ზოგიერთი დამწყები მეფუტკრისათვის ფუტკრის ოჯახის დათვალიერების პროცესი, ხშირად გასართობ საქმიანობას წარმოადგენს და ოჯახებს ხშირად დიდხანს და დაწვრილებით ათვალიერებს, რაც უარყოფითად ისახება ფუტკრის ოჯახის განვითარებასა და საბოლოოდ მის პროდუქტიულობაზეც.
ფუტკრის ოჯახის დათვალიერება, რაც შეიძლება შრომის ნაკლები დანახარჯებით უნდა მოხდეს. ბუდის დათვალიერების დროს გათვალისიწინებული უნდა იქნეს ფუტკრის ნიშან-თვისებები, სეზონურობა, ამინდის პირობები და ღალიანობის ხარისხი.
სამხრეთის ფუტკრები, როგორც წესი, ნაკლებ აგრესიულები არიან. მათგან თვინიერებით იმდენად გამოირჩევა ქართული ფუტკარი, რომ ოჯახის დათვალიერება ხშირად საბოლებლის და პირბადის გარეშეც შეიძლება.
ბუდიდან ამოღებულ ჩარჩოებზე ფუტკარი ნორმალურ განლაგებას ინარჩუნებს. იმავდროულად უნდა გვახსოვდეს, რომ ღალიანობის უეცარი შეწყვეტა, დედა ფუტკრის დაკარგვა, ცრუ დედების გაჩენა, ოჯახში დიდი რაოდენობით ხნიერი მოღალე ფუტკრის არსებობა ოჯახის აგრესიულობას იწვევს.
ამასთან ერთად უნდა ვიცოდეთ, რომ სამხრეთის ფუტკარს დიდ თვინიერებასთან ერთად ქურდობისადმი მიდრეკილება ახასიათებს, ამიტომაც მასთან სიფრთხილით უნდა ვიმუშაოთ. ოჯახის დათვალიერების დროს ფუტკარი, რაც შეიძლება ნაკლებად უნდა შევაწუხოთ, ვეცადოთ არ გავაღიზიანოთ, ბუდეები გავსინჯოთ გარემოში არანაკლებ 11-12 გრადუს ტემპერატურის დროს.
გაზაფხულზე ფუტკარი დავათვალიეროთ დღის თბილ მონაკვეთში, ზაფხულის ბოლოს კი, როცა ღალიანობა შეწყვეტილია, დილის საათებში ან დღის ბოლოს, აგრილებისას.
უნდა ვერიდოთ ფუტკრის გასინჯვას პაპანაქება სიცხეში, ძლიერი ქარის და წვიმის დროს. ოჯახის ხილვისას ბარტყიანი ჩარჩოები პირდაპირ მზის მიმართულებით არ უნდა დავიჭიროთ, რადგან მასზე მსხდომ ფუტკარს და ბარტყს აშრობს, წვიმის წვეთის მოხვედრისას კი ბარტყი იღუპება.
ფუტკართან მუშაობისას უნდა ჩავიცვათ სუფთა ტანსაცმელი (სასურველია სპეციალური კომბინიზონი), არ უნდა აგვდიოდეს ნივრის, ხახვის, სპირტიანი სასმელების მძაფრი სუნი, არ გავაღიზიანოთ ფუტკარი საფრენის წინ ჩვენი სწრაფი მოძრაობით, არ დაუშვათ სკაზე, საკუჭნაოზე ძლიერი დარტყმები, სახურავის ხმაურით მოხსნა, არ ჩავიცვათ ხაოიანი, მუქი ფერის ტანსაცმელი.
მოვარიდოთ საფუტკრეს მუქი შეფერილობის ცხოველები, ძაღლები, ქათმები, ცხენები. აცივებისას თავი შევიკავოთ ოჯახის გასინჯვაზე. დანესტვრის დროს ნესტარი მოვიცილოთ ფრთხილად ფრჩხილის ან დანის საშუალებით.
არავითარ შემთხვევაში ნესტარი ორი თითით არ უნდა ამოვიღოთ, რადგან ამ დროს ბუშტიდან შხამი ძლიერად ჩაიჟონება კანში, ნესტრის ამოღების შემდეგ დანესტრილი ადგილი გავიწმინდოთ სველი პირსახოცით, დავიბანოთ წყლით ან წავისვათ ნერწყვი, რათა კანზე არ დავტოვოთ შხამის სუნი, რომელიც დასანესტრად სხვა ფუტკრების მოზიდვას გამოიწვევს.
