უკანასკნელ წლებში მინერალური სასუქების, პესტიციდების მაღალი ნორმების, გენური ინჟინერიის გამოყენებით მიღწეულ იქნა ფიტოკულტურათა პროდუქტიულობის მნიშვნელოვანი ზრდა, რაც დაკავშირებულია მატერიალურ დანახარჯებთან ერთად ეკოლოგიური წონასწორობის და ბიომრავალფეროვნების დისბალანსთან, ყოველივე კი საბოლოოდ უარყოფითად აისახება ადამიანის ჯანმრთელობაზე, ამიტომაც დღეისათვის აქტუალურია ფიტოგენეტიკური რესურსისა და ინოვაციური ტექნოლოგიების რაციონალური გამოყენება კლიმატის ცვლილებების გათვალისწინებით.
რის შედეგადაც მართალია შედარებით მცირე მოსავლიანობით მიიღება ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტი, მაგრამ იგი სამომხმარებლო ბაზარზე მაღალ ფასებში გაიყიდება, ამასთან მოხდება ბუნებრივი რესურსის შენარჩუნება, შეიქმნება უსაფრთხო, სუფთა, ჯანმრთელი პროდუქცია, დაკმაყოფილდება მოსახლეობის მზარდი მოთხოვნილება, მით უმეტეს, XXI საუკუნის დღის წესრიგი მოგვიწოდებს ტოქსიკური და სახიფათო პროდუქტების გავრცელების პრევენციისაკენ.
აღნიშნული საკითხი პრიორიტეტულია ისეთი მცირემიწიანი, მჭიდროდ დასახლებული, უნიკალური ეკოსისტემის და ბიომრავალფეროვნების მქონე ქვეყნისათვის, როგორიც საქართველოა.
საქართველოს უმდიდრესი და უნიკალური ფიტოგენოფონდი ბუნებრივ-ისტორიული სიმდიდრეა. იგი მუდმივ კონსერვაცია-აღდგენა-დაცვას საჭიროებს, რადგან იცვლება ანტროპოლოგიური თუ სტიქიური ზემოქმედებებით.
პრობლემა აქტუალურია ჩვენი ქვეყნისათვის, რომელიც მრავალი კულტურულ მცენარეთა და მათი ველური წინაპრების წარმოშობის კერას წარმოადგენს, რასაც განაპირობებს კლიმატური და ნიადაგობრივი მრავალფეროვნება, ვერტიკალური და ჰორიზონტალური ზონალობა, მუტაციური ცვალებადობა, შორეული ჰიბრიდიზაცია, ბუნებრივი გადარჩევები, ჩვენი წინაპრების მიერ გენოფონდის სწორი ექსპლოატაცია, ხალხური და მეცნიერული სელექცია.
აქ გავრცელებულია სამკურნალო, არომატულ, თაფლოვან, სანელებელ და შხამიან მცენარეთა უნიკალური, მაღალეფექტური ენდემური და აბორიგენული სახეობები, ბევრი მათგანი დღევანდელი მდგომარეობით გადაშენების პირას არის მისული.
აქედან გამომდინარე, აუცილებელია ბიომრავალფეროვნების შენარჩუნების ex-situ და in-situ/on farmer’s უზრუნველყოფა, საზოგადოების ინფორმირების ამაღლება, ეთნობოტანიკური ტრადიციებისა და ფიტოპროდუქციის პოპულარიზების მექანიზმების ინტენსიფიკაცია, მდგრადი გამოყენება.
ეს სასურველია მოხდეს გენეტიკური რესურსის წარმოშობის არეალში, რაც თავის მხრივ უზრუნველყოფს მომავალი მოხმარებისათვის გენეტიკური და სახეობრივი მრავალფეროვნების შენარჩუნებას, ანუ გენეტიკურ რესურსზე ხელმისაწვდომი კონტროლის მექანიზმის და მიღებული სარგებლის განაწილების პრინციპის ინტეგრირებას ბიომრავალფეროვნების იმ კონვეციით მინიჭებული უფლებებიდან, რომლის წევრიც არის საქართველო 1994 წლიდან.
საქართველოს სამკურნალო, არომატულ, სანელებელ, თაფლოვან და შხამიან მცენარეთა გენეტიკური რესურსის შესწავლა-გამოკვლევისას აღმოჩნდა, რომ ქვეყნის ეს უნიკალური და მრავალფეროვანი სიმდიდრე არასაკმარისად არის კატალოგირებული და გამოყენებული.
უფრო მეტიც, მოვლა-მოყვანის ტექნოლოგიები იმ მცენარეთათვისაც კი, რომლებიც ფართო მოხმარების საგანს წარმოადგენენ, დამუშავებული არ არის და მთელი ეს პერიოდი შემოაქვთ მეზობელი ქვეყნებიდან, მაშინ როცა ჩვენი ქვეყნის ნიადაგურ-კლიმატური პარამეტრები ხელსაყრელია მათი კულტივირებისათვის. ლიტერატურა მათ ირგვლივ ვრცელია, მაგრამ იგი ძირითადად ფარმაკო-ბოტანიკური ხასიათისაა.
