მზის თბიერების სათბური

სათბურის (დახურული გრუნტის) გამოყენება ადამიანმა, საკმაოდ დიდი ხნის წინ დაიწყო, რაც ხელი მიჰყო სასოფლო სამეურნეო კულტურების მოყვანას და მიხვდა, რომ არასეზონურ პერიოდშიც შეიძლებოდა, ძირითადად ბოსტნეული კულტურების წარმოება-მოყვანა.

პირველ ეტაპზე, შედარებით მეტად განვითარებული იყო კვალსათბურები, ძირითადად, ჩითილებისა და მწვანილების მოსაყვანად, შემდგომ კი, უფრო აქტიურად დაიწყო სათბურების, დახურული გრუნტის აგება, ვინაიდან არასეზონზე, ანუ გვიანი შემოდგომა-ზამთარი-ადრეული გაზაფხული არასახარბიელო გარემო პირობებია ბოსტნეული კულტურების უმეტესობისთვის. ძირითადი ბოსტნეული კულტურების განვითარება ფერხდება 100C-ზე და უფრო დაბალ ტემპერატურაზე, ბაზარი კი პირიქით, ამ პერიოდისთვის დეფიციტურია, ამიტომაც ხასიათდება მაღალი ფასებითა და შემოსავლებით.

დროთა განმავლობაში, განვითარდა და დაიხვეწა სათბურების ტიპები, ფორმები, კონსტრუქციები, გადასაფარი საშუალებები, გათბობის წყაროები და სხვ.

სათბურებზე მრავალი დაიწერა და კვლავაც გაგრძელდება მათი შესწავლა-განვითარება, მაგრამ ამჯერად შევჩერდეთ ერთ-ერთ ენერგოეფექტურ, მზის თბიერების სათბურზე, თუ რამდენად ეფექტურია და მოხერხებული მსგავსი ტიპის სათბური, როგორც საოპერაციოდ, ისე ეკონომიკურად.

დღეს მსოფლიოში არსებული ბოლო თაობის სასათბურე ტექნოლოგიები წარმატებით ფუნქციონირებს სხვადასხვა ქვეყნებში, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ეს ტექნოლოგიები საკმაოდ ძვირადღირებულია.

საქართველოში მცირემიწიანი ფერმერისათვის ასეთი სასათბურე ტექნოლოგიების შეძენა თითქმის შეუძლებელია, ამიტომ ფერმერმა სოფლის მეურნეობის დარგის სპეციალისტის დახმარებით უნდა შეარჩიოს შედარებით იაფი და ენერგოეფექტური სათბური, რომელიც უფრო რენტაბელურს გახდის პროდუქციის წარმოებას

ამჯერად განვიხილავთ უშუალოდ მზის ენერგიით, ინფრაწითელი ტალღის სხივებით გამთბარ სათბურს და არა მზის ელემენტებით აღჭურვილს, თუმცა მზის ელემენტებით აღჭურვილი სათბურიც მნიშვნელოვანია, მაგრამ საჭიროებს დანადგარების შესყიდვას, დამონტაჟებას და მოვლას., რაც დამატებით ხარჯებთანაა დაკავშირებული, სამაგიეროდ ელემენტებიდან აკუმულირებული უფასო ელექტროენერია შეიძლება გამოყენებულ იქნას ტექნიკური მიზნებისთვის, გათბობისთვის, განათებისთვის და სხვ.

რატომ მზის თბიერების სათბური? რითია მოსახერხებელი და ეფექტური? მრავალ გარემოებათა გამო: პირველი ის, რომ მზის ენერგიას ვიღებთ უფასოდ, რაც ძირითადი და უმნიშვნელოვანესი გარემო ფაქტორია, რომელსაც ვიღებთ შეზღუდულად, მხოლოდ გარკვეული პერიოდით და ამიტომაც საჭიროა  მზის ენერგიის მაქსიმალურად გამოყენება მისი ნათების განმავლობაში.

როგორც ავღნიშნეთ, სათბურების მრავალი სხვადასხვა ტიპი არსებობს, მაგრამ მზის თბიერების სათბური გამოირჩევა თავისი დიზაინითა და ექსპლუატაციის თავისებურებებით.