ფუტკარი უნდა მოვარიდოთ ცხოველების და ფრინველების სადგომს, რადგან მათ მიერ გამოყოფილი სპეციფიური სუნის მიმართ ფუტკარი აგრესიულია.
გვახსოვდეს, რომ ფუტკრის ოჯახის დათვალიერებისას უნდა გამოვიყენოთ ბოლი, რათა ფუტკარს ვაგრძნობინოთ საშიშროება და შიმშილისგან თავის დასაცავად დაეწაფონ თაფლს, რაც საკვებით ჩიჩახვ დატვირთულ ფუტკარს ნაკლებად განაწყობს დასანესტრად.
საბოლებელში მხრჩოლავი ბოლის მისაღებად ვიხმაროთ მშრალი, დამპალი ხე, ფუტურო, მშრალი ნაკელი, ტყის ზონაში სოკო, აბედი, წიწვოვანი ხის ქერქი. საბოლებელი მასალა შევინახოთ სპეციალურ ყუთში, გადაფარებულ მდგომარეობაში ან წვიმისაგან დაცულ ადგილზე, მშრალი ფუტურო შევინახოთ მიწაზე გადახურულის ქვეშ და არა სათავსოში.
ღალიანობის პერიოდში შეიძლება ვიხმაროთ ძველი, სამხარად უვარგისი გასანთლული საფარი ტილოს ნაჭრები. ამ უკანასკნელის გამოყენება უღალო პერიოდში არ შეიძლება, რადგან ტილოზე არსებული დინდგელის ან ცვილის სუნი იწვევს ფუტკრის გაღიზიანებას და ქურდობის გაჩენას, მით უმეტეს, რომ ყველაზე მეტად ქართულ ფუტკარს დიდ თვინიერებასთან ერთად ახასიათებს ქურდობისაკენ მიდრეკილება.
საბოლებელი ყოველთვის ვერტიკალურად დავიჭიროთ. პერიოდულად იგი დავდგათ გვერდით მდგომარეობაში. მუშაობის პერიოდში საბოლებლის ხელახლა ანთება რამოდენიმეჯერ დაგვჭირდება, რისთვისაც ცხელი მასა გამოვყაროთ და ხელახლა შევავსოთ იგი ახალი მხრჩოლავი მასალით.
ამავე დროს უნდა გავასუფთავოთ ნამწვავისაგან საბოლებლის სახურავის ბადურის ხვრელები, რომელზეც ჩნდება ხშირად წებოვანი მასა. ამ სამუშაოს ვასრულებთ ფუტკრის ოჯახების დათვალიერების შუალედებში. საბოლებლის ძირს პერიოდულად ვასუფთავებთ მასზე დაყრილი ჭუჭყისა და ნაცრისაგან. ავწევთ საბოლებლის სახურავს და მას ასტამის საშუალებით გამოვფხიკავთ.
თუ ასე არ მოვიქცევით დაბერვის დროს ცეცხლის ნაპერწკალი მოხვდება საბოლებლის ტყავზე, გააცხელებს მას და წყობიდან გამოიყვანს. ნაპერწკალი შეიძლება მოხვდეს დასათბუნებელ მასალას და სკაშიც (რაც არც თუ იშვიათად ხდება პრაქტიკაში) გააჩინოს ხანძარი.
მუშაობის დროს ოთხი თითით უნდა დავიჭიროთ საბოლებელი ზურგის (ფიცრის) მხრიდან და მივაწვეთ ცერა თითით. წესით საბოლებელი უნდა ავანთოთ ოჯახების დათვალიერების წინ.
ფუტკარს ფრენაში ხელი რომ არ შევუშალოთ, საფრენის წინ არ უნდა დავდგეთ. სკის გარშემო ბალახი მუდამ გათიბული იყოს, რადგან სკასთან არსებულ ბალახში იბუდებენ მღრღნელები, გარდა ამისა, ოჯახის ხილვის დროს დედა არ ჩამოვარდეს და ბალახში არ დაგვეკარგოს. ფუტკრის სახილავად ყველაზე უკეთესი პერიოდი შუადღეა, რადგან ამ დროს მოღალე ფუტკრის უმეტესობა გარეთაა და მუშაობაში ხელს არ გვიშლის.
მეფუტკრე სკას მარცხნიდან სინჯავს, დამხმარე კი მოპირდაპირე მხარესაა. ოჯახი კარგად რომ გავსინჯოთ, ბუდიდან ამოღებული ჩარჩო ისე უნდა დავიჭიროთ, რომ სინათლე დაეცეს მას.
