აბუსალათინი – კულტურის დახასიათება, აგროტექნიკა

აბუსალათინი

აბუსალათინი (ლათ. Ricinus communis) მოჰყავთ უმთავრესად ტექნიკური ზეთის მისაღებად, რომელსაც ფართო გამოყენება აქვს ფეხსაცმლის, საფეიქრო, პარფიუმერიის მრეწველობაში.

აბუსალათინის თესლი შეიცავს 59%-მდე არაშრობად ზეთს, აქვს დიდი სიბლანტე (წელადობა), ადვილად არ ალდება და დაბალი ტემპერატურის (160C -მდე) დროსაც კი არ მაგრდება.

მისგან დამზადებულ საცხებ საშუალებებს დიდი მნიშვნელობა აქვთ ავიაციაში, სწრაფად მბრუნავი ძრავების ნაწილების დასაზეთად.

აბუსალათინის ღეროს ბოჭკოდან მზადდება კანაფი, ბაწარი, თოკები. ფოთოლი შეიძლება გამოყენებული იქნეს სპეციალური ჯიშის აბრეშუმხვევიას საკვებად.

ბოტანიკურ–მორფოლოგიური დახასიათება

აბუსალათინი რძიანასებრთა ოჯახს ეკუთვნის. მოიცავს სამ სახეობას: წვრილმარცვლიანი აბუსალათინი, მსხვილმარცვლიანი აბუსალათინი, ზანზიბარის აბუსალათინი. ყველაზე დიდი მნიშვნელობა აქვს ირანულ აბუსალათინს და წითელ აბუსალათინს.

ტროპიკებსა და სუბტროპიკებში აბუსალათინი მრავალწლოვანი ხემაგვარი მცენარეა, რომელიც სიმაღლით რამდენიმე მეტრზე იზრდება და ძლებს 10 წლამდე. რუსეთში მოჰყავთ როგორც ერთწლიანი მცენარე.

ფესვი მთავარღერძიანი, უხვად დატოტვილი, ნიადაგში ჩადის 4მ-მდე. ღერო მაღალი, დატოტვილი, იზრდება 3მ-მდე. ფოთოლი ფართო, გრძელი ყუნწით, თათისებრ დანაკვთული.

ყვავილედი – მტევანი. ერთ მცენარეზე წარმოიქმნება 2-დან 12 ყვავილედი. ყვავილედის ზედა ნაწილში ვითარდება მდედრობითი ყვავილები, ქვედა ნაწილში კი მამრობითი. ერთ ყვავილედში 50-100 და მეტი ყვავილია. ყვავილები პატარა, გაყოფილსქესიანი. მამრობით ყვავილში მრავალი მტვრიანაა. მდედრობითში სამბუდიანი ნასკვია, სამად დანაკვთული დინგით. ჯვარედინ მტვერიაა. იმტვერება ქარით.

ნაყოფი – სამბუდიანი კოლოფი. თითო ბუდეში თითო თესლი ვითარდება. ნაყოფის კანი ეკლიანი. არის უეკლო ფორმებიც. პირველად მწიფდება ცენტრალური ნაწილის მტევნები, შემდეგ განაპირა. ზოგიერთ ფორმებზე კოლოფები სკდება და თესლი გაიბნევა.

აბუსალათინი სითბოს მოყვარული მცენარეა, მისი თესლი გაღივებას იწყებს 10-120C სითბოს პირობებში, ოპტიმალურია 16-180C. აღმონაცენი იღუპება 2-30C ყინვის დროს. მისი განვითარებისათვის საუკეთესო ტემპერატურაა 25-300C სითბო.

აბუსალათინი საჭიროებს წყლის საკმაოდ დიდ რაოდენობასაც. გვალვიან პირობებში ფოთლები, ყვავილები და კოლოფი ჭკნება და ცვივა, მკვეთრად მცირდება მოსავალი. კარგ შედეგებს იძლევა მორწყვის პირობებში.

