ერთწლიანი მზესუმზირა (Helianthus annuus), ასრტრისებრთა ოჯახის წარმომადგენელია. მისი სამშობლოა ჩრდილოეთი ამერიკა, არქეოლოგიურმა გათხრებმა დაადუსტურეს, რომ ინდიელებმა 2000 წელზე მეტი ხნის წინ დაიწყეს მისი კულტივირება.
ზეთის მზესუმზირას ღერო სწორმდგომია და 5 მ-მდე იზრდება (სამრეწველო ჯიშები საშუალოდ 1-2,5მ), აქვს წაწვეტებულბოლოიანი ოვალურ-გულისებრი დიდი ფოთლები. ყვავილედი კალათაა (დიამეტრი 15-20 სმ).
ნაყოფი წაგრძელებული სოლისებრი თესლურაა. შედგება კანისა და გულისგან, რომელიც შეიცავს 29-57% ზეთს. მზესუმზირა ჯვარედინდამტვერვადია.
მზესუმზირა გავრცელებულია თითქმის ყველგან. საქართველოში სამეწველო დანიშნულებით, უმეტესად მოჰყავთ კახეთის რეგიონში (სიღნაღი, დედოფლისწყარო, გურჯაანი…).
მზესუმზირას მარცვლები მდიდარია კალციუმით, მაგნიუმით, В ჯგუფისა და A, E და D ვიტამინებით. ხალხურ მედიცინაში მზესუმზირის ზეთი გამოიყენება კუჭ-ნაწლავის, ფილტვებისა და ღვიძლის დაავადებების დროს.
მზესუმზირას კოპტონი, ჩენჩო, ბზე და სილოსი გამოიყენება ცხოველთა საკვებად.
მზესუმზირას აგროტექნიკა
მზესუმზირა ტენის, სითბოსა და სინათლის მოყვარული მცენარეა, გვალვაგამძლეა და ხანმოკლე სუსხსაც იტანს (უძლებს გაზაფხულის წაყინვებს -5-60C ტემპერატურამდე).
ნიადაგისადმი განსაკუთრებული მოთხოვნებით არ გამოირჩევა, თუმცა მაღალი მოსავლიანობისთვის კარგია, ტენიანი, კარგი აერაციის მქონე, წყალგამტარი შავმიწა და თიხნარი ნიდადაგები.
ნიადაგის pH=6.0-7.5
წინამორებდი კულტურის მოსავლის აღებისთანავე (2-3 დღე), უნდა მოხდეს აჩეჩვა, ნიადაგი (ნაწვერალი) უნდა აიჩეჩოს 4-5 სმ. სიღრმეზე დისკოებიანი ფარცხით, ეს მოსპობს სარეველებს, გარდა ამისა ამგვარი გაფხვიერება ნიადაგის გამოშრობას შეაჩერებს.
მზესუმზირას დასათესად ნიადაგს მზრალად ამუშავებენ (ძირითადი ხვნა), ნიადაგის მზრალად დამუშავება საგაზაფხულო კულტურებისათვის სრულდება შემოდგომაზე, ოქტომბრის ბოლოს, ნოემბრის დასაწყისში 20-25 სმ. სიღრმეზე.
წინამორბედი კულტურები
მზესუმზირასთვის კარგი წინამორბედი კულტურებია: ხორბალი, ქერი, სიმინდი.
ცუდი წინამორებდია: შაქრის ჭარხალი, ამ კულტური მერე მოსავლიანობა ძალიან დაბალია.
თესლბრუნვაში მზესუმზირასთვის იმგვარ თანმიმდევრობას მიმართავენ, რომ ერთ ადგილზე მისი თესვა არ მოხდეს 7-8 წელზე უფრო ადრე, უმჯობესია დავიცვათ 10 წლიანი შუალედი.
თესვა
მზესუმზირას თესვა გამთბარ ნიადაგში ხდება, როცა ნიადაგის ტემპერატურა 8-120C-ია. თესლი ღვივდება 6-80C ტემპერატურაზე. გაღვივების პერიოდი საშუალოდ 15-20 დღეა. ზრდის ოპტიმალური ტემპერატურა 20-250C.
თესვის წინ მიმართავენ დაკალიბრებას (გადარჩევას), მსხვილი, კარგად განვითარებული თესლი უფრო მეტ საკვებ ნივთიერებებს შეიცავს, შესაბამისად, უფრო ძლიერ, ჯანსაღ აღმონაცენს იძლევა, ვიდრე წვრილი თესლი.
მოვაცილოთ განუვითარებელი, სუსტი და უსიცოცხლო თესლი. თანაბარზომიერი აღმონაცენისთვის, თესლს დაახლოებით ერთნაირი ზომა და მასა ჰქონდეს.
