ბლის ჯიში სამბა (Samba)
წარმოშობა: კანადური სელექციის ჯიშია. მიღებულია სამერლენდის კვლევით სადგურში ჰიბრიდიზაციით. სინონიმი: სამსტე (Sumste).
გავრცელება: საქართველოში შემოტანილია 2010 წელს ვაზისა და ხეხილის სარგავი მასალის წარმოების ეროვნული ცენტრის (2014 წლიდან სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ს. ჯიღაურას ექსპერიმენტული ბაზა) მიერ.
მორფოლოგიური დახასიათება: ხე საშუალო ზრდის. ვარჯი ზემოთ მიმართული ფორმის. ჩონჩხის ტოტები მუქი მწვანე შეფერილობის, ვერტიკალურად მიმართული. კანი მუქი ყავისფერი. ფოთლის ზედა მხარე მკვეთრი წვანე შეფერილობის ფირფიტა მოგრძო, კვერცხისებური ფორმის, მკვეთრი გრძელი წვერით, კიდე – ხერხკბილა. ყუნწი გრძელი, ორი თირკმლისებური ფორმის, მოწითალო ფერის სანექტრე ჯირკვლით.
ყვავილი საშუალო სიდიდის. მრგვალი გვირგვინის ფურცლებით, რომლებიც ერთმანეთს ეხება.
ნაყოფის პომოლოგიური ნიშნები: ჯიშისთვის დამახასიათებელია საკმაოდ მსხვილი ნაყოფი (9.0 გ). მოგრძო ოვალური გულისებრი ფორმის (2.4 X 2.6 სმ). ნაყოფი ნახევრად მშრალად შორდება ყუნწს. ყუნწი საშუალო სიგრძის (სიგრძე 32 მმ). კანი მუქი წითელი ფერის. მბრწყინავი. რბილობი მოვარდისფრო, მკვრივი, წვნიანი. კურკა ელიფსური ფორმის, საშუალო სიდიდის (მასა 0.32 გ). ნაყოფი ხასიათდება საუკეთესო საგემოვნო თვისებებით.
მომჟავო-მოტკბო გემოსი, არომატული. სადეგუსტაციო შეფასება – 4,8 ბალი (5-ბალიანი სისტემით).
მარტივი ბიოქიმიური შედგენილობა: ხსნადი მშრალი ნივთიერება -13.5 -13.9% (Bრიხ); ტიტრული მჟავიანობა – 0.71-0.76 %.
ბიოლოგიური და სამეურნეო თავისებურებები
ზრდა და მსხმოიარობა. ჯიშს ახასიათებს ძლიერი განტოტვა და ყლორტების განვითარების კარგი უნარი. ძირითადად მსხმოიარობს, სანაყოფე თაიგულებზე და ერთ- წლიან ტოტებზე. მსხმოიარობაში შედის დარგვიდან მე-3-4 წელს (საძირე-კოლტი). მოსავლიანობა რეგულარული, მაღალი. კვლევის მიხედვით დადგენილია, რომ საშუალო მოსავალი შეადგენს 23.6 კგ/ხე.
დამტვერვა. ჯიში ყვავილობს აპრილის პირველ დეკადაში. (საკონტროლო ჯიშ ბურლატთან შედარებით 2-3 დღით გვიან). ყვავილობის ხანგრძლივობა 8-10 დღეა. (ს. ჯიღაურას (მცხეთა) პირობებში) საადრეო-საშუალო პერიოდის მოყვავილეა. თვითფერტილი. ჯიში შეთავსებადობის მიხედვით მიეკუთვნება S1S3 ალელების მქონე გენოტიპების ჯგუფს. საუკეთესო დამამტვერიანებელი ჯიშებია: ლაპინსი, კორდია, გედელფინგენი.
გამძლეობა მავნებელ-დაავადებების მიმართ. ჯიში მავნებელ-დაავადებათა მიმართ შედარებით ტოლერანტულია.
სიმწიფის პერიოდი . საუკეთესო სასაქონლო და საგემოვნო თვისებების მქონე ჯიშია. საადრეო-საშუალო სიმწიფის პერიოდის. ნაყოფი მწიფდება ივნისის შუა პერიოდში, ნაყოფები მწიფდება ერთდროულად, ხეზე დიდხანს ჩერდება, არ ცვივა და ინარჩუნებს კარგ სასაქონლო სახეს. წვიმიან კლიმატის პირობებში ნაყოფები ნაკლებად მიდრეკილია დასკდომისკენ. ნაყოფები ძირითადად გამოიყენება როგორც სადესერტო ხილი.
ჯიშის დადებითი თვისებები. უხვი და რეგულარული მსხმოიარობა (დამწიფების შემდეგ ნაყოფი ხიდან არ ცვივა). ნაყოფის ტოლერანტობა სოკოვანი დაავადებების მიმართ და ასევე მაღალი ტრანსპორტაბელობის უნარი.
ჯიშის უარყოფითი თვისებები. ზოგჯერ ახასიათებს არაერთგვაროვანი ნაყოფები.
ზოგადი შეფასება. ჯიშს შეიძლება მიეცეს რეკომენდაცია სამრეწველო მიზნით გავრცელდეს აღმოსავლეთ საქართველოს რეგიონებში, როგორც მაღალხარისხიანი საადრეო – საშუალო სიმწიფის ბლის ჯიში.
ავტორები: ზვიად ბობოქაშვილი; ელენე მაღლაკელიძე.
სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი.
წყარო: ხეხილის ახალი ჯიშები და მათი თავისებურებები
სტატიას აქვს მხოლოდ საინფორმაციო ხასიათი.