ჭიაყელების გამრავლება შეიძლება ხეების ჩრდილში, ფარდულში, სარდაფში – ყუთებში, ძველ აბაზანაში ან სპეციალურად მოწყობილ საჭიაყელეში, სადაც დაყრილი უნდა იქნეს 40-50 სმ სისქის კარგად დატენიანებული კომპოსტი.
ტენიანობა ნორმალურია მაშინ, თუ ხელის მოჭერით კომპოსტს გაუვა 1-2 წვეთი წყალი. საჭიაყელის ზომა არ უნდა იყოს დიდი, საკმარისია 2მ2.
დატენიანებული სუბსტრატი იფარება ჯვალოს ნაჭრით ან ნამჯით და უნდა დავაყოვნოთ 5-7 დღე ამიაკის ნარჩენის გამოსაყოფად და დამატებული სასუქების კრისტალების გასახსნელად. 5-7 დღის შემდეგ ყოველი საჭიაყელის შუაში კეთდება ორმო, რომელშიც იყრება ჭიაყელები. ამის შემდეგ ამოთხრილი ორმოს ზედაპირი სწორდება და იფარება ჯვალოს ნაჭრით ან ნამჯით.
ორმო პერიოდულად უნდა დატენიანდეს. ცხელ ამინდში ის უნდა მოირწყას ხშირად. ცივი წყლით მორწყვა მიუღებელია. ჭიაყელები თანდათან ეჩვევიან ახალ საკვებს. გადატანიდან ერთი კვირის შემდეგ უნდა შემოწმდეს, გადადიან თუ არა ჭიაყელები სუბსტრატზე. თუ ჭიაყელების ზედაპირი სუფთაა, ხოლო თვითონ ისინი მოძრაობენ, ეს იმაზე მიგვითითებს, რომ ემზადებიან სუბსტრატზე გადასასვლელად. აქედან ჩანს, რომ მათთვის ხელსაყრელი პირობებია შექმნილი.
თუ ჭიაყელებს მოძრაობა მოდუნებული აქვთ, არ არიან აქტიური, არ იკვებებიან, ემალებიან მზის სხივებს, ეს ნიშნავს, რომ მათ არ აქვთ ხელსაყრელი პირობები. ამ შემთხვევაში უნდა მოიძებნოს ჭიაყელების ახალი პოპულაცია სხვა წყაროდან და ხელახლა უნდა მოვათავსოთ საჭიაყელეში.
თუ ჭიაყელები კარგად გრძნობენ თავს, არ უნდა შევაწუხოთ 3-4 კვირის განმავლობაში საჭიაყელე პერიოდულად უნდა მოირწყოს გარემოს ტემპერატურის მქონე წყლით ისე, რომ საჭიაყელეში შენარჩუნებულ იქნეს 70-85 % ტენიანობა.
12-18 კვირის განმავლობაში ყველა ჭიაყელა დებს ბრინჯის მარცვლის ნახევარი ზომის პარკს, ყველა მათგანში იმყოფება ჭიაყელების 3-21 ჩანასახი. 2-3 კვირის შემდეგ პარკში გამოჩნდება ახალგამოსული ჭიაყელები, რომელთა ზომა 4-6 მმ-ია. ისინი სწრაფად იზრდებიან და 10-12 კვირის შემდეგ ინდივიდის მასა იზრდება 1-დან 250-500 მგ-მდე.
ჩვეულებრივ, ახალგაზრდა ჭიაყელები სქესობრივად მომწიფებული ხდებიან ოქტომბრის თვეში. ზაფხულის პერიოდში საჭიაყელეში მათი მასა იზრდება 20-50-ჯერ.
ჭიაყელების გამრავლების და ზრდისათვის საჭიროა ბევრი საკვები. ამიტომ საჭიაყელეში აუცილებელია ივნისის პირველი რიცხვებიდან, ყოველ 2-3 კვირაში, დაემატოს საკვების 15-20 სმ ფენა. სულ უნდა გაეწყოს 7-8 ფენა. უკანასკნელი ფენა უნდა დაიყაროს ოქტომბრის ბოლოს – ყინვების დაწყებამდე. გროვის სიმაღლემ შეიძლება 60 სმ-ს მიაღწიოს, ამიტომ ტენიანობის შესანარჩუნებლად აუცილებელია გროვას გვერდებზე გაუკეთდეს ფიცრები.