მოვხდით სახურავს, რომელსაც მივუდგამთ სკას თუნუქის მხრიდან და ბალიშს შიგ მოვათავსებთ, გადავწევთ საფარ ტილოს და ღია სივრციდან ჩავუშვებთ მარჯვნივ და მარცხნივ ბოლის რამოდენიმე ნაკადს და ჩვეულებრივი წესით დავიწყებთ ბუდის დათვალიერებას.
გასინჯვის დროს გამოვიყენებთ სათადარიგო ტილოს, რომელსაც გასინჯულ ჩარჩოებზე გადავაფარებთ, რათა სინათლის სხივებით ფუტკრის ზედმეტი გაღიზიანება არ გამოვიწვიოთ, ბუდის გასინჯულ ნაწილზე კი ტილოს გადავაჩოჩებთ, ბოლოს მოვაცილებთ მას და ისევ თავის საფარ ტილოს დავაფარებთ.
ბუდეს ვათვალიერებთ წყნარ ამინდში, ჩრდილში არანაკლებ 15 გრადუს ტემპერატურის დროს. ღრუბლიან ამინდში ფუტკარს არ ვსინჯავთ. სამუშაოები უნდა დავამთავროთ მზის ჩასვლამდე, რადგან სიბნელეში ფუტკრები ვერ ფრენენ და ცოცავენ ხელებზე, ხალათზე, გვიძვრებიან ტანსაცმლის შიგნით, ინესტრებიან და იხოცებიან.
ოჯახის შესამოწმებლად ჩარჩოებთან მუშაობა რომ გაგვიადვილდეს, ჩარჩოთა შორის უნდა შევქმნათ 3-4 სმ. სიგანის სივრცე, რისთვისაც საჭიროა ამოვაცალოთ გვერდითი დათბუნება, გამოვწიოთ ტიხარი, შემდეგ ტიხრის შიგნით მოთავსებული ჩარჩო ამოვიღოთ. ასეთნაირად შევქმნით ჩარჩოთა შორის სივრცეს, რის შემდეგაც საჭიროებისამებრ გავსინჯოთ დანარჩენები.
თუ სკა მთლიანად დაკავებულია ჩარჩოებით, ერთი ბოლო მათგანი ამოვიღოთ და დროებით მოვათავსოთ ჩარჩოების გადასატან ყუთში, დათვალიერების შემდეგ კი, ამოღებული ჩარჩო თავის ადგილზე დავაბრუნოთ.
ვიდრე ჩარჩოს ამოვიღებთ ბუდიდან დინდგელით გამაგრებულ ზედა თამასა ასტამით ადგილიდან უნდა შევანძრიოთ, ამოღებული ჩარჩო ზედა თამასით ვერტიკალურად დავიჭიროთ ღია სკაზე. ბუდიდან ჩარჩო სიფრთხილით ამოიღოთ ისე, რომ ფუტკარი არ გავაღიზიანოთ და არ გავჭყლიტოთ. ჩარჩო არ მივახალოთ არც სკის კედელს, არც ბუდეში მდგომ ჩარჩოს.
მეფუტკრე მუშაობის დაწყებისათვის უნდა იყოს მზად, ჰქონდეს ჩანაწერებისათვის რვეული, სამუშაო ყუთი, საფუტკრეში სამუშაოდ წვრილი ინვენტარი; ასტამი, პატარა ხერხი, ჩაქუჩ, ნაზი ჯაგრისი, სკის ძირიდან ნაგვის ამოსაღები ნიჩაბი, ლურსმნები, გაზი და სხვა.
ინვენტარის შესანახად, მეფუტკრის მოსასვენებლად, უეცარი წვიმებისაგან თავის შესაფარებლად საფუტკრეში უნდა იდგეს ქოხი, პატარა ოთახი, ისე, რომ ქოხიდან გამოსული მეფუტკრე უყურებდეს რათა შორიდანვე შეძლოს გარეგნული ნიშნებით მათში მიმდინარე პროცესების განსაზღვრა, ფრენის სიხშირე, ქურდობის საშიშროება, საფრენის წინ ბალახების გათიბვის საჭიროება და სხვა ნიშნები.
მუშაობის პროცესში მეფუტკრეს სამუშაო ყუთთან ერთად უნდა ჰქონდეს ჩარჩოების გადასატანი თავსახურიანი ყუთი, სამუშაო ოთახში-ქოხში სადეზინფექციო საშუალებები, ანტიალერგიული პრეპარატები, ნავთი, წყლის ჭურჭელი, შესასხურებელი, დინდგელისა და ცვილის შესაგროვებელი სპეციალური ჭურჭელი და სხვა.
