შინაურ ფრინველთა კვების ხალხური წესები

ფრინველი, კვება

შინაურ ფრინველთა კვების ტრადიციები საქართველოში.

საინტერესო მასალებია მოპოვებული ფრინველთა კვებისა და მოვლის ხალხური წესებისა და ხერხების შესახებ. არსებული მასალებიდან ჩანს, რომ ჩვენი წინაპრები კარგად ერკვეოდნენ და კარგადაც ჰქონდათ შესწავლილი გარკვეული სახის ფრინველთა კვების თუ მოვლის თავისებურება.

მეურნემ იცოდა, რომ ინდაურის ჭუკი გაცილებით სუსტია და ძნელი გასაზრდელი, ვიდრე სხვა რომელიმე შინაური ფრინველის წიწილა (ქათამი, ბატი, იხვი და სხვა). მათ შეუმუშავებიათ ინდაურის ჭუკის გაზრდისათვის საჭირო კვების რაციონი და სხვა აუცილებელი პირობა: ინდაური წელიწადში დებს 20 – 30 კვერცხს. დიასახლისმა კვერცხები უნდა მოაგროვოს და გრილ ადგილას შეინახოს.

როდესაც ინდაური მოკრუხდება, საბუდარი უნდა გაუკეთოს, სადაც ჩააგებს თივას და  ჩაუდებს 17 კვერცხს. საბუდარი უნდა იყოს თბილი და  მოწყობილი  ნაწილობრივად ბნელ ადგილზე. იქვე დაედგას წყალი და საკენკი. უნდა იყოს მუდმივი ყურადღების ქვეშ. როცა ინდაური საკენკისათვის გადმოვა, კვერცხებს ცხვრის ტყავი უნდა გადააფარონ, რათა არ გაცივდეს.

კრუხი 28 დღეს იჯდება  და შემდეგ წიწილები გამოიჩეკება. პირველ სამ დღეს მხოლოდ მოხარშული კვერცხის გულით უნდა კვებო. შემდეგ  მოხარშულ ბარდას გაურევენ  მოხარშული კვერცხის გულს და  დღეში სამჯერ აჭმევენ. შემდეგ მოხარშული კვერცხის გულს შეურევენ  მოხარშულ  ჭინჭარს (Urtica urens L. U. dioica L.)  და სალათს (Lactuca sativa L.).

ორი კვირის შემდეგ  მენიუდან გამოირიცხება კვერცხის გული და მიეცემა მოხარშულ ჭინჭარში შერეული სალათა, რომელიც შერეული იქნება სიმინდის (Zea mayse) ღერღილში, დღეში სამჯერ. პირველ 20 დღეს საკენკი უნდა დაუყარონ რბილ საფენზე, რათა ნისკარტი არ დაეჟეჟოს. კარგ ამინდებში ეზოში გაუშვებენ. მოზრდილ ინდაურს კვებავდნენ სხვა ფრინველებთან (ქათამი, ბატი, იხვი და სხვა) ერთად. მაგრამ ინდაური საჭიროებს დამატებით კვებას.

ფრინველთა კვების საკითხს დიასახლისი შემდეგნაირად წყვეტდა: ზაფხულობით გვიან შემოდგომამდე ისინი ბალახეულითა და სხვადასხვა საკენკით, ძირითადად თავად იკმაყოფილებდნენ თავს. დამატებით, დღეში ერთხელ აწვდიდნენ მარცვლეულს: ხორბალს (Triticum), სიმინდს (Zea  mayse), ქერს (Herdeum)  და სხვა, ხოლო ზამთრობით და ადრე გაზაფხულზე მთლიანად მარცვლეულით კვებაზე იყვნენ გადაყვანილი.

ზაფხულობით მეტ ყურადღებას უთმობდნენ კრუხის კვებას. მას ძირითადად მარცვლეულით კვებავდნენ როგორც კვერცხზე ჯდომის, ისე წიწილების მოვლის პროცესში. წარმოდგენილი მასალა ჩაწერილია იმერეთში. საინტერესოა, თუ როგორ კვებავდნენ შინაურ ფრინველებს საქართველოს სხვა მხარეებში.

ქვემო რაჭის (ამბროლაურის რაიონი) სოფელ ბარელის მცხოვრები ანა დავითულიანი ამბობდა, რომ იყენებდნენ ჭინჭარს (Urtica urens L. U. dioica L.) და სალათს (Lactuca sativa L.). „ინდაურის წიპიებს ვკვებავთ ღერღილნარევი მოხარშული ჭინჭრით“. ლეჩხუმის (ცაგერის რაიონი) სოფლებშიც ინდაურის ჭუკებს ძირითადად ზრდიდნენ შემდეგნაირად: მოხარშულ ჭინჭარში აურევდნენ სიმინდის ცომს და დღეში სამჯერ კვებავდნენ.

