუნებაში არსებობს როგორც მაღალი, ისე საშუალო და დაბალზეთიანი ფორმები.

დაფნის ეთერზეთი წარმოადგენს მოყვითალო ან მომწვანო ფერის სითხეს, რომლის შემადგენლობაში შედის ცინეოლი, პინენი, გერანიოლი, ტერპინეოლი, მეთილევგენოლი, ვალერიანის და კაპრონის მჟავები და სხვ. ეთერზეთის შემცველობა დაფნის ჰაერმშრალ ფოთლებში მერყეობს 0,6-დან 0.5 პროცენტამდე, ტოტებში -0,3 -დან 0,65 პროცენტამდე.

ფოთლების გარდა, ეთეროვანი ზეთი არის აგრეთვე ახალგაზრდა ტოტებში, რომლებსაც მოსავლის აღებისას ჭრიან. დაფნის ტოტებიდან მიღებული ეთეროვანი ზეთი სრულფასოვანია და ის არაფრით ჩამოუვარდება ფოთლიდან მიღებულ ზეთს.

დაფნის გავრცელებული სახეობები

გავრცელებულია დაფნის 2 სახეობა: კეთილშობილი (ჩვეულებრივი) დაფნა (Laurus nobilis) და აზორის (კანარიის) დაფნა.

კეთილშობილი დაფნა

ტანდაბალი, 2-12 (ზოგჯერ 20 მ-მდე სიმაღლის ხე ან ბუჩქია). მცენარის სიცოცხლის ხანგრძლივობა დიდია, 120-150 წლიანი და მეტი ასაკის ხეები არსებობს დასავლეთ საქართველოს სუბტროპიკულ ზონაში.

საქართველოში გავრცელებულია კეთილშობილი დაფნის სახეობა-პოპულაცია, მისი მრავალფეროვანი ვარიაციების – ფორმების სახით.

კერძო ნაკვეთებზე გავრცელებული მცენარეების და დაფნის ველურად მზარდი ბუნებრივი ნარგაობის ბაზაზე შეარჩიეს პერსპექტიული ფორმა #18. დადგენილი იქნა, რომ აღნიშნული ფორმაში ზეთშემცველობა 1,8-2 პროცენტის ფარგლებშია.

აზორის დაფნა ანუ კანარიის დაფნა

იზრდება ტენიან ადგილებში, უმთავრესად ტყეებში, აზორის კუნძულებზე, სადაც დაფნისებრთა ოჯახის სხვა სახეობებთან ერთად ქმნის ტენიან სუბტროპიკულ ტყეებს ზღვის დონიდან 700 მ-მდე სიმაღლეზე.

მოშენებულია საქართველოს ზოგ ბაღ-პარკშიც. ნაკლებ ყინვაგამძლეა.

აღნიშნული სახეობებიდან საწარმოო თვალსაზრისით უმთავრესად აშენებენ კეთილშობილ დაფნას.

ადგილი თესლბრუნვაში

დაფნის ბაღის გაშენებისას გასათვალისწინებელია, რომ მისი გაშენება ნაკლებად სასურველია ისეთ ფართობებზე, სადაც წინა წლებში ინტენსიურად იწარმოებოდა ძაღლყურძენასებრთა ოჯახის წარმომადგენელი სასოფლო-სამეურნეო კულტურები.

ნიადაგის და ნაკვეთის შერჩევა

რელიეფი და ნიადაგის მჟავიანობის არე (pH). ნაკვეთის რელიეფის მიხედვით დაფნა შეიძლება გავაშენოთ ფერდობებზე, ბორცვებზე, ხეობებში და ვაკეებზე.

დაფნის პლანტაციების გასაშენებლად უნდა შეირჩეს ვაკე ადგილები და ფერდობები 20 გრადუსისის დაქანებამდე.

დაფნის კულტურა ნიადაგების მიმართ ნაკლებად მომთხოვნია, მაგრამ კარგად ხარობს ღრმა სახნავი ფენის, საკვები ელემენტებით მდიდარ, საშუალო ან მსუბუქი მექანიკური შედგენილობის, ნეიტრალური რეაქციის მქონე ნიადაგებზე; თუმცა ვითარდება წითელმიწა, ყვითელმიწა და სუსტად გაეწრებულ ნიადაგებზე მოკირიანების ჩატარების შემდეგ.

დაფნა ქვეტყის მცენარეა და შედარებით კარგად იტანს ჩრდილს, ამიტომაც დაფნის გაშენება შეიძლება მაღალტანიანი მერქნოვანი ჯიშების ნარგაობაში. დაჩრდილვასთან ერთად დაფნა კარგად იტანს შემჭიდროებულ დარგვასაც. დაფნისათვის გამოუსადეგრია დამლაშებული, ჭარბტენიანი ნიადაგები.

იმ შემთხვევაში, თუ დაფნის გასაშენებლად შერჩეულ ფართობზე ნიადაგის არეს რეაქცია აღნიშნულ პარამეტრებზე მეტი ან ნაკლებია ანუ ნიადაგის დაფნის წარმოებისათვის შეუთავსებლად მჟავე, ან პირიქით ტუტე რეაქციისაა, ამ დროს კულტურის გაშენებამდე საჭირო იქნება ნიადაგის მჟავიანობის არეს ხელოვნური რეგულირება შესაბამისი ღონისძიებების განხორციელებით.

pH რეგულირებისთვის ზუსტი დოზების დადგენისთვის საჭიროა განხორციელდეს შესაბამისი ლაბორატორიული ანალიზის შედეგად, შერჩეული მელიორანტის სახეობის, ფორმის და აგრეთვე, მისი ქიმიური და მექანიკური შემადგენლობის გათვალისწინებით.

