ქერი – თესვა, მოვლა-მოყვანა და ჯიშები

ქერი, მარცვლეული, ქართული

ქერი მსოფლიოს უძველესი კულტურაა, საერთაშორისო მონაცემების მიხედვით ის კულტურაში შევიდა 7000 წლის წინათ. მოიცავს 50 სახეობას.

საქართველო და ამიერკავკასია წარმოადგენს ქერის წარმოშობის კერას. ქერს ჩვენი ქვეყნის სახალხო მეურნეობაში აქვს მრავალმხრივი გამოყენება. პირველ რიგში ის წარმოადგენს მაღალხარისხოვან კონცენტრირებულ საკვებს. ამ მხრივ ის უკეთესია, ვიდრე სიმინდი.

მთიანი რაიონებისათვის ქერი წარმოადგენს სასურსათო პროდუქტს, მას ხმარობენ როგორც პურს. არის კოსმოპოლიტური მცენარე. საქართევლოში ის ითესება თითქმის ყველა კლიმატურ ზონაში.

გამოყენება

მისი მრავალმხრივი გამოყენების მნიშვნელობა განპირობებულია მარცვლის ფერმენტული და ქიმიური შემცველობით. განსაკუთრებით დიასტაზით. 100 კგ ქერის მარცვალი შეიცავს 122,2 ენერგეტიკულ საკვებ ერთეულს. მის მარცვლიდან ღებულობენ ფქვილს, ბურღულს.

ნამჯა საქონლის საკვებად მეტად მნიშვნელოვანია. ის არის შეუცვლელი საკვები მეცხოველეობაში. ხელს უწყობს ხორცის ხარისხის ამაღლებას და კვერცხმდებლობას.

ქერი გამოიყენება მედიცინაშიც. დადებითად მოქმედებს ნერვიულ სისტემაზე, კარგია ხველების საწინააღმდეგოდ და თირკმელების დაავადებისადმი.

რაც მთავარია ქერი უძველესი დროიდან გამოიყენება ლუდის წარმოებაში. მისგან ამზადებენ აგრეთვე ყავის კომპონენტებს. სალუდედ ყველაზე კარგია ქერის ისეთი ჯიშები, რომლებიც მარცვალში შეიცავს დიიდ რაოდენობით სახამებელს და მცირე რაოდენობით ცილას.

სალუდე ქერის ჯიშებში ცილა 9-დან 12%-მდეა სახამებელი 60-70% ექსტრაქტი 75%, ქერის მარცვალი არის მინისებური და ფქვილისებური. მინისებურება მიგვითითებს ცილების მაღალ შემცველობაზე. ფქვილისებური მარცვალი ადვილად ექვემდებარება დალაოების პროცესს და გვაძლევს დამაკმაყოფილებელი ხარისხის ალაოს.

ქერის ხარისხზე მოქმედებს ცილების, სახამებლის და ექსტრაქტულობის რაოდენობა. ექსტრაქტულობის რაოდენობა იზრდება სახამებლის მატებით, ცილების შემცირებითა და აბსოლიტური წონის ზრდით. ექსტრაქტულობის განსაზღვრა აუცილებელი მაჩვენებელია სალუდე ქერის შეფასებისათვის, სალუდე თვისებებით ხასიათდებიან ძველ თესლი, ყაზბეგი, პალიდუმ 596, დვორანი, თეთნულდი და ალავერდი.

საფურაჟე ქერის ჯიშებია: ზეს-5, მირაჟი, ახალთესლი, ბაზალეთი, ჯვარი და მცხეთა, რომლებიც ხასიათდებიან ცილის მაღალი შემცველობით. ქერის მოსავლიანობის და მისი ხარისხის გადიდების ძირითადი ფაქტორია ჯიში და თესლი. ამ ორი ფაქტორის მიღწევებით ამერიკისა და ევროპის მოწინავე ქვეყნებმა ქერის მოსავლიანობა 58%–ით გაადიდეს.

საქართველოში გასული საუკუნის 80-იან წლებში ქერი ითესებოდა 50–ათას ჰექტარზე და საშუალო საჰექტარო მოსავალი შეადგენდა 24 ცენტნერს. ამჟამად ქერი ითესება 20-ათას ჰექტარზე და საშუალო მოსავალი შეადგენს 1,1 ცენტნერს ჰექტარზე. ამის მიზეზი გახლავთ არარეკომენდირებული ჯიშების უხარისხო თესლით თესვა და მოვლა-მოყვანის არარეკომენდირებული ტექნოლოგია.

