მეცხოველეობის დარგის განვითარებისათვის მყარი საკვები ბაზის შექმნა აუცილებელია, რაც შესაძლებელია საკვები კულტურების სწორი შერჩევით და განლაგებით. ეს საშუალებას მოგვცემს ფერმერულ მეურნეობებში დავნერგოთ „საკვები თესლბრუნვა“ და შევქმნათ ინტენსიური საკვებწარმოება.
სასოფლო-სამეურნეო კულტურების მორიგეობით თესვა-მოყვანას მინდვრად დაყოფილ მიწის ნაკვეთზე დროში-წლიდან წლამდე და სივრცეში მინდვრიდან მინდორზე არის თესლბრუნვა.
თესლბრუნვის ძირითადი ამოცანაა: ნიადაგის ნაყოფიერების გადიდება, ნიადაგში არსებული ელემენტების რაციონალური გამოყენება, მოსავლიანობის გაზრდა, პროდუქციის ხარისხის გაუმჯობესება, მინდვრად სარეველებისა და მავნებელ-დაავადებების შემცირება, ნაკვეთის დაცვა წყლისმიერი და ქარისმიერი ეროზიისაგან.
ძირითადად გამოყოფენ თესლბრუნვის სამ ძირითად ტიპს:
-
- მინდვრის თესლბრუნვა;
- საკვები თესლბრუნვა;
- სპეციალური თესლბრუნვა. დაყოფას საფუძვლად უდევს თესლბრუნვაში წარმოებული პროდუქციის სახე.
საკვები თესლბრუნვები გათვალისწინებულია საქონლის საკვების საწარმოებლად. საკვები თესლბრუნვები თავის მხრივ იყოფა ორ _ 1. სათიბ-საძოვრის და 2. ფერმისპირა თესლბრუნვებად. სათიბ-საძოვრის თესლბრუნვაში სჭარბობს მრავალწლოვანი ბალახების ნათესები, ხოლო ფერმისპირა თესლბრუნვებში სასილოსე კულტურები, ძირხვენები, ერთწლიანი და მრავალწლოვანი პარკოსანი და მარცლოვანი საკვები ბალახები მწვანე საკვებად.
თესლბრუნვაში მონაწილე კულტურები ისეთი თანმიმდევრობით უნდა იქნეს განლაგებული, რომ ერთმანეთს ენაცვლებოდეს სხვადასხვა ოჯახის წარმომადგენლები, რომ არ შეექმნას ხელსაყრელი პირობები სარეველა მცენარეების, დაავადებების, მავნებლების გავრცელებასა და გამრავლებას. სწორი თესლბრუნვის პირობებში სათოხნი, მთლიანმოთესილი, მრავალწლიანი და ერთწლიანი საკვები კულტურები ერთმანეთს უნდა ცვლიდეს, თუ კი მათი თესვა განმეორებით სპეციალური მოსაზრებით არ არის გამოწვეული.
უპირველეს ყოვლისა გათვალისწინებული უნდა იქნეს ნიადაგის სტრუქტურაზე უარყოფითად მოქმედი მექანიკური ფაქტორების შესუსტების, სარეველებისაგან მინდვრის გაწმენდის, ნიადაგიდან წყლისა და საკვებ ნივთიერებათა უფრო თანაბარზომიერი გამოყენება. თესლბრუნვაში ერთმანეთს უნდა ენაცვლებოდეს საშემოდგომო და საგაზაფხულო კულტურების თესვა, რაც უზრუნველყოფს კლიმატური რესურსების: სინათლის, სითბოს და მოსული ნალექების უფრო მაღალ ეფექტურ გამოყენებას.
საკვებ თესლბრუნვაში ნიადაგის ნაყოფიერების გაზრდის, აზოტფიქსაციის გაძლიერების, საკვებში ცილების გაზრდისა და ყუათიანი საკვების მისაღებად თესლბრუნვაში უნდა გაიზარდოს ერთწლიანი და მრავალწლიანი პარკოსანი კულტურების მონაწილეობა, როგორც სუფთა ნათესის ასევე მარცლოვნებთან ნარევებში. ისინი რეგულარულად უნდა ენაცვლებოდეს აზოტმომხმარებელ (მაგ. მარცლოვან) მცენარეებს.
თესლბრუნვაში საუკეთესო წინამორბედის შემდეგ უნდა მოთავსდეს წამყვანი სასაქონლო კულტურები, მაგალითად მრავალწლიანი ბალახების შემდეგ უნდა დაითესოს საშემოდგომო ან საგაზაფხულო თავთავიანი კულტურები. სათოხნი კულტურები კარგი წინამორბედია საგაზაფხულო თავთავიანების. მთლიანად მოთესილი პარკოსანი კულტურები, ბარდა, ცერცველა, ცულისპირა და სხვა. საუკეთესო წინამორბედია როგორც საშემოდგომო ასევე საგაზაფხულო მარცლოვნების, ძირხვენების, ტუბერიანებისა და ბაღჩეულისათვის.
საკვები თესლბრუნვის სქემა უნდა შედგეს იმის მიხედვით თუ რა სახის საკვებია საჭირო მეცხოველეობისათვის. თესლბრუნვაში მონაწილე კულტურები ისე უნდა განლაგდეს, რომ მაქსიმალურად იქნეს წლის განმავლობაში ფართობი დაკავებული, როგორც ძირითადი ასევე შუალედური კულტურებით. შუალედურია ის კულტურები, რომლებიც მოიყვანება ძირითადი კულტურებისაგან განთავისუფლებულ ფართობზე მეორე ძირითადი კულტურის დათესვამდე იძლევა დამატებით მწვანე მასას ან ძირხვენის მოსავალს ცხოველების საკვებად ან ჩაიხვნება ნაკვეთში, როგორც მწვანე სასუქი (სიდერატი) ნიადაგის ნაყოფიერებისა და სტრუქტურის აღდგენის მიზნით. შუალედური ნათესები მიწათმოქმედების ინტენსიფიკაციის უმნიშვნელოვანესი ფაქტორია, ისინი ნიადაგს ამდიდრებენ ორგანული ნივთიერებებით, ხოლო პარკოსნები აზოტით, იცავენ ნიადაგს წყლისმიერი და ქარისმიერი ეროზიისგან აუმჯობესებენ მის სტრუქტურას და ხელს უწყობენ ნაყოფიერების ამაღლებას.
