არც ერთ ყვავილს არ ეძღვნება იმდენი ლეგენდა, თქმულება და გადმოცემა, რამდენიც ვარდს. მათ მოსათხრობად ცალკე წიგნის გამოცემა გახდებოდა საჭირო, ამიტომ შევჩერდეთ მხოლოდ რამდენიმეზე.
ვარდზე პირველი ლეგენდები ძველ ჩინეთში, ინდოეთსა და სპარსეთში შეიქმნა. ჩინეთში მას იმპერატორის ბაღებში აშენებდნენ. არსებობს გადმოცემა, რომ ჩინეთის იმპერატორის ბიბლიოთეკაში 500 მეტი წიგნი ვარდს ეძღვნებოდა, მაგრამ ამ დიდებულმა მემკვიდრეობამ ჩვენამდე ვერ მოაღწია.
ძველი ინდური ლეგენდის მიხედვით დედამიწაზე ყველაზე ლამაზი ქალი – ლაქშმი ვარდის კოკორში დაიბადა. სამყაროს მფარველმა ღმერთმა ვიშნუმ დაინახა რა ის ვარდის კოკორში მძინარე, ვერ მოითმინა და აკოცა. ამ კოცნამ ლაქშმი მის ცოლად და სილამაზის ქალღმერთად აქცია, ხოლო ვარდი წმინდა ყვავილი გახდა. ვარდებით ამშვენებდნენ ტაძრებსა და სამეფო სასახლეებს, რელიგიური ზეიმების დროს მის ფურცლებს ფენდნენ ღვთაებათა სავარაუდო გამოსავლელ გზებზე; იყო დრო, როცა გადასახადებსაც კი ვარდით იხდიდნენ.
ძველ სპარსეთში არსებობდა ლეგენდა, რომლის მიხედვითაც ღმერთებმა თოვლივით თეთრი ვარდი ყვავილების მეუფედ დანიშნეს. ეს რომ დაინახა, მისი სილამაზით მოხიბლულმა ტკბილხმოვანმა ბულბულმა, ის გულზე მიიკრა. მაგრამ ვარდის ბასრმა ეკლებმა ბულბულის პატარა სხეული გამსჭვალეს, მისმა სისხლმა ვარდის ფურცლები ალისფრად შეღება. ასე გაჩნდა დ/ედამიწაზე წითელი ვარდი. მეორე სპარსული ლეგენდა კი ყვითელი ვარდის გაჩენის შესახებ მოგვითხრობს. ლაშქრობიდან დაბრუნებული სულთანი მაშინვე თავისი საყვარელი ცოლისკენ გაეშურა. ქალი ქმარს კისერზე ჩამოეკიდა და თავისი სიყვარულისა და ერთგულების დასამტკიცებლად ფიცი დაუწყო. მაგრამ ამ სიტყვების გაგონებაზე, თეთრი ვარდი, რომელიც იქვე ბაღში იზრდებოდა, უეცრად გაყვითლდა. სულთანი ყველაფერს მიხვდა. ყვითელი ვარდი კი ამ დღიდან ღალატის სიმბოლოდ იქცა.
ძველ საბერძნეთსა და რომში ვარდის აყვავებას უკავშირებდნენ სიყვარულისა და სილამაზის ქალღმერთის აფროდიტეს (რომაულ მითოლოგიაში – ვენერა) დაბადებას. ქალღმერთი კუნძულ კვიპროსზე ზღვის თეთრი ქაფიდან დაიბადა. ამავე ქაფიდან გაჩნდნენ ვარდებიც, რომელთა გვირგვინიც დაადგეს ქალღმერთს. ყველგან, სადაც კი ის ფეხს დაადგამდა, ყვავილები იშლებოდა და ჰაერი ნელსურნელებით ივსებოდა. აფროდიტეს უკავშირდება წითელი ვარდის გაჩენაც. როცა ქალღმერთმა გაიგო, რომ მისი შეყვარებული ადონისი ტახზე ნადირობისას დაიღუპა, მთებში გაეშურა მისი სხეულის საძებნელად. წვეტიანმა ქვებმა და ძეძვის ეკლებმა აფროდიტეს ფეხები დაუსისხლიანეს. სისხლის წვეთები მიწაზე კვალს ტოვებდნენ. ბოლოს მან იპოვა შეყვარებულის ცხედარი და ისურვა, რომ ჭაბუკის ხსოვნის უკვდავსაყოფად მის მიერ დაღვრილი სისხლიდან ყვავილი გაჩენილიყო. მას შემდეგ ყოველ გაზაფხულზე მზიური ადონისი იშლება, ხოლო თავად აფროდიტეს სისხლის წვეთებიდან კი დიდებული წითელი ვარდები გაიზარდნენ.
