კახური ღორი და მისი ძირითადი მახასიათებლები

კახური ღორი — უძველესი ენდემური ჯიში. გარეული ღორის მოშინაურებისა და ხალხური სელექციის გზით ჩამოყალიბდა ცალკე ჯიშად.

განეკუთვნება მომთაბარე ტიპს. გარეგნული ფორმითა და ზოგიერთი თვისებით გარეულ ღორს ჰგავს. ფერად შავია, ზოგჯერ მუქი ნაცარა ან მოწითალო.

აქვს უხეში კონსტიტუცია, ახასიათებს საარსებო პირობების მაღალი შეგუების უნარი და მრავლდება ველურ პირობებში, ნაკლებმომთხოვნია. იკვებება ტყის მცენარეთა ნაყოფით, იყენებს აგრეთვე თავთავიანი კულტურების ნაწვერალს და ნაკლებნაყოფიერი ტენიანი ჭალის საძოვრებს.

დაფარულია ხშირი უხეში ჯაგარითა და მოკლე ნაზი თივთიკით. ამიტომ მას სიცივე ნაკლებად აშინებს. ახასიათებს თავდაცვის, დედობისა და ჯოგურად ცხოვრების (ჯგუფად ყოფნის) მაღალი უნარი.

კახური ღორი ადრე ფართოდ იყო გავრცელებული დუშეთის, თიანეთის, ყვარელის, ლაგოდეხის, გურჯაანისა, თელავის, თეთრიწყაროს და სხვა რაიონებში. მასზე გარკვეული სანაშენო სამუშაოებიც მიმდინარეობდა.

ამჟამად გაქრობის პირას მისული კახური ღორის ინდივიდების მოძიებას და გამრავლებას ინტენსიურად ანხორციელებენ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო კვლევითი ცენტრი და ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაცია „ელკანა“.

კახური, ჯიშის, ღორი

იშვიათი უნიკალური გემური მახასიათებლების მქონე კახური ღორის მოშენების ინტერესი ცენტრთან ერთად გამოთქვა ესპანურმა კომპანიამ DeRaza Iberico-მ.

კახური ღორის გოჭები, გარეული ღორების მსგავსად თავიდან ზოლიანები არიან.

კახური, ჯიშის, ღორი

ზოგიერთი მონაცემით გაუმჯობესებულ პირობებში, კახური ღორის ცოცხალი მასა 18 თვის ასაკში ნეზვების 140 და კერატების 180 კგ-მდე იზრდება.

ძირითადი მახასიათებლები

→ ფერად შავია, ზოგჯერ მუქი ნაცარა ან მოწითალო;
უხეში ჯაგარი და მოკლე ნაზი თივთიკი;
→ კერატის ცოცხალი მასა: 110-120 კგ (უდიდესი 180 კგ);
→ ნეზვის ცოცხალი მასა: 95—100 კგ (უდიდესი 140 კგ);
→ სიმაღლე მინდაოში 65 სმ;
→ ნაყოფიერება 5—8 გოჭი;
→ გასუქების პერიოდში დღე-ღამური წონამატი: 200—300 გრ.
1 კგ წონის მოსამატებლად სჭირდება 8—8,5 საკვები ერთული;
→ ხორცის წმინდა გამოსავალია 63—64%, ქონის 20—21%.

ფოტოები: ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაცია „ელკანა“.

სტატიას აქვს საინფორმაციო ხასიათი.

იხილეთ აგრეთვე: სვანური ღორი

თქვენი რეკლამა