რქაწითელი ვარდისფერი – ვარდისფერყურძნიანი საღვინე ვაზის ჯიშია, რომლისგანაც მიიღება მაღალხარისხიანი სუფრის მშრალი თეთრი და ვარდისფერი ღვინო.
წარმოშობა: კახეთი.
რქაწითელი ვარდისფერი არის რქაწითელის კვირტული ვარიაცია. გამოვლენილია ვასილ ლოლაძის მიერ 1948 წელს. მიიღება მაღალხარისხიანი სუფრის მშრალი თეთრი და ვარდისფერი ღვინო.
რქაწითელი ვარდისფერი ამჟამად მცირედაა გავრცელებული გურჯაანის, თელავის, ლაგოდეხის და ახმეტის მუნიციპალიტეტებში. ჯიში საშუალო ზრდისაა.
ზრდასრული ფოთოლი საშუალო ზომისაა, მომრგვალო ფორმის, სამ – ხუთნაკვთიანი. ფოთლის ქვედა მხარე თხლადაა შებუსული.
მტევანი საშუალო ან საშუალოზე დიდი ზომისაა, ცილინდრულ – კონუსური, იშვიათად ცილინდრული ფორმის, ფრთიანი, საშუალო სიკუმსის. მარცვალი საშუალო ზომის, ოდნავ ოვალური, იშვიათად მომრგვალო ფორმის, ვარდისფერი. კანი საშუალო სისქისაა, რბილობი საშუალო სიმკვრივის, სასიამოვნო ჰარმონიული გემოთი.
სავეგეტაციო პერიოდის ხანგრძლივობა საშუალოდ 155-165 დღეა. სრულ სიმწიფეში შედის სექტემბრის ბოლოს. ერთი მტევნის წონა საშუალოდ 240-350 გრამია. ყურძნის სრული სიმწიფის პერიოდში შაქრიანობა აღწრვს 20-24% -ს, მჟავიანობა 6-7 გ/ლ-ს.
წყარო: სოფლის მეურნეობის სამეცნიერო კვლევითი ცენტრი / SRCA
იხილეთ აგრეთვე: რქაწითელი – ქართული ვაზის ჯიშების მიმოხილვა