საშემოდგომო შუალედური კულტურები, რომლებიც ითესება ზაფხულის ბოლოს ან შემოდგომის დასაწყისში მოსავალს იძლევიან იმავე წლის დასრულებამდე ან მთელი ზამთრის განმავლობაში მომავალი წლის აპრილის ბოლომდე (დასავლეთ საქართველოში) ეს კულტურები იყენებენ ზამთრის თვეებში მოსულ ნალექებს, ტემპერატურას, აგრძელებენ ვეგეტაციას და გვიან შემოდგომიდან მთელი ზამთრის განმავლობაში შეიძლება მინდვრიდან აღებულ და მიწოდებულ იქნეს ცხოველებისათვის, როგორც მწვანე მასა ასევე ძირხვენები თავისი ფოჩით.
შუალედურ კულტურებად ძირითადად გამოიყენება შვრია, როგორც სუფთა ასევე პარკოსნებთან ნარევეის სახით. სიმინდი სასილოსედ ან მწვანე საკვებად, რაფსი მწვანე საკვებად, ძირხვენებიდან საკვები ჭარხალი და ტურნეფსი. შუალედური კულტურების თესვისას მიიღება დამატებითი მწვანე საკვები მეცხოველეობისათვის, მაშინ როცა მწვანე საკვების დეფიციტია ბუნებაში, რაც ხელს უწყობს მეცხოველეობის პროდუქტიულობის გაზრდას და რენტაბელობის დონის ამაღლებას.
თესლბრუნვაში შეიძლება გვქონდეს როგორც სუფთად ნათესი ასევე რამოდენიმე კულტურის ნარევები. ასე მაგალითად როგორიცაა: მრავალწლიანი ბალახების ნარევები, სიმინდისა და სამარცვლე პარკოსანი (სოიას, ვიგნას, დოლიხოსის, ამარანტის და სხვა) კულტურების ნარევები. სხვადასხვა კულტურების ნარევში თესვისას მიიღება მაღალხარისხოვანი საკვები, როგორც უხეში თივის, ასევე წვნიანი სილოსის სახით. ნარევებში ერთმანეთან შეთესილია პარკოსანი და მარცლოვანი საკვები კულტურები, რომლებიც ამდიდრებენ საკვებს ცილებით, ცხიმებით, ნახშირწყლებით და იძლევიან დაბალანსებულ მაღალყუათიან საკვებს.
საქართველოს ნიადაგურ კლიმატური პირობების შესაბამისად თითოეული ზონისათვის რეკომინდირებულია მოთხოვნილებიდან გამომდინარე შესაფერისი საკვები თესლბრუნვების სქემები, რაც საშუალებას იძლლევა ზონის შიგნით კონკრეტული პირობებისათვის, ნიადაგის თვისებების, რელიეფის და ტენით უზრუნველყოფის გათვალისწინებით შეირჩეს თესლბრუნვის ყველაზე საუკეთესო ვარიანტი.
სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის კუთვნილებაში მიწის ნაკვეთზე, რომელიც მდებარეობს მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხრანში 21 ჰა-ზე ეწყობა საკვები თესლბრუნვა, როგორც საკვები ბაზის განმტკიცების, ნიადაგის ნაყოფიერების ამაღლებისა და შუალედური კულტურების გამოყენების გათალისწინებით, რომელშიც მონაწილეობს, როგორც მრავალწლიანი საკვები კულტურები (იონჯა) ასევე ერთწლოვნები (სიმინდი სასილოსედ, შვრია, ცერცველა, ქერი.), რომლის სქემაც მოცემულია ცხრილში.
სახნავი მიწების ფართობი, ნაკვეთების სიდიდე, რელიეფი, კონტურების შერჩევა და ა.შ. მთიან რეგიონებში სადაც სახნავი მიწების სიმცირის გამო თესლბრუნვის შემოღება მოუხერხებელია უნდა განხორციელდეს მიწათმოქმედების კულტურის ამაღლების ისეთი შედარებით მარტივი საშუალება როგორიცაა კულტურათა მონაცვლეობა-მორიგეობა სადაც ზონაში არსებული კულტურები ერთმანეთს შეცვლის და არ მოხდება ერთიდაიგივე კულტურების თესვა ყოველწლიურად ერთიდაიგივე მინდორზე.
მაგალითად:
-
- თავთავიანები, კარტოფილი, ერთწლიანი საკვები ბალახები.
- ერთწლიანი საკვები ბალახები, კარტოფილი.
- თავთავიანები, სასილოსე სიმინდი, საკვები ჭარხალი ან კარტოფილი და სხვა.
ეს საჭიროა იმისთვის, რომ მოხდეს ნაყოფცვლა და არ მოხდეს მონოკულტურის თესვა, რაც იწვევს ნიადაგის გამოფიტვას და მოსავლიანობის შემცირებას.
საკვები კულტურები თესლბრუნვის სქემა
სოსო მედოიძე,
სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი.
იხილეთ აგრეთვე: მებოსტნეობის თესლბრუნვის საორიენტაციო სქემები