საქართველოში სოფლის მეურნეობის ცალკეული დარგების, განსაკუთრებით მემცენარეობის, შემდგომი განვითარებისთვის საჭიროა მაღალხარისხიანი და უხვმოსავლიანი კულტურების გამოყენება, თანამედროვე ტექნოლოგიებისა და ტექნიკის დანერგვა, რაც მნიშვნელოვნად აამაღლებს მოსავლიანობას, პროდუქციის ხარისხობრივ მაჩვენებლებს და მათ კონკურენტუნარიანობას საერთაშორისო ბაზარზე.
ზემოაღნიშნული მიმართულებების შესაბამისად საჭიროა მედაფნეობაშიც მოხდეს შესაბამისი ცვლილებები, რაც განვითარების დიალექტის თვალსაზრისით ობიექტური მოვლენაა.
მედაფნეობის შემდგომი განვითარებისა და რენტაბელობის ამაღლების მიზნით საჭიროა შემდეგი კომპლექსური ღონისძიებების განხორციელება:
• დაფნის კულტურის მაღალმოსავლიანი, ადვილად-მექანიზებადი და მაღალეთერზეთოვანი ჯიშების წარმოებაში გამოყენება;
• დაფნის ძირითადი პროდუქციის, მშრალი ფოთლის წარმოების რაციონალური ენერგორესურსდამზოგი ტექნოლოგიის დამუშავება და წარმოებაში გამოყენება;
• დაფნის კულტურის მოვლა-მოყვანის და მშრალი ფოთლის წარმოების სასოფლო-სამეურნეო და ტექნოლოგიური ოპერაციების ოპტიმალური აგროტექნიკისა და რეჟიმების შერჩევა;
• მძიმე, შრომატევადი ოპერაციების მექანიზაცია და ავტომატიზაცია.
აღნიშნული ღონისძიებების კომპლექსური გადაწყვეტა და მათი პრაქტიკული განხორციელება საშუალებას მოგვცემს, მნიშვნელოვნად შევამციროთ დაფნის პროდუქციის თვითღირებულება და მედაფნეობა კვლავ საქართველოს სოფლის მეურნეობის ერთ-ერთ მაღალრენტაბელურ დარგად გავხადოთ.
დაფნის კულტურა საქართველოში ძირითადად გავრცელებულია დასავლეთ საქართველოს რაიონებში, სადაც ბუნებრივად მისი მოვლა-მოყვანისთვის აუცილებელი ნიადაგობრივი და კლიმატური პირობები არსებობს. მიუხედავად იმისა, რომ მედაფნეობა საქართველოში უძველესი დარგია, ამ კულტურის მოვლა-მოყვანის და მშრალი ფოთლის წარმოების სასოფლო-სამეურნეო და ტექნოლოგიური ოპერაციების მექანიზაციის დონე დღეისათვის 10-15% არ აღემატება.
აგროტექნიკით გათვალისწინებული ძირითადი ღონისძიებიდან, საუკეთესო შემთხვევაში მექანიზებული წესით შესაძლებელია რიგთაშორისებში ნიადაგის დამუშავების, მცენარეების შხამქიმიკატებით შეწამვლის, სასუქების შეტანისა და ტრანსპორტირების ოპერაციების ჩატარება, ხოლო ისეთი რთული და შრომატევადი ოპერაციები, როგორიცაა დაფნის ბუჩქების მძიმედ გასხვლა, მოსავლის აღების ოპერაციები: დაფნის ტოტების აჭრა, შეკონვა, მშრალი ღეროებიდან ფოთლის მოცილება, ფოთლების დახარისხება და სხვა, ხდება ხელით, მძიმე ფიზიკური შრომის გამოყენებით.
მედაფნეობაში მექანიზაციის დაბალი დონე მისივე თავისებურებით აიხსნება. დღეისათვის არსებული პლანტაციები ძირითადად გაშენებულია არასამექანიზაციო სქემით, ვიწრო რიგთაშორისებით და ფერდობებზე. დაფნის ბუჩქებიდან ძირითადად ხდება ორწლიანი ნაზარდი ღეროების აჭრა, რომლებიც დიდი გაბარიტული ზომების გამო ძნელად ექვემდებარებიან მექანიზაციას.
კეთილშობილი დაფნა საქართველოს სხვადასხვა რეგიონში გაშენებულია როგორც ვაკეზე, ასევე 30°-მდე დაქანების მქონე ფერდობებზე, შესაბამისად მოვლა-მოყვანისა და მოსავლის აღების ტექნოლოგიური ოპერაციების მექანიზაციის თვალსაზრისით, არსებული პლანტაციები ორ ჯგუფად იყოფა:
პირველ ჯგუფს მიეკუთვნებიან ის პლანტაციები, რომლებიც გაშენებულია ვაკე და 10°-მდე დაქანების მქონე ფერდობებზე. ასეთ პლანტაციებში ზოგიერთი შრომატევადი ტექნოლოგიური ოპერაციების მექანიზაციისთვის შესაძლებელია სოფლის მეურნეობის სხვადასხვა დარგებში (მებაღეობა, მევენახეობა, მეჩაიეობა და სხვა) გამოყენებული ენერგეტიკული და ტექნიკური საშუალებების დანერგვა.
მეორე ჯგუფს მიეკუთვნებიან ის პლანტაციები, რომლებიც განლაგებულია ტრაქტორმიუვალ ნაკვეთებზე და 10°-ზე მეტი დაქანების მქონე ფერდობებზე. ასეთ პლანტაციებში, ძირითადი სასოფლო-სამეურნეო ოპერაციების მექანიზაციისთვის, შესაძლებელია მხოლოდ სპეციალური ენერგეტიკული და ტექნიკური საშუალებების გამოყენება, რომლებიც უნდა აკმაყოფილებდნენ სამთო მიწათმოქმედების რთულ პირობებს.
