ფუტკრის კვება

2064 Views

ფუტკრის ბუნებრივ საკვებში მოიაზრება: ნექტარი, თაფლი, წყალი, მარილი, მინერალური მარილები, ცხიმები, ყვავილის მტვერი და ჭეო, აგრეთვე ფუტკრის რძე, ხოლო ხელოვნურ საკვებში – კანდი, სხვა და შემადგენლობის ინვერსიული საკვები.

ფუტკრის ხელოვნური კვება ორი მიმართულებით ტარდება:  გამაღიზიანებელი კვების სახით დედა ფუტკარში კვერცხისდების ინსტიქტის გასაძლიერებლად,  საჭიროების შემთხვევაში ზაფხულის ბოლოს ზამთრის სამარაგო თაფლის შესავსებად.

როცა ადრე გაზაფხულის გამაღიზიანებელ კვებაზე ვლაპარაკობთ, თვით სახელწოდებიდან გამომდინარე, იგულისხმება მხოლოდ სასიკეთო მიზნით ფუტკარში გაღიზიანების გამოწვევა, რასაც მოჰყვება სკის შიდა ტემპერატურის აწევა და შესაბამისად დედა ფუტკრის მიერ კვერცხისდების მომატება.

გამაღიზიანებელი კვების მიზანია გავუსწროთ ბუნებრივ პროცესებს და ჭარბი სასაქონლო პროდუქციის მისაღებად მთავარ ღალიანობას შევახვედროთ დაჩქარებული ტემპით გაძლიერებული ოჯახები.

გამაღიზიანებელ კვებას ატარებენ მაშინაც, როცა ზაფხულში, ზოგიერთ რეგიონში, ადგილობრივი კლიმატური პირობების გამო (წალკა, დმანისი, სტეფანწმინდა, ფშავ-ხევსურეთი და სხვა) დედა ფუტკარი ადრე წყვეტს კვერცხიდებას. საფუტკრის გადამთაბარებას ღალიანობის ადგილზე მეფუტკრე ვერ ახერხებს.

ხშირად ივლისის ბოლოს – აგვისტოში დაბადებული და დაზამთრებაში შესული თაობა განსაკუთრებით თბილი ზამთრის პირობებში ფიზიოლოგიური ცვეთის გამო გაზაფხულამდე ვერ ცოცხლობს, ან სუსტი კონდიციით იზამთრებს, ამიტომ შემოდგომის თაობის გამოსაყვანად და ახალი თაობით ბუდის უზრუნველსაყოფად მეფუტკრე აგვისტოს თვეში დიდი სიფრთხილით (ქურდობის თავიდან ასაცილებლად) ატარებს გამაღიზიანებელ კვებას.

გამაღიზიანებელი კვების ჩატარება არაფრით არ არის დაკავშირებული ბუდეში საკვების მარაგის ნაკლებობასთან და მიზანშეწონილია შემოდგომის თაობის გამოსაყვანად კვება მაშინაც კი, როცა ბუდეში სამარაგო თაფლის სიჭარბეა.

ათვისებული სიროფი ხმარდება ფუტკრის სასიცოცხლო ფუნქციებს, ხოლო სამარაგო თაფლი იზოგება და ფუტკარი მას ხარჯავს ბარტყის გამოსაკვებად. საგაზაფხულო გამაღიზიანებელი კვებისათვის მეფუტკრე ერთ წილ შაქარს ხსნის 1 ლ. ქაფქაფა წყალში ე. ი. ამზადებს 1:1-ზე შაქრის სიროფს, რომელშიც შაქრის კონცენტრაცია სანექტრეებში არსებული ნექტრის კონცენტრაციისთან თითქმის იდენტურია.

როგორც ნექტარი, ისე შაქრის სიროფი შეიცავს რთულ შაქრებს, რომლთა ასათვისებლად ფუტკრის საყლაპავი ჯირკვლის მიერ გამოყოფილი ფერმენტი – ინვერტაზა მათ შლის მარტივ შაქრებად: გლუკოზად და ფრუქტოზად. ამ პროცესით ამოქმედებული ფუტკრის მთლიანი ორგანიზმი გადადის აქტიურ მდგომარეობაში, რაც იწვევს ბუდეში ტემპერატურის აწევას და შესაბამისად დედა ფუტკარში კვერციხსდების მომატებას.

თუ მეფუტკრეს გადაწყვეტილი აქვს მთავარ ღალიანობას შეახვედროს ფუტკრის ძლიერი ოჯახები, გამაღიზიანებელი კვება უნდა დაიწყოს მთავარ ღალიანობამდე 40-45 დღით ადრე, რომელთაგან 21 დღე მუშა ფუტკრის იმაგო სტადიას, 18 დღე კი მათ მოღალე ფუტკრად ჩამოყალიბებას სჭირდება.