დაკალიბრების შემდეგ თესლი უნდა შეიწამლოს (თუ შეძენილი თესლი უკვე დამუშავებული არ არის), რათა მოხდეს მისი გათავისუფლება სხვადასხვა შესაძლო დაავადებებისგან. გარდა ამის ამით გარკვეული დროით ვიცავთ თესლს დაავადებების გაჩენისაგან.
თესლის შეწამვლისთვის იყენებენ ქიმიურ და ბიოლოგიურ საშუალებებს. თესლი ხშირად იყიდება უკვე დამუშავებული სახით. შეგიძლიათ შეიძინოთ თესლის დამუსავების მზა ქიმიური საშუალებები.
ჩვენ გთავაზობთ ხალხურ საშუალებას. ამ საშუალების მოსამზადებლად დაგვჭირდება ნიორი და ხახვის ფურცელი.
აიღეთ 100 გრ. ნიორი, გაატერეთ ხორცსაკეპ მანქანაში, დაუმატეთ 100 გრ. ხახვის ფურცელი და დაასხით 2 ლიტრი ადუღებული წყალი, გააჩერეთ ერთი დღე-ღამე, გადაწურეთ (გაატარეთ მარლაში). დათესვის წინ მზესუმზირას თესლი ჩაყარეთ მიღებულ ხსნარში და ერთი ღამე გააჩერეთ.
თესვის სქემა: თესლის ჩათესვის სიღრმე საშუალოდ 6-10 სმ. ტენიან ნიადაგში 6-8 სმ, მშრალში 8-10 სმ. მცენარეთა შორის მანძილი დამოკიდებულია ჯიშზე. დიდი ჯიშებისთვის მანძილი შეადგენს 75-90 სმ-ს. საშუალო ჯიშებისთვის 45-60 სმ-ს. ბუდნაში ითესება 2-3 მარცვალი. თესვის წონითი ნორმა შეადგენს 6-10 კგ/ჰა-ზე (ნიადაგისა და ჯიშის მიხედვით).
სავეგეტაციო პერიოდი ჯიშების და კლიმატური პირობების გათვალსიწინებით 70-150 დღეა.
მოვლა
განოყიერება-მზესუმზირის მიერ ნიადაგიდან საკვების გამოტანა 1 ტონა თესლურაზე შეადგენს: აზოტი-60 კგ, ფოსფორი-26კგ და კალიუმი–186 კგ. მიუხედავად ამისა, მზესუმზირა სუსტად ეხმაურება სასუქების შეტანას. განოყიერებისაგან დადებითი ეფექტის დიდი წილი მცენარის ვეგეტატიურ ნაწილებზე მოდის, რომლებიც წარმოების მიზანს არ შეადგენს. საშუალოდ იყენებენ დოზებს N45 P60K45 -ის ფარგლებში.
სარეველების წინააღმდეგ ბრძოლა-სარეველების წინააღმდეგ საბრძოლველად დიდი მნიშვნელობა აქვს აღმოცენებამდე და აღმოცენების შემდგომ ფარცხვებს.
აღმოცენებამდე პირველ ფარცხვას თესვიდან 4-5 დღის შემდეგ ატარებენ, გარემო პირობებიდან გამომდინარე საჭიროების სემთხვევაში მეორეს აღმოცენებამდე 3-4 დღით ადრე. აღმოცენების შემდეგ დაფარცხვა 2-3 ნამდვილი ფოთლის ფაზაში ტარდება.
მწკრივთაშორისების პირველ დამუშავებას ატარებენ მზესუმზირის 3-4 ნამდვილი ფოთლის ფაზაში, ე.ი. აღმონაცენის დაფარცხვიდან 5-6 დღის შემდეგ. მეორე და შემდგომი დამუშავება 10-12 დღის ინტერვალით მიმდინარეობს.
მწკრივთაშორისების დამუშავება გვალვიან პერიოდში 6-8 სმ სიღრმეზე ხდება, ნალექიან წლებში სიღრმის 6-8 სმ –დან 8-10 სმ მდე თანდათან გაზრდა დადებითად აისახება მზესუმზირის მოსავალზე.
მზესუმზირას ფუჭმარცვლიანობის საწინაღმდეგოდ რეკომენდებულია ფუტკრის ოჯახების ნათესში ან მის ირგვლივ შეტანა. სასურველია თითოეულ ჰა-ზე გატანილი იყოს ორი ოჯახი.
