ძახველი (ჩვეულებრივი ძახველი ლათ.Viburnum opulus l., რუს. Калина обыкновенная) ცხრატყავასებრთა ოჯახის 1,5-4 მეტრის ბუჩქია, მონაცრისფრო-რუხი დახეთქილი ქერქით და გლუვი ყლორტებით.
ფოთლები ერთმანეთის მოპირისპირედაა განლაგებული, ფართო კვერცხისებრია, სიგრძით 5-10 სმ, ხუთნაკვთიანი, ყუნწიანი, ზედა მხრიდან მუქი მწვანე, ქვემოდან უფრო ღია ღერის, სუსტად შებუსული ფოთლის ძარღვების გასწვრივ.
ყვავილები თეთრია და ორი სახისაა: კიდურა – უნაყოფო, მსხვილი ქოლგისებრი. გვირგვინით, დიამეტრით 2,5 სმ-მდე, შიდა – ნაყოფის მომცემია, პატარა გვირგვინით (0,5 სმ-მდე). ნაყოფი ღია წითელი ფერისაა, ოვალური ან სფეროსებრი, წვნიანი, 1 სმ-მდე დიამეტრის მსხვილი კურკით.
ძახველი ყვავილობს მაის-ივლისში, ნაყოფი შემოდის აგვისტო-სექტემბერში.
საქართველოში გავრცელებულია ტყიან ადგილებში თითქმის სუბალპურ ზონამდე. გვხვდება აგრეთვე მდინარის პირებზე, ზოგჯერ ბაღებშიც.
ნედლეულად ამზადებენ ძახველის ქერქს, გაზაფხულზე, წვენის ინტენსიური მოძრაობის დროს, აპრილ-მაისში. ამ პერიოდში ქერქი ადვილად სცილდება ხეს. ტოტებს ჭრიან მიწიდან 10 სმ-ის სიმაღლეზე ირიბად. მოჭრილ ტოტებზე აკეთებენ წრიულ ნაჭდევებს ერთმანეთისაგან 10-15 სმ დაშორებით, შემდეგ გრძივ ნაჭდევებს უკეთებენ და აცლიან ქერქს ღარებად ან მილისებურად. უმჯობესია ბუჩქნარს გვერდითი ტოტები მოაჭრათ, რათა ძირითადი ტანი არ დაზიანდეს და ახალი ყლორტები ამოიყაროს.
ნაყოფს კრეფენ სექტემბერ-ოქტომბერში, სრული სიმწიფის პერიოდში, მშრალ ამინდში. კრეფის დროს სასურველია ნაყოფი არ დაიჭყლიტოს.
იმის გამო რომ ძახველი ძალზე ნელა იზრდება, ხოლო ქერქის დამზადების დროს ხშირად მთელ ბუჩქებს ანადგურებენ, კარგი იქნება თუ თითოეული თქვენგანი დარგავს ამ სამკურნალო მცენარეს საკუთარ ბაღში ან აგარაკზე.
ქერქს აშრობენ სხვენზე, თუნუქის სახურავის ქვეშ, ან ფარდულში, კარგი ვენტილაციის პირობებში. მშრალი ქერქი მოღუნვის დროს ტყდება. მისი შენახვა შეიძლება 4 წლამდე.
ძახველის ნაყოფს ჯერ ჰაერზე აშრობენ, შემდეგ ღუმელებში, 60-80 გრადუს ტემპერატურის დროს. გამშრალ მარცვლებს აცლიან და ინახავენ ქაღალდის ან ნაჭრის პარკებში, მშრალ ადგილას.
ძახველის ქერქი შეიცავს სათრიმლავ ნივთიერებებს 2%-მდე, ფისებს 6,5%-მდე, ორგანულ მჟავებს, გლიკოზიდ ვიბურნინს, ფლავონოიდებს, ვიტამინებს C და K-ს, ნაყოფში ბევრია ასკორბინის მჟავა, შაქარი, სათრიმლავი ნივთიერებები, ორგანული მჟავები, კაროტინი, ვიტამინი PP.