ხობის რაიონის სოფელ წინაგოლის მცხოვრები 81 წლის ალექსანდრე ბუკია ეთნოგრაფებთან საუბარში აღნიშნავდა, რომ „ინდაურის ჭუჭულებს ვუხარშავთ ჭინჭარს, მერე დავნაყავთ, გავურევთ ღომს და ამით ვკვებავთ“. ქათმის წიწილებს ვაჭმევთ დაღერღილ სიმინდს, იხვსა და ბატს სხვადასხვა საკენკავს ვუყრით“.

კახეთში-ქიზიყში  გამოკითხულ იქნა სოფელ ქვემო მაჩხაანის მცხოვრები ანა მენთეშაშვილი, რომელმაც ეთნოგრაფებს უთხრა, რომ „ინდოურის ჭუკს მატიტელას (Polugonum aviculare L.) უკეპავდნენ, სიმინდის ფქვილში უსვრიმავდნენ და ასე აჭმევდნენ. ბატისა და იხვის ჭუკებს კი ჟუნჟრუკოს (Stellaria media) აჭმევდნენ“.

„ქათმის წიწილებს ფეტვს (Panicum miliaceum L.) აჭმევდნენ. ახლა ფეტვი აღარ არის  და სიმინდის ფქვილს უფშუკავენ, რაც მეტს აჭმევენ უკეთესია. ორი კვირის შემდეგ თანდათან აჩ­ვევენ საკენკის ჭამას“.

შიდა კახეთში (სოფელი გულგულა) ჩაწერილ მასალებში ნათქვამია, რომ მატიტელას დაჭრიან, დაკეპავენ, სიმინდის ფქვილში აურევენ და ასეთი სახით „ვაჭმევთ პატარა პიებს“ (პიებში იგულისხმება ინდაურის წიწილა), „ხახვის ფოჩიც (Allium cepa L) შეიძლება რომ დავკეპოთ, მრავალძარღვაც (Plantago maior L.), ჭინჭრის ფოთოლიც, ნივრის ფოჩიც (Allium sativum L.), ყველაფერი დაკეპილია საჭირო“.

ბატისა და იხვისათვის კი სპეციალურად კეპავდნენ ჟუნჟრუკოსა და ღორის ქადას, აურევდნენ სიმინდის ფქვილში და აჭმევდნენ.

ქართლის სხვადასხვა მხარეს შეინიშნება ინდაურის ჭუკის სხვადასხვა წესით კვება. მაგალითად, ქართლში პირველად აჭმევენ მაწონსა და პურს ერთმანეთში არეულს. ასე კვებავენ ერთ კვირას. შემდეგ მატიტელას დაუჭრიან, აურევენ ქატოში, მოზილავენ და აჭმევენ. ასე კვებავდნენ ორ თვეს, შემდეგ კი გადაიყვანდნენ სა­ერთო კვებაზე, რადგანაც „მერე ყველაფერს ჭამს“.

დაახლოებით ასეთივე წესით კვებავდნენ ინდაურის ჭუკს სოფელ დიღომში. გამოკითხული პელაგია ლასურაშვილი (100 წლის) ამბობს, რომ ინდაურის ჭუკს გამოჩეკიდან ერთი კვირის მანძილზე კვებავენ მატიტელას, ქატოსა და მაწონის ნარევით. შემდეგ კი მაწვნისა და დოს ნარევს უმატებენ ქატოს და აძლ­ევენ, რის შემდეგაც  ბალახზე გაჰყავთ.

ქართლის სოფელ ყანჩავეთიდან მართა ჯიქურაძე   ეთნოგ­რა­ფებს უყვებოდა: „ჭუკი კვერცხიდან რომ გამოვა, სამ დღეს არაფერს ვაჭმევთ. მერე კვერცხი უნდა შევწვათ და ვაჭამოთ ორი დღე, შემდეგ დანაყილ მატიტელას და სიმინდის ფქვილს ერთმანეთში ავურევთ (ერთი წილი ფქვილი – ორი წილი ბალახი), დაუმატებთ რძეს და 4 თვემდე ასე კვებავდნენ. მერე ყველაფერს ჭამენ“.