ამიტომაც მიზნად დავისახეთ შეგვესწავლა ამ მეტად ღირებულ მცენარეთა ბიოლოგიური თავისებურებანი, რომელთა გათვალისწინებით შეიქმნა პროდუქტიულობის მაღალნაყოფიერი მოდელი.
სამრეწველო პლანტაციების შექმნა ხელს შეუწყობს ქვეყნის ფიტოგენოფონდის შენარჩუნებას. მათი სწორად ჩართვა თესლბრუნვებში და მექანიზაციის პროფესიული გამოყენება შეამცირებს ეროზიულ პროცესებს. ეს უნიკალური მცენარეები მეტად ძვირფასი და შეუცვლელი ნედლეულია არამარტო სამამულო ფიტომრეწველობისათვის, არამედ საექსპორტო პოტენციალის სერიოზული პერსპექტივაც გააჩნიათ.
მათი აგრობიოლოგიური თავისებურებების გათვალისწინებით ფერმერულ მეურნეობებში მეცნიერულად დასაბუთებული რეკომენდაციების საფუძველზე უნდა განვითარდეს ქვეყნისათვის ისტორიულად ტრადიციული, ამჟამად მივიწყებული პრიორიტეტი – სამკურნალო, არომატულ, სანელებელ, თაფლოვან და ზოგიერთი მეტად მოთხოვნადი შხამიანი (მაგ. ქრისტესისხლა) მცენარეების ეკოლოგიურად სუფთა, სტანდარტული ნედლეულისა და პროდუქციის მოყვანა – გადამუშავების ტექნოლოგიური პროცესი დიაგნოსტიკის მაღალნაყოფიერ მოდელში: ნიადაგი-გარემო-კლიმატი-მცენარე-სასუქი-მოსავალი მოყვანის წესებისა და თესვის ვადების დიფერენცირებით სხვადასხვა ეკოსისტემაში ფარმაკოლოგიურად აქტიურ ნივთიერებათა შემცველობის გათვალისწინებით, რადგან მცენარეთა სასაქონლო ფასს მათი ხარისხობრივი ტესტები განსაზღვრავს;
მნიშვნელოვანია სტანდარტული თესლის ბანკის შექმნის სქემა შენახვის ვადებისა და პირობების გათვალისწინებით, რათა მაქსიმალურად შენარჩუნდეს აღმოცენების ხარისხი; დაავადებათა მთელი სპექტრის და მათ წინააღმდეგ ბრძოლის ბიოლოგიური ღონისძიებების დიფერენცირება; მიღებული ნედლეულის შენახვის პირობები ხარისხობრივი ტესტების შენარჩუნების მიზნით; ბაზრის კონიუნქტურული ანალიზისა და მარკეტინგის კვლევის სისტემა ეკონომიური ეფექტის გასაუმჯობესებლად.
აღნიშნული პრობლემა დაედო საფუძვლად ჩვენს პროექტს, სადაც ერთ მოდელში გაერთიანებულია ერთის მხრივ კვლევა პრიორიტეტულ მცენარეთა გენეტიკური რესურსის მარაგისა ქვეყანაში, მათი შემდგომი დაცვა-კონსერვაციისა და გაუმჯობესების პარამეტრების დაკონკრეტებით, მეორე მხრივ კი მათი სახალხო-სამეურნეო მნიშვნელობა და ეკონომიკური რეაბილიტაციის აუცილებლობა საქართველოს ნიადაგურკლიმატურ პირობებში განთავსება-განვითარებისათვის, ანუ სამრეწველო პლანტაციებისა და თესლის ბანკის შექმნა ბიომრავალფეროვნების ბალანსირებისათვის და რაციონალური გამოყენებისათვის. კვლევის ობიექტებია საქართველოში გავრცელებული სამკურნალო, არომატული, თაფლოვანი, სანელებელი და შხამიან მცენარეთა ბიომრავალფეროვნება განსხვავებული ეკოსისტემის პირობებში.
უკანასკნელ წლებში არსებითად შეიცვალა სამკურნალო, არომატული, სანელებელი, თაფლოვანი და შხამიანი მცენარეების არეალი და პოპულაციათა რიცხოვნება, რაც ძირითადად განპირობებულია: ველურად მოზარდი ფორმების უკონტროლო, არარაციონალური მოპოვებით, ეროზიული პროცესებით, გარკვეული არეალის ათვისებით სამეურნეო მიზნებისათვის, საძოვრების გადაჭარბებული ექსპლუატაციით, რაც იწვევს ბალახოვანი საფარის შემადგენლობის ცვლილებებს, ზოგ შემთხვევაში განადგურებასაც, ნაწილობრივ აღდგენასაც კი გარკვეული დანახარჯები და დრო სჭირდება.
