ასპერგილოზით (ლათ. Aspergillus ობის სოკო, osis მდგომარეობა) ავადდება შინაური და გარეული ფრინველი. დაავადებას იწვევს ობის სოკო, ამ დროს ზიანდება სუნთქვის ორგანოები.
მწვავე შემთხვევაში ვითარდება პნევმონია, ხოლო ქრონიკული მიმდინარეობის დროს ფილტვებში წარმოიქმნება გრანულომები.
ფრინველის ასპერგილოზის ძირითად აღმძვრელად ითვლება სხვადასხვა სახეობის სოკოები. ისინი ვითარდება საკვებში. ქვეშსაფენში და ნიადაგში.
მიკოზები მეტწილად რეგისტრირდება დახშულ, ნოტიო თბილ და ცუდად ვენტილირებულ შენობაში მოთავსებულ ცხოველებში.
რიგ შემთხვევაში დაავადება შეიძლება მიმდინარეობდეს, როგორც ასპერგილოტოქსიკოზი სრულიად სხვა სიმპტომებით. დაავადების ეს ფორმა ჯერ სრულიად შეუსწავლელია.
პათოგენეზი
ასპერგილოზის სპორები ხვდებიან რა ფილტვებსა და საჰაერო პარკებში, იქ იზრდებიან, იწვევენ მკვეთრ ანთებით პროცესს მორუხო-თეთრი კვანძების წარმოქმნით.
სასუნთქი სისტემის დამცველი მექანიზმების შემასუსტებელი ფაქტორები-ცხოველისა და ფრინველის შენახვის წესების ყველა შესაძლო დარღვევები ხელს უწყობენ ფილტვების მიკოზების წარმოშობას. ტოქსიკური ნივთიერებების დაგროვება მიდის სოკოების ზრდისა და განვითარების პარალელურად და ხდება 18-25 გრადუსი, ხოლო ზოგიერთ შტამპში 37 გრადუს ტემპერატურაზე.
პათოგენური ცვლილებები
მწვავე პროცესის დროს ხორხი, ტრაქეა, ბრონქები, გადავსებულია მწვანე ქაფიანი სითხით. ფილტვის პარენქიმა შეშუპებულია, ქსოვილი დიფუზურად შეღებილია წითლად, მის განაჭერზე ნახულობენ მორუხო კვანძებს მუქი წითელი რკალურით. კვანძის ცენტრში ნეკროზული მასაა მიცელას ძაფუჯრედით. საჰაერო პარკებში დაგროვილია ჩირქოვან-კატარული ექსუდატი.
ქრონიკული მსვლელობის დროს ფილტვებში წარმოიქმნება ბევრი თეთრი, მოყვითალო თეთრი, შეხებაზე მკვრივი კვანძი ქინძისთავის ოდენობიდან ბარდის მარცვლის სიდიდემდე. კვანძი შემდგარია კაზეოზური მასისაგან, რომელშიც შეზრდილია სოკოს მიცელა და გარსშემოვლებულია გრანულაციური ქსოვილით.
საჰაერო პარკები ავსებულია ჩირქოვან-ფიბრინული ექსუდატით. პირის ღრუს, ტრაქეის და ბრონქების ლორწოვან გარსზე არის ხაჭოსებრი მასის მსგავსი ანთებითი ექსუდატის ნადები. წიწილებსა და ჭუკებში ცხვირის ხვრელელები დაცობილია გამხმარი გამონაყოფით.
ჭუკების ადრეულ ასაკში სიკვიდილის დროს მათში ყოველთვის ამჟღავნებენ საჭმლის მომნელებელი ორგანოების ცვლილებებს. კუჭ-ნაწლავების ტრაქტი ანთებულია, ალაგ-ალაგ მოფენილია სისხლჩაქცევებით, გული გადიდებულია, მისი კუნთი დუნეა. ღვიძლი დუნეა, ალუბლისფერი და გადავსებულია სისხლით. თირკმელები გადავსებულია სისხლით. თირკმელები შეშუპებულია, თიხისფერი. შარდის ბუშტის სისხლის ძარღვები ავსებულია.
სიმპტომები
დაავადების მკვეთრად გამოსახული ფორმის დროს ფრინველი ჩასუნთქვის პერიოდში კისერს და თავს ჭიმავს ზევით. აღებს ნისკარტს და ყლაპავს ჰაერს; ხშირად აღენიშნება ცემინება და ხველა. საჰაერო პარკების დაზიანების დროს ჩასუნთქვას თან სდევს დამახასიათებელი სტვენის ხიხინი.
მიმდინარეობა
მოზარდეულში ასპერგილოზი მიმდინარეობს მწვავედ და გრძელდება 4-5 დღეს. მოზრდილ ფრინველში დაავადება გადადის ქრონიკულ ფორმაში.
დიაგნოზი
მხედველობაში ღებულობენ კლინიკურ სურათს, გაკვეთის, მიკოლოგიური გამოკვლევის მონაცემებს და მოზარდეულის დიდ სიკვდილიანობას.
მკურნალობა
საჭიროა შეწყდეს დაობებული საკვების გამოყენება. შეიცვალოს ცხოველთა შენახვის პირობები. განიავდეს საფრინველე, ფრინველი მოთავსდეს სუფთა, მშრალ და ფართო შენობაში.
ასპერგილოზის გაჩენის დროს ფრინველს სასმელად უნიშნავენ სპილენძის სულფატის ხსნარს 1:2000 – 1:3000 განზავებით თიხის ან მინის ჭურჭელში.
საერთოდ, ფრინველის დაავადებთა პროფილაქტიკა უნდა იყოს კომპლექსური და მოიცავდეს გამოზრდის, კვების, შენახვისა და მოვლის ყველა მხარეს.
ავტორი: ამირან კოჩალიძე