თუ დედის მოძებნა გვინდა, საბოლებელით ნაკლებად უნდა დავუბოლოთ, რათა ფუტკარი არ შევაწუხოთ. დედის მოძებნა ხანდახან გაძნელებულია და ამიტომ ყველა ჩარჩოს შემოწმება არ არის საჭირო. თუ სკა დიდხანს გვაქვს გახსნილი და 2-3-ჯერადი დათვალიერებით დედა ვერ ვნახეთ (ხშირად გვემალება) მისი ძებნა უნდა შევწყვიტოთ და გავსინჯოთ 2-3 სთ-ის შემდეგ ან მეორე დღეს.
თუ დედის ამოყვანა გვინდა, სიფრთხილით მოვკიდოთ დედას არა მუცელზე, არამედ მკერდზე უკანა მხრიდან ორ ფრთაზე ერთდროულად და ცერა და საჩვენებელ თითებშორის მოქცეული ჩავსვამთ გალიაში ან მოვათავსოთ ხუფის ქვეშ.
ძნელია გაუნაყოფიერებელი დედების პოვნა, ისინი სინათლეს ერიდებიან და სწრაფად მოძრაობენ, ამიტომ მათი დათვალიერება შეიძლება ბოლის გამოყენების გარეშე დილით ადრე და საღამოს საათებში, რადგან ამ პერიოდში დედა სკაშია და არ გადის გასანაყოფიერებლად.
თუ ოჯახის დათვალიერების დროს დედა გაგვიფრინდა, მუშაობა უნდა შევწყვიტოთ, სკა დავტოვოთ ღიად და იქაურობას მოვცილდეთ, რამდენიმე წუთში დედა მობრუნდება და დაუბრუნდება თავის ოჯახს. ოჯახი კი დედის არსებობაზე გავსინჯოთ მეორე დღეს.
თუ ბუდიდან რამოდენიმე ჩარჩოს ამოღებაა საჭირო, მასზე მსხდომ ფუტკრიანად გადავიტანთ მათ ჩარჩოების გადასატან თავსაახურიან ყუთში, რომელსაც ბუდის დათვალიერებისას და ბუდის წესრიგში მოყვანის შემდეგ დავაბრუნებთ თავისივე სკაში.
თუ ბუდიდან გვინდა ამოვიღოთ ჩარჩოები მასზე მსხდომ ფუტკარს ჩავბერტყავთ ტიხარსა და ბოლო ჩარჩოს შორის არსებულ სივრცეში, ამისათვის ამოსაღებ ჩარჩოს მოვკიდებთ ორივე ხელით ზედა თამასის კიდეებზე, ჩავწევთ მას სკის შუა გულამდე და ფუტკრის მოსაცილებლად რამოდენიმეჯერ მკვეთრი და მოკლე მოძრაობით ჩავბერტყავთ. დარჩენილ ჩარჩოზე მჯდომ ფუტკრებს კი ნაზი ჯაგრისით ჩამოვწმენდთ.
სადედეებიან ფიჭაზე მჯდომი ფუტკრის ბერტყვა არ შეიძლება, რადგანაც შეიძლება დაზიანდეს სადედეებში მყოფი ჭია და ჭუპრი. ამიტომ ასეთ ჩარჩოებზე მსხდომ ფუტკარსაც ნაზი ჯაგრისით ჩამოვწმენდავთ.
თუ გადაუდებელი სამუშაოა ჩასატარებელი, მაგრამ ცივი ამინდია, ნაკლოვანებების გამოსწორების მიზნით ოჯახს დავათვალიერებთ ბუდის ზევიდან სიფრთხილით, საფარი ტილოს გადაწევით, გუნდის დაურღვევლად.
მთავარი ღალიანობის პერიოდში არ არის რეკომენდებული ოჯახის დაწვრილებითი დათვალიერება, რადგანაც ამით ფუტკრის ფრენას ხელს შევუშლით და თუ მაინც აუცილებელია ხილვა. ისინი უნდა გავსინჯოთ დღის ბოლოს.
უღალო პერიოდში ფუტკრის ურთიერთ თავდასხმის (ქურდობის) თავიდან ასაცილებლად ბუდეებს სიფრთხილით ვსინჯავთ. ქურდი ფუტკრების გამოცნობა ადვილია, ისინი სკაზე არსებული ნაპრალებიდან ცდილობენ სკაში შეღწევას, ტრიალებენ ყოველი მხრიდან სკის კედლების გარშემო და ურთიერთ თავდასხმის ინსტიქტს გადასცემენ მთელ საფუტკრეს.