ვინაიდან მზის თბიერების სათბურის   გათბობის წყაროს ძირითად მზე წარმოადგენს, საჭიროა მზის ენერეგიის მაქსიმალური აკუმულირება, მით უფრო ზამთარში, როცა დღე ისედაც მოკლეა, რათა შთანთქმული სითბო ღამის პერიოდში უკანვე, სათბურში დააბრუნოს და მაქსიმალურად შენარჩუნდეს, თუნდაც მცენარეთათვის საარსებო მინიმალური ტემპერატურა.

კონსტურქცია. მზის თბიერების სათბურისთვის შეიძლება შერჩეული იქნეს სხვადახვა ტიპის ნაგებობა: ორფერდა, გვირაბისებური, მაგრამ ძირითადად იყენებენ ერთნახევარფერდა ტიპისა და კონსტრუქციის ნაგებობას. რას წარმოადგენს ერთნახევარფერდა ტიპის სათბური? ეს გახლავთ შუაზე გატიხრული გვირაბისებური სათბური, რომლის ცალი ფერდი ამოშენებულია სითბოიზოლაციური მასალით, რათა დღის განმანმავლობაში მიღებული და აკუმულირებული მზის ენერგია, ღამით გარეთ გამოიცეს და შეძლებისდაგვარად, შენარჩუნებული იქნას მცენარის განვითარებისთვის აუცილებელი ტემპერატურა.

სათბურის საფარი. სათბურის საფარს არსებითი მნიშვნელობა გააჩნია ექსპლუატაციის პერიოდში. საფარი არ უნდა იყოს მყიფე, არ იმსხრეოდეს ადვილად, უნდა იყოს მსუბუქი, მზის სხივების კარგი გამტარი, ჰაერის ცირკულაციის ხელშემწყობი, უნდა ხასიათდებოდეს ექსპლუატაციის ხანგრძლივობითა და რაც მნიშვნელოვანია, –  სითბოს გაცემის  დაბალი კოეფიციენტით.

საბჭოთა პრეიოდში სათბურებისა და კვალსათბურების უმეტესობა რკინის კონსტრუქციებისა და შუშის საფარით იყო გადახურული. შუშა მართალია მზის სხივების კარგი გამტარია, მაგრამ მყიფეა და ადვილად მსხვრევადი, მძიმეა და ხასიათდება სითბოგამტარობით  შედარებით მაღალი კოეფიციენტით K = 4.5 – 5.

სასათბურე ფირი (პოლიეთილენი / ცელოფანი), სისქე 120, 150, 180, 210, 240 მკრ. საქართველოს პირობებისთვის ყველაზე მისაღები და რენტაბელურია 150-180 მკრ ცელოფნის ფირი.

ნაკლი: ექსპლოატაციის ხანმოკლე პერიოდი (3-5 წელი); მონტაჟისას აუცილებელია ფირის ზომიერი და თანაბარი დაჭიმვა.

უპირატესობა: დაბალი ფასი, მავნე ულტრაიისფერი სხივების არეკვლის უნარი, ანტიკონდენსატური საფარველი, სითბოს დაბალი გამტარობა (K=4-4,5). მონტაჟის სიმარტივე, კულტურების მიხედვით შუქგამტარობის შეცვლის საშუალება, სინათლის გაბნევის მაღალი კოეფიციენტი, რაც ამცირებს დაჩრდილვის აუცილებლობას.

პოლიკარბონატი. მიუხედავად მაღალი ღირებულებისა, გააჩნია მნიშვნელოვანი უპირატესობები: მაღალი მედეგობა (ორ ფენიანი, 6მმ სისქის უძლებს 2.1 ჯოულ დარტყმას, ეს ნიშნავს, 2 სმ-ს დიამეტრის სეტყვის 114 კმ სთ სიჩქარით დაცემას). მაღალი პლასტიკურობა და სიმტკიცე, დაბალი წონა და შესაბამისად, კონსტრუქციის ნაკლები ხარჯი, დაბალი სითბოგამტარობა (K=2-2,5) და ექსპლოატაციის ხანგრძლივი პერიოდი (15-25 წელი).

სათბური, ენერგოეფექტური

ფოტო 1. მარნეულის მუნიციპალიტეტის, სოფ. შულავერში, სოფლის მეურნეობის სამენიერო კვლევითი ცენტრის ბაზაზე, ჩინელების მიერ აგებული მზის თბიერების სათბური (გარე პერიმეტრი).

სათბური, ენერგოეფექტური

ფოტო 2. მარნეულის მუნიციპალიტეტის, სოფ. შულავერში, სოფლის მეურნეობის სამენიერო კვლევითი ცენტრის ბაზაზე, ჩინელების მიერ აგებული მზის თბიერების სათბური (შიდა პერიმეტრი).

