ღიღილო (ლათ. Centauréa cyánus) ერთწლიანი ბალახოვანი მცენარეა. რთულყვავილოვანთა ოჯახიდან, სიმაღლით 30-80 სმ, წვრილი დატოტვილი ფესვით და სწორტოტებიანი ღეროებით, რომლებიც შებუსულია მორუხო-თეთრი ბეწვებით.
ღიღილოს ფოთლები მორიგეობითია, მორუხო-მწვანე, ქვედა სამნაწილიანია, ან ფრთისებრ დატოტვილი, ყუნწიანი, ზედა ხაზურია, მთლიანი. ყვავილები შეკრებილია კალათა ყვავილედად, რომლებიც ტოტის წვერზე და მის განშტოებებზეა მოთავსებული. კიდურა ყვავილები მილისებრია ან ძაბრისებრი, ლურჯი ფერის, შიდა – იისფერია. ნაყოფი რუხი ან მორუხო-ყვითელი, მოგრძო, პრიალა თესლია.
ღიღილო ყვავილობს ივნის-ივლისში, თესლი მწიფდება აგვისტოში. იგი გავრცელებულია როგორც სარეველა ხორბლის, ქერის საშემოდგომო და საგაზაფხულო ნათესებში, გვხვდება აგრეთვე მრავალწლიან ბალახებს შორის, ნასვენ მიწებზე, ხოლო ცუდად დამუშავებულ მინდვრებში ბარდებადაა მოდებული.
სამკურნალოდ გამოიყენება ღიღილოს კიდურა ყვავილები, რომლებსაც აგროვებენ მისი სრული ყვავილობის პერიოდში ივნის-ივლისში, კრეფენ ხელით.
იმისათვის, რომ ყვავილმა ფერი და სამკურნალო თვისებები არ დაკარგოს, აშრობენ მზის სხივებისაგან დაცულ, ჩაბნელებულ, თბილ შენობაში, ან სხვენზე კარგი ვენტილაციის პირობებში.
მშრალი ყვავილების შენახვის ვადა 1 წელია. ღიღილოს ყვავილები შეიცავს ანტოციანებს, ციანიდებს, გლიკოზიდებს.
ხალხულ მედიცინაში ღიღილოს ყვავილებს იყენებენ როგორც შარდმდენ საშუალებას, დადგენილია მისი ნაღველმდენი თვისებაც.
მედიცინაში ღიღილოს ყვავილებისაგან დამზადებული პრეპარატები გამოიყენება თირკმელების ქრონიკული ანთებითი დაავადებების და შარდსადენი გზების კომპლექსური თერაპიის დროს. ასევე ეფექტურია ეს პრეპარატები შეშუპების დროს, რომლებიც გამოწვეულია თირკმელების, გულის სისხლძარღვთა სისტემის დავადებებით.
ღიღილოს ყვავილი შედის შარდმდენი ნაკრებების შემადგენლობაში, რომლებსაც გამოიყენებენ კენჭოვანი დაავადების, პიელიტების, ცისტიტების, ურეთრიტებისა და სხვა დაავადებების დროს.
ანთების საწინააღმდეგო და მადეზინფიცირებელი თვისესების გამო ყვავილებს იყენებნ კონიუქტივიტების, ბლეფარიტების და მხედველობის დაღლილობის დროს.
ღიღილოს ყვავილები გამოიყენება აგრეთვე ღვიძლისა და ნაღვლის სადინარების დაავადების დროს; მცენარეში არსებული მწარე გილიკოზიდები აუმჯობესებენ საჭმლის მომნელებელი ორგანოების ფუნქციებს. ამიტომაა, რომ იგი შედის ნაკრებებში, რომლებიც გამოიყენება კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადების სამკურნალოდ.
ღიღილოს ყვავილების ნაყენი
ღიღილოს ყვავილების ნაყენის მოსამზადებლად, 1 სუფრის კოვზი ნედლეული მოათავსეთ მომინანქრებულ ჭურჭელში, დაასხით 200 მლ (1 ჩაის ჭიქა) ანადუღარი ცხელი წყალი, დაახურეთ თავზე და გააცხელეთ მდუღარე წყლის აბაზანაში 15 წთ. შემდეგ გააცივეთ ოთახის ტემპერატურაზე 45 წთ-ის განმავლობაში. გადაწურეთ, დარჩენილი მასა გამოწურეთ.
მიღებული ნაყენი შეავსეთ ანადუღარი წყლით საწყისი მოცულობის მიღებამდე (200 მლ). შეინახეთ გრილ ადგილას არაუმეტეს 2-3 დღე-ღამისა. მიიღეთ თბილი სახით 1 სუფრის კოვზი 3-ჯერ დღეში, როგორც მსუბუქი შარდმდენი, ნაღველმდენი და მიკრობების საწინააღმდეგო საშუალება.
ბულგარულ ხალხურ მედიცინაში ღიღილოს გამოიყენებენ ხანგრძლივი ავადმყოფობით დასუსტებულთათვის, თირკმელების, შარდსადენისა და ნაღველის სადინარების დაავადების დროს.
მის ექსტრაქტს ხმარობენ აგრეთვე ბრონქული სინდრომის დროს, როგორც ამოსახველებელ და ანთების საწინააღმდეგო საშუალებას.
ცხელი ექსტრაქტის მოსამზადებლად 2 სუფრის კოვზ ნედლეულს დაასხით 1 ჩაის ჭბქა მდუღარე (200 მლ) წყალი, გააჩერეთ 20 წთ, გადაწურეთ და მიიღეთ ერთი დღის განმავლობაში.
ავტორები: ს.ჩაგელიშვილი, მ.გოგორიშვილი
*სამკურნალო მცენარეები გამოიყენეთ ექიმის რეკომენდაციის გათვალისწინებით.