შაქრის სიროფი ფუტკარს ეძლევა ნელთბილ მდგომარეობაში ჩარჩოს საკვებურით, ფიჭაში ჩასხმით, ან თანამედროვე პირობებში ყველაზე პოპულარული მეთოდის პოლიეთილენის ერთჯერადი პარკით.

საგაზაფხულო გამაღიზიანებელი კვების დროს ბარტყის ინფექციური დაავადებების – ევროპული და ამერიკული სიდამპლეების საწინააღმდეგოდ, პროფილაქტიკის მიზნით, სიროფთან ერთად ორჯერადად აძლევენ ერთ-ერთ რეკომენდირებულ პრეპარატს. სიროფი ეძლევა თითო მიცემაზე 1 ჩარჩო ფუტკარზე გაანგარიშებით 100-150 მლ. რაოდენობით, რის შემდეგ აგრძელებენ სიროფის მიცემას პრეპარატის გარეშე ორი-სამი დღის ინტერვალით, 5-6-და მეტჯერაც. სიროფის მიცემას წყვეტენ ღალიანობის დაწყებამდე ერთი კვირით ადრე.

საკვების ყოველი ულუფის მიღების შემდეგ და ახალის მიცემისას, გარეთ გამოტანაზე ფუტკარმა ენერგია რომ არ დახარჯოს, გაღრღნილი პოლიეთილენის პარკი მეფუტკრემ უნდა მოაცილოს.

გამაღიზიანებელი კვების შედეგად ოჯახში გამოიყვანება ფუტკრის ახალი თაობა, ოჯახი გაძლიერებული შეხვდება ღალიანობას და დიდი რაოდენობით დააგროვებს თაფლს. თუ მეფუტკრემ გამაღიზიანებელი კვების ჩატარების ვადები არ გაითვალისწინა და ადრე გაზაფხულიდან (მაგ. თებერვლიდან) თბილი ამინდების დადგომისთანავე (რომელსაც დროებითი ხასიათი აქვს) დაიწყო სიროფის მიცემა დედა ფუტკარი იწყებს კვერცხისდების მომატებას და ზამთარგამოვლილი ფუტკარი გადაირთვება ბარტყის გამოზრდისათვის საჭირო ტემპერატურის შექმნაზე. ამის შედეგად ჩქარდება მისი ფიზიოლოგიური ცვეთა.

გარდა ამისა, დღის მეორე ნახევარში ადრე გაზაფხულისათვის დამახასიათებელი ტემპერატურის მკვეთრი დაცემა აიძულებს ფუტკარს შეკრას გუნდი, რის გამოც გუნდის მოსაზღვრე ფიჭებზე ახლად ჩაკვერცხილ და ბარტყიან ჩარჩოებს ისინი ვეღარ ათბობენ და ბარტყი იღუპება. ხანდახან დღის თბილ მონაკვეთში მეფუტკრეები ნახულობენ საკვების ასათვისებლად თაფლიან ფიჭებზე გადასულ და სამწუხაროდ მიყინულ ფუტკრებს, რომლებმაც სიცივისაგან ვერ მოასწრეს გუნდში დაბრუნება.

თუ მეფუტკრემ გამაღიზიანებელი კვება ღალიანობის წინ ჩაატარა, ამ პერიოდშიც, რა თქმა უნდა, დედა ფუტკარი მოუმატებს კვერცხისდებას. ოღონდ ვიდრე ახლადდადებული კვერცხიდან ახალი თაობა დაიბადება და მოღალედ გადაიქცევა (ამას 40 დღე დასჭირდება), ღალიანობა უკვე ჩავლილია და მეფუტკრის მცდელობა სიროფის მიცემით ოჯახი გაეძლიერებინა და მიეღო უხვი სასაქონლო თაფლი – უქმად ჩაივლის.

