ინდაური – ყველაზე მსხვილი სასოფლო სამეურნეო ფრინველია; ხასიათდება სწრაფი ზრდით, ხორცის მაღალი კვებითი და საგემოვნო თვისებებით.
მოთხოვნილების შესაბამისად არჩევენ სამი ტიპის ინდაურს: მსუბუქ, საშუალ და მძიმე ჯიშებს. მათ შორის განსხვავება არის ცოცხალი მასით. სხეულის აღნაგობა გამოხატულია მისი ანატომიურ-ფიზიოლოგიური თავისებურებიდან.
ინდაურში გამოკვეთილია სქესობრივი დიმორფიზმი ცოცხალი მასით. მამლები ორჯერ მძიმეა დედლებზე. ხასიათდებიან დაბალი კვერცხმდებლობით და აღწარმოებით კვერცხდების თითოეულ ციკლზე; თავი გრძელი და მსხვილი აქვთ, თავი და კისრის ზედა ნაწილი ნაოჭიანი და ხორციანი წამონაზარდებით გამოირჩევა, რომელიც მშვიდ მდგომარეობაში ყოფნისას მუქი წითელია, ხოლო გაღიზიანებისას ლურჯდება; ნისკარტი გრძელი და მაგარია, ნისკარტის ზევით ხორთუმი აქვს; კისერი გრძელი და უკან გადახრილია; მკერდი განიერი და მომრგვალებული. მკერდზე აქვს შავი, უხეში ბუმბულის კონა, ფრთები გრძელი და მძლავრია, ზურგი განიერი და გრძელია. ბუმბულის შეფერილობა სხვადასხვაა.
ინდაური ზოოლოგიური კლასიფიკაციით მიეკუთვნება ქათმისნაირთა რიგს, ინდაურისებრთა ოჯახს და სახეობას ინდაური.
არსებობს ინდაურის ორი სახეობა: იუკატანის (Agriochirisoccelata) და ჩრდილო-ამერიკული (Melleagris gallopavo).
იუკატანის ინდაური გვხვდება მექსიკაში. გამოირჩევა იმით, რომ ამ სახეობისათვის დამახასიათებელია ფუნჯი, ღია ფერის შებუმბვლით, ბოლოებზე არშიებით, ბრინჯაოსფერი ელვარებით. ეს სახეობა არ შინაურდება.
შინაური ინდაურის ჯიშები მიეკუთვნება ჩრდილო-ამერიკული ინდაურის სახეობას. იგი წარმოიშვა ორი სხვადასხვა ქვესახეობის – სამხრეთ და ჩრდილო-ამერიკული ინდაურებისაგან. ჯერ კიდევ ამერიკის აღმოჩენამდე ადგილობრივმა მოსახლეობამ მოიშინაურა იგი. სამხრეთული ქვესახეობა პატარაა, ხოლო ჩრდილო-ამერიკული – ბრინჯაოსფერია და მსხვილი.
ბრინჯაოსფერი ინდაური ახლოსაა გარეულ ჩრდილო-ამერიკულ ინდაურთან. ამიტომ თვლიან, რომ ყველა ამერიკული ჯიშის ინდაურები წარმოშობილია ჩრდილო-ამერიკული ქვესახეობისაგან. მარსდენი და მარტინი (1962) თვლიან, რომ პირველად ინდაური შემოყვანილ იქნა ესპანეთში ამერიკიდან 1498-1519 წწ.
ესპანეთიდან ინდაური სწრაფად გავრცელდა მთელს ევროპაში; 1524 წელს ინგლისში შემოყვანილ იქნა ინდაურის რამდენიმე ფორმა: შავი ნორდფოლიური, ბრინჯაოსფერი კემბრიჯული, თეთრი ავსტრალიური, ჩალისფერი, ცისფერი, პატარა ბელგიური ჭრელი შეფერილობის ინდაურები.
მარსდენისა და მარტენის მონაცემებით პირველი ინდაური, რომელიც გაყვანილ იქნა ამერიკის შეერთებული შტატებიდან, არ იყო შთამომავალი ადგილობრივი გარეული ინდაურებისა. იგი წარმოშობილი იყო ევროპული შავი და ბრინჯაოსფერი ინდაურებისაგან.
