იონჯა (ლათ. Medicago) – მცენარის გვარი პარკოსანთა ოჯახისა. უმთავრესად მრავალწლოვანი ბალახოვანი მცენარეა (საშუალოდ 5-7 წელი).
იონჯის ოჯახი (Medicago) 60-მდე სახეობას მოიცავს, სამეურნეო-საწარმოო დანიშნულებით ძირითადად იყენებენ: ლურჯს (Medicago sativa L.) და ყვითელს (Medicago falcata L). იონჯის სამშობლოა ირანი, შუა აზია და კავკასიის მთები და მთისწინები. საქართველოში იონჯა ყველგან გვხვდება.
არსებობს იონჯის მრავალი ჯიში, თუმცა, ჩვენს პირობებში ყველაზე უკეთეს შედეგს ავსტრალიური იონჯა იძლევა. პირუტყვი იონჯის ყველანაირ საკვებს გემრიელად ჭამს, ადვილად ინელებს (მონელებადობა 70—80%-ს აღწევს). 100 კგ მწვანე მასა შეიცავს 21,7 საკვებ ერთეულს და 4,1 კგ მონელებად ცილას (პროტეინს).
ყველა საკვები ბალახებიდან იონჯა გამოირჩევა დიდი მოსავლიანობითა და მაღალი კვებითი ღირებულებით. მისი ბალახის თივა შეიცავს 18,0% პროტეინს, 2,7-მდე ცხიმს, 40%-მდე უაზოტო-ექსტრაქტულ ნივთიერებებს და 30%-მდე უჯრედანას. მისი ბალახი და თივა შეიცავს მინერალურ ნივთიერებებს (კალიუმი, კალციუმი, ფტორი და სხვ.), A, C, D ვიტამინებს, სხვადასხვა ნახშირწყლებს, ცხიმოვან მჟავებს, ეთერზეთებს, პექტინებს, საპონინებს, ტრიტერპენოიდებს, მცენარეულ სტეროიდებს, ფერმენტებს, ქლოროფილს, ალკალოიდებს, კაროტინს. მთავარღერძოვანი, მძლავრი და დატოტვილი ფესვთა სისტემის მეშვეობით, წყალს იღებს ნიადაგის ღრმა ფენებიდან (4 მ-ზე მეტი), რაც ხელს უწყობს ნიადაგის სტრუქტურის გაუმჯობესებას. ფესვებზე განლაგებული კოჟრის ბაქტერიების მეშვეობით დიდი რაოდენობით ბოჭავს ატმოსფერულ აზოტს (წელიწადში 250 კგ-მდე სუფთა აზოტი ჰექტარზე), რაც თესლბრუნვის დროს სრულიად გამორიცხავს აზოტოვანი სასუქების გამოყენების აუცილებლობას. იონჯა შესანიშნავი თაფლოვანი მცენარეა. ნექტარი უფერულია და შეიცავს 50%-მდე შაქარს. უძველესი დროიდან იგი გამოიყენება როგორც ძვირფასი სამკურნალო საშუალება – ცნობილია მისი ანთების საწინააღმდეგო, ანტიოქსიდანტური, ესტროგენური, სიმსივნის საწინააღმდეგო, ჰეპატოპროტექტორული თვისებები.