ვარდის გაჩენაზე სხვა ლეგენდებიცაა ცნობილი. ერთ-ერთი მათგანის მიხედვით, როცა ნადირობის ქალღმერთმა დიანამ გაიგო, რომ მის სატრფო ამურს ნიმფა როზალია შეუყვარდა, განრისხებულმა მეტოქე კვრინჩხის ბუჩქში გადააგდო. ამური მის დასახმარებლად გაეშურა, მაგრამ დააგვიანა და უბედური ნიმფა ბასრი ეკლებით დაიღუპა. ამური ატირდა უსიცოცხლო სხეულის დანახვაზე, მისი ცრემლები ბუჩქს ეცემოდა და მან უეცრად ულამაზესი ყვავილები გამოისხა. ასე გაჩნდა ახალი ყვავილი, რომელსაც როზალიას საპატივსაცემოდ ვარდი (როზა) უწოდეს.
მსგავსი გადმოცემა დაკავშირებულია ქრისტიანულ წმინდან დომინიკთან: კვრინჩხი, რომლითაც მისი სხეული დაისერა, ვარდად გადაიქცა. მეორე ქრისტიანული ლეგენდის მიხედვით მთავარანგელოზმა გაბრიელმა ღვთისმშობლისთვის დაწნა სამი გვირგვინი თეთრი, წითელი და ყვითელი ვარდებისგან. თეთრი ვარდების გვირგვინი განასახიერებდა სიხარულს, წითელი – განცდას, ყვითელი კი ღვთისმშობლის დიდებას. ასე რომ ყვითელ ვარდებს აქვთ სხვა მნიშვნელობაც – ისინი დიდების სიმბოლოდ იქცნენ.
თუ ქრისტიანებს ვარდის სიყვარული კვლავ მხოლოდ XII საუკუნეში, ჯვაროსნული ლაშქრობების შემდეგ განუახლდათ, აღმოსავლეთში ვარდს ყოველთვის სცემდნენ პატივს. მისი სიყვარული სპარსელებისგან მთელ მუსულმანურ სამყაროზე გავრცელდა. ყურანის თანახმად, თეთრი ვარდი წარმოიქმნა მუჰამედის ოფლის წვეთებისაგან, როცა ის ღამით ცაზე ავიდა. ამავე დროს წითელი ვარდი წარმოიქმნა მუჰამედის თანმხლები მთავარანგელოზ გაბრიელის, ხოლო ყვითელი მათთან ერთად მიმავალი ცხოველის ოფლის წვეთებისაგან. ამიტომ, მუსულმანების აზრით, ვარდს გააჩნია განმწმენდი ძალა.
როცა 1187 წელს სულთანმა სალადინმა იერუსალიმი დაიპყრო, რომელიც ადრე ჯვაროსნებს ეკავათ, მან ბრძანა ვარდის წყლით მოერეცხათ ჯვაროსნების მიერ ეკლესიად გადაქცეული ტაძარი და იგი კვლავ ომარის მეჩეთად ექციათ. ამგვარად მოიქცა სულთანი მაჰმედ II, რომელმაც 1453 წელს დაიპყრო კონსტანტინეპოლი. წმინდა სოფიის ქრისტიანული ტაძრის სილამაზით მოხიბლულმა, გადაწყვიტა იგი მეჩეთად ექცია. იმისათვის რომ სხვა რწმენის სული განედევნა, მან ბრძანა ტაძარი თავიდან ბოლომდე ვარდის წყლით ჩამოერეცხათ.
ძალზე საინტერესოა ხავსის ვარდთან დაკავშირებული ლეგენდების გახსენება. ერთ-ერთი მათგანის მიხედვით, ის გაჩნდა ჯვრის ქვემოთ მოზარდ ხავსზე დაცემული ქრისტეს სისხლის წვეთებიდან. სისხლით გაჟღენთვის შემდეგ, ხავსი უეცრად კოკრებად გადაიქცა, რომლებიც საოცრად ლამაზ ვარდებად გადაიშალა. ეს ვარდი ჩვენი ჩვენი ცოდვების გამო წამებული ქრისტეს დაღვრილ სისხლს უნდა გვაგონებდეს.