ამჟამად გამოყვანილია ინდაურის მაღალპროდუქტიული კროსები, რომელიც ფართოდ გამოიყენება სამრეწველო წარმოებაში. მაღალპროდუქტიული ჰიბრიდების მიღების მიზნით შექმნილია სპეციალიზებული შეხამებული ხაზები, რამაც ხელი შეუწყო მეინდაურეობის მაღალრენტაბელურ სპეციალიზებულ დარგად ჩამოყალიბებას.
ინდაურის ჯიშებს შორის ჭუკ-ბროილერების მისაღებად დიდი გავრცელება ჰპოვა თეთრმა ფართომკერდა ინდაურმა.
თეთრი ფართომკერდა ინდაური გამოყვანილია თეთრი ჰოლანდიური და ინგლისური ინდაურის შეჯვარებით. ახასიათებს ხორცის საუკეთესო ხარისხი. ამ ჯიშის დედლების საშუალო ცოცხალი მასა 7,5-8,0 კგ-ია, მამლებისა – 13,0-14,0 კგ. კვერცხმდებლობა – 80-90 ცალი. განაყოფიერება – 85-90%. მოზარდის გამოჩეკვა ჩაწყობილი კვერცხიდან 60-75%-ია, ნაკლავის გამოსავლიანობა – 84%.
საქართველოში გავრცელებული ადგილობრივი ინდაური შესწავლილია და აღწერილია ნ. ანთაძის მიერ. ავტორის მონაცემებით ფერის მიხედვით, საქართველოში გავრცელებული ადგილობრივი ინდაურების 7 სახესხვაობა წარმოგვიდგება, რომლებიც ხასიათდებიან მცირე პროდუქტიული მაჩვენებლებით. ცოცხალი მასა დედლების – 3,5 კგ, მამლების – 6 – 7 კგ. კვერცხმდებლობა 30-40 ცალი. ხასიათდებიან კარგი ამტანობით, საძოვრების კარგი გამოყენებით, ხორცის კარგი ხარისხით და სხვ.
საქართველოში გავრცელებული ადგილობრივი ინდაური სხვადასხვა ფერისაა. აღმოსავლეთ საქართველოში გავრცელებულია შავი, რუხი, ჭრელი, ჩალისფერი, ნაცრისფერი, ყავისფერი, ბრინჯაოსფერი ინდაური. დასავლეთ საქართველოში უმთავრესად გავრცელებულია ჭრელი (შავი და თეთრნარევი) ფერის ინდაური.
ადგილობრივი ინდაური შედარებით დაბალპროდუქტიულია, რაც იმითაა გამოწვეული, რომ მასზე მიზანდასახული სასელექციო მუშაობა არავის უწარმოებია.
შემდგომში ადგილობრივ ჩალისფერ ინდაურზე სელექცია აწარმოა დოც. ნ. ანთაძემ საქართველოს ზოოტექნიკურ-სავეტერინარო სასწავლო-კვლევითი ინსტიტუტის სასწავლო ექსპერიმენტალური მეურნეობის ბაზაზე, მიღებული იქნა გაუმჯობესებული ადგილობრივი ქართული ჩალისფერი ინდაური.
ქართული ჩალისფერი ინდაური ჩამოყალიბებულია ხალასი მოშენებით ადგილობრივ პირობებში. ამტანი ჯიშია, ადვილად ეჩვევა ახალ გარემოს.
დედლები საშუალოდ იწონიან 5-6 კგ-ს, მამლები – 9-12 კგ-ს. აქვთ ძალიან გემრიელი, ნაზი და ცვრიანი ხორცი. კარგად სუქდებიან. საშუალო კვერცხმდებლობა 60-100 ცალამდეა. კვერცხი მასა 75-80 გ-ია. შერჩენილი აქვთ კრუხობის ინსტიქტი. მოკრუხება თითქმის 90-100%-ით ვლინდება.