საინგილოში ახალგამოჩეკილ ჭუკებს 5 – 6 დღე დაკუწულ მატიტელას მოხარშული კვერცხის გულში არეულს აჭმევდნენ. შემდეგ დალბობილ პურს და დაკუწულ მატიტელას აურევდნენ ერთმა­ნეთში და ასე კვებავდნენ. მერე კი მოხარშულ ბრინჯს (Oryza sativa L.) და დაკუწულ ჭინჭარს ერთმანეთში აურევდნენ და აჭმევდნენ. „როცა ჭუჭულები თვითონაც სძოვენ“, პატრონი დამატებით მაინც აძლევს სხვადასხვა საკვებს, “რათა კარგად გაიზარდონ”.

ჯავახეთში ჩაწერილი მასალების მიხედვით გამოკითხული პაპალა ლაზაშვილი ამბობს, რომ ახალგამოჩეკილ „ქათმის წიწილს ღომს აძლევენ, სანამ მოიჩიტებოდეს, მერე ქერს და შემდგომში სხვადასხვა საკვებსაც ურევენ. ბატის ჭუჭულებს აძლევენ  შესვრილ სიმინდის ფქვილს, როცა წამოიზრდება ბალახით იკვებება. იხვიც ასევე არის“.

როგორც არსებული მასალებიდან ჩანს, ჩვენი წინაპრები მაქსიმალურად იყენებდნენ ქვეყნის შეზღუდულ შესაძლებლობებს ცხოველთა კვების თუ მოვლის საქმეში.

საქართველოს ყველა კუთხისთვის დამახასიათებელია ცხოველთა და ფრინველთა კვების თავისებურებები, რაც ძირითადად უკავშირდება ქვეყნის როგორც კლიმატურ, ისე ეკონომი­კურ შესაძლებლობებს. მაგრამ, მაინც ზამთრობით ცხოველთა ძირითადი საკვები იყო თივა, ჩალა, ბზე, რომელთა მოპოვება მიწის სიმცირის გამო დიდი რაოდენობით ვერ ხერხდებოდა. ასევე იყო საზაფხულო საძოვრებიც შეზღუდული. აქაც  დიდი ეკონომია იყო საჭირო, რომ საქონელი გამოეკვებათ. ყოველივე ეს ხელს უშლიდა ცხოველთა რაოდენობის ზრდას. მიუხედავად ყველაფრისა, საქართველოში მეცხოველეობა და მისი პროდუქტები უხვად იყო, თუ მხედველობაში არ მივიღებთ იმ ჟამთა სიავის პერიოდებს, რომლებსაც, სამწუხაროდ, ხშირად ჰქონდა ადგილი საქართველოს სი­ნამდვილეში.

რაც შეეხება ცალკეულ მცენარეთა გამოყენებას ცხოველთა და ფრინველთა კვების საქმეში, ესეც დაკავშირებული იყო ბუნებრივ პირობებთან. მაგალითად, თითქმის მთელ საქართველოში ხარობდა სამყურა ბალახი, მატიტელა, ჭინჭარი და ა.შ, რომლებიც ფართოდ გამოიყენებოდა ცხოველთა და ფრინველთა კვებისათვის, სადაც ისინი არ ხარობდა, იყენებდნენ სხვა მცენარეებს, რაც განაპირობებდა საქართველოს სხვადასხვა კუთხეში მათი კვების თავისებურებას, მაგალითად, დასავლეთ საქართველოს უმეტეს კუთხეში ინდაურის ჭუკის საკვებად იყენებდნენ ჭინჭარს, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონებში – მატიტელას.

ასევე საქართველოს ცალკეული კუთხეებისთვის დამახასიათებელია ცხოველთა საკვების მოპოვებისა და არსებული საძოვრების გამოყენების ხერხები. ესეც დაკავშირებული იყო ბუნებრივ პირობებთან. ბარში დაზამთრებამდე და ზოგჯერ ზამთარშიც მოიპოვებდნენ ცხოველთა საკვებს, ხოლო ქვეყნის მთიან რაიონებში, სადაც ნალექი თოვლის სახით უხვად მოდიოდა, ამის შესაძლებლობას მოკლებულნი იყვნენ. ამიტომ, იძულებულნი ხდებოდნენ 5 – 6 თვე ცხოველები ბაგურ კვებაზე გადაეყვანათ. ამისათვის კი დიდი რაოდენობით საკვები იყო საჭირო. ამიტომ, შემოდგომაზე ისინი ანგარიშობდნენ ზამთარში რამდენი სული საქონლის გამოკვება შეეძლოთ, დანარჩენს ყიდდნენ (აქ შეიძლება გავიხსენოთ მთიანი რაჭის და სხვა მაგალითები).

ავტორები: ჯემალ სვანიძე, ლევან თორთლაძე.

თქვენი რეკლამა