ქერის სელექციის შედეგები საქართველოში

საქართველოში ქერის სელექცია დაწყებული იქნა გასული საუკუნის 30-იან წლებში ბოტანიკის ინსტიტუტის სელექციის განყოფილებაში, ხოლო 1933  წელიდან ყოფილი მცხეთის სახელმწიფო სასელექციო სადგურში.

სელექციის პირველ ეტაპზე ჩატარდა ქვეყანაში არსებული ქერის ადგილობრივი ხალხური სელექციით მიღებული ჯიშების შეგროვება, შესწავლა და უკეთესების დანერგვა წარმოებაში. უხსოვარი დროიდან საქართველოში ცნობილია ქერის ბიოლოგიური ჯგუფი: საშემოდგომო და საგაზაფხულო. ექვსმწკრივიანი, ოთხმწკრივიანი და ორ მწკრივიანი პირველი და მესამე უმთავრესად საგაზაფხულო ფორმებია. რაც შეეხება ოთხმწკრივიან ქერს, მასში არის როგორც საშემოდგომო, ისე საგაზაფხულო ფორმები.

სელექციის პირველ ეტაპზე გამორჩევის გზით მიღებული და დანერგილი იქნა წარმოებაში საშემოდგომო ქერის ორი ჯიში: პალიდუმ 30–1 და ტრები; საგაზაფხულო ქერის სამი ჯიში. ნუტანს 32.28, კოლხიკუმ 10-20 და ჯავახეთის ახალთესლი.

სელექციის მეორე ეტაპზე ჯიშთაშორისი ჰიბრიდიზაციის და ამ პროცესში მსოფლიოს მასალის გამოყენებით გამოყვანილი და დანერგილი იქნა საშემოდგომო ქერის სამი ჯიში: ყაზბეგი, ძველთესლი და ზეს 5. საგაზაფხულო ქერის სამი ჯიში: ახალთესლი დვორანი ალავერდი და ორთესლა ფაკულტატიური ბუნების სამი ჯიში — თეთნულდი, ჯვარი და მცხეთა. დასახელებული ჯიშები შესწავლილია ჰორიზონტალური და ვერტიკალური ზონების მიხედვით საქართველოს ჯიშთა დაცვისა და გამოცდის სახელმწიფო ინსპექციის მიერ და რეკომენდირებულია ისინი დასანერგად.

ქერის მოვლა მოყვანის ტექნოლოგია

საგაზაფხულო ქერის მოვლა-მოყვანის ტექნოლოგია

საგაზაფხულო ქერი თავის სავეგეტაციო პერიოდს გაზაფხულიდან იმავე წლის ზაფხილში ასრულებს. როგორიცაა ადრეულობა, გვალვაგამძლეობა და ყინვაგამძლეობა ქერის მოყვანის საშუალებას იძლევა. ყველგან სამხრეთის რაიონებიდან დაწყებული პორალური წრის ჩათვლით.

საგაზაფხულო ქერის სავეგეტაციო პერიოდი 105-110 დღეა. ქერის მარცვალი ღივდება 1-2 გრადუს ცელსიუსზე. ადრეული და თანაბარი აღმონაცენი მიიღება 6-10 გრადუსი ცელსიუსის დროს. ადრეულ პურეულთა შორის საგაზაფხულო ქერი ყველაზე გვალვაგამძელე კულტურაა. ის წარმატებით მოიყვანება ინტენსიური ტექნოლოგიით.

ადგილი თესლბრუნვაში. საგაზაფხულო ქერისათვის კარგი წინამორბედია სამარცვლე პარკოსანი კულტურები. არარის მიზანშეწონილი ქერის ქერისვე ნაწვერალზე თესვა, რადგან ფესვის სიდამპლის გამო მნიშვნელოვნად მცირდეა მოსავალი.

განოყიერება. ყველაზე მეტ საკვებს საგაზაფხულო ქერი მოითხოვს აღმოცენება-ბარტყობის პერიოდში. აზოტის, ფოსფორის და კალიუმის ყველაზე რაციონალურ დოზებად ითვლება ფოსფორიანი და კალიუმიანი სასუქები, აუმჯობესებენ ქერის სალუდე ღირსებას.