იწყება ბრძოლა დარაჯ ფუტკრებსა და დაუპატიჟებელ სტუმრებს შორის. მისაფრენ ფიცარზე და სკის წინ ვნახულობთ მიმობნეულ მკვდარ ფუტკრებს. სკაში შეღწეული ფუტკრები საკვებით დატვირთულნი გამოფრინდებიან დამძიმებულები, ძალის მოსაკრებად სკის წინა კედელზე აცოცდებიან, შედეგ კი აფრინდებიან. თუ დავიჭერთ და მუცელზე დავაწვებით, ხორთუმზე გადმოეკიდება თაფლის წვეთი.
ძლიერი ოჯახი ქურდებს მოერევიან, სუსტები კი ზარალდებიან და ზოგჯერ მთლიანად ნადგურდებიან. ძირითადად იქურდებიან უდედო და სუსტი ოჯახები. გაქურდული სკის ძირზე ვნახულობთ თაფლის მოპარვის დროს გადაბეჭდილი თაფლიანი უჯრედების სახურავების უდიერი გამოღრღნის გამო ცვილის ნამცეცებს და ხშირად მასში ამოგანგლულ მკვდარ ფუტკრებს.
გვახსოვდეს, რომ ქურდობასთან ბრძოლა ძნელია. ოღონდ, თუ სწორად ვიმუშავებთ მის თავიდან აცილება ანუ პროფილაქტიკა ადვილია, ამიტომ მეფუტკრემ განსაკუთრებით უღალო პერიოდში ფრთხილად უნდა იმუშაოს, დაუშვებელია სკის გარეთა კედელზე და მისაფრენ ფიცარზე ქურდი ფუტკრის მიჭყლეტა, საფუტკრეში ან სკაზე თაფლის ან სიროფის წვეთების დაქცევა.
უღალობის პერიოდში ფუტკარი უნდა გავსინჯოთ საღამოს, ფუტკრის ფრენის შემცირების შემდეგ, დაბინდებამდე, ოჯახებს საფრენები დავუპატარავოთ, სკაზე ნაპრალები ამოვქოლოთ, გაქურდულ ოჯახებს საფრენები ძალიან დავუპატარავოთ ისე, რომ დარჩენილ ხვრელში ერთი ან ორი ფუტკარი გაძვრეს.
თუ არ შეჩერდა ქურდობა, საფრენი მთლიანად დავკეტოთ და სკა შევიტანოთ ბნელ და გრილ ოთახში. მის ადგილზე დავდგათ სასურველია იმავე ფერით შეღებილი ცარიელი სკა, რომელშიც ჩავდგამთ წყლით სავსე ორ-სამ აშენებულ ბუდის ჩარჩოს. ქურდი ფუტკრები მიეტანებიან გასაქურდად შერჩეულ სკას, იქ დახვდებათ რა მათთვის არასაინტერესო საკვები, მოცილდებიან და ქურდობაც ჩაქრება. ორი დღის შემდეგ კი სარდაფში ან გრილ ოთახში შეტანილ სკას ისევ ძველ ადგილზე დავდგამთ.
თუ ქურდობა მთელ საფუტკრეში გავრცელდა, მაშინ მიზანშეწონილია სასწრაფოდ ფუტკრის ოჯახების გადატანა არანაკლებ 5-7 კილომეტრის მანძილზე, სადაც სასურველია იყოს მცირე ღალიანობა. ხოლო მათი უკან დაბრუნება უნდა მოხდეს არანაკლებ ორი კვირის შემდეგ.
ფუტკრის ოჯახის სრული დათვალიერება უნდა ჩავატაროთ იმ შემთხვევაში, როცა გვინდა მასში ფუტკრისა და ბარტყის რაოდენობის, საკვები მარაგის და ხარისხის განსაზღვრა, ფიჭების ვარგისიანობის დადგენა და სხვა.
ოჯახის სრული დათვალიერება აუცილებელია, გაზაფხულზე ბუდის გაფართოების მიზნით, ან შემოდგომის დასაწყისში ბუდის შესავიწროვებლად, გაზაფხულსა და ზაფხულის ბოლოს საკვები მარაგის განსასაზღვრავად და მისი ნაკლებობის აღმოჩენის შემთხვევაში მდგომარეობის დროულად გამოსასწორებლად.
მეფუტკრეობის სახელმძღვანელო-შემდგენლები: მ.ნაკაშიძე, ვ. სტეფანიშვილი, ა. ეჯიბაძე.