შავი მოცხარი – ნაკვეთის შერჩევა, დარგვა, გასხვლა-ფორმირება

მოცხარი

ზოგადი ინფორმაცია

შავი მოცხარი (ლათ. Ribes nigrum, რუს. смородина черная) —ხუნწისებრთა ოჯახის მონოტიპური ფოთოლმცვივანი მცენარე. გავრცელებულია ევროპასა და აზიაში. 1-2 მ-მდე სიმაღლის ბუჩქია.

სინათლის მოყვარულია თუმცა ეგუება აგრეთვე მცირე-ჩრდილიან ტერიტორიებსაც. იზრდება მეტწილად თიხნარ ნიადაგზე. ნორჩი ყლორტი ბუსუსიანი და მკრთალია.

აქვს 3-5 ნაკვთიანი სურნელოვანი ფოთლები, რომელიც ზემოდან მუქი, ქვემოდან კი უფრო მკრთალი მწვანეა. ყვავილები მოწითალო რუხია, ფართო ზარისებრი. ყვავის მაის-ივნისში.

ნაყოფები შეიცავს 10-13 % შაქრებს, 2,6-3,7 % თავისუფალ მჟავებს 1 %-მდე პექტინურ ნივთიერებებს, მთრიმლავ და საღებავ ნივთიერებებს, P, B1 და A ვიტამინებს, განსაკუთრებით მდიდარია C ვიტამინით.

განთქმულია შავი მოცხარის ღვინოები.

როგორ ამრავლებენ შავ მოცხარს

შავ მოცხარს ამრავლებენ გამერქნებული და მწვანე კალმებით, გადაწიდვნით, ბუჩქის დაყოფით, მყნობითა და თესლით.

გამერქნებული კალმების დაფესვიანება შავი მოცხარის გამრავლების, ყველაზე მარტივი და ეფექტიანი ხერხია. მწვანე კალმებით გამრავლებამ დღემდე ვერ ჰპოვა ფართო გავრცელება პრაქტიკულ მებაღეობაში.

იშვიათად მაგრამ მაინც გამოიყენება გადაწიდვნით გამრავლება. ბუჩქების დაყოფით გამრავლებას იყენებენ მხოლოდ სარგავი მასალების ნაკლებობის დროს და მოცხრის ბუჩქის, ერთი ადგილიდან მეორეზე გადატანის შემთხვევაში.

მყნობით გამრავლებისას საძირედ გამოიყენება, ოქროსფერი და სურნელოვანი მოცხრის ერთწლიანი ყლორტები. მათ ამყნობენ 1-1.1 მეტრის სიმაღლეზე-შავი მოცხარის შტამბიანი მცენარეების მისაღებად. პრაქტიკულ მებაღეობაში მყნობა წარმოებს ცნობილი ხერხებით. საუკეთესო შედეგები მიიღება ადრე გაზაფხულზე ”ინგლისური კოპულაციის” და ”გვერდითა ჭრილში” მყნობის მეთოდების გამოყენებით.

შავი მოცხარის თესლით გამრავლებას არა აქვს პრაქტიკული მნიშვნელობა, რადგან ამ გზით მიღებული მცენარე, სამეურნეო თვისებებით მნიშვნელოვნად ჩამორჩება საწყის ჯიშს.

როგორი ნაკვეთი და ნიადაგი გამოდგება შავი მოცხარის გასაშენებლად

შავი მოცხარი ტენისმოყვარე ბაღის კულტურაა, იგი კარგად ვითარდება და მსხმოიარობს ნაკვეთებში, სადაც გრუნტის წყლები შედარებით მაღლა (ნიადაგის ზედაპირიდან 1-1.5 მ-მდე) დგას. მისთვის შესაფერისია საკმარისად დატენიანებული მსუბუქი თიხნარი ნიადაგები, კარგი აერაციით.

ნიადაგის  pH = 6,0-6,5;
დარგვის სქემა: 2x1.5 მ. (სამრეწველო ბაღი, გაითვალისწინეთ ტექნიკა)
დასარგავი ორმო:
0.5x0.5x0.5მ.

მაღალი მჟავიანობის ნიადაგები შავი მოცხარის გასაშენებლად რეკომენდირებული არ არის, თუ შავ მოცხარს მაღალი მჟავიანობის ნიადაგზე გავაშენებთ, რგვის წინ აუცილებელია მისი გაკირიანება.

