მაღალპროდუქტიული ფურების აციდოზი

ჯიშიანი, ძროხის, აციდოზი

აციდოზი არის ორგანიზმში მჟავა-ტუტოვანი ბალანსის დარღვევის ერთ-ერთი ფორმა, ამ დროს მცოხნავი ცხოველის წინა კუჭებში დარღვეულია საკვების მონელების პროცესი. მეტწილად ჭარბი ნახშირწყლოვანი რაციონის დროს ფაშვში გროვდება ძმარმჟავა, რძემჟავა, ერბომჟავა და სხვა ორგანული მჟავეები, რის გამოც ფაშვის გარემო ხდება მჟავე.

რძემჟავა აციდოზი _ დაავადება, რომელიც ხასიათდება საქონლის ფაშვში რძემჟავას დაგროვებით და გამოწვეულია სისტემატურად დიდი რაოდენობით ისეთი საკვების მიღებით, რომელშიც ჭარბობს მჟავე ელემენტები.

ძროხის ფაშვის ნორმალური pH 6-ის ტოლია. მისი ოპტიმალური დონე 6-7.2 შორისაა, ხოლო სახამებლის გადამუშავების დროს 5.5-6.5 დიაპაზონში მერყეობს. ნორმაზე მეტი სახამებლის მიწოდების შემთხვევაში pH იწევს 5.5-ზე დაბლა და ვითარდება რძემჟავა აციდოზი. ამ დროს ფერხდება საჭმლის გადამუშავება და მცირდება მიკრობული ცილის წარმოქმნა, რასაც თან ახლავს იმუნოსისტემის დაქვეითება.

დაავადება გავრცელებულია განსაკუთრებით იქ, სადაც კონცენტრატებისა და ნახშირწყლების დონე საკვებში მაღალია. ლაქტაციის დასაწყისი ფაშვის აციდოზის განვითარებისათვის ყველაზე ხელსაყრელი პერიოდია. აციდოზის დროს ფაშვში დუღილი წარმოშობს დიდი რაოდენობით რძემჟავას და ჰისტამინს, რომლებიც უარყოფითად მოქმედებენ ჩლიქის ქსოვილზე განლაგებულ კაპილარებზე.

შედეგად წყდება სისხლის მიწოდება, რაც აღიზიანებს ადგილობრივ ნერვს, და იწვევს მძაფრ ტკივილს _ ყალიბდება ჩლიქის ანთება.

დაავადების ფორმები

აციდოზი ძირითადად ორი ფორმით ვლინდება: მწვავე და ქრონიკული. მწვავე აციდოზი გამოხატულია მკვეთრი კლინიკური ნიშნებით, ქრონიკული კი მიმდინარეობს ფარული ფორმით.

მწვავე აციდოზი: შეიძლება გამოვლინდეს საკვების მიღებიდან რამდენიმე საათის შემდეგ, პირუტყვს უქვეითდება მადა სრულად ან ნაწილობრივ, მცირე დროში ისეთი თანმხლები დაავადებები წარმოიშობა, როგორიცაა ანორექსია, ატონია, სუნთქვის შეჩერება, ტახიკარდია.

ხოველი განიცდის სწრაფ სისუსტეს, უჭირს ადგომა, ურჩევნია წოლითი მდგომარეობა, ცხვირის სარკე მშრალია, ენაზე აქვს ნადები, მუცელი შებერილია, ტანი უკანკალებს, ტემპერატურა ნორმის ფარგლებშია. დამძიმებული შემთხვევის დროს, ფაშვიდან გამოდის სფეციფიკური მწვავე სუნი.

სისხლში იზრდება რძემჟავა 40 მგ-მდე, ეს კი 4- ჯერ აჭარბებს ნორმას. ტუტიანობის რეზერვი და ჰემოგლობინის დონე სწრაფად ვარდება. pH კლებულობს 4 -მდე. ძროხის შარდში შეიძლება აღმოჩნდეს ცილა.

ქრონიკული აციდოზი: ქრონიკული აციდოზის მიმდინარეობის სიმპტომები განსხვავდება მწვავესგან, ცხოველი იქცევა უკონტროლოდ, სრულად არ ღებულობს ან საერთოდ არ ეკარება მარცვლოვნებს, სახამებელს, ფაშვის მოტორიკა შენელებულია, შეიმჩნევა ხილული ლორწოვანი გარსების ანემია, ეწყება დიარეა.

დაავადება მოქმედებს პროდუქტიულობაზე, კლებულობს რძის ცხიმიანობა, PH-ისა და ინფუზორების დონე.

მკურნალობის ჩაუტარებლობის შემთხვევაში ვითარდება ღვიძლის აფცესი, ჰეპატოზი, მიოკარდიოდისტროფია, ზიანდება თირკმელი, თავს იჩენს საჭმლის მომნელებელი სისტემის დაავადებები.