პრაქტიკაში ვხვდებით ისეთ შემთხვევებსაც, როცა ფუტკარი არახელსაყრელი კლიმატური პირობების გამო სამარაგო თაფლს ვერ აგროვებს და ზამთარში შიმშილისაგან არ დაეხოცოს, სამარაგო თაფლის შესავსებად ატარებენ გამოკვებას. სკიდან იღებენ ზედმეტ ჩარჩოებს და დიდი ულუფებით ერთჯერადად 2-3 ლიტრის რაოდენობით მარაგის შევსებამდე 2:1-ზე მომზადებულ სიროფს აძლევენ. სამარაგო თაფლით ბუდეების უზრუნველსაყოფად მეფუტკრე ფუტკრის გამოკვებას იწყებს შემოდგომამდე ივლის-აგვისტოს თვეში და ამთავრებს არაუგვიანეს სექტემბრის შუა რიცხვებამდე. სამარაგო თაფლი რომ არ ჩაკრისტალდეს ფიჭაში, 10 კგ. შაქარს უმატებენ 3 მლ. ძმარმჟავას, ან 1 ლ. სქელ სიროფში 1-2 გ. ლიმონის მჟავას, ან 9 კგ. შაქარზე 1 ჩაის კოვზს ღვინის მჟავას.

ცნობილია, რომ უღალობისას, ივლის-აგვისტოში, ფუტკარი საკვების ძიების პროცესშია, უშინაარსოდ ფრენს და ფიზიოლოგიური ცვეთის გამო ზამთრამდე ვერ ინარჩუნებს სიცოცხლეს, ამიტომაც სამარაგო თაფლის შესავსებად ეს თაობა უნდა დავასაქმოთ და მათში დარჩენილი ენერგია ამ მიზნით გამოვიყენოთ.

წინასწარი გაანგარიშებით მიცემული სამარაგოდ სქელი სიროფის ათვისების შემდეგ მისი თაფლად გადამუშავება ფუტკარმა რომ მოასწროს, მეფუტკრემ უნდა გააგრძელოს 1:1-ზე მომზადებული სიროფის მიცემა 1-2-ჯერ 0,5-0,5 ლიტრის რაოდენობით, რათა ფუტკარს შეუნარჩუნონ აქტიური მდგომარეობა და ბოლომდე მიიყვანოს ფიჭებში ჩასხმული ნექტარის თაფლად გადამუშავების და გადაბეჭდვის პროცესი.

სამარაგო თაფლის შესავსებად მისაცემი სიროფის რაოდენობა უნდა განსაზღვროს თვით მეფუტკრემ ფუტკრის ოჯახის მდგოამრეობის გათვალისწინებით ისე, რომ 1 ჩარჩო ფუტკარზე მოდიოდეს არანაკლებ 2 კგ თაფლი.

სიროფის ათვისების შემდეგ მეფუტკრე სექტემბრიდან იწყებს ბუდეების თანდათანობით შევიწროებას, ხოლო იმ ადგილებში, სადაც დედა ფუტკარი აგვისტოში წყვეტს კვერცხისდებას ბუდეების შევიწროებას აგვისტოდან უნდა დაიწყოს. ტიხრის გარეთ ათავსებს თაფლიან ფიჭებს მასზე მსხდომი ფუტკრიანად.

ფუტკარი დაიწყებს ტიხრის გარეთ ჩარჩოებიდან საკვების შეტანას ბუდის შიგნით და მოთხოვნილების მიხედვით მის განთავსებას ფიჭებზე, ისეთნაირად, რომ თაფლი გუნდში შესული ყველა ფუტკრისათვის იყოს ხელმისაწვდომი. შემდეგ, რაცა ფუტკარი ბუდეს მოიწყობს და საკვებით უზრუნველყოფს, დათბუნების დროც დგება (თუ ოჯახი ძლიერი, გვერდით დათბუნებას არ საჭიროებს).

სკის ძირი თუ სუფთაა, ტიხარს გარეთ სივრცეში შეგვიძლია დავტოვოთ თაფლიანი ან მშრალი ფიჭები, ან შევინახოთ ისინი ფუტკრისათვის მიუწვდომელ ადგილზე. გვახსოვდეს, რომ ბუდის შევიწროება ყოველთვის უნდა უსწრებდეს დათბუნებას.

დათბუნების და შევიწროების ერთდროულად ჩატარება უარყოფითად მოქმედებს ფუტკარზე, რადგანაც თუ ბუდის შევიწროებას დაზამთრების დროს მოვახდენთ, ბუდის მოწესრიგებას ფუტკარი ვერ მოასწრებს და ფიჭაზე ხელმისაწვდომ ადგილებზე თაფლს ვერ განათავსებს, საკვებით არ იქნება უზრუნველყოფილი. შიმშილის გამო ეს მისი დახოცვის მიზეზი ხდება.

წყარო: futkara.gweb.ge /სტილი დაცულია/.

Related Articles

კარტლისი – აგროტექნოლოგიები
სტარტაპერი
ბიოაგრო
ორგანული, ბიო, აგრო
თქვენი რეკლამა
Georgian Dairy
აგრარული საქართველო
აგრარული, საქართველო
აგროკავკასია FB