კვირტით მყნობა (ოკულირება) – როგორ ხდება კვირტით მყნობა

მყნობა, ოკულირება

ზოგადი ინფორმაცია 

მყნობა ეს არის ერთი მცენარის (სანამყენე) კალმის ან კვირტის გადანერგვა მეორე მცენარეზე (საძირე).

მყნობა ხეხილოვანი ჯიშების ვეგეტატიური გამრავლების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ღონისძიებაა. მას იყენებენ მრავალწლოვანი მცენარეების ჯიშური თვისებების შესანარჩუნებლად, გასაუმჯობესებლად.

საძირისა და სანამყენის შერჩევა ხდება მათი მაღალი სამეურნეო თვისებების, მოსავლიანობის, ყინვა-გვალვა და მავნებლებ-დაავადებებისადმი გამძლეობის, აგრეთვე ადრე მსხმოიარობის მიზნით.

კვირტით მყნობა (ოკულირება) მყნობის ყველაზე გავრცელებულია წესია-საძირე კარგად იზრდება, სანამყენე მასალა ნაკლები იხარჯება. ოკულირებას ძირითადად იყენებენ სანერგეებში-სარგავი მასალის წარმოებისთვის.

კვირტით მყნობა რამდენიმე ოპერაციისაგან შედგება: კვირტის ანათალის აღება; საძირეზე, ფესვის ყელთან, ნიადაგიდან 5—7 სმ სიმაღლეზე T ფორმის ჭრილის გაკეთება, კვირტის მოთავსება ჭრილში და შეხვევა (ხრალით და სხვა).

კვირტით მყნობა, ძირითადად ივლისი-აგვისტოს თვეში ტარდება.

საძირის ოკულირებისთვის მომზადება

საძირეების ოკულირებისთვის ხის ძირის ქვედა ნაწილს შემოვაცლით მიწას, შტამბი უნდა განთავისუფლდეს 10-15 სმ-ის სიმაღლეზე ფესვის ყელიდან. უშუალოდ მყნობის წინ ხის ტანს წმენდენ დასველებული ჩვრით, რათა ოკულირების დროს ჭრილობაში ჭუჭყი არ დარჩეს.

კვირტი მყნობისთვის

მყნობისთვის იყენებენ, ძლიერ განვითარებულ, ჯამრთელ ერთწლიან (ხშირ შემთხვევაში) ყლორტს. კარგად განვითარებული, გამერქნებული სანამყენე კალმები, თითებშუა ხელის მოჭერის დროს დამახასიათებელ ტკაცანს გამოსცემს, მაშინ როდესაც მოუმწიფებელი კალმები უხმოდ იღუნება.

როგორ სრულდება ოკულირება

კალმიდან კვირტი უნდა აიჭრას 2-2.5 სმ. სიგრძის თხელი ფენით. (იხილეთ სურათზე-2 ჯგუფი) ეს არის კალამი ოკულირებისთვის (ანათალი). მისი აღება, რომ გაგიადვილდეთ, ყლორტი დაიჭირეთ წვერით თქვენსკენ და კვირტის ქვემოდან 1.5 სმ-ზე დაიწყეთ ათლა-კვირტის ზემოთ 1 სმ-მდე.

საძირეზე, ფესვის ყელთან, ნიადაგიდან 5—7 სმ სიმაღლეზე T ფორმის ჭრილის უნდა გაკეთდეს 2-2.5 სმ-ზე (იხილეთ სურათზე-3 ჯგუფი), როგორც წესი ჯერ განივად ჩაჭრიან, შემდეგ გრძივად.

ჩაჭრილი ქერქის ზედა ნაწილს, დანით ფრთხილად დააცილებენ მერქანს და კალამს მჭიდროდ ჩასვავენ ქერქქვეშ, ამის შემდეგ, კალმის ზედმეტი ნაწილს გადაჭრიან და ოკულირების ადგილს მჭიდროდ შემოახვევენ რაფიას ან სხვა მასალას.

12-14 დღის შემდეგ ამოწმებენ ოკულირების შედეგებს-თითის ოდნავი მიკარებით, ფოთლოვანი ყუნწის ჩამოცვენა, საძირეზე კალმის შეზრდის უტყუარი ნიშანია.

okulireba_mynoba_1000272332020251

კვირტით მყნობის (ოკულირების) უპირატესობა

ოკულირება ტექნიკურად ადვილი შესასრულებელია, შეთვისების მაღალი პროცენტული მაჩვენებელი აქვს, მყნობის სხვა მეათოდებთან შედარებით მცირე რაოდენობის კალმები სჭირდება.

სამუშაოს სწრაფი შესრულების, სიმარტივის და მასალების მცირე დანახარჯის გამო ოკულირება ხეხილის გაკულტურების ყველაზე იაფი ხერხია.

ოკულრიება არ შეიძლება წვიმაში და დღის ყველაზე ცხელ პერიოდში, ამ დროს კვირტთა შეთვისება ძნელდება.

იხილეთ აგრეთვე: კვირტით და კალმით მყნობა – მყნობის წესები

თქვენი რეკლამა