ნიადაგის მიმართ დიდია აბუსალათინის მოთხოვნილება, კარგ მოსავალს იძლევა ნოყიერ ნიადაგებზე, რომელიც მასთან ერთად ადვილად ატარებს წყალს. მძიმე თიხა ნიადაგებზე, ისევე როგორც მსუბუქ ქვიშნარებზე, აბუსალათინი სუსტად იზრდება.

აგროტექნიკა

კარგი წინამორბედია თავთავიანი კულტურები, სამარცვლე პარკოსნები და სიმინდი. აბუსალათინის შემდეგ შეიძლება მოთავსდეს თესლბრუნვაში ყველა საგაზაფხულო კულტურა, ხოლო სამხრეთ რაიონებში – საშემოდგომო ხორბალიც.

ნიადაგის დამუშავება აბუსალათინისათვის მდგომარეობას მზრალად ხვნის სისტემაში. კარგ შედეგს იძლევა ღრმად ხვნა 25-27სმ სიღრმეზე.

მწვანე მასის უხვად განვითარების გამო ხარბად ითვისებს ნიადაგიდან საკვებ ნივთიერებებს, ამიტომ ის მოითხოვს სასუქებით განოყიერებას. რეკომენდებულია ჰექტარზე 15-20 ტ ნაკელის, 45 კგ აზოტის და 60 კგ ფოსფორის შეტანა.

დასათესად იყენებენ ხვედრითი წონის მიხედვით დახარისხებულ გამოთანაბრებულ თესლს, რისთვისაც მას 2-3 საათით ათავსებენ წყალში, სათესლედ იყენებენ წყალში ჩაძირულ მძიმე თესლს გაშრობის შემდეგ.

აბუსალათინი ითესება აპრილის შუა რიცხვებში, როდესაც ნიადაგი გათბება 120C -მდე. თესვა წარმოებს მწკრივად, კვადრატულ-ბუდობრივად ან პუნქტირული თესვის წესით. მწკრივებსა და ბუდნებს შორის 70X70 სმ ან 90X90 სმ. ბუდნაში ტოვებენ 2-3 მცენარეს, პუნქტირული თესვის დროს მწკრივში მცენარეთა შორის მანძილი 30სმ არ უნდა აღემატებოდეს.

სათესი ნორმა დამოკიდებულია თესლის სიმსხოსა და თესვის წესზე, მსხვილმარცვლიანი ჯიშების თესვის დროს, ჰექტარზე საჭიროა 30-40კგ თესლი. წვრილმარცვლიანი ჯიშებისა კი 15-20 კგ.

თესლის ჩათესვის სიღრმე დამოკიდებულია ნიადაგის ტენიანობაზე, ჩვეულებრივ ითესება 6-8 სმ, მსუბუქ ნიადაგებში 10-12 სმ სიღრმეზე.

როგორც კი ნათესი აღმოცენდება. აწარმოებენ დაფარცხვას ამით ისპობა სარეველები და ფხვიერდება ნიადაგი. ამის შემდეგ მწკრივთა შორის მანძილი ფხვიერდება კულტივატორით, ორი წყვილი ნამდვილი ფოთლის გამოტანისას საჭიროა ნათესის გამეჩხერება. ბუდნებში 2-3 მცენარის დატოვებით, 15-20 დღის შემდეგ ტარდება მეორე კულტივაცია, ხოლო ორი კვირის შემდეგ–მესამე კულტივაცია. სარეველების წინააღმდეგ იყენებენ ჰერბიციდებს.

იმ ჯიშების მოსავლის აღება, რომელთაც არ ახასიათებთ კოლოფის სკდომა, წარმოებს კომბაინით, რისთვისაც ზოგჯერ მოსავლის აღების წინ მიმართავენ დეფოლაციას.

მოსავლის აღების შემდეგ მარცვალი უნდა გაშრეს 8-10% ტენიანობამდე და შენახული იქნეს ტომრებში ან დაიყაროს გროვად არაუმეტეს 1-1,5 მ სისქეზე.

ავტორი: რ. ძიძიშვილი /აგრონომიის საფუძვლები/

თქვენი რეკლამა