მზის მიმართ განლაგება.

მზის მიმართ სათბურის განლაგება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დატალია.  როგორც წესი, მზის ენერგიის მაქსიმალურად ოპტიმალური ეფექტის მისაღებად ორფერდა სათბურებს განალაგებენ გრძელი ფერდის აღმოსავლეთით მიშვერით, ხოლო ცალფერდა სათბურებს მოკლე ფერდის აღმოსავლეთით მიშრვერით, რომ თავიდან აცილებული იქნას დახურული ფერდის მიერ დარჩდილვა. რაც შეეხება ერთნახევარ ფერდა მზის თბიერების სათბურებს, ანალოგიურად ცალფერდა სათბურებისა, მზისადმი განლაგებული უნდა იქბან მოკლე ფერდის აღმოსავლეთით მიშვერით.

ექსპლუატაცია.

საერთოდ, სათბურების ექსპლუატაცია მარტივი და იოლი საქმე არ გახლავთ, წვრილმანი დეტალიც კი გასათვალისწინებელია, რომ სავალალო შედეგები არ მივიღოთ. მზის თბიერების სათბურს გარდა, ტექნიკური გათბობის ყველა ის ატრიბუტი ესაჭიროება, რაც ზოგადად ყველა ტიპის სათბურებს.

სითბო და ტემპერატურის რეგულირება,. სითბო და ტემპერატურული რეჟიმი რეგულირდება დღის განმავლობაში მზის ენერგიით, ხოლო მზის ჩასვლისას, ღია ცალფერდს გარედან ან შიგნიდან ეფარება სპეციალური ფარდა, რომ აცილებული იქნას დღის განმავლობაში აკუმულირებული სითბოს გაცემა, ხოლო ამოშენებული თბოიზალციური კედლიდან გამოცემული სითბო კი შენარჩუნებული იქნას მაქსიმალურად.

ტემპერატურის რეგულირება ხორციელდება სპეციალური ვენტილატორების და სარკმელების მეშვეობით,  რომლებიც თანაბრად გადაანაწილებენ სათბურში არსებულ ჰაერს,  განსაკუთრებით თუ მაღალი ტემპერატურაა სათბურში.

ირიგაცია / ფერტიგაცია. წყალი და საკვები ელემენტები მთავარი ძირითადი კომპონენეტებია მცენარეთა არსებობისთვის. სხვადასხვა სარწყავი სისტებებიდან ყველაზე ეფექტურია წვეთოვანი სისტემის მონტაჟი, გარდა იმისა, რომ წვეთოვანი სისტებით ეკონომიურად და ოპტიმალურად მიეწოდება წყალი ფესვთა სისტემას, ამავდროულად შესაძლებელია, ამავე სისტემით, წყალთან ერთად საკვები ელემენტების ოპტიმალური მიწოდებაც,

სინათლის რეჟიმი. სინათლის რეჟიმი შერჩეული უნდა იქნას კულტურების მიხედვით, ვინაიდან არსებობენ, როგორც გრძელი და ნეიტრალური დღის, ისე მოკლე დღის მცენარეები და იმისდა მიხედვით უნდა შეირჩეს სინათლის ხანგრძლივობაც.

ვინაიდან ზამთარში დღე მოკლეა, სინათლის იმიტაციის გასახანგრძლივებლად სათბურში იკიდება სპეციალური სათბურის ნათურები, რომლებიც უზრუნველყოფენ რამდენიმე საათით სინათლის გახანგრძლივებას.

მცენარის განვითარებისთვის საჭირო დღის შუქი მერყეობს 12 – 16 საათს იმისდა მიხედვით, თუ რომელი კულტურაა, ხოლო ღამის რეჟიმი მცენარისთვის აუცილებელია მინიმუ 6 საათი, რომ მოახდინოს დღის განმავლობაში დაგროვილი მარაგების შემდგომი სინთეზი და მეტაბოლიზმი.

ასევე, მნიშვნელოვანია სხვადახვა წყაროების / ნათურების შერჩევაც, ასე მაგ: ფლუორესცენტური ნათურები, ნატრიუმის, ინფრაწითელი, LED ისა და სხვ. ტიპის ნათურები, რომლებიც გამოირჩევიან სინათლის სხივის სხვადასხვა სპექტრით, ფერითა და ენერგო მოხმარებით.