ყოველივე ზემოთთქმულიდან ნათლად ჩანს, რომ იონჯა, თავისი მრავალი დადებითი თვისების წყალობით, ფართოდ გამოიყენება სახალხო მეურნეობის სხვადასხვა სფეროში და საქართველოში მისი ბიოწარმოების შესაძლებლობის შესწავლა ძალზედ აქტუალურ ამოცანას წარმოადგენს და ამ პრობლემის წარმატებით გადაჭრა საშუალებას მოგვცემს ვაწარმოოთ უხვი, მაღალხარისხოვანი და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, იონჯის ეკოლოგიურად სუფთა პროდუქცია. აქედან გამომდინარე, სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ დუზაგრამას (აღმოსავლეთი საქართველო, ივრის ზეგანი, სტეპური ზონა) საცდელ-ექსპერიმენტული ბაზის ნაკვეთზე (1.4387 ჰა), 2018 წლის გაზაფხულზე დაითესა ლურჯი იონჯა. იონჯის კულტურის მოსავლიანობაზე გავლენის შესასწავლად გამოიცადა ადგილობრივი და უცხოური წარმოშობის, მოქმედების სხვადასხვა სპექტრის მქონე 9 ბიოპრეპარატი (ბომსი, ბაქტოფერტი, თხევადი ბიოჰუმუსი, ჯეოჰუმატი, შპს „ბიოაგრო“-ს პრეპარატები, აგროვიტა, ბიოდეპოზიტ-ელექსირი, ბიოსუპერი, ლიბინი. ბიოპრეპარატები გამოიყენებოდა მწარმოებლების მიერ რეკომენდებული კონცენტრაციებით, შესაბამის ვადებში). ბიოპრეპარატის გამოცდა ჩატარდა 2019–21 წწ შ.ჭანიშვილის და სხვ.მეთოდიკის მიხედვით {1]. ბიოპრეპარატები გამოყენებული იქნა: 1. ნიადაგის გასანოყიერებლად 2. თესვის წინ თესლის დასამუშავებლად (დათესვამდე 2-3 დღით ადრე ტარდებოდა თესლის შეწამვლა მცენარეთა მდგრადობის გასაზრდელად სოკოვანი დაავადებების, მავნებლებისა და გარემოს სხვა არახელსაყრელი ფაქტორების მიმართ), 3. აღმოცენებულ მცენარეთა გამოსაკვებად – ერთი ვეგეტაციის პერიოდში ტარდებოდა მცენარეთა 3–ჯერადი ფოთლოვანი გამოკვება. ცდები ჩატარდა საცდელ (ბიო) და საკონტროლო ვარიანტებში. ბიოლოგიური ვარიანტი – ნიადაგის განოყიერება, თესლის თესვისწინა დამუშავება და ვეგეტაციის პერიოდში მცენარეთა გამოკვება ჩატარდა ბიოპრეპარატებით, საკონტროლო ვარიანტი – ნიადაგის განოყიერების, თესლის თესვისწინა დამუშავებისა და მცენარეთა გამოკვების გარეშე. თითოეული ვარიანტისათვის დანაყოფის ფართობი და თესვის ნორმა თანაბარია. მცენარეთა განვითარებაზე 3-წლიანი დაკვირვების პერიოდში ჩატარდა იონჯის 7-ჯერადი გათიბვა. თითოეული გათიბვის წინ, ყოველი საცდელი და საკონტროლო ვარიანტის 1 მ2-დან აღებული იქნა იონჯისა და სარეველა მცენარეთა ნიმუშები და შესწავლილი იქნა მცენარეთა განვითარების შემდეგი მონაცემები: იონჯის მცენარის სიმაღლე (სმ), 1მ2-ზე იონჯის მცენარეთა რაოდენობა (ცალობით) და იონჯის მწვანე მასის წონა (გ), სარეველა მცენარეების რაოდენობა 1მ2-ზე (ცალობით) და სარეველა მცენარეების წონა (გ). უნდა აღინიშნოს, რომ ვეგეტაციის პირველ წელს, იონჯის ნათესში გვხვდებოდა სარეველა მცენარეების ერთეული რაოდენობები, რომლებიც, ცხადია, იონჯის განვითარებაზე დამთრგუნველ გავლენას ვერ ახდენდნენ. ვეგეტაციის მომდევნო წლებში, იონჯის მძლავრი განვითარების კვალდაკვალ, სარეველა მცენარეები პრაქტიკულად ვეღარ ვითარდებოდნენ.
ბიოპრეპარატების მოქმედების გავლენა იონჯის ბიომეტრიულ მაჩვენებლებსა და მწვანე მასის მოსავლიანობაზე მოცემულია ცხრილ N 1 და N 2-ში.
ცხრ. N 1
ბიოპრეპარატების გავლენა იონჯის ბიომეტრიულ მაჩვენებლებზე (შვიდი გათიბვის საშუალო მაჩვენებელი), 2019-2021 წწ
როგორც მონაცემებიდან ჩანს, ყველა ბიოპრეპარატი მნიშვნელოვნად ზრდის იონჯის ბიომეტრიული მაჩვენებლების სიდიდეებს საკონტროლო ვარიანტთან შედარებით. აღსანიშნავია, რომ საცდელ ვარიანტებში, იონჯის მცენარეთა რაოდენობრივი ზრდის პარალელურად, ნაკლები ინტენსივობით ხდება მცენარეთა სიმაღლეში ზრდა. ეს ეფექტი განსაკუთრებით თვალში საცემია შპს „ბიოაგრო“-ს პრეპარატების გამოყენების შემთხვევაში, როცა საკონტროლო ვარიანტთან შედარებით, მცენარეთა 122.5 %-იანი რაოდენობრივი ზრდის პირობებში, მცენარეთა სიმაღლეში მატების მხოლოდ 12.0%-ნი მაჩვენებელი ფიქსირდება. ვფიქრობთ, ამ და სხვა საცდელი ბიოპრეპარატების გამოყენების შემთხვევაში, საკონტროლო ვარიანტთან შედარებით, იონჯის მწვანე მასის მოსავლიანობის ზრდა მიიღწევა მცენარის ღეროს სიმაღლეში ზრდის ინტენსივობის შემცირებისა და ღეროს გამსხვილების პროცესის გააქტიურების ხარჯზე, რასაც განაპირობებს, მცენარეთა მიერ, გამოყენებულ ბიოპრეპარატებში არსებული მდიდარი საკვები ელემენტების ინტენსიური შეთვისება და დაგროვება ღეროებში. იონჯის ბიოსამეურნეო მაჩვენებლების ზრდას განსაკუთრებით შეუწყო ხელი შპს „ბიოაგრო“-ს პრეპარატების, თხევადი ბიოჰუმუსის, ბიოსუპერის, ბომსის, და ბაქტოფერტის გამოყენებამ.
