ხილკენკროვნების ჯგუფში კულტურული ფლორის ყველაზე გავრცელებული წარმომადგენლებია: ვაშლი, მსხალი, ქლიავი, ჟოლო, მოცხარი, ხურტკმელი, ხენდრო, ციტრუსოვანი კულტურები და სხვა.
თვითდამტვერვად სახეობებშიც კი ჯვარედინი დამტვერვა ფუტკრის ან სხვა მწერების მიერ თვალსაჩინოდ ზრდის თესლისა და ნაყოფის მოსავალს;
ვაშლის დამტვერვისას უნდა გაითვალისწინოთ, რომ ყველაზე უკეთესი ხარისხის ნაყოფი მიიღება პირველი ყვავილებიდან, შესაბამისად უნდა შეიზღუდოს მომდევნო დღეებში გამონასკვული ყვავილების დამტვერვა.
ამიტომ 1 ჰა ფართობზე დასამტვერავად შეჰყავთ ფუტკრის 2 ოჯახი.
უნდა იცოდეთ:
→ ამ ჯგუფის ბევრ წარმომადგენელს ახასიათებს პროტეროგინია _ ყვავილის დინგისა და მტვრიანების მომწიფება სხვადასხვა პერიოდში, რაც გამორიცხავს თვითდამტვერვას.
→ ცალკეულ სახეობათა შიგნით არის შეთავსებადი ჯიშები (ჯიშის შიგნით დამტვერვის მოხდენა საკუთარი მტვრით) და შეუთავსებადი ჯიშები (დამტვერვა უნდა მოხდეს განსხვავებული ჯიშის მცენარის მტვრით);
→ ამ ჯგუფის შეუთავსებადი ჯიშების ეფექტური დამტვერვისათვის პლანტაციაში გაშენებული ძირითადი ჯიშის 3-4 რიგს ენაცვლება დამმტვერავი ჯიშის 1-2 რიგი;
→ ფუტკარი ამ მცენარეებიდან თაფლის შეზღუდულ რაოდენობას (25-50 კგ/ჰა) იღებს, მაგრამ ეს ძალზე არსებითია ოჯახის განვითარებისათვის.
ფუტკრის სადამტვერვო საქმიანობა
ხილკენკროვან მცენარეთა უმეტესობა ადრე გაზაფხულზე ყვავილობს, როცა ბუნებაში ველური დამმტვერავი მწერები ძალზე ცოტაა.
ეფექტიანი ფუტკრისმიერი დამტვერვისათვის მეფუტკრემ მომზადება უნდა დაიწყოს წინა წელს, აქტიური სეზონის ბოლოს, როცა მთავრდება ძირითადი თაფლოვანი და მტვროვანი მცენარეების ყვავილობა, უნდა გაძლიერდეს დედა ფუტკრის კვერცხმდებლობა და შესაბამისად ახალგაზრდა მუშა ფუტკრის მოზამთრე თაობის მიღება.
ადრე გაზაფხულზე, ხილკენკროვან მცენარეებზე პირველი ყვავილების გაჩენისთანავე, საფუტკრე უნდა გადაიტანოთ ბაღში, თითოეულ ჰა-ზე 2-3 ფუტკრის ოჯახის რაოდენობით. ამასთან დამმტვერავი საფუტკრის გადატანის ვადები შესაბამისობაში უნდა იყოს ქიმიური საშუალებებით მცენარეთა დაცვის ღონისძიებათა ჩატარების გეგმასთან.
მცენარის უხვი ყვავილობის დროს 2-3 დღის განმავლობაში უნდა განხორციელდეს ფუტკრისმიერი დამტვერვა, რის შემდეგ საფუტკრეს გამოიტანენ. ეს ღონისძიება თავიდან აგვაცილებს ხეხილის მეწლეურობას და ზედმეტი ნასკვების გაჩენას, რაც შემდგომ მაინც უნდა ჩამოცვივდეს.