ჭიაყელები საჭიაყელეში თავსდებიან ძირითადად ზედა „საკვებ“ ფენაში, რომლის სისქე არის 20 სმ. ამ ფენას ხსნიან და იყენებენ ახალი სუბსტრატის პარტიაზე დასასახლებლად. ქვედა ფენაში ჭიაყელების მცირე რაოდენობა რჩება. ის წარმოადგენს ბიოჰუმუსს ანუ ჭიაყელების კომპოსტს. მას იღებენ, აშრობენ და აფასოებენ სათანადო შესაფუთი მასალით, ან შეაქვთ კვლებში.
ზაფხულის პერიოდში 1 მ2-ზე საჭიაყელეში გადამუშავდება 1 ტ-ზე მეტი 50% ტენიანობის მქონე კომპოსტი, რომლისგანაც მიიღება და დაახლოებით 500 კგ ბიოჰუმუსი. აღნიშნული ბიომასის 6-10 კგ-ს ცოცხალი ჭიები წარმოადგენენ.
ჭიაყელების სუბსტრატი
ჭიაყელასათვის სუბსტრატის მოსამზადებლად იყენებენ მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის, ღორის და ფრინველის ნაკელს. თუმცა ახალი ნაკელი გამოუსადეგარია ამიაკისა და ქლორის მაღალი შემცველობის გამო. უსაფენო ნაკელს ურევენ თანაბარი რაოდენობით ნამჯას, თივას, ნახერხს და სხვ.
ორგანული ნარჩენების კომპოსტირებას ჭიაყელებისათვის აწარმოებენ გროვად, რომელთა სიმაღლე არის 1,5-2 მ. ჭიაყელებისთვის განკუთვნილი კომპოსტებისთვის დაუშვებელია ორმოს გამოყენება.
დასაკომპოსტებელ ორგანულ ნივთიერებებს საჭიროა დაემატოს შემდეგი რაოდენობის კომპლექსური სასუქები: 1 ტონა დასაკომპოსტებელ მასაზე უმატებენ 2-3 კგ ორმაგ სუპერფოსფატს, 1 კგ მაგნიუმის სულფატს, 1 კგ კალიუმის სულფატს (და არა კალიუმის ქლორიდს), 2-3 კგ ამონიუმის სულფატს, 60 გ ბორის მჟავას, 3-5 კგ კირს ან დოლომიტის ფქვილს.
საჭიროა გროვა კარგად დატენიანდეს (60%-მდე) და დაიფაროს მზა კომპოსტით ან ნიადაგის 5-20 სმ ფენით (ზამთარში 30-40 სმ-ით).
კომპოსტის გროვა იწყებს გახურებას და 5-7 დღე-ღამეში მისი ტემპერატურა აღწევს +530 C და მეტს. ამ ტემპერატურაზე ნადგურდება სარეველების თესლები, ჰელმინტების კვერცხები, პათოგენური მიკროფლორა და ნემატოდები. სუბსტრატი 45-60 დღეში, ამიაკის სუნის გაქრობისთანავე, მზადაა გამოსაყენებლად.
აუცილებელია გვახსოვდეს, რომ კომპოსტირების პროცესის დარღვევისას წარმოებს ნემატოდების მასობრივი გამრავლება, რის გამოც მართალია ჭიაყელები იკვებებიან ნემატოდებით, მაგრამ მათი გამრავლების სიჩქარე ძალიან მაღალია, რამაც შესაძლოა სავალალო შედეგამდე მიგვიყვანოს.
სუბსტრატის მომწიფების დასაჩქარებლად რეკომენდებულია ის მოირწყას მზა კომპოსტის ან ბიოჰუმუსის წყლის ნარევით. საჭიროა 2 კვირაში ერთხელ გროვა კარგად დატენიანდეს.
ავტორები: ამირან თხელიძე; თეო ურუშაძე; ზაირა ტყებუჩავა / ბიოჰუმუსი, მისი მნიშვნელობა, დამზადება და გამოყენება მიწათმოქმედებაში/
იხილეთ აგრეთვე: ჭიაყელები და მათი სასოფლო-სამეურნეო მნიშვნელობა