შავი მოცხარის გასაშენებლად ყველაზე უკეთ გამოდგება ჩრდილოეთის, ჩდდილო-აღმოსავლეთის და ჩრდილო-დასავლეთის ფერდობები. რაიონებში რომლებიც მნიშვნელოვან სიმაღლეზეა ზღვის დონიდან, შეიძლება გამოვიყენოთ სამხრეთისა და დასავლეთის ფერდობები.

ზღვის დონიდან 950 მ-ზე მაღლა მდებარე რაიონებში, შავი მოცხარის გაშენება არ არის მიზანშეწონილი.

ნაკვეთის მომზადება დასარგავად

ბაღის გაშენებამდე შერჩეულ ფართობზე უნდა ჩატარდეს ნიადაგის ღრმად დამუშავება (პლანტაჟი) 45-50 სმ-ის სიღრმეზე. ნიადაგის აგრო-ქიმიური გამოკვლევის საფუძველზე ორგანულ-მინერალური სასუქისა (ფოსფოროვან- კალიუმიანი) და ქიმიური მელიორანტების შეტანა, ნიადაგის ჯვარედინული მოხვნა და დაფარცხვა.

ნერგების დარგვამდე ერთ ჰექტარზე უნდა შევიტანოთ ორგანული სასუქი (გადამწვარი ნაკელი, ტორფნაკელიანი, ტორფდოლომიტიანი და სხვა ორგანული წარმომავლობის მასა) 60-100 ტონის ოდენობით. ფოსფოროვანი სასუქი 350-500 კგ და კალიუმიანი სასუქი 250-400 კგ/ჰა-ზე.

შავი მოცხარის დარგვის სეზონი

ყველაზე უკეთ ხარობს და იზრდება შემოდგომაზე დარგული შავი მოცხარი. ამ შემთხვევაში იგი ზამთარში ფესვიანდება და ადრე გაზაფხულზე იწყებს ზრდას. რგვა 20 ნოემბრამდე უნდა დავამთავროთ, თუ შემოდგომაზე ვერ შეძელით, დასაშვებია გაზაფხულზე დარგვაც.

საჭიროა თუ არა შავი მოცხარისთვის დამამტვერიანებელი ჯიშების შერჩევა

შავი მოცხარის ჯიშების უმრავლესობა თვითნაყოფაა, ამიტომ მათი რგვა შეიძლება დამამტვერიანებელი ჯიშების შეურჩევლადაც, მაგრამ უხვი და ხარისხიანი მოსავლის მისაღებად უმჯობესია უზრუნველყოთ ცალკეული ჯიშების ურთიერთდამტვერვა. გასათვალისწინებელია ისიც რომ, მოყვარულმა მებაღემ უმჯობესია დარგოს 2-3 ჯიშის მოცხარი.

როგორი უნდა იყოს შავი მოცხარის სარგავი მასალა

სარგავი მასალის ხარისხზე მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული, შავი მოცხარის ნარგავების პროდუქტიულობა და სიცოცხლის ხანგრძლივობა. შავი მოცხარის ნერგის კარგად განვითარებული ფესვთა სისტემა შედგება 25-30 სმ-ის სიგრძის 3-4 მთავარი განტოტვისა და მრავალრიცხოვანი წვრილი განტოტვისგან, მიწისზედა ნაწილი-დაახლოებით 50 სმ სიგრძის 3-4 ღონიერი ყლორტისგან. ნერგები არ უნდა იყოს დავადებული.

საჭიროა უშუალოდ დარგვის წინ, ნერგს ჯანსაღ ადგილამდე გავაცალოთ დაზიანებული დაზიანებული ყლორტები და ფესვები, ჯანსაღი ფესვების დამოკლება არ არის მიზანშეწონილი.

რა მანძილი უნდა დავიცვათ შავი მოცხარის ნერგების დარგვისას

შავი მოცხარის ბუჩქების რგვის სიხშირე, უწინარეს ყოვლისა, მცენარის ჯიშსა და ნიადაგის ნაყოფიერებაზეა დამოკიდებული. უფრო ნაყოფიერ ნიადაგებზე იგი შედარებით მეჩხრად ირგვება და პირიქით.