ნიადაგის ძირითადი დამუშავება

დაფნის გაშენებამდე საჭიროა ნიადაგის ღრმა დამუშავება – მოხვნა (45 სმ სიღრმეზე), დარგვამდე 1- 1.5 თვით ადრე ან საჭიროების შემთხვევაში, პლანტაჟი – 60-70 სმ-ის ან მეტ სიღრმეზე. პლანტაჟი ტარდება დარგვამდე სულ მცირე 5-6 თვით ადრე. სხვა შემთხვევაში ტარდება სტანდარტული საშემოდგომო ღრმა ხვნა.

სასუქები შეიტანება ნიადაგის ღრმად მოხვნის ან პლანტაჟის წინ. შესატანი სასუქების ზუსტ დოზებს ადგენენ კონკრეტული ნაკვეთის აგროქიმიური ლაბორატორიული ანალიზის საფუძველზე.

თუ დაფნის ბაღის გაშენება იგეგმება ფართობზე, სადაც წინა წელს იწარმოებოდა დაფნა, ამ შემთხვევაში საჭიროა 2-3 წლიანი ინტერვალის დაცვა დაფნის ახალი ბაღის გაშენებამდე და შემდეგ პლანტაჟის ჩატარება, რათა მინიმუმამდე იქნას შემცირებული მავნებელ-დაავადებების გავრცელების რისკები.

ნიადაგის დარგვისწინა დამუშავება

ნიადაგის პლანტაჟის ან ღრმად მოხვნის შემდეგ, ნაკვეთი უნდა გაფხვიერდეს – დაიდისკოს, დაიფარცხოს და ა.შ.

დაფნის პლანტაციის გაშენებამდე ნაკვეთზე შეიძლება დაითესოს წინამორბედი კულტურები საშემოდგომო-საზამთრო სიდერატები (კოინდარი, კურდღლის ფრჩხილა, ლურჯი იონჯა, ხანჭკოლა), სიმინდი ან სოია.

სარგავი მასალა და დარგვა

დაფნა მრავლდება გენერაციულად და ვეგეტატიურად, ანუ თესლით და მცენარის ვეგეტატიური ნაწილებით. თესლით გამრავლების დადებითი მხარეა: რეპროდუქციის მაღალი კოეფიციენტი, სიადვილე, შეცვლილი გარემო პირობებისადმი შეგუების უკეთესი უნარი, სიცოცხლის მეტი ხანგრძლივობა და დაავადებათა და მავნებელთა გავრცელების ნაკლები საშიშროება. უარყოფითი მხარეა ნარგაობის სიჭრელე და გვიან ნაყოფმსხმოიარობაში შესვლა.

ვეგეტატიური გამრავლება

ვეგეტატიური გამრავლების დადებითი მხარეა ნამრავლის გამოთანაბრებულობა და ნაყოფმსხმოიარობაში ადრე შესვლა, უარყოფითი – სამუშაოს შესრულების სირთულე და სიძვირე, ნაკლები სიცოცხლის ხანგრძლივობა, დაავადებათა და მავნებელთა გავრცელების მეტი საშიშროება და სხვა.

ვეგეტატიური გამრავლების სახეებია ღეროსეული და ფოთლისეული კალმების დაფესვიანება, ტოტების გადაწვენა და ბუჩქის დაყოფა.

ვეგეტატიური გამრავლების მეთოდებიდან აღსანიშნავია ღეროს ან ფოთლის დაფესვიანების ან ტოტების გადაწვენის გზით სარგავი მასალის მიღება. აღნიშნული მეთოდი თესლით გამრავლებასთან შედარებით რთულია და დიდ დანახარჯებთან არის დაკავშირებული. ამ მეთოდს გამოიყენებენ მხოლოდ მაშინ, როდესაც აუცილებელია მიღებული იქნას ერთგვაროვანი სარგავი მასალა. ძირითადად ეს მეთოდი გამოიყენება დაფნის სადედე სათესლე პლანტაციის გასაშენებლად. ზოგჯერ მას მიმართავენ სამრეწველო პლანტაციების გასაშენებლადაც.

სარგავი მასალის მისაღებად იყენებენ სხვადასხვა სიძლიერით გამერქნებულ კალმებს. კალმების დაფესვიანებაზე და მათ შემდგომ ზრდა- განვითარებაზე დიდ გავლენას ახდენს ზრდის სტიმულატორები, ასევე სუბსტრატი, კალმის სტადიური მდგომარეობა, გარემოს ტემპერატურა, დარგვის წესი და სხვა.

ახალგაზრდა სადედე ხეებიდან დამზადებული კალმები უკეთ ფესვიანდება. ფესვთწარმოქმნის მაღალ უნარს (83%) ამჟღავნებს ერთწლიანი, მეორე ადგილზეა (78%) ნახევრად გამერქნებული, შემდეგ (28%) ორწლიანი და ბოლოს – მწვანე კალმები. მიმდინარე წლის ქორფა კალმები საერთოდ არ ფესვიანდება. ერთწლიანი კალმების დამზადების და დარგვის საუკეთესო ვადაა მარტ-აპრილი, ნახევრად გამერქნებული და მწვანე გაუმერქნებელი კალმებისათვის ივლის-აგვისტო. მცენარის ვარჯის ქვედა და შუა ზონიდან აღებული კალმები უკეთ ფესვიანდება.