ეკონომიკური ეფექტი. 

მზის თბიერების სათბურებს გაცილებით მაღალი ეკონომიკური ეფექტი და რენტაბელობა გააჩნიათ, ვიდრე სხვა ტიპის ტექნიკური თბიერების სათბურებს. მის მაღალ რენტაბელობას უზრუნველყოფს ნაკლები დანახარჯი, რაც განპირობებულია გათბობისთვის მოხმარებული სხვადასხვა ენერგო რესურსების არ არსებობით.

ეკონომიკური ეფექტურობა და რენტაბელობა ძირითადად დამოკიდებულია დანახარჯებზე, შემოსავლებსა და მოგებაზე,

სხვადასხვა ენერგო რესურსებს სხვადსხვა რაოდენობის ენერგიის / კკალორიების გამომუშავება და განსხვავებული ერთეულის ფასიც გააჩნიათ. ამ კუთხით დღეისათვის შედარებით ეფექტურია ბუნებრივი გაზის მოხმარება, როგორც წყლის გათბობითა და შემდგომ ცირკულირებით სათბურის შიდა პერიმეტრში, ისე თბილი ჰაერის გამომუშავებით.

ვინაიდან დანახარჯების უმეტესი ნაწილი გათბობაზე მოდის, ბუნებრივია, მზის თბიერების სათბურში, ამ მხრივ, დანახარჯები მნიშვნელოვნად შემცირებულია და შესაბამისად, გაზრდილია საბოლოო მოგებაც. გარდა ამისა, გათბობაზე დაზოგილი რესურსი საშუალებას იძლევა პროდუქციის ფასის კორექტირებისა, რაც თავისთავად ბაზრის გარკვეული ნიშის დაკავების საშუალებას იძლევა და შესაბამისად, პროდუქციის ბრუნვის გაზრდის საშუალებასაც, რაც ასევე, მოგების გაზრდის საწინდარია.

რეკომენდაცია.

მათ, ვისაც სწადია სათბურში პროდუქციის წარმოება, რამდენიმე გარდაუვალ წესს უნდა მიჰყვეს:

გაიაროს პრაქტიკა და მიიღოს გამოცდილება მსგავსი ტიპის მზის თბიერების სათბურში პროდუქციის მოყვანისა, წინააღმდეგ შემთხვევაში, წააწყდება მრავალ გამოწვევას, რაც უარყოფითად იმოქმედებს საბოლოო შედეგებზე;

სათბურების ტიპის შერჩევისას უპრიანი იქნებოდა ადგილობრივი გარემოს შესწავლა და ენერგო რესურსების იდენტიფიცირება, მაგ: ბუნებრივი თერმული წყლები, ნაკადულები, სადაც შეიძლება მიკრო ელექტრო ტუმბოების დაყენება და ელ-ენერგიის გამომუშავება, და რა თქმა უნდა, მზიანი დღეების განსაზღვრა, რომ დამატებით გამოყენებული იქნას მზის ენერგია;

სათბურის ტიპების შერჩევისას მზის თბიერების სათბური ბევრად ეფექტურია ეკონომიკურად, მაგრამ ექსპლუატაცია შეზღუდულია მკაცრი ზამთრის პირობებში, ამიტომაც შერჩეული უნდა იქნას როგორც ზონალობა, ისე კლიმატური პირობები;

უპრიანი იქნებოდა შერეული, კომბინირებული ტიპის, მზის ენერგიის მაქსიმალურად გამოყენების საშუალებების ჩართულობაც მაგ: დამატებით მზის ელემენტების დამონტაჟება და ელექტროენერგიის დამატებით გამომუშავება, ან დაზღვევის მიზნით, ბუნებრივ აირზე მომუშავე სისტემის ჩართულობა, თუ კი ამას სიტუაცია მოითხოვს.

მოკლედ და ზოგადად სულ ეს გახლავთ, ხოლო დეტალურად არსებობს, როგორც სახელმძღვანელოები ისე ლუტერატურული წყაროები და როგორც უკვე ზემოთ ავღნიშნეთ, გარდა თეორიული ცოდნისა აუცილებელია პრაქტიკული რეკომენდაციები და გარკვეული დროით პრაქტიკა.

გიორგი ბადრიშვილი, ს/მ დოქტორი.

იხილეთ აგრეთვე: ორმაგი სათბური

თქვენი რეკლამა