ნიადაგის დამუშავება. ნიადაგის დამუშავება წარმოებს წინამორბედის ხასიათისა და მდგომარეობის მიხედვით. წინამორბედი კულტურისაგან განთავისუფლებული მინდორი უნდა აიჩეჩოს და მოიხნას მზრალად. ადრე გაზაფხილზე დაფარცხვა აუცილებელი აგროტექნიკური ღონისძიებაა. თესვის წინა კულტივაციასა და თესვას შორის დიდი პერიოდის დაშვება არ არის რეკომენდირებული, რადგან სარეველები ასწრებენ ქერს და ჩაგრავენ მას.

თესლის მომზადება დასათესად და თესვა. თესლი თესვის წინ უნდა შეიწამლოს სოკოვანი დაავადებების საწინააღმდეგო პრეპარატებით, როგორიცაა ვიტავაქსი 75%-იანი 3-3,51 კგ.  1 ტონა თესლზე. გრანოზანით 1,2-2,3%-იანი ხსნარი 1,5-2 ლიტრი 1 ტონა თესლზე. ბაიტონიტ 15%-იანი ხსნარით 2 ლიტრი 1 ტონა თესლზე.

მაღალი მოსავლიანობისთვის განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს თესვის ვადებს, რომლის დაგვიანება იწვევს ნათესის ბუზებით დაზიანებას. თესვის ვადები სხვადასხვაა, რომელიც დამოკიდებულია კონკრეტულ პირობებზე, ის ითესება თებერვალში, მარტშიც და აპრილშიც რეგიონების მიხედვით.

მაგალითად სამგორის, მარნეულის, ყვარელის, ლაგოდეხის, ბოლნისის, გურჯაანის, თელავის და რაიონებში უნდა დაითესოს 25 მარტამდე. ქარელის, გორის, კასპის, ხაშურის რაიონებში 15 აპრილამდე. ახალქალაქში, წალკაში ბოგდანოვკაში და ყაზბეგში 10 მაისამდე. ითესება მწკრივად და ჯვარედინად. თესვის ნორმა შეადგენს 5-6 მილიონ მარცვალს ჰექტარზე, წონით 200-250 კგ/ჰა-ზე.

საგაზაფხულო ქერი სუსტად ბარტყობს რისთვისაც საჭიროა თესვის ნორმის გადიდება. ნალექით უზრუნველყოფილ ნიადაგებში თესლი ითესება 4-5 სმ. სიღრმეზე. მშრალ პირობებში 6-8 სმ. სიღრმეზე. თესვის დროს კარგ შედეგს იძლევა თესვასთან ერთად ნათესვის დატკპნა.

ნათესის მოვლა. ნათესში სარეველების წინააღმდეგ შეაქვთ ჰერბიციდები იმისდა მიხედვით რა სახის სარეველაა. ჩვეულებრივ ნათესებს ამუშავებენ სრულ ბარყტობა-აღერების ფაზასი. ამ დროს ქერი ყველაზე გამძლეა ჰერბიციდებისადმი, ხოლო სარეველები ჯერ პატარები არიან. ადრეული შესხურება ძლიერ თრგინავს მცენარეებს, ამცირებს პროდუქტიულობას.

ნიადაგის ქერქის დასაშლელად და ერთწლიანი სარეველების მოსასპობად ბარტყობის დასაწყისში კარგი იქნება თუ ჩატარდება დაფარცხვა მცენარეების დაუზიანებლათ. შვრიუკას საწინააღმდეგოთ ნათესი აღმოცენებამდე უნდა დამუშავდეს პრეპარატ თრიალიტით – 4 %-იანი ემულსიის კონცენტრატით 2-4 ლ/ჰა-ზე.

ერთწლიანი ორლებნიანი და მარცვლოვანი სარეველების წინააღმდეგ თესვის წინ უნდა შევიტანოთ ნიადაგში მალორანის 50 %-იანი სველებადი ფხვნილი 0,5-1 კგ/ჰა-ზე. 2 წლიანი ორლებნიანი სარეველების წინააღმდეგ უნდა გამოვიყენოთ 2-4 დ ამინის მარილი 40 %-იანი 0,7-1,2 ლ/ჰა-ზე.