აღსანიშნავია, რომ წლების მანძილზე ფაქტიურად არ მომხდარა ველური მცენარეების არეალისა და პოპულაციების მდგომარეობის მონიტორინგი, მათი მარაგების განსაზღვრა, რაც იწვევს გენეტიკური რესურსის არამდგრად გამოყენებას.
აუცილებელია ამ კატეგორიის მცენარეთა (პირველ რიგში ენდემური, იშვიათი, აგრეთვე იმ სახეობებისა, რომლებიც ინტენსიურად მოიპოვებიან) სტატუსის განსაზღვრა IUCN-ის კატეგორიების მიხედვით და სახეობათა იდენტიფიცირება წითელ ნუსხაში შესატანად, მათი კონსერვაციის მექანიზმების მოწესრიგება.
მით უმეტეს, რომ სამკურნალო, არომატული, სანელებელი, თაფლოვანი და შხამიანი მცენარეები არა მხოლოდ ფარმაკოლოგიურად აქტიურ ნივთიერებათა, არამედ მნიშვნელოვანი და სტაბილური შემოსავლის წყაროა, ამიტომაც ბაზრის გაფართოება და მოთხოვნათა გაზრდა იწვევს მათი ბუნებრივი გენეტიკური რესურსის მარაგებისა და არეალის შემცირებას.
ბიოლოგიური მრავალფეროვნების კომპონენტებით საერთაშორისო ვაჭრობის დარეგულირების მნიშვნელობა გაიზარდა მას შემდეგ, რაც ნათელი გახდა, რომ ველური ფაუნის მრავალი სახეობა, რომლებიც საერთაშორისო ვაჭრობის ობიექტებს წარმოადგენენ, გადაშენების კრიტიკულ ზღვარს მიადგა, მხოლოდ საერთაშორისო საზოგადოებრიობის ერთობლივი ძალისხმევით იქნებოდა შესაძლებელი ასეთი საფრთხის თავიდან აცილება.
შეუსწავლელია ველური ფლორის სახეობებით ვაჭრობისა და ქვეყანაში მოხმარების ტრადიციების რეალური ზეგავლენა საქართველოს ბიომრავალფეროვნებაზე. დაბალია ცოდნა ექსპორტ-იმპორტის პოლიტიკის, ბაზრის კონიუნქტურის, მოხმარების ეთნოტრადიციებისა და ქვეყნის ბიომრავალფეროვნების კავშირების შესახებ.
სასარგებლო მცენარეთა წარმოების ტექნოლოგიური პროცესის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პრიორიტეტი გახლავთ სტანდარტული, მაღალმოსავლიანი, გარემო პირობებთან ადაპტირებული თესლის ბანკის შექმნა. იგი საქართველოში ახლა ყალიბდება, რაც საკმაოდ რთული და ძვირადღირებული პროცესია, რადგან მუდმივ განახლება-გაუმჯობესებას მოითხოვს.
ამ მცენარეთა თესლის ბაზარი მკაცრად ლიმიტირებულ, ძვირ, თუმცა სტაბილურ შემოსავლიანად ითვლება უცხოეთში. ამიტომაც ხელი უნდა შეეწყოს ჩვენში მის დამკვიდრებას. ამისათვის კი მათი სელექცია სასურველია წარიმართოს ისე, რომ მოხდეს ქვეყნის ბაზრის გაჯერება მაღალმოსავლიანი, კონდიციური, ადგილობრივი, შედარებით იაფი თესლით.
თესლი მცენარის ბიოლოგიური და სამეურნეო თვისებების მქონე ორგანიზმია, მასზე დამოკიდებულია პროდუქტიულობა, ხარისხი და სასარგებლო მცენარეთა ნედლეულის სასაქონლო ფასი.
ჩვენი აზრით, მაღალეფექტური ინოვაციური ტექნოლოგიები კლიმატის ცვლილების ფონზე მოქნილი მენეჯმენტით, მომხმარებელთა მარკეტინგის სისტემის გათვალისწინებით და გარემოს დაცვითი ბალანსით შექმნის ეკოლოგიურად ჯანსაღი სასარგებლო მცენარეების ბიოპროდუქტის (მათ შორის სამკურნალო, არომატული, სანელებელი, შხამიანი, თაფლოვანი მცენარეები) მიღების პრეცედენტს.
ავტორები: თ. კაჭარავა, ნ. წიკლაური, ლ. ქოიავა.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიოტექნოლოგიის ცენტრი.
საერთაშორისო სამეცნიერო – პრაქტიკული კონფერენცია „ინოვაციური ტექნოლოგიები აგრარული სექტორის მდგრადი და უსაფრთხო განვითარებისათვის“.