ჭეო – ფუტკრის მიერ სკაში შემოტანილი და ფიჭის უჯრებში ჩატკეპნილი ყვავილის მტვერია, რომელსაც ფუტკარი ამდიდრებს მის მიერ გამომუშავებული ფერმენტებით.
ფუტკარი უჯრედში მოთავსებულ მტვერის მარცვლებს თავით ტკეპნის, აავსებს უჯრედს ¾ ზომამდე, დაასხამს თაფლს და აკონსერვებს, რის გამოც მას ობი არ უჩნდება, ასეთი მტვერი უკვე ჭეოდ იწოდება.
ფუტკარს ჭეოში გადატანილი აქვს მის ნერწყვში არსებული ფერმენტები, მონოსაქარიდებად გარდაქმნილი რთული შაქარი, დაზიანებულ გარსიანი ყვავილის მტვრის მარცვლები. ჭეოში წარმოშობილი რძის მჟავა და შაქრების დიდი რაოდენობა ხელს უშლის ბაქტერიების და ობის სოკოების განვითარებას, რის შედეგად თაფლით გადაბეჭდილ ფიჭის უჯრედებში ჭეო ქიმიურად შეუცვლელი ინახება.
ფიჭაში თაფლით დაკონსერვებული ყვავილის მტვერი – ჭეო ნატურალური პროდუქტია, მისი შექმნა მხოლოდ ფუტკარს შეუძლია და ფალსიფიკაციას არ ექვემდებარება.
ყვავილის მტვერის და ჭეოს ქიმიური შემადგენლობა თითქმის ერთი და იგივეა, მაგრამ ჭეო იმით განსხვავდება ყვავილის მტვერისაგან, რომ ორგანიზმის მიერ ადვილად ათვისებადია, რადგან ძნელად გადასამუშავებელი ყვავილის მტვრის მარცვლები (რომელიც ფუტკრის და ადამიანის კუჭის წვენების ზემოქმედებით ძნელად იშლება), ჭეოში მიმდინარე გარდაქმნის პროცესში მტვერის გარსის დაზიანების გამო მასში არსებული შიგთავსი ადვილად ათვისებადი ხდება.
გარდა ამისა რადგან ფუტკარს შემოაქვს სხვადასხვა ყვავილის მტვერი, ჭეო ყოველთვის პოლიფლორულია.
ჭეო განსაკუთრებულ ყურადღებას იპყრობს იმითაც, რომ ყვავილის მტვერისაგან განსხავებით მასში დიდი რაოდენობითაა P, E და განსაკუთრებით A ვიტამინი, რომლის რაოდენობა 20-ჯერ აღემატება სტაფილოში არსებულს. ვიტამინი A ხელს უწყობს ერითროციტების წარმოშობას.
ჭეო ბუნებრივი კონცენტრატია და ადამიანის ორგანიზმის ნორმალური განვითარებისათვის ყველა საჭირო ნივთიერებებს შეიცავს.
ჭეოში რძის მჟავა – 3,06% ყვავილის მტვერში – 0,55% შაქარი ჭეოში 34,8 %, ყვავილის მტვერში 18%; მჟავიანობა შესაბამისად 6,3-4,3.
სხვადასხვა მცენარიდან მოტანილი მტვერი ერთმანეთს ერევა და მტვერში საბოლოოდ ცილა მატულობს და საშუალოდ 20% აღწევს, ცხიმები 1,3-14%, მინერალური მარილები 4-7% შეადგენს. რომელთაგან აღმოჩენილია კალციუმი, ფოსფორი, მაგნიუმი, რკინა და ვიტამინები: B1 – თიამინი, B2 – რიბოფლავინი, B3 – პანტოთენის მჟავა, B6 – ბიოტინი, E – ტოკოფეროლი, P = რუტინი, D – კალციფეროლი, C – ასკორბინის მჟავა და სხვა.
პიგმენტებიდან მტვერში გვხვდება კაროტინოიდები, ფერმენტებიდან: ამილაზა, ინვერტაზა, კატალაზა.
ჭეო პრაქტიკულად ადამიანში არ იწვევს ალერგიას, რადგან ფუტკრის ნერწყვიდან გადასული ფერმენტები შლიან ალერგენებს.
მეფუტკრეობის სახელმძღვანელო-შემდგენლები: მ.ნაკაშიძე, ვ. სტეფანიშვილი, ა. ეჯიბაძე.
გამოიყენეთ ექიმის რეკომენდაციის გათვალსიწინებით.
იხილეთ აგრეთვე: ყვავილის მტვერი – შემადგენლობა, მოპოვება, შენახვა, გამოყენება