ზომიერი ყვავილობის შემთხვევაში ბაღში საფუტკრე დატოვეთ ყვავილობის მთელ პერიოდში.
საჭიროების შემთხვევაში (თუ ფუტკარი გადავიდა კონკურენტ თაფლოვან მცენარეებზე), საფუტკრე გამოაქვთ ბაღიდან და შეაქვთ სხვა საფუტკრე, რომელიც არ არის შეჩვეული ბაღს.
დამტვერვა ეფექტიანია, თუ საფუტკრე ეწყობა ქარისგან დაცულ, მზიან ადგილზე, იმ ანგარიშით, რომ გამოფრენისას ფუტკარი შეხვდეს დამმტვერავი ჯიშის მცენარის რიგებს, საიდანაც აღებულ მტვერს დასამტვერავ მცენარეზე გადაიტანს (Hoopingarner a. Waller, 2010).
თუ ფუტკარი ცოტაა, ან დამმტვერავი ჯიშის მცენარეებია ნაკლები, მაშინ მოსავლის რაოდენობა და ხარისხი არადამაკმაყოფილებელია.
მსხლის, ალუბლის, გარგრისა და ატმის დამტვერვისას ითვალისწინებენ, რომ ეს მცენარეები კარგად რეაგირებენ ჯვარედინ დამტვერვაზე, ამიტომ ბაღში ძირითად კულტურასთან ერთად გაშენებული უნდა იყოს დამმტვერავი ჯიშებიც.
1 ჰა ფართობზე ამ მცენარეთა ჯვარედინად დასამტვერად შეჰყავთ ფუტკრის 2 ოჯახი;
ბლის დამტვერვაში ფუტკრის მონაწილეობა ისევე აუცილებელია, როგორც ალუბლის შემთხვევაში. ყოველ 1 ჰა დასამტვერავ ფართობზე ნორმა შეადგენს ფუტკრის 2 ოჯახს.
ჟოლო, მოცხარი, ხურტკმელი და ნაწილობრივ ხენდრო საჭიროებენ ფუტკრისმიერ დამტვერვას.
ჯვარედინი დამტვერვის მაღალი ეფექტიანობისათვის ძირითად კულტურებთან ერთად იყენებენ შეთავსებადი დამმტვერავი მცენარეების გაშენებას.
ამ კულტურების ჯვარედინი დამტვერვისათვის პლანტაციაში შეჰყავთ 2-4 ფუტკრის ოჯახი ყოველ ჰა ფართობზე.
ციტრუსოვანი კულტურების დამტვერვისას გახსოვდეთ: ამ მცენარეების ჯვარედინი დამტვერვა უზრუნველყოფს ნაყოფის მოსავლის მნიშვნელოვან ზრდას და მისი ხარისხის გაუმჯობესებას, გარდა ფორთოხლის ზოგიერთი ჯიშისა, რომელთაც ნაყოფში კურკის გაჩენა აღენიშნება.
ციტრუსების დამტვერვისათვის პლანტაციაში ფუტკრის 2-3 ოჯახი უნდა იქნას შეყვანილი. ციტრუსებისაგან მიღებული თაფლი განსაკუთრებით მაღალი ხარისხით გამოირჩევა (Hoopingarner a. Waller, 2010).
ბოსტნეული და ბაღჩეული კულტურების დამტვერვისას უნდა იცოდეთ: ეს მცენარეები ტიპიური ენტომოფილები არიან და საჭიროებენ ფუტკრისმიერ დამტვერვას.
ბაღჩეული კულტურების (საზამთრო, ნესვი, გოგრა და სხვა) ეფექტიანი დამტვერვისთვის ფუტკარმა თითოეული ყვავილი 30-ჯერ მაინც უნდა მოინახულოს. ამის შედეგად მიღებული თესლი უფრო მსხვილია, გაღივებისა და აღმოცენების უნარი კი უფრო მაღალი.