მოსავლის აღება. მოსავლის აღება უნდა ჩატარდეს რაც შეიძლება შემჭიდროებულ ვადებში სრული სიმწიფის პერიოდში კომბაინით. ქერი ცვილისებური სიმწიფის პერიოდის შემდეგ ხუთ დღეში შედის სრულ სიმწიფეში და მარცვლისა და მცენარის შორის კავშირი წყდება. ამ დროს ის გადადის ინტენსიურ სუნთქვაზე, რომლის დროსაც იხარჯება დიდი რაოდენობით ნახშირწყლები, რაც მოქმედებს მოსავლის ხარისხზე. ამიტომ დანაკარგების ასაცილებლად მოსავლის აღება უნდა დავამთავროთ მალე.

საშემოდგომო ქერის მოვლა-მოყვანის ტექნოლოგია

საშემოდგომო ქერი – მოყავთ როგორც საფურაჟეთ ასევე საბურღულეთ. მოსავლიანობით საშემოდგომო ქერი მისი მოყვანის რეგიონებში მნიშვნელოვნად აღემატება საგაზაფხულო ქერს. ეს იმით აიხსენება, რომ საშემოდგომო ქერი შემოდგომაზე მოსულ ნალექებთან ერთად ამომწურავად ითვისებს ზამთარ გაზაფხულის ნალექებსაც. ბარტყობაც უფრო ძლიერია ვიდრე საგაზაფხულოსი, საშემოდგომო ქერი ძირითადათ ითესება ქართლისა და კახეთის რაიონებში.

საშემოდგომო ქერი უფრო ნაკლებ ზამთარგამძლეა ვიდრე საშემოდგომო ხორბალი და საშემოდგომო ჭვავი. მისთვის საშიშია 12 გრადუსზე დიდი ყინვები. საშემოდგომო ქერის იაროვიზაციის მაქსიმალური ხანგრძლივობა 35-45 დღეა. მისი სავეგეტაციო პერიოდი 15-18 დღით უფრო მოკლეა ვიდრე საგაზაფხულოსი და 8-10 დღით უფრო ადრე შემოდის ვიდრე საშემოდგომო ხორბალი.

საშემოდგომო ქერი შეიძლება დაითესოს სხვადასხვა წინამორბედის შემდეგ. მისთვის თესლბრუნვაში ყველაზე კარგი ადგილია სუფთა დაკავებული ანეულები. საწარმოო პირობებში იგი უფრო ხშირად ითესება სიმინდის, მზესუმზირისა და სამარცვლე პარკოსნების შემდეგ. საშემოდგომო ქერი უფრო ადრე ათავისუფლებს ფართობს და მის შემდეგ შეიძლება მეორე მოსავლის მიღება ისეთი კულტურების როგორიცაა: სიმინდი, სუდანურა, წიწიბურა, ლობიო და სხვა. მოსავლიანობით საშემოდგომო ქერი სჯობია საგაზაფხულოს.

განოყიერება. საშემოდგომო ქერი მოითხოვნას უყენებს სამ ძირითად საკვებ ელემენტს. კარგ შედეგს იძლევა თესვის წინ სუპერფოსფატის შეტანა. რაც ხელს უწყობს მცენარეთა უკეთ გამოწრთობასა და გადაზამთრებას, ააქტიურებს ფესვთა სისტემის ზრდას და აჩქარებს მომწიფებას.

აზოტის მეტი რაოდენობა ესაჭიროება ვეგეტატიური მასის ზრდისა და მარცვლის შევსების ფაზებში. მისი ნაკლებობა იწვევს მოსავლის შემცირებას და მარცვლის ხარისხის შესამჩნევ გაუარესებას. ნაკლები ცილის დაგროვებას. კალიუმი აუმჯობესებს ზამთარგამძლეობას და დაავადებებისადმი გამძლეობას ამაგრებს ღეროს. ყველაზე მეტად იგი მოიხმარება აღერებისა და დათავთავების ფაზაში. აზოტი შეაქვთ თესვის წინ და გამოკვების სახით გაზაფხულზე 150 კგ/ჰა-ზე. თესვის წინ უნდა შევიტანოთ ნიადაგში სუპერფოსფატი 200 250 კგ/ჰა-ზე და კალიუმი 70-100 კგ/ჰა-ზე. ამით შეიძლება საჰექტარო მოსავლიანობა გავადიდოთ 4 ცენტნერით.