სტანდარტული ერთწლიანი კალმის სიგრძე 10-12 სმ უნდა იყოს, ჰქონდეს 4 კვირტი ფოთლებით. დასარგავად მომზადებისას ქვედა ორი ფოთოლი უნდა მოშორდეს და დატოვებული იქნას ოთხი კვირტი ნახევრად შეკვეცილი ორი ზედა ფოთლით.

ასეთნაირად დამზადებული კალამი დახრილად ისე უნდა დაირგოს, რომ ორი ქვედა კვირტი სუბსტრატში მოთავსდეს. კალმები დასაფესვიანებლად ირგვება 5X5 სმ კვების არით.

დარგული კალმები უნდა დაიჩრდილოს და პერიოდულად მოირწყას. დაფესვიანებიდან 2 წლის შემდეგ ღებულობენ სტანდარტულ ნერგებს.

თესლით გამრავლება

საწარმოო პლანტაციების გასაშენებლად გამოყენებული უნდა იქნას დაფნის თესლით გამრავლება, ადგილზე თესვით ან გამოყვანილი სარგავი მასალის გადარგვით. ამ წესით გაშენებული დაფნის პლანტაციები მნიშვნელოვანი მორფოლოგიური და სამეურნეო ნიშანთვისებების სიჭრელით ხასიათდება.

დაფნის სათესლე და სადედე პლანტაციების მოსაწყობად სარგავი მასალა აუცილებლად უნდა გამოიყვანონ ვეგეტატიური გამრავლების გზით. სარგავი მასალა გამოჰყავთ მუდმივ ან დროებით სანერგეში.

სანერგე

სანერგისათვის უმჯობესია შერჩეული იქნას ვაკე ან ოდნავ დაქანებული, სარწყავი წყლით უზრუნველყოფილი, გაბატონებული ქარებისაგან დაცული, ტრანსპორტის მიმოსვლისათვის მოხერხებული, დაფნის გასაშენებელი პლანტაციების ზონისათვის დამახასიათებელი კლიმატური  ელემენტების ანალოგიურ პირობებში მოქცეული ნაკვეთი, სადაც გრუნტის წყლის დონე ერთ მეტრზე ქვევითაა.

დაფნის კულტურის მოქმედი აგროწესით, სანერგისათვის საუკეთესო ნიადაგია ალუვიურ დანალექებზე წარმოქმნილი ქვეთიხნარი ან ან ქვექვიშნარი, შედარებით მსუბუქი, წყალგამტარი და ნოყიერი ნიადაგი.

სანერგე მეურნეობის ძირითადი ამოცანაა სტანდარტული ნერგის გამოყვანა. მსუბუქი მექანიკური შედგენილობის ნიადაგებზე, განსაკუთრებით ქვექვიშნარზე, დაფნის ღერძა ფესვი ძლიერ იზრდება და ღრმად ვრცელდება ნიადაგში. შემმოსავი ფესვები ნაკლებად წარმოიქმნება და ისიც ნიადაგის შედარებით უფრო ღრმა ფენებში, ამიტომ ნერგის ამოთხრის დროს დიდად ზიანდება ფესვთა სისტემა, მიყენებული ჭრილობა უფრო ძლიერია, ნერგის ბელტიანად ამოთხრა კი – თითქმის შეუძლებელია. სხვანაირადაა აგებული ფესვთა სისტემა თიხნარ და ქვეთიხნარ ნიადაგებზე. აქ ღერძა ფესვი ღრმად არ ვრცელდება.

შემმოსავი ფესვები უხვად წარმოიქმნება, რის გამოც ნერგს ამოთხრისას ნაკლებად უზიანდება ფესვთა სისტემა, მეტი რაოდენობით რჩება შემმოსავი ფესვები და ბელტი შედარებით ნაკლებად იშლება. დაფნის სანერგისათვის, პირველ რიგში გამოყენებული უნდა იქნას თიხნარი და ქვეთიხნარი, საკვებით მდიდარი, სტრუქტურული ნიადაგები.

დაფნის სანერგის სტრუქტურა მნიშვნელოვნად განსხვავდება სუბტროპიკული ხეხილოვანი კულტურების სანერგისაგან და უფრო მარტივია.

დაფნის სანერგის შემადგენელი ნაწილებია: სათესი სკოლა -ერთწლიანი და ორწლიანი ნათესარებით და სათესლე-სადედე პლანტაცია, მაგრამ ვინაიდან დაფნის სანერგეებს საკუთარი სათესლე-სადედე პლანტაციები არ გააჩნიათ და იგი შედგება ერთწლიანი და ორწლიანი ნათესარებისაგან, ამიტომ თესვისწინა მომზადება ძირითადად სათესი კვლების მოწყობით ამოიწურება.

თესვა

დაფნის თესლი სიმწიფეში შედის სექტემბრის პირველი დეკადიდან. დაფნის ნაყოფი ბუნებრივ პირობებში, მომწიფებისა და ჩამოცვენის შემდეგ ნიადაგის ზედაპირზე ან მცირე სიღრმეზე ნიადაგში იზამთრებს და მხოლოდ გაზაფხულზე აღმოცენდება.

