ხელსაყრელი ბუნებრივ-კლიმატური პირობების და მდიდარი მცენარეული საფარის გამო საქართველოში მეცხოველეობას და მათ შორის მეღორეობას უძველესი დროიდან მისდევენ.
საქართველოში ღორის ადგილობრივი უნიკალური გენოფონდს შეადგენს ისეთი პოპულაციები, როგორიცაა: კახური, სვანური და მანგალიცა ჯიშის გრუზა ღორი. ისინი მიღებულია ევროპული გარეული ღორის მოშინაურების შედეგად, რამაც განაპირობა ხორცის საუკეთესო საგემოვნო თვისებები, გარემოსთან შეგუება და საკვებზე მცირე მოთხოვნილება.
კახური ღორი
კახური ღორი ადგილობრივი საძოვრული ტიპის უძველესი ღორია, რომელიც საუკეთესოდ არის შეგუებული მომთაბარე მეღორეობის პირობებს. ჯიშების კლასიფიკაციით ევროპული, ძირითადი ჯიშების მოკლეყურა ღორების ქვეჯგუფში შედის.
იგი გავრცელებულია აღმოსავლეთ საქართველოს ისეთ რაიონებში, სადაც ნაყოფის მომცემი ფოთლოვანი ტყის მასივები გვაქვს: ახმეტის, თელავის, ყვარლის, გურჯაანის, თიანეთის, დუშეთის, თეთრი წყაროს და სხვა რაიონებში.
კახური ღორი ევროპული წარმოშობისაა, ჩამოყალიბდა ევროპული გარეული ღორის (Sus scrofa atila) მოშინაურების შედეგად, რასაც ამტკიცებს თავის ქალას აგებულება, სისხლის ჯგუფები, კარიოტიპი. ისევე როგორც ევროპული გარეული ღორი, კახურიც გოჭებს ზოლიანებს ბადებს, რომელიც 4-5 თვის ასაკში ქრება.
კახური ღორი გარეგნობით (ფენოტიპურად) ძლიერ წააგავს თავის გარეულ წინაპარს. ხასიათდება უხეში კონსტიტუციით. მისი სხეული მოკლე ბრტყელი ფორმისაა, მკერდი ღრმა აქვს მაგრამ ბრტყელი, გულმკერდის ირგვლივა ზოგჯერ სჭარბობს სხეულის სიგრძეს, მაშინ როცა სხვა ჯიშებში პირიქითაა.
კახურ ღორს ძლიერ აქვს განვითარებული ჯოგური ინსტიქტი, რის გამოც საძოვარზე ან ტყეში ისინი ერთმანეთს არ ცილდებიან. მათ მშვენივრად აქვთ განვითარებული ორიენტაციისა და ადგილის დახსომების უნარი.
მოსაგები ნეზვი ზოგჯერ სცილდება კოლტს, ირჩევს ბარდებით დაფარულ შემაღლებულ ადგილს და ყრის გოჭებს. მოგებიდან ორი-სამი დღის შემდეგ ნეზვი ჩვეულებრივ კოლტში ბრუნდება, თუმცა, იშვიათად, ღორი კოლტს აღარ უბრუნდება, ტყეში რჩება და გარეულდება.
კახური ღორი გვიან მწიფადი ცხოველია, საშუალო ცოცხალი მასა 100-110 კგ, ზრდას ამთავრებს 2-3 წლის ასაკში, ნაყოფიერება 6-8 გოჭია. სხეულის სიგრძე 100 სმ, გულმკერდის ირგვლივა 100 სმ, მერძეულობა 30-35 კგ. კახურ ღორს მეტად გემრიელი ხორცი აქვს, რითაც იგი საგრძნობლად ჯობია ცნობილ კულტურულ ჯიშებს.
იხილეთ აგრეთვე: მანგალიცური ჯიშის ღორი
კახური ღორი შებუსვის მიხედვით ორი ტიპისაა: ლაგაზა-სწორი ხისტი ჯაგრით და გრუზა, ხშირი ხუჭუჭა ჯაგრით. პროდუქტიული მიმართულებით კახური ღორის ორივე ტიპი სახორცე მიმართულებისაა, თუმცა საწარმოო დაკვირვებით გრუზა ტიპი უფრო მეტ ქონს აგროვებს. კახური ღორი ძირითადად შავი ფერისაა, გვხვდება მუქი ნაცარა და წიქარა ფერის. იგი იძლევა მაღალხარისხოვან მჭლე ხორცს. ტანხორცის წონიდან სუფთა ხორცის გამოსავალი 63,5%-ს შეადგენს.
სასურველია კახური ღორის თავისი გაუმჯობესება ხალასი მოშენების გზით, უნდა ამაღლდეს მისი ცოცხალი მასა, ნაყოფიერება და ადრეულობა ისეთი დადებითი თვისებების შენარჩუნებით როგორიცაა: მკვრივი კონსტიტუცია, საკვების ძიებისა და საძოვრის გამოყენების უნარი, ჯოგური ინსტიქტი, ამტანობა და გამძლეობა, ხორცის მაღალი ხარისხი.
თამარ ნონიაშვილი
ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაცია „ელკანა“.
იხილეთ აგრეთვე: სვანური ღორი