ნიადაგის განოყიერებისათვის მნიშვნელოვან ღონისძიებას წარმოადგენს მწვანე სასუქის – სიდერატის გამოყენება. სიდერატათ იყენებენ სამარცვლე პარკოსნებს – ბარდას, ცულიპირას, ცერცველას. სიდერატები ქერისათვის უფრო მეტ ეფექტს მოგვცემს იმ შემთხვევაში თუ მას გამოვიყენებთ წინამორბედ კულტურის ქვეშ. მოსავალი გაიზრდება 30 %-ით. სიდერატის მინერალიზაცია ძირითადათ მიმდინარეობს მომდევნო წლის ივნის ივლისში. როდესაც ქერი დამწიფებულია.

ნიადაგის დამუშავება. ნიადაგის დამუშავება საშემოდგომო ქერისათვის იწყება ნაწვერალის აჩეჩვით, რომელსაც უნდა მოჰყვეს ხვნა სრულ სიღრმეზე (25-27სმ.) ზედ მიყოლებული დაფარცხვით გარდი-გარდმო მიმართულებით. თესვის წინ ტარდება კულტივაცია ჩათესვის სიღრმეზე.

თესვის ვადა. ადრეულად დათესილი საშემოდგომო ქერი ადვილად ზიანდება შვედური ბუზით და ზამთრის ყინვისაგან რადგან იგი მაღალ ტემპერატურაზე გაღივებულ აღმოცენებული, ნაკლებ ნაწრთობი შედის ზამთარში, აგრეთვე თუ თესვის შემდეგ მოსულ ნალექებს მოჰყვა თბილი პერიოდი იწყება გაძლიერებული ბარტყობა.

თოვლის ქეშ მოხვედრილი მწვანე ადვილათ ამოიხუთება. თუ თესვის ვადა დაგვიანებულია ამ შემთხვევაში გვიანდება თესლის გაღივება, აღმოცენება რასაც თან მოჰყება მავნებლებისაგან განადგურება, გვიან დათესილი ვერ ასწრებს დაბარტყებას, სუსტდება და ზამთრის განმავლობაში ადვილათ ზიანდება – ნათესი მეჩხერდება და მცირდება მოსავალი, ამიტომ უნდა დავიცვათ თესვის ვადები.

ქართლსა და კახეთში თესვის საუკეთესო ვადაა 5- 30 ოქტომბერი. მესხეთ-ჯავახეთში 20 აგვისტო. შუა ქართლში 15 სექტემბერი. იმერეთში ნოემბერი. თესლი უნდა იყოს რეკომენდირებული ჯიშის და პასუხობდეს გათვალისწინებულ კონდიციას. ის უნდა შეიწამლოს გუდაფშუტის დაავადების საწინააღმდეგოდ და ფესვის სიდამპლესთან საბრძოლველათ. პრეპარატი-გრანოზანი 1,8-2,3% ფხვნილით.

თესვის წესი. საშემოდგომო ქერის თესვა ტარდება მწკრივებად. კარგ შედეგს იძლევა ვიწრო მწკრივებათ და ჯვარედინად თესვა. სათესლეთ გამოყენებული უნდა იყოს მსხვილი მარცვალი. ამ შემთხვევაში მოსავალიც მეტია რადგან შესაძლებელია მისი ღრმა თესვაც და ბარტყობის ნასკვიც ღრმად ვითარდება, რის გამოც ზამთარ გამძლეობაც მეტი აქვს. სათსლე მასალას ჯიშური სიწმინდე უნდა ჰქონდეს 99 %. კარგი აღმოცენების უნარი 95 %. მაღალი სასოფლო სამეურნეო ვარგისიანობა. ასეთი თესლი მაღალ მოსავალს გვაძლევს.

თესლის ჩათესვის სიღრმე. ნიადაგის კონკრეტულ მდგომარეობაზე დამოკიდებულებით მერყეობს 4-6 სმ. გარგლებში. ჩათესვის სიღრმეს განსაზღვრავს მთელი რიგი პირობები. წვრილი თესლი უფრო ნაკლებ სიღრმეზე უნდა დაითესოს. ტენით უზრუნველყოფილ ნიადაგებშიც ნაკლებ სიღრმეზე, ხოლო მშრალ ნიაგადებში პირიქით, რომ გამოიყენოს ღრმა ნიადაგის ტენი მკაცრი ზამთრით დახასიათებულ ადგილებში თესლი ღრმად უნდა დაითესოს, რომ მოსალოდნელი ყინვისაგან არ დაზიანდეს.