დაფნის თესლისათვის ნაყოფის ჩამოცვენის შემდეგ დგება მომწიფების პერიოდი, რომელიც ხანმოკლეა. იგი მას გაივლის, როდესაც თესლში ტენიანობა 30-35%-ის ფარგლებშია. თესლის ტენიანობის უფრო დაბალი შემცველობის დროს ჩანასახში ირღვევა ბიოქიმიური პროცესების მიმდინარეობა და თესლი აღმოცენების უნარს კარგავს, ამიტომ დაფნის ჯანსაღი ნერგის გამოყვანის საქმეში თესვის ვადას დიდი პრაქტიკული მნიშვნელობა აქვს.

მძიმე მექანიკური შედგენილობის ნიადაგებზე უნდა დაითესოს დაფნის სტრატიფიცირებული თესლი ადრე გაზაფხულზე. ტენიანი სუბტროპიკული ზონის, თბილი და რბილი ზამთრის პირობებში დაფნის თესლი შემოდგომაზე უნდა დაითესოს. აგროწესების თანახმად, ახლად მოკრეფილ დაფნის ნაყოფს უნდა მოსცილდეს ნაყოფგარემო.

ტენიანი სუბტროპიკული ზონის კლიმატურ პირობებში დაფნა უნდა დაითესოს შემოდგომაზე – სექტემბრის მეორე ნახევრიდან ნოემბრის მეორე ნახევრამდე. თუ რაიმე მიზეზით თესვა შემოდგომაზე ვერ მოხერხდა, მაშინ უნდა დაითესოს ადრე გაზაფხულზე – 25 თებერვლიდან 15 მარტამდე.

დაფნის თესლს უნდა ჰქონდეს არანაკლები 32% ტენი, 95-98% სიწმინდე და არანაკლები – 75% აღმოცენების უნარი. ერთი ჰა სანერგისათვის საჭიროა 500 კგ თესლი. მცირე ზომის სანერგეებში დაფნა უნდა დაითესოს 30 სმ-ით ურთიერთისაგან დაცილებულ ღარებში.

დიდი მნიშვნელობა აქვს თესლის ჩათესვის სიღრმეს. იგი თესვის ვადების, ნიადაგის მექანიკური შედგენილობისა და ტენიანობის მიხედვით უნდა იცვლებოდეს. შემოდგომაზე, თესვისას ჩათესვის სიღრმე 3-4 სმ უნდა იყოს, საგაზაფხულო თესვის დროს კი 5-6 სმ. თესლი უნდა დაითესოს ერთმანეთისაგან 5-6 სმ-ის დაცილებით.

ნერგის მოვლა

შემოდგომაზე, ნათესის აღმოცენებამდე, საკმაოდ ხანგრძლივი დრო გადის და ამ პერიოდში, სუბტროპიკებში, სარეველა მცენარეები ინტენსიურად აღმოცენდება და იზრდება. აუცილებელია ნათესარის მათგან გაწმენდა.

სარეველა მცენარეთა წინააღმდეგ საბრძოლველად ჰერბიციდები უნდა იქნეს გამოყენებული. დაფნის თესლი, ტენით უზრუნველყოფის დროს, 80C-ზე იწყებს გაღივებას, 10-120C -ზე კი – აღმოცენებას. მასიური აღმოცენება ხდება 16-200C -ზე.

ახალგაზრდა აღმონაცენი თითქმის მთელი წლის მანძილზე დაკავშირებულია ლებნებთან და მისგან საკვებ ნივთიერებებს იღებს.

თესლის გაღივებისას, ჩანასახის განვითარების შედეგად იწყება ჩანასახოვანი ფესვისა და ღერო-ფოთლების ელემენტების ზრდა და ღივი წარმოიქმნება. პირველ ხანებში უფრო ინტენსიურად იზრდება ფესვი. ნიადაგის ზედაპირზე ახლად აღმონაცენი უმთავრესად ანტოციანური შეფერვისაა, წვრილია და ნაზი, მასზე უარყოფითად მოქმედებს მზის პირდაპირი ინსოლაცია. ნორჩი ნათესარების მზის სხივების მოქმედებისაგან დასაცავად, ნათესი კვლები უნდა დაიჩრდილოს ერთფენა დოლბანდით ან სხვა მასალით.

შემოდგომაზე ნათესის აღმოცენება ძირითადად მთავრდება აპრილში. ვეგეტაციის პირველ წელს დაფნა ნელა იზრდება, ფესვის ზრდა კი უფრო გაძლიერებულია. სავეგეტაციო პერიოდში შეინიშნება ზრდის ორი-სამი ტალღა. ცენტრალური ღერო, ნორმალური კვების და მოვლის პირობებში, პირველ წელსვე იტოტება და სიმაღლით 35 სმ-ს აღწევს.

ერთწლიანი თესლნერგის ზრდის სიძლიერე და ხასიათი დიდად არის დამოკიდებული მოვლის პირობებზე. მეტი რაოდენობის სტანდარტული ნერგის მისაღებად საჭიროა დაფნის სანერგეში მოვლის ღონისძიებათა კომპლექსის დროზე და მაღალხარისხოვნად გატარება. მწკრივებში და მწკრივთაშორისებში მთელი სავეგეტაციო პერიოდის დროს, ნიადაგი 4-6-ჯერ უნდა გაფხვიერდეს.

