აჭარული ჩლეჩილი

აჭარული, ჩლეჩილი

გეოგრაფიული აღნიშვნა „აჭარული ჩლეჩილი“.

ისტორია, რომელსაც ახლა გიყვებით, ექვსი თაობის წინანდელი ბებიის მონაყოლი ამბავია, თუ როგორ „დაიბადა“ ჩლეჩილი ყველის სახეობა.

ბეშუმში ასეთი თქმულება აქვთ: ერთ ჩვეულებრივ დღეს, სახლის დიასახლისი რძეს ადუღებდა. ჭურჭლიდან რომ არ გადმოსულიყო, კოვზით ანუ აჭარული ციცხვით რძეს მოურია. როგორც ჩანს, რძეს სიმჟავე შეეპარა, შესქელდა და ტრიალის დროს კოვზს გაურკვეველი მასა შემოეხვია. მასა გაიზარდა, გამკვრივდა და წველების, ანუ თმის ღერების ფორმა მიიღო. როდესაც გაშრა, გასინჯეს და ყველის გემოს მიამსგავსეს. ოსმალთა ბატონობის დროს, როდესაც ეს ისტორია მოხდა, აჭარელი ქალები ქრისტიანულ სარწმუნოებას ჩუმად, მალულად ინახავდნენ – გრძელ თმას იწნავდნენ და თმის ბოლოში პატარა ხის ჯვარს ჩაიხვევდნენ ხოლმე. ვინაიდან, ეს უცნაური ყველიც თმას მიამსგავსეს, ისიც დაწნეს და „ჩლეჩილ ყველს“ დღემდე „დაპწნილ ყველს“ უწოდებენ.

საინტერესო ისაა, რომ ჩლეჩილი ყველი ძალზედ ეკონომიური პროდუქტი აღმოჩნდა. ერთი რძისგან, ამ ყველთან ერთად, კიდევ რამდენიმე რძის პროდუქტის მიღებაა შესაძლებელი. ამოღებული ყველისგან დარჩენილი სველი მასა ხაჭოა, თავზე მოდგმული ცხიმი – კარაქი, თავად ყველი დაბალკალორიულია და ცხიმისგან მაქსიმალურად დაცლილია, ამავე რძის ნადუღის ცხიმში კი აჭარლები აკეთებენ ყურუთს – მზის გულზე გამხმარ ბაქლავისებური ფორმის კვერებს, რომელსაც ყველაზე ხშირად, ჩაის მიაყოლებენ ხოლმე. ამ თვისებების გამო, ჩლეჩილის დამზადება ყველა ოჯახისთვის ხელსაყრელი აღმოჩნდა.

ჩლეჩილის გემო მსუბუქი რძემჟავური და სასიამოვნოა. თითოეული ძაფი საკმაოდ მკვრივია, გაწელვისას მყარი და თეთრი შეფერილობის.

მოხდილი ყველის არსებობას და იმ თქმულებას, რომ ყველაფერი რძის დუღილით და ყველის მოხარშვით დაიწყო, ადასტურებს ვახუშტი ბაგრატიონის ცნობა აჭარული ყველის შესახებ. უშუალოდ ჩლეჩილი კი მზადდება ბეშუმის მხარეში, მწვანე ტბის ხეობასა და მაღალმთიანი აჭარის სხვა სოფლებში. ზღვის დონიდან საკმაოდ დიდ სიმაღლეზე, 1800-3000 მეტრზე, საზაფხულო საძოვრებზე მობალახე საქონლისგან მიღებული რძე ყველის მაღალი ხარისხის განმაპირობებელი უტყუარი ნიშანია.

გეოგრაფიული აღნიშვნა „აჭარული ჩლეჩილი“ რეგისტრირებულია საქპატენტში 2012 წლის 24 იანვარს.

საქპატენტი

თქვენი რეკლამა