თესვის ნორმა. დამოკიდებულია ნიადაგის ხარისხზე, კლიმატურ პირობებზე, რაც უფრო ხელსაყრელი კლიმატური პირობებია მითუფრო ნაკლები თესლია საჭირო და პირიქით. ხელსაყრელ პირობებში მცენარე აძლიერებს ვეგეტატიური ნაწილების ზრდას. თესლის დიდი რაოდენობით დათესვა არც ეკონომიურად იქნება გამართლებული და არც ტექნიკურად.

დიდი სათესი ნორმის გამოყენებას შეიძლება მოჰყვეს წვრილღეროიანობა, ამის გამო ჩაწოლა, სოკოვანი დაავადებების მძლავრი განვითარება. არახელსაყრელ პირობებში სათესლე ნორმა უნდა გავზარდოთ. სათესლე ნორა მერყეობს 4,5-5,0 მილიონი მარცვლის ფარგლებში. წონით რაოდენობით 220-240 კგ/ჰა-ზე. სათესლე ნორმა მერყეობს ვერტიკალური ზონალობისა და თესვის ვადაზე დამოკიდებულებით.

ნათესის მოვლა და მოსავლის აღება. წლის ოთხივე დროში მიმდინარეობს საშემოდგომო ქერის ზრდა განვითარება. ასეთ ხანგრძლივ პერიოდში საჭიროა მოვლა. სარწყავ რაიონებში ნაკვეთი უნდა დაიკვალოს. თუ ნალვეთი დასარევლიანებულია საჭიროა ჩატარდეს ქიმიური მეთოდით ბრძოლა, ჰერბიციდების გამოყენება, ეფექტური ღონისძიებაა დამატებითი გამოკვების ჩატარება ნპკ სასუქით. შემოდგომაზე თუ ჯეჯილი ზედმიწევნით გაიზარდა აზოტოვანი სასუქი აღარაა საჭირო, მაღალმოსავლიანი ჩაწოლისადმი მიდრეკილების მქონე ჯიშებზე ჩაწოლის წინააღმდეგ წარმატებით გამოიყენება ქლორქლორინქლორიდი (ტური). ამ პრეპარატით ქერი მუშავდება ბარტყობისა და აღერების ფაზაში.

მოსავლის აღების პერიოდი ემთხვევა ჰაერის მაღალ ტემპერატურას. მოსავალი, რომ არ დაიკარგოს აღება უნდა მოხდეს პირაპირ კომბაინით, სრული სიმწიფის დასაწყისში. მარცვლის ტენიანობა უნდა იყოს 16-18 %.

ჯიშები

საგაზაფხულო ქერის ჯიშები

ნუტანსი 032-28. გამოყვანილია მიწათმოქმედების ინსტიტუტის მცხეთის სასელექციო სადგურის მიერ ინდივიდუალური გამორჩვის მეთოდით. თავთავი ორმწკრივიანი, ღიაყვითელი ფერის. ეკუთვნის სახესხვაობა ნუტანსს. ხასიათდება მაღალი და მტკიცე ღეროთი. 1000 მარცვლის მასა 39-40 გრამია. საშუალო მოსავალი ჰექტარზე 24 ცენტნერს შეადგენს. დარაიონებულია საქართველოს როგორც სარწყავ ასევე ურწყავი ზონებისათვის.

კოლხიკუმი 10-30. გამოყვაილია მიწათმოქმედების ინსტიტუტის მცხეთის სასელექციო სადგურის მიერ ინდივიდუალური გამორჩევის მეთოდით რაჭის ქერებიდან. თავთავი ორ მწკრივიანია, ღია ყვითელი ფერის, ფხიანი, ფხა თავთავზე გრძელია, მარცვალი ყვითელი ელიფსისებური ფორმის, საშუალო ზომის. 1000 მარცვლის მასა 25-33 გრამი. არის საგაზაფხული, კარგად ბარტყობს, ღერო საშუალო სიმაღლის, გამძლეა დაავადებებისადმი. რეკომენდირებულია საქართველოს ურწყავი რაიონებისათვის.