თუ ნიადაგი კარგად არის განოყიერებული, მაშინ თესლნერგებს დამატებით გამოკვება არ დასჭირდებათ. საკვები ელემენტების სიმცირისა და ტენის ნაკლებობის დროს, მცენარე უნდა გამოიკვებოს და მოირწყას. ზრდაში ჩამორჩენილი ნერგის გამოსაკვებად გამოყენებული უნდა იქნას ამონიუმის გვარჯილას 0,2-0,3%-იანი ხსნარი. სანერგე მეურნეობებში კარგ შედეგს იძლევა თესლნერგების წუნწუხით გამოკვება, რასაც 2-3-ჯერ იმეორებენ.

დაფნის სტანდარტულ ნერგს უნდა ჰქონდეს კარგად განვითარებული ფესვთა სისტემა. ღეროს დიამეტრიც ფესვის ყელთან უნდა იყოს არანაკლებ 5 მმ- სა, სიმაღლე კი – 30 სმ.

ტენიანი სუბტროპიკული ჰავის პირობებში, კარგი მოვლის შემთხვევაში, ერთი სავეგეტაციო წლის განმავლობაში შესაძლებელია მიიღონ 60-75%-მდე დაფნის სტანდარტული ნერგი. მშრალი სუბტროპიკული კლიმატის პირობებში, ერთ სავეგეტაციო პერიოდში სტანდარტული ნერგების მიღება ძნელია. ერთ ჰა სანერგეში სტანდარტული ნერგის გამოსავალია 100-150 ათასი ცალი ნერგი. ამოღების დროს საჭიროა ნერგი ბელტიანად იქნეს ამოღებული და რაც შეიძლება ნაკლებად დაზიანდეს ფესვები.

დაფნის ნერგის გახარება დამოკიდებულია ამოთხრილი ნერგების დროულად გადატანაზე და დარგვაზე. ნერგები ღრუბლიან ამინდში უნდა იქნეს ამოღებული. დაფნის შემმოსავი ფესვები მზის სხივების პირდაპირი ზემოქმედებით ადვილად იღუპება, ამიტომ მათი გაშიშვლება მოსარიდებელია. ამოთხრის დროს თუ ბელტი დაიშალა, რაც მსუბუქი მექანიკური შედგენილობის ნიადაგზე ჩვეულებრივი მოვლენაა, მაშინ ნაზი ქსოვილების გამოშრობისაგან დასაცავად, ის დაუყოვნებლივ უნდა იქნეს ამოვლებული ნაკელ-თიხისაგან შემზადებულ წუნწუხში.

ნერგები, ამოთხრისთანავე სტანდარტის მიხედვით უნდა დახარისხდეს და გაიგზავნოს პლანტაციის გასაშენებლად. საფოთლე პლანტაციის გასაშენებლად არასტანდარტული ნერგის გამოყენება მიზანშეუწონელია.

ერთწლიანი სტანდარტული ნერგით დაფნის პლანტაციების გაშენება ეკონომიკურად მიზანშეწონილი და აგრონომიულად გამართლებულია.

ორწლიანი ნერგების გამოყვანისას ან კიდევ არასტანდარტული ნერგების გასაძლიერებლად სანერგეში დაბრუნების დროს, მეორე წელს მოვლის აგროტექნიკური ღონისძიებები პირველი წლის ანალოგიურია, იმ განსხვავებით, რომ ნერგების ზრდის გასაძლიერებლად 1 ჰაზე შეტანილი უნდა იქნას ამონიუმის გვარჯილა 750 კგ. ან კარბამიდი 500 კგ.

დაფნის ნერგი გამოჰყავთ აგრეთვე შეხავსებულ კოშტებში, ან კიდევ პოლიეთილენის პარკებში. ეს წესი უფრო შრომატევადი და ძვირია, მაგრამ ამ შემთხვევაში უზრუნველყოფილია ნერგების დარგვა ფესვთა სისტემის დაუზიანებლად, რაც განაპირობებს სრული სიხშირის პლანტაციის გაშენებას.

ამ წესით ნერგის გამოყვანისას თესლი უნდა დაითესოს შემოდგომაზე (ნოემბერი) ან გაზაფხულზე. ზრდის გაძლიერების მიზნით, თესლნერგები პერიოდულად უნდა მოირწყას კარბამიდის 0,4%-იანი ხსნარით. ამ წესით გამოყვანილი ნერგები უმთავრესად გამოიყენება პლანტაციების რემონტისათვის.

დარგვის წინ ნიადაგს ასწორებენ – აფხვიერებენ, ნაკვეთს აგეგმავენ და იღებენ დასარგავ ორმოებს, დარგვამდე 2-3 დღით ადრე.

პლანტაციას აშენებენ შპალერულად ან ბუჩქური წესით. პლანტაციის ბუჩქური წესით გაშენებისას ნაკვეთი უნდა დაიგეგმოს 1,5X1 მ. კვების არით. შპალერული წესით გაშენებისას 8 გრადუსზე უფრო მეტი დაქანების ფერდობებზე მწკრივებს შორის მანძილი 1 მ, ვაკე და 8 გრადუსამდე დაქანებულ ნაკვეთებზე – 2-2,5 მ. მწკრივებში მცენარეთა შორის მანძილი ორივე შემთხვევაში 50 სმ. უნდა იყოს.

პლანტაციის გასაშენებლად ბუჩქური წესით 1 ჰა-ზე საჭიროა 6700 ნერგი, ხოლო შპალერული წესით დარგვისათვის, კი 11500-13400 ნერგი.