ცხრ. N 2
ბიოპრეპარატების გავლენა იონჯის მწვანე მასის მოსავლიანობაზე, ტ/ჰა, 2019-2021 წწ.
როგორც ცხრილიდან ჩანს, საცდელ ნაკვეთზე, იონჯის კულტივირებისას, ყველაზე კარგი შედეგები მიღებული იქნა ბიოსუპერის, 10.1 ტ/ჰა, შპს „ბიოაგრო“-ს პრეპარატების, 9.2 ტ/ჰა, თხევადი ბიოჰუმუსის, 9.2 ტ/ჰა გამოყენებისას. მთლიანად ბიონაკვეთზე მიღებული მოსავლის საშუალო მაჩვენებელმა შეადგინა 8.3 ტ/ჰა, საკონტროლო ვარიანტში 5.7 ტ/ჰა. შესაბამისად, ბიოპრეპარატების გამოყენების შედეგად, იონჯის მწვანე მასის მოსავლიანობა საცდელ ვარიანტებში სჭარბობს საკონტროლო ვარიანტის მოსავლიანობას და მოსავლიანობის ეს სხვაობა ბიოსუპერის გამოყენების შემთხვევაში არის 4.4 ტ/ჰა (77.2%), შპს „ბიოაგრო“-ს პრეპარატებისა და თხევადი ბიოჰუმუსის ცალ-ცალკე გამოყენების შემთხვევაში, 3.5 ტ/ჰა (61.4 %). იხილეთ დიაგრამა 1 და 2.
დიაგრამა 1
ბიოპრეპარატების გავლენა იონჯის მწვანე მასის მოსავლიანობაზე, (შვიდი გათიბვის საშუალო მაჩვენებელი), 2019-2021 წწ
დიაგრამა 2
იონჯის მწვანე მასის მოსავლიანობა ბიო (საშუალო) და საკონტროლო ნაკვეთებში, (შვიდი გათიბვის გასაშუალებული მაჩვენებლები), 2019-2021 წწ.
ჩვენს მიერ შესწავლილია იონჯის წარმოების ეკონომიკური ეფექტიანობის მაჩვენებლები სხვადასხვა ვარიანტში. შედეგები მოტანილია ცხრილში N 3 და დიაგრამა 3-ში. ცხრ. N 3
იონჯის წარმოების ეკონომიკური ეფექტიანობის მაჩვენებლები ბიოპრეპარატების მიხედვით, (შვიდი გათიბვის გასაშუალებული მაჩვენებლები), 2019-2021 წ
დიაგრამა 3
იონჯის წარმოების რენტაბელობის მაჩვენებლები ბიოპრეპარატების მიხედვით, (შვიდი გათიბვის გასაშუალებული მაჩვენებლები), 2019-2021 წ
როგორც მონაცემებიდან ჩანს, იონჯის ბიოწარმოების ეკონომიკური რენტაბელობის მაჩვენებელი მაღალია საკონტროლო ვარიანტის ნაკვეთზე წარმოებული იონჯის ეკონომიკური რენტაბელობის მაჩვენებელთან შედარებით – იონჯის კულტივირებისას, ყოველ დახარჯულ ერთ ლარზე, საკონტროლო ვარიანტში მოგება შეადგენს 0.7 ლარს, ხოლო ბიოპრეპარატების საშუალო მაჩვენებლის მიხედვით – 1.22 ლარს. რაც შეეხება ცალკეულ ბიოპრეპარატს, მაღალი რენტაბელობით გამოირჩევა ჯეოჰუმატი, 1.89 ლარი, ბიოსუპერი, 1.74 ლარი, ბაქტოფერტი, 1.66 ლარი.