მედაფნეობაში არსებული შრომატევადი ოპერაციების მექანიზაციის დაბალი დონე მნიშვნელოვნად ამცირებს მის რენტაბელობას.
როგორც, ზემოთ აღვნიშნეთ, მედაფნეობის აღორძინებისა და მისი შემდგომი განვითარების ერთ-ერთ აუცილებელ პირობას წარმოადგენს მშრალი ფოთლის წარმოების ენერგორესურსდამზოგი, ახალი უნარჩენო ტექნოლოგიისა და მისი განხორციელებისათვის საჭირო მანქანათა კომპლექსის დამუშავება.
მედაფნეობისთვის სპეციალიზებული მანქანათა კომპლექსის შექმნისა და მათი რაციონალური გამოყენების ერთ-ერთ ძირითად საფუძველს წარმოადგენს ადვილად მექანიზებადი აგრონომიული ფონის შექმნა. ე.ი. დაფნის ისეთი პლანტაციების გაშენება, სადაც შესაძლებელია ენერგეტიკული და ტექნიკური საშუალებების გამოყენება. ამ პირობას საფუძველი უნდა ჩაეყაროს ახალი პლანტაციების გაშენების დროს. სასურველ შედეგს მოგვცემს პლანტაციების შპალერული წესით გაშენება, რიგთაშირისებით 1.8-2.0 მ. არსებულ ძველ პლანტაციებში საჭიროა ჩატარდეს რეკონსტრუქცია, გადაბერებულ პლანტაციებში კი მიზანშეწონილია მძიმე გასხვლის ჩატარება, რომელიც იმავე დროს ხელს შეუწყობს მოსავლიანობის გაზრდას.
მექანიზაციის დონის ამაღლების ერთ-ერთი ხელშემწყობი ფაქტორი მოსავლის ყოველწლიურად აღების მეთოდის დანერგვაა. ამ შემთხვევაში, ტოტების მცირე გაბარიტული ზომების გამო მნიშვნელოვნად გამარტივდება მათი აჭრის, შეკონვის, ტრანსპორტირების, შრობის და გაფოთვლის ოპერაციების მექანიზება.
ზემოაღნიშნული ღონისძიებების ჩატარების შემდეგ დაფნის პლანტაციებში შესაძლებელი იქნება სერიული ტრაქტორებისა და თვითმავალი შასების გამოყენება. ასევე შესაძლებელი გახდება მრავალფუნქციური ენერგორესურსდამზოგი სპეციალიზებული მანქანა-დანადგარების შექმნა და წარმოებაში დანერგვა.
მედაფნეობის ეფექტიანობის ამაღლების მიზნით წინამდებარე ნაშრომის ავტორის ხელმძღვანელობით და უშუალო მონაწილეობით ჩატარდა თეორიული და პრაქტიკული ხასიათის სამუშაოები; დამუშავებულია დაფნის მშრალი ფოთლის წარმოების უნარჩენო ტექნოლოგია და შესაბამისი მანქანა-დანადგართა კომპლექსი, რომელიც ითვალისწინებს ხარისხოვანი ფოთლის დამზადების შემდეგ დარჩენილი გაფოთლილი ტოტებისა და უხარისხო ფოთლების ცალკე გადამუშავებას და მათგან არომატული ფქვილის მიღებას.
ნახ.1. დაფნის წარმოების უნარჩენო ტექნოლოგია
რეკომენდებული ტექნოლოგიის განხორციელებისათვის დამუშავებულია შემდეგი მანქანა-დანადგარები (იხ.ნახ.1):
1. ბუჩქების მძიმედ სასხლავი მანქანა;
2. მოსავლის ამღები მანქანა;
3. ნედლი მასალის ტრანსპორტირება;
4. ნედლი მასალის (კონების) ხელოვნური საშრობი ავტომატიზებული საამქრო;
5. მშრალი ტოტებიდან ფოთლების გამცლელ-დამახარისხებელი აეროდინამიკური დანადგარი;
6. ნარჩენი მასალის გადამამუშავებელი სტაციონალური დანადგარი.
დღეისათვის საქართველოს მედაფნეობის ძირითად რეგიონებში: სამეგრელოში, გურიაში, აჭარაში, კახეთში და იმერეთში ნაწილობრივ გამოიყენება ზემოაღნიშნული მანქანა-დანადგარები, განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს სენაკის მუნიციპალიტეტის სოფ. ნოსირში მოქმედი დაფნის მიმღებ-გადამმუშავებელი საწარმო.
პერსპექტივაში, მედაფნეობის შემდგომი განვითარების მიზნით საჭიროა, გაფართოვდეს დაფნის მოვლა-მოყვანის, მოსავლის ამღები, ნედლი ტოტების საშრობ-გადამმუშავებელი და დამფასოებელი დანადგარების ქარხნული წესით წარმოება და ხელმისაწვდომი ფასით მიწოდება დაფნის მწარმოებელი მოსახლეობისთვის.
სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის, აგროსაინჟინრო კვლევის სამსახურის უფროსი, ტექ. მეც.დოქტორი. პროფ. ნუგზარ ებანოიძე;
აგროსაინჟინრო კვლევის სამსახურის სპეციალისტი, მარიტა მაჭარაშვილი.
იხილეთ აგრეთვე: დაფნა – დაფნის მოვლა-მოყვანის თანამედროვე ტექნოლოგია