უშუალოდ დარგვისას შესატანი მინერალური და ორგანული სასუქების ზუსტი დოზების დადგენა შესაძლებელია მხოლოდ ნიადაგის აგროქიმიური ანალიზის საფუძველზე.

გაშენების წინ ნაკვეთის გრძელი მხარის პარალელურად გაყავთ სწორი ხაზი და ჩვეულებრივი წესით იწყებენ დაგეგმვას ყოველ 1,5 მეტრში.

მწკრივთა ხაზების მონიშვნის შემდეგ მათ გასწვრივ 30სმ სიღრმეზე აფხვიერებენ 0,5 მეტრი სიგანის სათესლე ან ნერგების დასარგავ ზოლს. სარგავ ხაზზე ამოიღება 20სმ განისა და 25სმ სიღრმის ორმო, სადაც ირგვება სტანდარტული ნერგი, ხოლო თესლით გაშენებისას 4-5 სმ სიღრმეზე ეწყობა ბუდნები, რომელშიც 3-4 ცალი თესლი ითესება და მაჩვენებელი ჯოხით აღინიშნება. თესლის შეგროვება ხდება შემოდგომაზე წინასწარ აპრობირებული სადედე ხეებიდან.

თესვა უნდა მოხდეს ოქტომბერ-ნოემბერში. თესლს უნდა შემოეცალოს ნაყოფ-გარემო. ერთი ჰა პლანტაციის ბუჩქური წესით თესლით გაშენებისას საჭიროა 35 კგ თესლი, ხოლო შპალერული გაშენებისას 70კგ.

თუ თესლი შემოდგომით არ ითესება საჭიროა გაუკეთდეს სტრატიფიკაცია 7%-იან ტენიანობის სილაში. წინასწარ ხის ყუთში იყრება სილა, მასზე 3-4 სმ სისქით იყრება თესლი, შემდეგ ისევ სილა და ასე შემდეგ. ყუთის სასურველი სიმაღლეა 40სმ. ყუთი იდგმება დაცულ ადგილას +20C +80C ტემპერატურაზე, ტენიანობა 60-70%. შენახული თესლი ითესება 25 თებერვლიდან 25 მარტამდე.

სანერგეში გამოყვანილი ნერგებით სასურველია პლანტაციის გაშენება მოხდეს 1 ოქტომბრიდან 15 ნოემბრამდე ან 15 თებერვლიდან 1 აპრილამდე

ნიადაგის დამუშავება დაფნის ბაღში

ახალგაზრდა პლანტაციებში 2-3 წლის განმავლობაში 10-12 სმ სიღრმეზე ტარდება რიგთაშორისებში გაფხვიერება, ხოლო ზრდასრულ პლანტაციებში, სადაც რიგთაშორისები შეკრულია 4 წელიწადში ერთხელ ტარდება საზამთრო გადაბარვა 10-12სმ სიღრმეზე, გადაბარვის ვადა 15 ნოემბრიდან 1 აპრილამდეა.

ბაღში ნიადაგი ყოველთვის ფხვიერ მდგომარეობაში უნდა იყოს. არ უნდა მოხდეს ხეების გარშემო სარეველა ბალახების განვითარება. ამ მიზნით ტარდება მწკრივთაშორისების 3-4-ჯერად გათოხნა ან კულტივაცია 5-7 სმ. სიღრმეზე.

ნიადაგის განოყიერება და მცენარის კვება

დაფნის მაღალი და სტაბილური მოსავლის მისაღებად საჭიროა განოყიერების სწორი სისტემის შემუშავება, რომელიც ეფუძნება პერიოდულად ნიადაგის ხარისხობრივი მაჩვენებლების განსაზღვრას და ნაყოფიერების დონის დადგენას. დაფნის პლანტაციების განოყიერების მიზნით იყენებენ როგორც ორგანულ ისე მინერალურ სასუქებს.

ორგანული სასუქებიდან გამოიყენება დაკომპოსტებული ნაკელი საყოფაცხოვრებო ანარჩენებთან ერთად, ტორფ-კომპოსტი. ტორფ-კომპოსტებიდან შეიძლება გამოვიყენოთ ტორფ-ნაკელი ან ტორფ-დოლომიტი ან ცეო-ტორფი ან ტორფ-ჰუმინური სასუქები და სხვა.

ტორფ-დოლომიტის გამოყენებისას ნიადაგში ერთდროულად ხდება ორგანული სასუქის შეტანა და ნაკვეთის გამდიდრდება საკვები ელემენტი – მაგნიუმით. „ცეო-ტორფის“ გამოყენება უზრუნველყოფს ნიადაგის მექანიკური შემადგენლობის გაუმჯობესებას, გამდიდრებას ორგანული სასუქით და იონგაცვლითი პროცესების ზრდას. ტორფ-ჰუმატები ორგანულ სასუქთან ერთად შეიცავენ სტიმულატორს. წყალხსნადი ჰუმინის მჟავას შემადგენლობა ტორფ-ჰუმატებში გაცილებით მეტია ვიდრე სხვა ტორფ-კომპოსტებში.