ბოსტნეული და ბაღჩეული კულტურების დამტვერვისათვის თითოეულ ჰა ნათესზე ფუტკრის ნორმა 1-2 ოჯახია.
საკვები და მარცვლეული კულტურების დამტვერვა
ეს კულტურები თვითდამტვერვადია, მაგრამ ჯვარედინი დამტვერვის დროს მათი თესლის მოსავალი მკვეთრად მატულობს.
წითელ სამყურას ახასიათებს ყვავილის გვირგვინის გრძელი მილაკი, რის გამოც მისი ჯვარედინი დამტვერვა ყველაზე ეფექტიანად (კელას გარდა) გრძელხორთუმიან ქართულ ფუტკარს შეუძლია.
ზოგიერთი მკვლევარის მტკიცება (Губин, Аветисян, 1982), რომ გვირგვინის მილაკის სიღრმე (8-10 მმ) მიუწვდომელია ამ ფუტკრისათვის, სიმართლეს არ შეესაბამება, რადგან ამ ჯიშის ცოცხალ ფუტკარს შეუძლია უფრო მეტ სიღრმეს ჩაწვდეს (ე. ი. ნექტარი ამოიღოს), რასაც ა. რუტის (1982) მიერ მოტანილი მასალა მოწმობს და რაც სხვა მკვლევარების მიერაც დასტურდება (Шеметков и др., 1983).
საფუტკრეები წითელი სამყურას ნათესებზე უნდა განლაგდეს ჯგუფურად (50-60 ოჯახი თითოეულში) იმ ანგარიშით, რომ მანძილი მათ შორის არ აღემატებოდეს 500-600 მ-ს, ყოველ 1 ჰა ფართობზე 4-6 ძლიერი ოჯახის ოდენობით.
გარდა ამისა, ამ ნაკლებადმიმზიდველი მცენარის მასივზე ფუტკრის ფრენის გასაძლიერებლად, ზოლებად ითესება უფრო ძლიერი თაფლოვნები (ვარდისფერი სამყურა, ძიძო, ფაცელია), რაც საბოლოოდ ზრდის სამყურას თესლის მოსავლიანობას 25-30%-ით (Шеметков и др., 1983).
სათესი იონჯისა და ესპარცეტის დამტვერვისას ფუტკრის ფრენის გასაძლიერებლად იყენებენ ზემოაღწერილ მეთოდებს.
თითოეულ ჰა იონჯის ნათესის დასამტვერად შეაქვთ 8-10 ფუტკრის ძლიერი ოჯახი, ესპარცეტის ნათესზე _ 3-4 ოჯახი;
წიწიბურას ნათესზე ფუტკრის გამოყენებისას თესლის მოსავალი 60-70%-ით მატულობს (35 ც-მდე ჰექტარზე, Аве-тисян, 1982). მისი ყვავილობის დასაწყისში დგამენ ყოველ 1 ჰა ფარ- თობზე 2 ძლიერ ოჯახს.
თუ ნათესი ფართობი დიდია, იყენებენ შემხვედრი დამტვერვის წესებს: ფუტკრის ოჯახებს განალაგებენ ჯგუფურად; ჯგუფებს შორის მანძილი 500-600 მ-ს შეადგენს;
ყველაზე საყურადღებოა შემდეგი მონაცემები: მცენარის ფუტკრისმიერი ჯვარედინი დამტვერვისას 1 ჰა ნათესი ფართობიდან გროვდება 20-25 კგ თაფლი, თესლში მატულობს ცხიმის შემცველობა, განვითარებული თესლის მასა (20- 25%) და მისი აღმოცენების უნარი (9-10%, Hoopingarner a. Waller, 2010; Шеметков и др., 1983).
მზესუმზირას ეფექტიანი დამტვერვისათვის, ყოველ ერთ აკრ (დაახლოებით 4000მ2) ნათეს ფართობზე განთავსდება ერთი ძლიერი ოჯახი.
გ. მაძღარაშვილი /მეფუტკრეობა/