ხავსის ვარდი გვხვდება ბრუნგილდის შესახებ არსებულ გერმანულ თქმულებებშიც. ვალკირიად გახდომის შემდეგ მას სამშობლოსთვის დაღუპულ მებრძოლთა სულები ვალგალაში უნდა გადაეტანა. ერთხელაც მან აღთქმა დაარღვია და ორთაბრძოლის ბედში ჩაერია – გამარჯვებულად გამოიყვანა მეფე, რომელსაც ომის ღმერთმა ვოტანმა სიკვდილი განუსაზღვრა. განრისხებულმა ღმერთმა ურჩობისთვის მისი დასჯა განიზრახა და ძილის დროს თავქვეშ ხავსისმაგვარი გამონაზარდებიანი ველური ვარდის ტოტი დაუდო, რომ აღარ გაღვიძებოდა. მისი ძილი ძალიან დიდ ხანს, მანამ გაგრძელდა, სანამ ის პრინცმა არ ნახა და თავისი კოცნით არ გააღვიძა. ალბათ ამ თქმულებამ საფუძველი დაუდო ზღაპარს მძინარე მზეთუნახავის შესახებ.
ეს გადმოცემები იმითაა საინტერესო, რომ ისინი ევროპაში წარმოიშვნენ ხავსის ვარდის აღმოჩენამდე. სპეციალისტები კი თვლიან, რომ ის გაჩნდა XVIII საუკუნეში, უკიდურეს შემთხვევაში კი XVII საუკუნის დასასრულს. მაშ, საიდან წარმოიქმნა ეს ლეგენდები? ე.ი. ადრე ბუნებაში ხავსის ვარდი არსებობდა, და შემდეგ დაიკარგა? ნუთუ საუკუნეებითა და სივრცით დაშორებული ეს ორი ლეგენდა მხოლოდ ადამიანთა წარმოსახვის ნაყოფია?
როგორც ჩანს, ვარდი გვიზიდავს არა მხოლოდ სილამაზითა და სურნელებით, არამედ მასში არის იდუმალება და მრავალსახეობა. შესაძლოა ამის გამო გახდა ის ჩვენთვის ყველაზე ძვირფასი და სამახსოვრო ყვავილი, რომელთანაც განუყრელად ვართ ჭირსა და ლხინში. ალბათ აქედან წამოვიდა ტრადიცია ვარდისთვის სახელოვანი ადამიანების ან მნიშვნელოვანი მოვლენების სახელების მინიჭება.
ბელიუზმა თავისი პოპულარული და ლამაზი ვარდი უძღვნა დედოფალ ჟოზეფინას ცნობილ ბაღს მალმეზონს („Souvinier de la Malmaison“). თავისი სილამაზისა და დასახელების წყალობით ეს ჯიში დღემდე გვაგონებს XIX საუკუნის დასაწყისში შექმნილი ყვავილოვანი სამოთხის ამ საოცარ კუთხეს. ხოლო მეორე ვარდმა საუკუნეებში გამოატარა ამ კუთხის მფლობელის სახელი – „Imperatrice Josephine“. ასევე ცნობილი ფრანგის დესემეს მიერ XVIII საუკუნის ბოლოს და ინგლისელი აიტონის მიერ XIX საუკუნის დასაწყისში მიღებული ვარდები დღემდე ბაღების მშვენებად ითვლება და გამოცანად რჩება ისტორიის მოყვარულთათვის.
ალბათ, XIX საუკუნის ბოლოსთვის ყველაზე პოპულარული ვარდი იყო შეუდარებელი ჩაის ვარდი (მხედველობაშია ნაზი შეფერილობის), რომელსაც სახელი მარშალ ნიელის („Marechal Niel“) საპატივსაცემოდ ეწოდა. ის ინგვარი პოპულარობითა და სიყვარულით სარგებლობდა, რომ სპეციალურად მისთვის გამოიგონეს მაღალი ვაზები, რომლებიც იკავებდნენ სუსტ ყვავილსაჯდომს და იძლეოდნენ ყვავილით ტკბობის საშუალებას.