ფაშვის აციდოზის მიზეზები:

  • კონცენტრირებული საკვების ჭარბი რაოდენობით მიღება;
  • კონცენტრირებული და უხეში საკვების დისპროპორცია;
  • საკვების მაღალი მჟავიანობა, რაც გამოწვეულია რძემჟავას მაღალი შემცველობით; ფაშვში მცირდება მიკრობების და ბაქტერიების რაოდენობა. ინფუზორების სიცოცხლისუნარიანობის დაქვეითება იწვევს საკვების მონელების მოშლას, შედეგად მიმდინარეობს კუჭის შიგთავსის ანომალიური დუღილი;
  • ასევე, აციდოზის გამომწვევი მიზეზია საკვების ცვლილება, ასევე როდესაც საქონელი მალულად იღებს კონცენტრირებულ საკვებს.

მკურნალობა

მსუბუქი შემთხვევის მკურნალობისას რეკომენდებულია ნატრიუმის კარბონატის 3-5% (საკვები სოდა) ხსნარი პერორალურად; 50მლ. ჯანჯაფილის ნაყენი 500 მლ. წყალში;

გართულებული შემთხვევის დროს აუცილებელია ფაშვის გამორეცხვა 20-40 ლ სითხის ფაშვში შეყვანით (1% ნატრიუმის ქლორიდის ან 2% ნატრიუმის ჰიდროკარბონატი) სანამ ფაშვის შიგთავსი დაკარგავს სუნს და გახდება ნეიტრალური / სუსტ ტუტოვანი;

ორგანიზმის სითხის PH-ის დასაბალანსებლად გამოიყენება 2.5-3% -იანი ნატრიუმის ჰიდროკარბონატის ინექცია ვენაში-20მლ.

მიზანშეწონილია 1% ნატრიუმის ქლორიდის ხსნარის ვენაში გადასხმა 200-300მლ; A და D ვიტამინის მიცემა სხვადასხვა ფორმით. დოზა: A ვიტამინი 200-300 ათასი სე; D ვიტამინი 40-50 ათასი სე (სე საერთაშორისო ერთეული-IU).

სისტემური აციდოზის დროს ზემოთ ჩამოთვლილთან ერთად ხდება, დეჰიდრატაციის თავიდან აცილების მიზნით, ვენაში 300-500 მლ რიგენრის გადასხმა.

მწვავე აციდოზის გაუმჯობესების მომენტიდან ინიშნება საფუარი 200გრ; რძე 1,5 ლ. ან ჯანმრთელი ცხოველის ფაშვის შიგთავსი 2-4ლ ოდენობით, ინფუზორების სწრაფად აღსადგენად.

აციდოზის მძიმე შემთხვევისას გამოიყენება ადენოკორტიკოტროპინის ჰორმონი, როგორიცაა კორტიზონი. კუნთში ინექციით შეგვყავს B1 ვიტამინი.

პირუტყვის მიერ ჭარბი საკვების ( კერძოდ ადვილად გადასამუშავებელი ნახშირწყლების) დაბინძურებული ან გაფუჭებული საკვების მიღების შემთხვევაში და ასევე ფაშვის გადატვირთვის, შებერილობის, ყაბზობის და ზემოთ ჩამოთვლილი მკურნალობის ყველა ეტაპზე სწრაფი რეაგირებისათვის რეკომენდებულია პრეპარატი მოქმედი ნივთიერებით მენბუთონი, მაგ: მენბუთონი 10%. (1 მლ 10 კგ ცოცხალ წონაზე, ინექცია კუნთში ან ვენაში- ნელი შეყვანა);

ელექტროლიტული ბალანსის აღსადგენად რეკომენდირებულია პრეპარატ კალფოსეტის, კალციმინის ან კალციტატის გამოყენება (1 მლ 5-10 კგ ცოცხალ წონაზე, კანქვეშ, კუნთში ან ვენაში); ფაშვსა და ნაწლავში სასარგებლო მიკროფლორის განვითარებისათვის, გარკვეული დროის განმავლობაში საკვებდანამატ რუმიფოსის მიცემა.

პროფილაქტიკა

  • სასწრაფოდ უნდა შეწყდეს კონცენტრატების მიცემა;
  • აუცილებელია რაციონში მაღალხარისხიანი თივისა და ნამჯის გამოყენება, კონცენტრატის რაოდენობა არ უნდა აღმატებოდეს 2 კგ ერთ კვებაზე;
  • უხეში საკვების წილი მთლიან რაციონში უნდა შეადგენდეს არანაკლებ 50 %-ს;
  • პროფილაქტიკასა და მკურნალობისათვის შინაურ პირობებში პოპულარულ საშუალებად ითვლება საჭმლის სოდის მიცემა 100-250 გრ ოდენობით კონცენტრატთან ერთად. ეს არის თერაპიული დოზა, რომელიც მაღალპროდუქტიული პირუტყვის რაციონში მუდმივად უნდა ეძლეოდეს. ეფექტურია ასევე კალციუმის კარბონატის (ცარცი) 60-360 გრ სულზე დღეში;
  • აციდოზის პრევენციის მიზნით ფურების დღიურ ულუფაში ბოჭკოვანი საკვები 18% -ზე მეტს უნდა შეადგენდეს;
  • რაციონის შეცვლისას აუცილებელია კონცენტრატების წილის თანდათანობით ზრდა ყოველდღიურად.

მიხეილ ჭიჭაყუა, ბიოლოგიის დოქტორი.

სტატიის წარმდგენია „საქართველოს ბანკი“.