ამ ფრინველს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ქართველი მოსახლეობისათვის, რადგანაც ტრადიციული ეროვნული კერძი – საცივი ყველაზე კარგად სწორედ მისგან მზადდება. ფერმერი, რომელიც დაინტერესდება ინდაურის მოშენებით, პირველ რიგში, უნდა გაითვალისწინოს ბაზრის მოთხოვნა. ზაფხულის თვეებში ინდაურის ხორცი ძნელად იყიდება, საახალწლოდ კი, პირიქით, მასზე დიდი მოთხოვნილებაა, ამიტომაც თადარიგი წინასწარ უნდა დაიჭიროს. თავდაპირველად მან ადრე შემოდგომით სადედე გუნდი უნდა დააკომპლექტოს გაზაფხულზე გამოჩეკილი მოზარდეულით, რომ ადრე გაზაფხულზე საინკუბაციო კვერცხი ჰქონდეს. გაზაფხულზე ინდაურის ჭუკები ადვილად იზრდებიან, რადგან ამ დროს მათი ზრდა-განვითარებისთვის ყველაზე სასურველი ბუნებრივი პირობებია. მოდის მწვანე ბალახი, იღვიძებს უამრავი მწერი, ნიადაგი სავსეა ჭიებით, ჭუპრით, ლოკოკინებით, ამასთან ინდაური საკვებად წარმატებით იყენებს კარტოფილის მავნებლებს (კოლორადოს ხოჭო). ამგვარად, ბუნებრივი გზით მოზარდეული იღებს ცხოველურ ცილებს, რაც ასე აუცილებელია ორგანიზმის ზრდა-განვითარებისათვის. სადედე გუნდს მეორედ აკომპლექტებენ გაზაფხულზე – შემოდგომით გამოჩეკილი მოზარდეულით. შემოდგომითაც ადვილდება ჭუკების გამოზრდა, თუ გამოვიყენებთ მოსავლის აღების შემდეგ ნათესს. ნაწვერალზე ინდაური კენკავს ნიადაგში ჩაპნეულ მარცვალს, რაც საკვების დიდ ეკონომიას გვაძლევს. 45-60 დღის ასაკიდან, საძოვარზე გაყვანისას, მოზარდეულს დღე-ღამეში მხოლოდ ერთხელ – ღამით აძლევენ საკვებს. ინდაური კვერცხის დებას იწყებს 6 თვის ასაკიდან. თუ მარტის თვეში გამოვაჩეკინებთ ჭუკებს, მოზარდეული კვერცხდებას დაიწყებს სექტემბრის თვეში, რაც გაგრძელდება 3-4 თვეს; ზამთარში კვერცხდება წყდება და გაზაფხულზე ისევ გრძელდება – თებერვლიდან ივნისის დასაწყისისამდე, ე.ი. 5 თვე. შემდეგ კვერცხმდებლობა მცირდება და ფრინველის შენახვა არარენტაბელურია.
ზრდასრული ინდაურის შენახვა მომგებიანია იაფი მასალისაგან დამზადებულ ხის ფარდულებში, რომელთაც აგებენ თბილ კლიმატურ ზონებში. ასეთი შენახვა წარმატებით გამოიყენება აშშ-ს თბილ შტატებში. ინდაურები მთელი დღე იმყოფებიან ეზოში, სადაც მოწყობილია საკვებური, საწყურვებელი, ღამით ისინი შეყავთ ფარდულებში, რომლებსაც ირგვლივ მავთულბადე არტყია.
ოთხი თვის ასაკიდან აუცილებელია დედლებისა და მამლების ცალ-ცალკე შენახვა. ღრმა საფენზე შენახვისას მამლებს ათავსებენ სექციაში – 1მ2-ზე ერთ ფრთას. თითო სექციაში ჰყავთ 15-20 მამალი. სადედე გუნდის დაკომპლექტებისას ერთ მამალზე უშვებენ 8-10 დედალს. ზედმეტ მამლებს სახორცედ იყენებენ.
