მაკეობის ბოლო თვეს ნაყოფი სწრაფად იზრდება, ნეზვებს მუცელი ეზრდებათ და დაბლა აქვთ დაწეული. მოცულობაში მატულობს ცური და სარძევე დვრილები. ნეზვების მომზადება გოჭების მოგების (დაყრის) სწორედ ამ პერიოდში იწყება.
ამ დროს განსაკუთრებული ყურადღება უნდა მივაქციოთ სწორ კვებას და მოვლა-შენახვას.
ნეზვებს ამ პერიოდში ქერის, შვრიის და ხორბლის გარდა დამატებით საკვებად ეძლევა სოია, მზესუმზირის კოპტონი და ცილოვანი საკვები (150-300 გრამი თევზისა და ხორცის ფქვილი ან 2 ლიტრი რძის შრატი).
კონცეტრირებულ საკვებს ურევენ მინერალური ნივთიერებებით და ვიტამინებით მდიდარ თივის ან ბალახის ფქვილს (0.8-1,5 კგ. დღე-ღამეში). რაციონში წვნიანი საკვების (2-3 კგ.) შეტანა აუმჯობესებს საჭმლის მონელებას და დადებითად მოქმედებს ნაყოფის ზრდა-განვითარებაზე.
ნეზვებს საკვები უნდა მიეცეთ სალაფავის სახით 2-3 ჯერ დღეში იმ რაოდენობით რომ, 20-30 წუთში მთლიანად შეჭამოს იგი. წყალი უნდა მიეწოდოს ნებაზე, რომელიც არ უნდა იყოს +10 გრადუსზე დაბალი ტემპერატურის. გოჭების მოგებამდე 3-4 ადრე რაციონს ანახევრებენ.
მაკე ღორის მშობიარობის ჩასატარებლად უნდა მოვამზადოთ სუფთა ჩვარი ან პირსაწმენდი, 5%-იანი იოდის ხსნარი, მაკრატელი, ძაფი, სუფთა ნამჯა და ყუთი გოჭების ჩასასმელად. შენობაში აუცილებლად უნდა იყო ლამპა ან სინათლის სხვა წყარო ელექტროენერგიის გამორთვის შემთხვევისთვის.
გოჭების მოგების (დაყრის) დაწყების ნიშნები შემდეგია: 1-2 დღით ადრე მუცელი ძლიერ ჩამოწეულია, ცური შეწითლებულია, ხელის მოჭერის შემთხვევაში სარძევე დვრილებიდან გამოიყიფა ხსენი, სასქესო ორგანო ძლიერ გასიებულია და შეწითლებული. ნეზვი იწყებს ბუდის მოწყობას, ხშირად წვება და დგება, თან ბუდეს ასწორებს.
პირველი ნიშნების შემჩნევიდან ნეზვს ყურადღება არ უნდა მოვაკლოთ. დადგენილია რომ გოჭების მოგება ძირითადად ხდება ღამით, პროცესი უფრო მშვიდად მიმდინარეობს, თუ მას აწარმოებს ძირითადი მომვლელი პირი.
ავტორი: თ. ყურაშვილი
იხილეთ აგრეთვე: ზოგადი ინფორმაცია მათთვის ვინც ღორების მოშენებას გეგმავს