როგორ ავარჩიოთ ქათმის ხორცი

ქათამი, ხორცი, რჩევა

ქათმის ხორცი ჯანმრთელი კვების უმნიშვნელოვანესი შემადგენელი ნაწილია. იგი წარმოადგენს მაღალი ხარისხის, ადვილად შეთვისებადი ცილების, ვიტამინების, ამინომჟავების და მინერალური ნივთიერებების შეუცვლელ წყაროს, ნებისმიერი ასაკის ორგანიზმისთვის.

საქონლის ხორცთან შედარებით ქათმის ხორცი მეტ ცილებს შეიცავს (ქათმის ხორცში ცილები 19,5%-ია, საქონლის ხორცში კი 13%) და უფრო ადვილად აითვისება ადამიანის ორგანიზმის მიერ, რის გამოც ქათმის ხორცი შესაძლებელია მოვიხმაროთ სხვა ხორცზე უფრო ხშირად და მეტი ოდენობით.

განსაკუთრებით სასარგებლოა ახალგაზრდა ფრინველის ხორცი.

მნიშვნელოვანია ქათმის ჯიშიც — მეხორცული ქათმების ხორცი შეიცავს უფრო მეტ ცილასა და ცხიმს, ვიდრე კვერცხის მდებელი ქათმის ჯიშები, შესაბამისად იგი უფრო გემრიელია და ყუათიანი.

ქათმისა და ინდაურის ხორცში არჩევენ თეთრ და მუქ ხორცს. მუქ ხორცთან შედარებით თეთრ ხორცში უფრო მეტია სრულფასოვანი ცილები და ნაკლებია ცხიმები.

ქათმის კანი შეიცავს ცხიმის დიდ რაოდენობას და შესაბამისად ქოლესტერინს, ამიტომ ჭამის წინ ჯობს იგი მოვაცილოთ. მოხარშული ქათმის ხორცი, კანის გარეშე, უვენებელია და სასარგებლოა ყველასათვის.

ქათმის ხორცის არჩევა

ქათმის ხორცის შეძენისას უნდა შეეცადოთ აირჩიოთ მეხორცეული ჯიშის, ახალგაზრდა, კარგად ნაკვები ფრინველი, სასურველია ახალდაკლული (შესაძლებელია გაყინულიც).

ახალგაზრდა ქათმის სქესს მნიშვნელობა არ აქვს-ყვინჩილებსა და ვარიკებს შორის საგემოვნო განსხვავებები ძალიან უმნიშვნელოა, მაგრამ თუკი ზრდასრულ ფრინველს ყიდულობთ, გირჩევთ დედალი შეიძინოთ-მამლის ხორცი საგემოვნო თვისებებით მას მკვეთრად ჩამოუვარდება.

ქათმის ჯიშის გარჩევა მომხმარებლისთვის საკმაოდ რთულია. ზოგადად, ერთი და იმავე ასაკის მეხორცეული ქათამი კვერცხის მდებელზე დიდია.

გირჩევთ არ შეიძინოთ ბებერი ფრინველი — მისი ხორცი მაგარი და უხეშია.

ფრინველის ასაკის გასარჩევად დააკვირდით მის კანს და ფეხებს:

ბებერი ქათმის კანი უხეშია, მოყვითალო ფერის, ქონი მუქი ყვითელი ფერისაა. ფეხები დაფარულია უხეში ქერცლით, ხოლო ფეხის ქვედა მხარეზე კანის უხეში წანაზარდებია;
ახალგაზრდა ქათმის კანი ღია ფერისაა, ფრთებ ქვეშ ჩანს ძარღვები. ფეხები რბილია, დაფარულია წვრილი ყვითელი ქერცლით.

ფრინველის ნაკვებობის შესაფასებლად დააკვირდით მკერდს — კარგად ნაკვებ ფრინველს მკერდის ძვალი არ უნდა აჩნდეს, ცხიმი თხელი ფენით უნდა ფარავდეს მკერდს და მუცელს.