ხალხურ მედიცინაში ძახველის ქერქის ნახარში გამოიყენება კრუნჩხვების, უძილობის, ისტერიის დროს, რადგან მას გააჩნია დამამშვიდებელი მოქმედება. ამისათვის, 2 სუფრის კოვზი დაქუცმაცებული ქერქი მოათავსეთ მომინანქრებულ ჭურჭელში, დაასხით 200 მლ (1 ჩაის ჭიქა) მდუღარე წყალი, დაახურეთ თავსახური და მდუღარე წყლის აბაზანაში გააჩერეთ 30 წთ, შემდეგ გააცივეთ ოთახის ტემპერატურაზე 10 წთ-ის განმავლობაში, გადაწურეთ. მიღებული ნახარში შეავსეთ საწყის მოცულობამდე (200 მლ) ანადუღარი წყლით.
დალიეთ 1/2 ჭიქა 2-ჯერ დღეში, ან 1-2 სუფრის კოვზი 3-4-ჯერ დღეში ჭამის შემდეგ. ეს ნახარში კარგად მოქმედებს ბავშვებზე გაცივების დროს, გამოიყენება აგრეთვე როგორც სისხლის აღსადგენი, ანთების საწინააღმდეგო საშუალება მშობიარობის შემდგომ პერიოდში; ასევე გინეკოლოგიური დაავადების დროს სისხლისდენის შემთხვევაში, ბუასილის, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადების დროს, როგორც ოფლმდენი საშუალება.
დამამშვიდებელი მოქმედება აქვს აგრეთვე ძახველის ნაყოფსაც, მისგან ამზადებენ ჩაის: 1 სუფრის კოვზს დაასხამენ 1 ჭიქა მდუღარეს და სვამენ 1/2 ჭიქას 2-ჯერ დღეში. ასეთი ჩაი შეიცავს დიდი რაოდენობით C ვიტამინს. ნედლი ნაყოფის წვენი და ასეთი სახის ჩაი სასარგებლოა ჰიპერტონული დაავადების დროს.
ძახველის ნაყოფი ძალიან სასარგებლოა მძიმე ავადმყოფებისათვის გამოჯანმრთელების პერიოდში, როგორც გამამაგრებელი საშუალება.
ნედლი ნაყოფი ან მისგან მომზადებული წვენი, კისელი, ჟელე შეიძლება მიიღოთ ვიტამინების ნაკლებობის დროს.
ხალხურ მედიცინაში ძახველის ნაყოფს იყენებდნენ როგორც საფაღარათო, მადეზინფიცირებელ საშუალებას. ნაყოფის ნახარში თაფლთან ერთად კარგია ზედა სასუნთქი გზების ანთების, კუჭის აშლილობის დროს.
ძახველის ნაყოფის ნაყენი გამოიყენება აგრეთვე კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადების, ენტეროკოლიტების, გულის ან თირკმელების დაავადებით გამოწვეული შეშუპების, კანის წყლულოვანი და ჩირქოვანი დაავადების დროს.
ნაყენის მოსამზადებლად 2 სუფრის კოვზი ნაყოფი მოათავსეთ მომინანქრებულ ჭურჭელში. დაჭყლიტეთ, დაასხით თანდათანობით 200 მლ (1 ჩაის ჭიქა) ცხელი ანადუღარი წყალი, დაახურეთ თავსახური და გააცხელეთ მდუღარე წყლის აბაზანაში 15 წთ, შემდეგ გააცივეთ ოთახის ტემპერატურაზე 45 წთ-ის განმავლობაში, გადაწურეთ, დარჩენილი მასა გამოწურეთ.
მიღებული ნაყენი გააზავეთ ანადუღარი წყლით საწყისი მოცულობის (200 მლ) მიღებამდე. შეინახეთ გრილ ადგილას არაუმეტეს 2-3 დღე-ღამისა. მიიღეთ 1/3 ჭიქა 3-ჯერ დღეში. ახალგაზრდა ტოტების ქერქის ნახარში კარგი საშუალებაა ფეხების ოფლიანობის დროს.
ძახველის წვენი გამოიყენება აგრეთვე საოჯახო კოსმეტიკაში ფერისმჭამელების მოსაშორებლად და დიათეზის დროს (ისვამენ სახეზე 30 წთ-ით ადრე დაბანამდე).
ავტორები: შალვა ხიდაშელი, ვანო პაპუნიძე
*სამკურნალო მცენარეები გამოიყენეთ ექიმის რეკომენდაციის გათვალისწინებით.