მოყვარულთა ბაღებში, სადაც ნიადაგს ხელით ამუშავებენ, ბუჩქებს შორი მანძილი შეიძლება ნაკლები იყოს. რიგებს შორის და რიგებში ცალკეულ მცენარეებს შორის ვტოვებთ თანაბარ მანძილს 1.2-1.5 მ-ს. შედარებით მწირ ნიადაგებზე ვიღებთ უმცირესს აღნიშნულ მანძილთაგან.

შავი მოცხრის ბუჩქი გასხვლა-ფორმირება 

შავი მოცხარის ბუჩქის ფორმირებას ვიწყებთ დარგვის შემდეგ მომდევო გაზაფხულზე. ერთღეროიან ნერგებს ვამოკლებთ 2-4 კვირტამდე, სუსტ მცენარეებს უფრო მეტად. თუ მუხლთშორისებო მოკლეა, მაშინ შეიძლება დავტოვოთ მეტი რაოდენობის კვირტები.

თანაბრად მზარდ ორღეროიან მცენარეს ვჭრით ერთ ან ორ კვირტზე, თუ ნერგის ტოტები არათანაბრად მზარდია. სუსტს ვამოკლებთ ერთ კვირტამდე, ხოლო ძლიერს-ორამდე.

დარგვიდან მეორე წელს ზამთრის სხვლა ბუჩქის მდგომარეობასა და ძალაზეა დამოკიდებული. კარგად განვითარებულ ბუჩქებში შევარჩევთ 3-4 თანაბარზომიერად განლაგებულ ძირითად ტოტებს (მსხმოიარე ტოტებად), ხოლო დანარჩენებს ძირში მოვჭრით. მსხმოიარობისთვის დატოვებულ ტოტებს ისე გავსხლავთ, რომ მათი წვერები ერთ დონეზე იყოს.

ყველაზე სუსტ ბუჩქებს  რომლებსაც 1-3 ტოტი აქვს, მსხმოიარე ტოტებს არ ვუტოვებთ და არსებულ ტოტებს შევამოკლებთ გასამსხვილებლად (2-3 კვირტამდე). საშუალოდ მზარდ ჯგუფებში მსხმოიარობისთვის ვტოვებთ 1-2 ტოტს.

მესამე წელს ბუჩქს დამატებით 2-3 ძირითად ტოტს ვუტოვებთ, დანარჩენს მოვაცილებთ, შემდეგ ვამოკლებთ ცალკეულ ტოტებს ბუჩქში გასათანასწორებლად, წინააღმდეგ შემთხვევაში ცალმხრივად გაიზრდება.

თუ წინა წელს სუსტი ტოტები დატოვეთ, მომდევნო წელს კი უფრო ღონიერი და სწორედ განლაგებული ამონაზარდი მივიღეთ, ორწლიან ტოტებს მოვჭრით და ერთწლიანი ღონიერი ტოტებით შევცვლით.

კარგი მოვლისა და სწორი სხვლის პირობებში მესამე წლის დამლევს ბუჩქი უკვე ჩამოყალიბებულია. სწორედ ჩამოყალიბებული შავი მოცხრის ბუჩქი შედგება 2-3 ერთწლიანი, ამდენივე ორწლიანი და სამწლიანი ძირითადი ტოტებისაგან.

შავი მოცხარის ბუჩქის ასაკი

შავი მოცხარის ბუჩქი დარგვიდან მსხმოიარობს მეორე-მესამე წელს, მეხუთე-მეექვსე წლამდე მოსავლიანობა იზრდება, მომდევნო 3-4 წლის განმავლობაში ერთ დონეზე რჩება, მერე კი მკვეთრად კლებულობს.

მაშასადამე, შავი მოცხარის ბუჩქების მაღალი პროდუქრტიულობა დარგვის მეორე-მესამე წლიდან, 6-8 წელი გრძელდება ანუ  ბუჩქი შეგვიძლია 10-12 წლის ასაკამდე შემოსავლიანი, გამაახალგაზრდავებელი სხვლის მეშვეობით პროდუქტიულობა კიდევ 2-3 წლით იზრდება, რის შემდეგაც ბუჩქი ამოიძირკვება.

იხილეთ აგრეთვე: შავი მოცხარი – შავი მოცხარის ბუჩქის გასხვლა

თქვენი რეკლამა