ჯავახეთის ახალთესლი. არის ადგილობრივი ჯიში, გაუმჯობესებული მიწათმოქმედების ინსტიტუტის მცხეთის სასელექციო სადგურის მიერ. ეკუთვნის სახესხვაობა ნუტანსს. თავთავი ორ მწკრივიანია ჩალისებრ ყვითელი. მთიანი ზონის ფორმაა, ადრეული, გაზაფხულის წაყინვებისადმი გამძლეა, დაბალტანიანი და არ წვება. მთიან ზონაში მისი საჰექტარო მოსავალი შედაგენს 21 ცენტნერს. 1000 მარცვლის მასა მაღალია და შეადგენს 45 გრამს. დარაიონებულია საქართველოს მთიანი რაიონებისათვის.

საშემოდგომო ჯიშები

ყაზბეგი – 1. გამოყვანილია მიწათმოქმედების ინსტიტუტში მუტაგენეზის მეთოდით, ადგილობრივი ჯიშიდან. მცენარის სიმაღლე 80-98 სმ. ხასიათდება მოკლე და მტკიცე ღეროთი. ჩაწოლის მიმართ გამძლეა, თავთავი ფხიანი, კომპაქტური, არის ადრეული სავეგეტაციო პერიოდი 217 დღე. ზამთარგამძლე და გვალვაგამძლეა. მარცვლის ჩაცვენა არ ახასიათებს. ათასი მარცვლის მასა 36,4 გრამი. არის მაღალ მოსავლიანი. დედოფლისწყაროს ჯიშთა გამოცდის პუნქტებზე მან მოგვცა 58,7 ცენტნერი ჰექტარზე. რეკომენდირებულია ქართლის სარწყავი ზონებისთვის.

ძველთესლი. გამოყვანილია მიწათმოქმედების ინტიტუტის მცხეთის სასელექციო სადგურის მიერ მასობრივი გამორჩევით. ეკუთვნის სახესხვაბა პალიდუმს. არის ექვს მწკრივიანი, თავთავი მოჩალისფრო ყვითელი, მარცვალი დაკბილული, ოვალური ფორმის, 1000 მარცვლის მასა 40-50 გრამი. არის ზამთარგამძლე, არ წვება, ახასიათებს ძლიერი პროდუქტიურლი ბარტყობა.

პალიდუმ 30-1. გამოყვანილია აზერბაიჯანის სასელექციო სადგურის მიერ. თავთავი ექვს მწკრივიანია, ფხიანი, ჩალისფერი ყვითელი, საკმაო მკვრივი, ეკუთვნის სახესხვაობა პალიდუმს. მარცვალი დიდი ზომისაა, 1000 მარცვლის მასა 36-40 გრამია. ღერო საშუალო სიმაღლის, დაავადებებისა და მავნებლის მიმართ შედარებით გამძლეა. რეკომენდირებულია საქართველოს სარწყავი და შემაღლებული ზონებისთვის.

ტრები. გამოყვანილია ამერიკის შეერთებულ შტატებში. თავთავი მრავალმწკრივიანია, ფხიანი, ჩალისებრ ყვითელი, ფხა გრძელი და უხეში, ძლიერ დაკბილული. ის ძნელად სცილდება თავთუნს, ეკუთვნის სახესხვაობა პალიდუმს. 1000 მარცვლის მასა 33-38 გრამია. ღერო საშუალო სიმაღლისაა. არის საშიალო საადრეო, გვალვაგამძლეა, არ წვება, დაავადებებისა და მავნებლების მიმართ არის იმუნური. რეკომენდირებულია საქართველოს სარწყავი რაიონებისათვის.

ზეს-5. გამოყვანილია მიწათმოქმედების ინსტიტუტში გამა დასხივებით ჯიში ყაზბეგიდან. არის მრავალ მწკრივიანი, მიეკუთვნება სახესხვაობა ნუტანსს. მცენარის სიმაღლე 100-110 სმ. 1000 მარცვლის მასა 40-43 გრამია. თავთავი მოყვითალო ნარინჯისფერი, მკვრივი, მარცვალი ელიფსისებური ფორმის, სავეგეტაციო პერიოდი 201 დღე. არის დაავადებებისადმი, ჩაწოლისადმი გამძლე. ითესება მხოლოდ შემოდგომით. მისი საშუალო საჰექტრო მოსავალი 57 ცენტნერია.