ნაკვები ფრინველის კანის ფერი მქრქალი მოყვითალო ან მოთეთრო-მოყვითალოა, მუქი ფერის გარეშე. ადგილ-ადგილ გადაჰკრავს ვარდისფერი შეფერილობა. ხოლო ცუდად ნაკვები ფრინველის მკერდის ძვალი გამოკვეთილია, კანს მონაცრისფრო-მოყვითალო-მოწითალო ელფერი გადაჰკრავს;

თუმცა გაითვალისწინეთ, ცხიმის რაოდენობამ შეიძლება მოგატყუოთ: ბებერი ქათამი ახალგაზრდაზე ცხიმიანი შეიძლება იყოს, თუმცა ახალგაზრდა ქათმის ხორცი ბევრად უფრო ნაზი და გემრიელია. ამიტომ ყოველთვის ჯობს აირჩიოთ ახალგაზრდა ქათამი, თუნდაც ნაკლებ ცხიმიანი;

ახალდაკლული ფრინველის ცნობა კი ასე შეიძლება:

ფრინველის ნისკარტი მშრალი და მკვრივია, არ უდის მჟავე სუნი და არ არის შებურული;
პირის ღრუს ლორწოვანი გარსი ბზინვარე და მკრთალი მოვარდისფროა;
თვალი ავსებს მთელ ორბიტას;
ხორცი მკვრივია, დრეკადი;

დიდი ხნის დაკლულ ქათამის გამოსაცნობად დააკვიდით შიგა ქონს — თუკი მას მომწვანო შეფერილობა გადაკრავს, ხორცზე ხელის შეხებისას იგრძნობა სირბილე და მთლიანად ქათამს მომჟავო სუნი დაკრავს — ეს ქათამი ნამდვილად დიდი ხნის დაკლულია. ნუ შეიძენთ ასეთ ქათამს.

და კიდევ ერთი: ქათმის ხორცის სასარგებლო თვისებები ვლინდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ქათამი გაზრდილია ნატურალურ საკვებზე, ჰორმონალური პრეპარატების დამატების გარეშე.

თუმცა მეფრინველეობის ფაბრიკებში ფრინველების ზრდის სტიმულაციისა და დაავადებების პროფილაქტიკის მიზნით, როგორც წესი, ანტიბიოტიკებს და ჰორმონალურ პრეპარატებს იყენებენ და ფერმის ქათმის ხორცში შესაძლოა ამ პრეპარატების ნარჩენები იყოს, რაც თქვენი ჯანმრთელობისთვის სასარგებლო არ არის.

თუ საშუალება გაქვთ, შეეცადეთ არა ფერმის, არამედ სოფლის ქათამი შეიძინოთ. მაგრამ თუკი მაინც ფერმის ქათამს ან ქათმის ბარკლებს შეიძენთ, გირჩევთ:

ხორცის მოხარშვისას პირველი ნახარში (წამოდუღებიდან 2-3 წუთში) გადაღვაროთ — ჰორმონები და ანტიბიოტიკები მას გაჰყვება და შემდეგი ნახარში უვნებელი იქნება.
მოხარშულ ან შემწვარ ქათმის ხორცს მოაშორეთ და არ მიირთვათ კანი.

დაკლული ქათმის შენახვა სახლში

ახალდაკლული ქათამი მაცივარში 5 დღემდე ინახება. თუ მის შენახვას მეტ ხანს აპირებთ — საყინულეში შედეთ.

გაითვალისწინეთ: გამოუშიგნავი ფრინველი ძალიან მალე ფუჭდება. ამიტომ შეძენისთანავე გამოშიგნეთ და ისე შეინახეთ.

ფრინველის ხორცის გაფუჭებისას კანზე, პირველ რიგში ფრთების ქვეშ ჩნდება მოყვითალო-მონაცრისფრო ფერის ლაქები მომწვანო ელფერით, კანი ხდება წებოვანი;

წყარო: momxmarebeli.ge.

თქვენი რეკლამა