ორგანულ სასუქად ასევე შეგვიძლია გამოვიყენოთ ბიოჰუმუსი შემცირებული დოზით 5 ტონა ჰა-ზე. ორგანული სასუქის დოზები განისაზღვრება ნიადაგში ჰუმუსის შემცველობით და იგი მერყეობს 30-50 ტონამდე 4 წელიწადში ერთხელ რიგთაშორისებში შეტანით. მინერალური სასუქების გამოყენება დამოკიდებულია ნიადაგში საკვები ელემენტების შემცველობაზე.

იმ შემთხვევაში, როდესაც ნიადაგი ღარიბია სამივე საკვები ელემენტით: აზოტით, ფოსფორით და კალიუმით გამოიყენება კომპლექსური  მინერალური სასუქი, დანარჩენ შემთხვევებში იყენებენ მარტივ სასუქებს. აზოტის ნაკლებობისას ახალგაზრდა პლანტაციაში გამოიყენება ამონიუმის გვარჯილა 150 კგ ჰა-ზე, ხოლო ზრდასრულ

პლანტაციებში გამოიყენება 500კგ. ფოსფორის ნაკლებობისას ვიყენებთ სუპერფოსფატს 500-750კგ ჰაზე, ხოლო კალიუმის ნაკლებობისას კალიუმის მარილს 250კგ ჰა-ზე.

დაფნის პლანტაციაში ნიადაგის განოყიერებისათვის საჭირო მინერალური და ორგანული

ნივთიერებების ზუსტი დოზების გამოანგარიშება წარმოებს ნიადაგის აგროქიმიური ლაბორატორიული ანალიზის საფუძველზე.

ამავე დროს, შესაძლებელია გამოთვლილი იქნას ზოგადი, საორიენტაციო რაოდენობები პლანტაციის ასაკის მიხედვით, რაც წარმოდგენილია ქვემოთ მოცემულ ცხრილებში:

ერთიდან – ოთხ წლამდე ასაკის პლანტაციის განოყიერების საორიენტაციო სქემა

დაფნა, პლანტაცია, მოვლა, მოყვანა

5-დან 6 წლამდე ასაკის პლანტაციის განოყიერების საორიენტაციო სქემა

დაფნა, პლანტაცია, მოვლა, მოყვანა

6 წელზე მეტი ასაკის პლანტაციის განოყიერების საორიენტაციო სქემა

დაფნა, პლანტაცია, მოვლა, მოყვანა

დაფნის ტენით უზრუნველყოფა

1-4 წლამდე მცენარეები აქტიური ვეგეტაციის პერიოდში, უშუალოდ ადგილზე არსებული სიტუაციის მიხედვით, საჭიროა საშუალოდ 5-8-ჯერ მოირწყას მშრალ რაიონებში, ხოლო ტენიან რაიონებში კი იგივე ასაკის მცენარეების მორწყვა სავეგეტაციო სეზონის განმავლობაში საშუალოდ 2-3-ჯერ წარმოებს.

თითოეული მორწყვის საორიენტაციო ნორმა ერთ ჰა-ზე არის 400-500 მ3. მორწყვა შესაძებელია ჩატარდეს როგორც წვეთოვანი სისტემით, ასევე დაწვიმებით ან კვლებში მიშვებით.

მოსავლის აღება-შენახვა

დაფნის პლანტაცია სრულმოსავლიანი ხდება გაშენებიდან მე-8, მე-9 წელს. ჰაერმშრალი ფოთლის საშუალო საჰექტარო მოსავლიანობა 3-5 ტონას შეადგენს.

დაფნის მწვანე მასის აღება იწყება პლანტაციის გაშენებიდან მეორე ან მესამე წელს, აუცილებლად მშრალ ამინდში 15 ნოემბრიდან 1 მარტამდე.

მოსავლის აღების პირველ წელს ბუჩქი გადაიჭრება ბაღის მაკრატლით ფესვის ყელიდან 10-15 სმ-ის სიმაღლეზე. პირველი გადაჭრის შემდეგ მცენარე ივითარებს გვერდით ტოტებს და ფოთლის მომცემ არეს ზრდის. მომდევნო აჭრა წარმოებს ფესვის ყელიდან 20-25 სმ სიმაღლეზე.

პირველი ორი აჭრის შემდეგ მოსავლის აღება ხდება ყოველ 2 წელიწადში ერთხელ. პლანტაციის ყოველწლიური ექსპლოატაცია მცენარეთა ცხოველუნარიანობის დაქვეითებას და მოსავლიანობის შემცირებას იწვევს.

ბაღის შეჭრა წარმოებს კარგად გალესილი იარაღით, სუფთად, ოდნავ ირიბად. ამისათვის იყენებენ სეკატორს, შპალერულ მაკრატელს, ბაღის ხერხს.

ნასხლავი მასალა თავსდება სათანადო ფარდულში, მშრალ და კარგად ვენტილირებულ გარემოში, დაუშვებელია ნასხლავი მასალის მზეზე შრობა.

მოჭრილი ტოტები დაწყობილი უნდა იყოს ვერტიკალურად პატარ-პატარა კონებად ან გროვად, ან დაყრილი ცალკეულ ტოტებად სტელაჟებზე და ყოველ 3-4 დღეში ერთხელ სახმობად დალაგებული ტოტები უნდა შებრუნდეს, რათა შრობა იყოს თანაბარი.

ხელსაყრელ პირობებში ფოთოლი 10-15 დღეში ხმება, ტენიან ამინდში კი ხმობის პროცესი 20-25 დღე გრძელდება. ხმელი, სტანდარტული ფოთოლი უნდა იყოს მწვანე ფერის, გადაღუნვის დროს არ უნდა ტყდებოდეს, ტენიანობა 12-14% მდე.