ქერის ორთესელა ანუ ფაკულტატური ჯიშები

თეთნულდი. გამოყვანილია მიწათმოქმედების ინსტიტუტის მცხეთის სასელექციო სადგურში ჩილედან მიღებული კოლექციის მასალიდან გამორჩევის მეთოდით. არის ბიოლოგიურად ორთესელა, შეიძლება დაითესოს როგორც გაზაფხულზე, ასევე შემოდგომაზე. თავთავი ორ რიგიანია, ხასიათდება მაღალი მოსავლიანობით და დაავადება მავნებლებისადმი გამძლეობით. თავთავი ორრიგიანია, არ წვება. შემოდგომით თესვის დროს მისი პოტენციალური მოსავალი 6-7 ტონაა ჰექტარზე, გაზაფხულზე თესვივსას 4-5 ტონა ჰექტარზე. 1000 მარცვლის მასა შეადგენს 43-44 გრამს. მარცვალში ცილის შემოცველობა 10,9-12,7%-ია. მცენარის საშუალო სიმაღლე 90-100 სანტიმეტრია. რეკომენდირებულია ქერის მთესველი ყველა რაიონებისათვის.

ჯვარი. გამოყვანილია მიწათმოქმედების ინსტიტუტის მცხეთის სასელექციო სადგურში საფრანგეთიდან მიღებული კოლექციის მრავალჯერადი ინდივიდუალური გამორჩევის მეთოდით. არის ორთესელა, შეიძლება მოვიყვანოთ შემოდგომით, ასევე გაზაფხულზე თესვის პირობებში. არის ორ რიგიანი, დაავადება-მავნებლების, ასევე ჩაწოლის მიმართ გამძლე, მრავალპროდუქტიული, მისი პოტენციალური მოსავალი ჰექტარზე საშუალოთ 4,5-7 ტონას შეადგენს. 1000 მარცვლის მასა 40-45 გრამია. დარაიონებულია საქართველოს ქერის მთესველი ყველა რაიონისათვის.

ალავერდი. გამოყვანილია მიწათმოქმედების ინსტიტუტში მრავალჯერადი მასიური გამორჩევით კოლექციის ნიმუშებიდან. არის ბიოლოგიურად ორთესელა, შეიძლება დაითესოს როგორც გაზაფხულზე ასევე შემოდგომაზე. თავთავი ორ რიგიანია, ხასიათდება მაღალი მოსავლიანობით და დაავადება-მავნებლებისადმი გამძლეობით. არ წვება. შემოდგომით თესვის დროს მისი საშუალო მოსავალი 4,5 ტონაა ჰექტარზე. 1000 მარცვლის მასა შეადგენს 44 გრამს. ბარტყობა 2,4. მცენარის სიმაღლე 90-100 სმ. თავთავ სწორი, ჩალისფერი-მოყვითალო, სიგრძით 10 სმ. გამოიყენება ლუდის წარმოებაში. მარცვალში ცილის შემცველობა 10,5 %-ია. ექვემდებარება მექანიზირებულ აღებას. მისი გავრცელების არეალია ქერის მთესველი ყველა რაიონები.

მცხეთა. გამოყვანილია მიწათმოქმედების ინსტიტუტის მცხეთის სასელექციო სადგურში უკრაინიდან მიღებული კოლექციიდან მრავალჯერადი ინდივიდუალური გამორჩევის მეთოდით. არის ფაკულტატიური ბუნების, ითესება როგორც შემოდგომაზე ასევე გაზაფხულზე. თავთავი ორ რიგიანია არის მაღალ მოსავლიანი, მისი პოტენციალური მოსავალი შეადგენს შემოდგომით თესვისას 6-6,5 ტონას, გაზაფხულზე თესვისას 4-4,5 ტონა ჰექტარზე. მცენარის საშუალო სიმაღლე 95-100 სმ. მცენარე გამძლეა როგორც დაავადება-მავნებლების, ასევე ჩაწოლის მიმართ. ის დარაიონებულია საქართველოს ქერის მთესველი ყველა რაიონებისათვის.

ავტორები:

ოთარ ლიპარტელიანი  სსმმ აკადემიის წევრ კორესპოდენტი, დარგობრივი და სახელმწიფო პრემისს ლაურიატი, სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო კვლევითი ცენტრის მარცვლეული კულტურების სამსახურის მთავარი სპეციალისტი, პროფესორი.

ზეინაბ სალარიძე  სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო კვლევითი ცენტრის უფროსი სპეციალისტი, სოფლის მეურნეობის აკადემიური დოქტორი.

თქვენი რეკლამა