მოსავლის აღება
მოსავლის აღება ტარდება ფიზიოლოგიური სიმწიფის ფაზაში, როცა კალათის ზურგის მხარე მიიღებს ყვითელ ფერს. ფოთლების ფუნქციონირების შესაჩერებლად და მზესუმზირის მარცვლისა და კალათის გასაშრობად, მასობრივ ყვავილობიდან 35-40 დღის შემდეგ ატარებენ დესიკაციას. ამ პერიოდში ჩვეულებრივი ყვითელი კალათები 50-60%-ია, მოყვითალო-მორუხო – 20-30%, რუხი – 10-20%, ხოლო თესლის ტენიანობა არ აჭარბებს 30-35%-ს.
დესიკანტად შეიძლება გამოვიყენოთ მაგნიუმის ქლორატი (60%-იანი ხსნადი ფხვნილი) – 20 კგ/ჰა-ზე. ეფექტი მაღალია 8-10 დღის უნალექობის შემდეგ შესხურებისას, 18-200 ტემპერატურის პირობებში, ჰაერის უფრო დაბალი ტემპერატურის დროს პროცესი ყოვნდება და 100-ის ქვემოთ ძალიან ნელა მიმდინარეობს.
ამ შემთხვევაში დესიკანტის დოზა 25-30 კგ-მდე უნდა გაიზარდოს. შესხურების ჩატარება არ შეიძლება, როცა ქარის სიჩქარე 5 მეტრზე მეტია წამში, რადგან ამ დროს სამუშაო ხსნარი სწრაფად ორთქლდება ფოთლის ზედაპირიდან და ვერ ასწრებს შეღწევას ფოთლის ქსოვილებში.
დესიკანტად იყენებენ აგრეთვე რეგლონის 20%-იან წყალხსნარს 2-3 ლ/ჰა-ზე. შესხურება ტარდება მოწმენდილი დღის დილის და საღამოს საათებში, ხოლო უნალექო, ღრუბლიან ამინდში მთელი დღის განმავლობაში. შესხურებიდან 10-15 დღის შემდეგ იწყება მოსავლის აღება. ამ დროს თესლის ტენიანობა მცირდება 10-15%-მდე.
დესიკაციის გამოყენების გარეშე მზესუმზირას მოსავლის აღებას იწყებენ მაშინ, როცა ნათესში მცენარეების 12-15%-ს აქვს ყვითელი და რუხი-ყვითელი, დანარჩენ 85-88%-ს კი მუქი, მშრალი კალათი, ხოლო თესლის ტენიანობა 12-15%-ის ტოლია. პერიოდი, რომლის განმავლობაში თესლის ტენიანობა რჩება ოპტიმალურ ფარგლებში (12-15%) ჩვეულებრივ 6-8 დღეა. ამიტომ მოსავლის აღების ოპტიმალურმა ვადამ არ უნდა გადააჭარბოს 5-6 დღეს, რადგან ნალექების, ბურუსისა და ჰაერის ტენიანობის გადიდების შედეგად თესლი შეიძლება ხელახლა დატენიანდეს.
მოსავლის აღება ხდება პსპ – 1,5 მოწყობილობით აღჭურვილი მარცვლეულის კომბაინით, რომელიც აგრეგატის ერთი გავლით ჭრის კალათებს, ლეწავს, ანიავებს და გაწმენდილ მარცვალს აგროვებს ბუნკერში. ამავე დროს აქუცმაცებს და ნაიდაგის ზედაპირზე ფანტავს გამოლეწილ კალათებს და ღეროებს.
აღებული თესლის ჩახურების თავიდან აცილების მიზნით, აღებასთან ერთად ტარდება მისი გაწმენდა და შრობა. შესანახი თესლის ტენიანობა არ უნდა აღემატებოდეს მაღალზეთიანი ჯიშებისათვის (43% ცხიმით)-7%-ს, საშუალოზეთიანი ჯიშებისათვის (37-43% ცხიმით)-8%-ს, მცირეზეთიანი ჯიშებისათვის (37%-მდე ზეთით)-9%-ს.
დამატებითი გადამუშავების გარეშე, სასურსათე დანიშნულებით, შეიძლება გამოვიყენოთ ზეთი 2,25 მგ. მჟავიანობისას. ნაჩვენებ ნორმაზე მეტი მჟავიანობის ზეთი შეიძლება სასურსათედ გამოვიყენოთ მხოლოდ მისი გულდასმით გაწმენდა – რაფინირების (მჟავიანობის განეიტრალების) შემდეგ. რაფინირების გარეშე ზეთის გამოყენება შეიძლება მხოლოდ ტექნიკური მიზნებისათვის.
*დესიკაცია მცენარის ხელოვნური გამოშრობა (გახმობა) მოსავლის აღების წინ.
ავტორი: თინათინ დარსაველიძე, აგროკავკასია