ჩასაბარებელი ფოთოლი არ უნდა შეიცავდეს 0,5%-ზე მეტ მინარევს, დასაშვებია ახალგაზრდა ყლორტები 2მმ დიამეტრით არა უმეტეს 10 %-ისა ფოთლებით. ახალგაზრდა ყლორტები 4მმ. დიამეტრით არა უმეტეს 4 %-ისა და მოყვითალო-მწვანე ფოთლები 10%-მდე. გახმობის შემდეგ ტოტები უნდა დაიფოთლოს ხელით, ტოტების წვრილი ბოლოები 2-3 ფოთლით შეიძლება გადატეხილი იქნას მთლიანად. დაფოთვლის დროსვე ხდება უვარგისი ფოთლების გადარჩევა, რათა არ მოხვდეს ხარისხიან პროდუქციაში.

დახარისხებული პროდუქცია თავსდება სუფთა ჰაერგამტარ ტომრებში და მზადდება სარეალიზაციოდ. დაფნის ფოთლის რეალიზება სასურველია გამზადებიდან 2-3 თვის განმავლობაში.

თანამედროვე პირობებში შესაძლებელია დაფნის ფოთლის, დასაშვებ კონდიციამდე შრობა სპეციალური ხელოვნურად შრობის მიკროტალღური ვაკუუმ -დანადგარების საშუალებით, ასევე დიდი წარმადობის კომპანიები იყენებენ ფოთლის დამკალიბრებელ-დამხარისხებელ და დასაპრეს მოწყობილობებს.

სხვლა-ფორმირება

დაფნა შესაძლებელია გაისხლას სხვადასხვა ფორმით, რადგან ბიოლოგიური თავისებურებებიდან გამომდინარე იგი იძლევა ვარჯის საჭიროებისამებრ ფორმირების საშუალებას.

ამავე დროს შტამბის მოვლისას აუცილებელია ღეროების მკვდარი ქერქისაგან სუფთა მდგომარეობაში შენარჩუნება და დაზიანებული-დაავადებული ან გამხმარი ტოტების დროული მოცილება ვარჯიდან.

ცნობილია დაფნის გასხვლა- ფორმირების 3 ხერხი: შტამბიანი, ბუჩქური და შპალერული.

დაფნის პლანტაციის ბუჩქური ან შპალერული წესით გაშენების დროს მცენარეთა გასხვლაფორმირება, ბუჩქის გაძლიერების მიზნით, იწყება დარგვიდან მესამე წელს.

გასხვლისას ბუჩქები ბაღის მაკრატლით ფესვის ყელიდან 10-15 სმ-ზე იჭრება. გადაჭრის შემდეგ წარმოიქმნება პირველი რიგის ტოტები, რითაც მკვეთრად იზრდება ფოთლის მომცემი ზედაპირი.

შპალერული წესით გაშენებულ დაფნის პლანტაციაში ნარგავები მეორედ ფესვის ყელიდან 20-25 სმზე უნდა გადაიჭრას. ვარჯის ფორმირება ძირითადად მეორე გასხვლით უნდა დამთავრდეს.

შპალერულად გაშენებულ დაფნის პლანტაციებში მოსავალს იღებენ 2 წელიწადში ერთხელ.

ბუჩქებზე 5-10 სმ სიმაღლის ერთწლიანი ამონაყარის ნეკი უნდა დარჩეს.

პლანტაციის ექსპლოატაცია განახლების გარეშე უნდა გაგრძელდეს მანამ, სანამ მოსავალი არ დაიწყებს შემცირებას და შპალერი მიაღწევს 80-90 სმ სიმაღლეს.

მოსავლიანობის დაცემისას პლანტაცია ფესვის ყელიდან 20 სმ-ზე მძიმედ უნდა გაისხლას, რის შემდეგ მოსავლის ციკლი კვლავ მეორდება.

დაფნის წარმოების აგროტექნოლოგიური რუკა
1 ჰა. – გაშენების სქემა 1,5 X 1.0 მეტრი. საშუალო მოსავლიანობა 4-5 ტონა/ჰა

დაფნა, პლანტაცია, მოვლა, მოყვანა

ხარჯებში შესულია პლანტაციის გაშენების ერთჯერადი ხარჯი 5550 ლარი. ყოველწლიური მოვლის ხარჯი 1ჰა = 3000 ლარი. შესაბამისად მოგება (სრულმსხმოიარე პლანტაციის- 6 წლის) შეადგენს 20000-3000=17000 ლარს.

შენიშვნა *ფასები ცვლადია, შესაბამისად ცხრილში ისინი ჩაანაცვლეთ, თქვენთვის მიმდინარე პერიოდის ფასებით.

შემდგენლები: როზა ლორთქიფანიძე; ნინო ავალიშვილი; ცისანა ცეცხლაძე; ვახტანგ გოლიაძე – სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიური დოქტორები.

მომზადებულია USAID/REAP პროექტის ფარგლებში.

Related Articles

კარტლისი – აგროტექნოლოგიები
თქვენი რეკლამა
ნიმის ზეთი – ბიო
ნიმის, ზეთი, ორგანიკა, ბიოაგრო
თქვენი რეკლამა
Georgian Dairy
აგრარული საქართველო
აგრარული, საქართველო
აგროკავკასია FB