იონჯის კულტივირების მესამე წელს ნათესში ინტენსიურად გავრცელდნენ ბუგრები, რომელთა წინააღმდეგ ეფექტურად იქნა გამოყენებული შპს „ბიოაგრო“-ს პრეპარატი, ლეპიდინი, ხოლო სოკოვანი დაავადების – ჟანგას წინააღმდეგ ძალზედ ეფექტური აღმოჩნდა ბიოსუპერი – მონაკვეთზე, სადაც მცენარეთა ფოთლოვანი გამოკვება ბიოსუპერით წარმოებდა, ჟანგა პრაქტიკულად არ გავრცელდა.
აღმოსავლეთ საქართველოს სტეპური ზონა, სადაც საცდელი ნაკვეთი მდებარეობს, ხასიათდება მკაცრი კლიმატური პირობებით -ჰაერის საშუალო წლიური ტემპერატურა – 11-120 C, ნალექების საშუალო წლიური მოცულობა – 700-860 მმ, ნალექების მაქსიმუმი მოდის გაზაფხულზე და ზაფხულის დასაწყისში, ზამთარში ხშირია ძლიერი, ცივი ქარები. ვფიქრობთ, ასეთ კლიმატურ გარემოში, სადაც მეცხოველეობა ადგილობრივი მოსახლეობის შემოსავლების ძირითად წყაროს წარმოადგენს, იონჯა, თავისი მაღალი, ბუნებრივი გვალვა და ყინვაგამძლეობის უნარით, წარმოადგენს პერსპექტიულ კულტურას, რომლის ფართოდ დანერგვის შემთხვევაში ადგილობრივ ფერმერებს შეექმნებათ შესაძლებლობა, სხვა კულტურების (კერძოდ, მარცვლოვნების) მოყვანის პარალელურად, შექმნან მტკიცე საკვები ბაზა მეცხოველეობის განვითარებისათვის.
ამრიგად, იონჯის კულტივირებისას საცდელი ბიოპრეპარატების მოქმედების შედეგად მიღებული მონაცემები საშუალებას გვაძლევს დავასკვნათ, რომ აღნიშნულ პრეპარატებს ახასიათებთ მცენარეთა ინტენსიური ზრდა-განვითარებისათვის ხელშემწყობი თვისებები – მათი ორგანული სასუქის სახით გამოყენების შედეგად მაღლდება ნიადაგის ნაყოფიერება, ვეგეტაციის პერიოდში მცენარეთა 3–ჯერადი ფოთლოვანი გამოკვება ხელს უწყობს მათ ინტენსიურ ზრდა–განვითარებას, რაც საბოლოო ჯამში განაპირობებს იონჯის ბიოსამეურნეო მაჩვენებლებისა და მოსავლიანობის შესამჩნევ ზრდას. ბიოპრეპარატების გამოყენების შედეგად იონჯის ბიოწარმოების რენტაბელობის მაჩვენებელი მაღალია საკონტროლო ვარიანტთან შედარებით. აღნიშნული პრეპარატები არ არის ადამიანების, ცხოველებისა და მცენარეების მიმართ ტოქსიკური, არა ანაგვიანებენ გარემოს, ზრდიან მცენარეთა პროდუქტიულობას, რაც შესანიშნავი წინაპირობაა ეკოლოგიურად სუფთა პროდუქციის მისაღებად, რომელზედაც მოთხოვნა როგორც ჩვენთან, ისე მსოფლიოში ყოველწლიურად იზრდება და მისი ღირებულება გაცილებით მაღალია იმ პროდუქციის ღირებულებასთან შედარებით, რომელიც მიღებულია ქიმიურად სინთეზირებული პრეპარატების გამოყენების შედეგად {2]. აქედან გამომდინარე, მიზანშეწონილია ამ პრეპარატების გამოყენება როგორც ბიო-, ისე ტრადიციულ, ინტენსიურ მეურნეობებში.
გამოყენებული ლიტერატურა
- შ. ჭანიშვილი, ზ. ტყებუჩავა, გ. ბუცხრიკიძე. საცდელი საქმის მეთოდიკა მემცენარეობაში. თბილისი, 2017 წ. 170 გვ.
- Алекс Подолинский, Биодинамическое земледелие, Том 1, Львов, 2009 г, 224 стр.
ავტორები: გივი წილოსანი, გოჩა წერეთელი, მზეინაბ სარალიძე, მზია ბერუაშვილი, ზურაბ ბილანიშვილი.
სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი.