მათ ვინც გადაწყვიტეს თხის მოშენება მცირე ფერმაში, აინტერესებთ ამა თუ იმ ჯიშის მახასიათებლები. „აგროკავკასია“ ცდილობს მოგაწოდოთ ინფორმაცია საინტერესო ჯიშებზე, წინა სტატიაში ჩვენ საუბარი გვქონდა ტოგენბურგული თხის (Toggenburg Goat) შესახებ, დღეს მოგაწვდით ინფორმაციას ნუბიური ჯიშის თხაზე (Nubian goat).
მცირე ისტორია
ჩრდილო-აღმოსავლეთ აფრიკა არის ადამიანის ცივილიზაციის ერთ – ერთი უძველესი ცენტრი. ამ რეგიონში მეცხოველეობა პრაქტიკაში დაახლოებით 10 ათასი წლის განმავლობაში მიმდინარეობს, ასე რომ, ნუბიური თხა შეიძლება ჩაითვალოს ერთ-ერთ უძველეს ჯიშად.
გასული საუკუნეების სტანდარტებით მაღალპროდუქტიულმა ნუბიურმა თხებმა ყურადღება მთელს მსოფლიოში მიიპყრო, მისით განსაკუთრებით ევროპელები დაინტერესდნენ და წარსულში ეს ცხოველები იმპორტირებული იყო მრავალ ქვეყანაში.
მე –19 საუკუნის ბოლოს ინგლისის ტერიტორიაზე, ადგილობრივი ჯიშების გაუმჯობესების მიზნით ექსპერიმენტები დაიწყო და ამისთვის ისინი ძირითადად ნუბიური ჯიშის თხებს იყენებდნენ. ამერიკელებმაც შეიტანეს საკუთარი წვლილი ჯიშის განვითარებაში. მათ მიაღწიეს ცხოველთა მაღალ პროდუქტიულობას როგროც სახორცე, ისე სარძეო მიმართულებით, იყენებენ რა ხაზოვან და ახლონათესაურ შეჯვარებებს. მიუხედავად ამისა, მსოფლიო საზოგადოებამ სახელი ბრიტანელებს დაუტოვა, სასწავლო წიგნებში ხშირად ნახავთ დასახელებას „ინგლისურ-ნუბიური ჯიშის თხა“.
ჯიშის აღწერა
ამ ჯიშს ძალიან საინტერესო ექსტერიერიც აქვს – დიდი ჩამოკიდებული ყურები და მკვეთრი შეფერილობა.
შეფერილობის ძირითადი ტიპები:
• ყავისფერი;
• მოთეთრო-მოყავისფრო;
• კრემისფერი;
• თეთრი;
• ჭრელი (ლეოპარდისებრი);
• შავი და სხვა.
ხშირად ცხოველებს აქვთ არა ერთიანი, არამედ მრავალფერი შეფერილობა. ჩვეულებრივ გვხვდება ორი ფერის ინდივიდები, მაგრამ ზოგჯერ ერთდროულად სამი ფერიც გვხვდება.
ნუბიური ჯიშის პროდუქტიულობა
ნუბიური თხა უნივერსალურად არის მიჩნეული, ანუ მათ აქვთ პროდუქტიულობის კარგი მაჩვენებლები როგორც სახორცე, ასევე სარძეო მიმართულებით.
პირველი მოგების შემდეგ, რძის დღიური წველადობა დაახლოებით 3 ლიტრია, რაც საშუალოდ 300 დღე ლაქტაციის პერიოდით წელიწადში 800-900 ლიტრს უდრის.
ყოველი მომდევნო მოგების შემდეგ რძის პროდუქტიულობა იზრდება.
ამასთან მნიშვნელოვანია არა მხოლოდ რძის რაოდენობა არამედ ხარისხიც, რძის საბაზო ცხიმიანობა 4-4,5% -ს შეადგენს, თუმცა ცნობილია შემთხვევები როცა ცხიმის შემცველობა 8% -ს მიუახლოვდა. ცხიმის მაღალი შემცველობა საშუალებას იძლევა ვაწარმოოთ საუკეთესო ყველი.
ცხიმის მაღალი შემცველობის გარდა, ნუბიური თხის რძე ცნობილია ცილის მაღალი შემცველობით 3,7%. გემოვნური მახასიათებლებიც მაღალ დონეზეა. რძეს არ აქვს თხის სუნი და, ბევრის აზრით სასიამოვნო არომატიც ახასიათებს.
პროდუქტიულობა
• ზრდასრული დედალი თხის წონაა – 50-55 კგ;
• მამალი თხის წონა – 55-70 კგ;
• 2-3 ციკანი;
• ლაქტაციის პერიოდი დაახლოებით 300 დღე;
• რძე დღეში საშუალოდ 3 ლიტრი;
• რძე წელიწადში 800-1000 ლიტრი;
• რძე ცხიმის შემცველობა საშუალო 4-4,5 (რიგ შემთხვევებში 8%-მდე);
• ცილის შემცველობით 3,7%.
*სტატია ემსახურება ჯიშის გაცნობას და არ აქვს კავშირი თხების ყიდვა-გაყიდვასთან.
იხილეთ აგრეთვე: მეგრული თხა – ხალხური სელექციით გამოყვანილი უძველესი ჯიში