ცნობილმა ფრანგმა სელექციონერმა ლევემ არაჩვეულებრივი, იორდასალამის ყვავილივით დიდი ზომის ვარდი მიუძღვნა თავის მეგობარსა და მეზობელს, სამედიცინო ინსტიტუტის ახალგაზრდა სტუდენტსა და ვარდების დიდ მოყვარულს პოლ ნეურონს („Paul Neyron“) პოლი ომში წავიდა სამშობლოს გერმანელებისაგან დასაცავად და 1871 წელს დაიღუპა. გაიგო რა მისი დაღუპვის შესახებ, ლევემ შექმნა კიდევ ერთი ჯიში ‘მეგობრის ხსოვნას’ .მაგრამ ამ ახალგაზრდის ნამდვილ ძეგლად მაინც ამ ჯიშებიდან პირველი იქცა, რომელიც დღესაც მოჰყავთ ევროპის ბაღებში.
მეორე სევდიანი ისტორიას ადგილი ჰქონდა საფრანგეთში, უკვე XX საუკუნეში. სათნო გოგონა ჟოელს ძალიან უყვარდა ვარდები და მთელ თავისუფალ დროს ბაღში ატარებდა. უვლიდა ვარდებს, უზიარებდა მათ თავის საიდუმლოებებს, ეფერებოდა როგორც პატარა ფაფუკ ცხოველებს. ვარდებიც თანაგრძნობით პასუხობდნენ, – უხვად ყვავილობდნენ და ირგვლივ ნაზ სურნელს აფრქვევდნენ. მაგრამ გოგონა განუკურნებელი სენით – ლეიკემიით იყო ავად. სიკვდილამდე რამდენიმე დღით ადრე მან დედას გაანდო თავისი ოცნება: “მინდა რომ თეთრ ან წითელყვავილებიან ვარდად გადავიქცე, რომ შენ და მამას გახარებდეთ”. მწუხარე დედამ თხოვნით მიმართა საფრანგეთის ვარდების სპეციალისტების საზოგადოებას დახმარებოდნენ ქალიშვილის ოცნების განხორციელებაში.
და აი, 1976 წელს სელექციონერმა კრილოფმა შექმნა ჯიში „ჟოელი“ („Joelle“). თეთრი, ოდნავ ვარდისფერგარეული, ფაიფურივით ფურცლებიანი ვარდი ბავშვური სინაზისა და სინატიფის ცოცხალ განსახიერებად იქცა. ფრანგმა მევარდეებმა გადაწყვიტეს ამ ჯიშის გაყიდვიდან შემოსული თანხა სიმსივნურ დაავადებებთან ბრძოლის ნაციონალურ ფონდში გადაერიცხათ.
თითქმის მისტიკური ისტორია აქვს მეორე თეთრ ვარდს, რომელიც გამოყვანილია ინგლისელი სელექციონერის ჰარკნესის მიერ. 1997 წლის ზაფხულის დასაწყისში პრინცესა დაიანა ირჩევს ვარდს, რომელსაც მისი სახელი უნდა დაერქვას. მან თავისი არჩევანი შეაჩერა თოვლივით ქათქათა, ოდნავ დატალღულ და ძალიან ნაზფურცლებიან ვარდზე, რომლის შუაგულიდანაც ოქროსფრად აჭყეტდა მტვრიანების პატარა კონა. მაგრამ „უელსის პრინცესას“ (‘Princess of Walles’) გაყიდვაში გამოჩენიდან ცოტა ხნის შემდეგ პრინცესა იღუპება და მიცვალებულის სასახლეს სწორედ ამ ვარდებით რთავენ. ამ ჯიშს დღემდე ჰყავს თაყვანისმცემლები მიუხედავად იმისა, რომ ის არა მხოლოდ მშვენიერია, არამედ ისეთივე არამდგრადია გარე სამყაროს წინაშე, როგორც თავად ქალი, რომელმაც თავისი სახელი აჩუქა. მაგრამ მშვენიერი ლედი დის საპატივსაცემოდ ბევრი მეყვავილე მაინც სათუთად ევლება თავს ამ ვარდს თავის ბაღში.
წყარო: „მებაღე“ – სახელმძღვანელოს შექმნაზე მუშაობდნენ:
ზურაბ შევარდნაძე; მანანა ელბაქიძე; ქეთევან გელაშვილი.
იხილეთ აგრეთვე: ვარდის დაკალმება – ვარდის კალმით გამრავლება