ჩვენს გარემო პირობებში შესაძლებელია სხვადასხვა მავნებელ მწერებთან ბრძოლა, სხვადასხვა მცენარეული საშუალებებით.
ქიმიის მეცნიერებათა დოქტორის რამაზ გახოკიძის მითითებით, ეს მეთოდი, სარგებლობის თვალსაზრისით, მეურნე ადამიანისთვის ეკონომიკურ შეღავათს წარმოადგენს და, ამავე დროს, აბსოლუტურად უსაფრთხოა.
ბატონ რამაზს ვთხოვეთ, მის მიერ მოძიებული რამდენიმე ისეთი ხალხური მეთოდი გაეზიარებინა ჩვენთვის, რაც საჭირო და უვნებელია ჩვენს გარემო პირობებში, ბაღის თუ ბოსტნეული კულტურების მავნებლებთან ბრძოლაში.
ფოთლის მღრღნელი მატლების, ხერხიების, ხვატრების და ჩრჩილების წინააღმდეგ შესასხურებელი ნაყენი
მზადდება შემდეგნაირად: 10 ლიტრ წყალში ჩავყაროთ ოთხი კილოგრამი პომიდვრის ნაფცქვენი, ან სულაც ფოჩი. შემდეგ, ნახევარი საათის განმავლობაში დაბალ ცეცხლზე ვადუღოთ.
გადმოვდგათ და როცა გაგრილდება, გავწუროთ. შემდეგ ეს ნახარში, ანუ გაწურული სითხე, 2-3 ლიტრის რაოდენობით გავაზავოთ 10 ლიტრ წყალში, დავუმატოთ 40 გრამი თხევადი საპონი და სპეციალური ხელსაწყოს მეშვეობით, ღრუბლიან ამინდში, დილით ადრე ან საღამოს, შევასხუროთ დაზიანებულ ფოთლებს, მთლიანად მცენარეებს.
ეფექტური და ადვილად მოსამზადებელია შემდეგი ნაყენი: ნახევარი ვედრო ნაცარი ჩავყაროთ 10 ლიტრ წყალში და გავაჩეროთ ორი დღე-ღამის განმავლობაში. შემდეგ გავწუროთ და ისევე, როგორც პირველ შემთხვევაში, ღრუბლიან ამინდში შევასხუროთ, დილას ან საღამოს.
ხმელი ბალახით ხეების შეხრჩოლება
ავიღოთ ოთხი კილოგრამი ნედლი ან ხმელი კულმუხოს ბალახი და ერთი დღის განმავლობაში მოვათავსოთ ათ ლიტრ წყალში. შემდეგ გავწუროთ ნაყენი და ღრუბლიან ამინდში შევასხუროთ ხეებს.
იგივე ბალახი კულმუხო, ოღონდ ხმელი, ჩავყაროთ მეტალის ვედროში, ჩავპრესოთ და წავუკიდოთ ცეცხლი ისე, რომ ხრჩოლავდეს. ასე დავდგათ ხეების ძირში, კარგ ამინდში, 2-3 საათის განმავლობაში.
კულმუხო მრავალწლიანი ბალახია, მთელ საქართველოშია გავრცელებული, განსაკუთრებით ნესტიან ადგილებში.
ბუგრების, ფსილების, ლოფორთქინების, წვრილი მატლების წინააღმდეგ ბრძოლის საშუალება
ნახევარი ვედრო ანწლის ფოთლები, ორი დღე-ღამის განმავლობაში მოვათავსოთ 10 ლიტრ წყალში. შემდეგ გადმოვწუროთ და ნაყენი წყალში შემდეგი პროპორციით გავაზავოთ: ერთ ლიტრს დავასხათ ორი ლიტრი წყალი. რაოდენობა სურვილის მიხედვით გავზარდოთ და შევასხუროთ ღრუბლიან, მშრალ ამინდში, დილით ან საღამოს.
ხახვის ფურცლების ნაყენი
ხუთ კილოგრამამდე ხახვის მშრალი ფურცლები ჩავყაროთ ოთხ ლიტრ წყალში, დავდგათ 24 საათის განმავლობაში. შემდეგ გავწუროთ და გავაზავოთ ოთხ ლიტრ წყალში. შევასხუროთ მცენარეებს.
გახსოვდეთ! დაიცავით მშრალი ამინდის წესი, შესხურება მხოლოდ დილით ან საღამოს უნდა მოხდეს.
ნაყენი მხოლოდ ბოსტნეული კულტურების მავნებლების წინააღმდეგ
ავიღოთ ხუთასი გრამი მწარე წიწაკის პარკი. დავნაყოთ ან გავატაროთ. დავასხათ ათი ლიტრი წყალი და დავდგათ ორი დღე-ღამის განმავლობაში. შემდეგ ეს ნაყენი წამოვადუღოთ ნახევარი საათის განმავლობაში. უმჯობესია, ეს გავაკეთოთ ღია ცის ქვეშ, თავდახურულ ჭურჭელში, რათა წიწაკის სუნმა არ შეგვაწუხოს.
შემდეგ გადმოვდგათ, გაცივდეს, გავწუროთ, დავუმატოთ 40 გრამი საპონი და გავაზავოთ ორჯერ, 10 ლიტრ წყალში (ჯერ ათი ლიტრი დავუმატოთ, მოვურიოთ და მერე კიდევ ათი ლიტრი). ამ ნაყენით უნდა შევასხუროთ კიტრი, პომიდორი, ბადრიჯანი, ლობიო, ფხალი. სპობს წითელ ხოჭოებს კარტოფილზე (კოლორადოს ხოჭო).
ვებრძოლოთ ლოკოკინას
ლოკოკინის წინააღმდეგ საბრძოლველად კარგ შედეგს იძლევა ბაღის გარშემო მარილი დაყრა, მშრალ ამინდში და არა წვიმის დროს.
იხილეთ: ლოკოკინასთან ბრძოლის ბიოლოგიური, მექანიკური და ქიმიური საშუალებები
დახმარება ჯანსაღ მცენარეებსაც სჭირდება
საღი და დაუავადებელი მცენარის გაზრდას ძალიან უწყობს ხელს ნიადაგში ხის ნახშირის შეტანა. კარტოფილის, ყაბაყის, პატისონის ფოსოებში, მარწყვისა და კენკროვანი ბუჩქნარის დარგვისას, კიტრის, ჭარხლის, კომბოსტოს დათესვის წინ, კარგია მწკრივებში ხის ნახშირის შეტანა, ერთ კვ. მეტრზე 20-200 გრამის ოდენობით. ნახშირი შეაგროვეთ ნაცრისგან გამოთავისუფლების დროს.
მიკრობიოლოგიური ნაყენის გამოყენება
მოცხარის, ჟოლოს თუ სხვა კულტურათა ნაცრის წინააღმდეგ შესასხურებლად გამოიყენება შემდეგი სახის მიკრობიოლოგიური ნაყენი: ერთ მესამედ ვედრო ძროხის ნაკელს ან ჩაშმორებულ თივას დავასხათ სამი ლიტრი წყალი და დავდგათ სამი დღის განმავლობაში. შემდეგ გავაზავებთ სამჯერ მეტი წყლით, გავწუროთ და დამზადების დღესვე ვასხუროთ მცენარეებს დაავადების ხარისხის მიხედვით.
წყარო: gurianews.com, ავტორი: მარინე ჩიხლაძე
იხილეთ აგრეთვე: ხახვის ფურცელი – ორგანული სასუქი – რეცეპტები