განსაკუთრებით საპასუხიმგებლოა ახალგამოჩეკილი ჭუკების გამოზრდა, რადგანაც ქათმებისაგან განსხვავებით, მეტ სითბოს მოითხოვენ. ეს განპირობებულია იმით, რომ მათი სხეული უფრო დიდია, არა აქვთ ჩამოყალიბებული თერმორეგულაციის მექანიზმი, განუვითარებელია ბუმბულის საფარველი, შეუწოველია ყვითრი. აქედან გამომდინარე, გამოჩეკიდან პირველ დღეებში მოზარდის სიკვდილიანობაც ხშირია. ამ პერიოდში შენობაში უნდა იყოს ტემპერატურა 30-32°C. ვინაიდან თეთრბუმბულიანი ინდაური ნაკლებ თბურ სხივებს შთანთქავს, მათთვის ტემპერატურა 1-2°-ით მეტი უნდა იყოს. მე -7-10 დღიდან, როცა ყვითრის შეწოვა მთავრდება, სხეულის ტემპერატურა იზრდება 39-დან 41,6 0C-მდე. მე – 12 დღისათვის მათ უკვე აქვთ უნარი, შეინარჩუნონ თავიანთი სხეულის ტემპერატურა გარემოსაგან დამოუკიდებლად. განსაკუთრებით მგრძნობიარე არიან ჭუკები ტენიანობისადმი. დაბალი ტენიანობა იწვევს სითბოს გაცემას სხეულიდან წყლის აორთქლების გამო, ამიტომაც ზაფხულის თვეებში ორი კვირის ასაკიდან ჭუკების სეირანზე გაშვება კარგ შედეგს იძლევა. სასურველია, სეირანზე იყოს ხეები, განსაკუთრებით სასარგებლოა თუთის ხეები, რადგანაც ინდაური საკვებად იყენებს თუთას, რაც საუკეთესო მცენარეული ცილის წყაროა. თუ სეირანზე ხეები არ არის დარგული, მაშინ საჭიროა მოეწყოს ხელოვნური საჩრდილობლები. სეირანზე გამოყვანამდე ჭუკები 2 კვირის განმავლობაში უნდა გამოვზარდოთ ღრმა საფენზე. საფენად ნახერხის გამოყენებისას ჭუკები იწყებენ ნახერხის კენკვას, რაც ჩიჩახვში საკვებს ამარაგებს, ამიტომ პირველ დღეებში ნახერხს სქელი ქაღალდი უნდა დავაფაროთ.
ბანაკური შენახვისას მოზარდეულის გადაყვანა საზაფხულო ფარდულებში შესაძლებელია 20 დღის ასაკიდან. პირველ დღეებში ღამით ინდაურებს ათავსებენ ხის ყუთებში, რადგანაც ჭუკები მეტად მგრძნობიარე არიან სიცივისადმი, რის გამოც ღამით ერთმანეთს ეკვრიან და ხშირად იგუდებიან.
ინდაურის კვება განსხვავებულია ქათმისაგან, რადგანაც ინდაურის ჭუკი მოითხოვს მეტ ცილოვან საკვებს. პირველ ორ დღეს მათ აძლევენ წვრილად დაღერღილ მარცვალს, რომელსაც ურევენ მაგრად მოხარშულ გახეხილ კვერცხს. მარცვლის ღერღილი უნდა იყოს კვერცხის მასის 1/4. პირველ დღეებში საკვებს უყრიან 8-9-ჯერ დღე-ღამეში, ერთი თვისას – 6-ჯერ, 2 თვისას – დღეში 4-ჯერ. საკვები უნდა მიეწოდოს თანაბარი შუალედით. ინდაური კარგად ითვისებს მწვანე მასას. 1 თვის ასაკში ისინი 50გ, ხოლო 6 თვისანი 150გ მწვანე მასას ჭამენ დღეში. ინდაურებს ვიტამინების ნაცვლად ბუნებრივ პირობებში აძლევენ ჭინჭარს, კომბოსტოს, სტაფილოს, ჭარხალს, განსაკუთრებით ეტანებიან ხახვს, რომელიც საუკეთესო პროფილაქტიკური საშუალებაა კუჭ-ნაწლავის დაავადების წინააღმდეგ. სიცოცხლის პირველ დღეებში, განსაკუთრებით საღამოობით, ხახვის მიცემა არარეკომენდირებულია, რადგანაც ღამით იგი წყურვილს აძლიერებს. ინდაურის ხორცის ხარისხზე დიდ გავლენას ახდენს საკვები: ყვითელი სიმინდი, სამყურას ფქვილი, სოია, რაც ნაკლავს აძლევს ყვითელ ფერს, ნაზ და რბილ კონსისტენციას. კარგი ნაკლავი მიიღება, თუ დაკვლამდე ორი კვირით ადრე ინდაურს მივცემთ ქერის, შვრიის, ხორბლის, სიმინდის ნარევის ღერღილს. თუ ამ ნარევს შევასქელებთ, იგი მეორე დღეს გაფუვდება და ფრინველი უფრო მიეტანება. 6 კვირის ასაკიდან ინდაურს შეიძლება მარცვალი დაუღერღავადაც მივცეთ. შესველებულ საკვებს ინდაური უკეთ შეექცევა, ვიდრე მშრალს, მაგრამ ამ შემთხვევაში აუცილებელია საკვების შესველება უშუალოდ ჭამის წინ, რადგან სველი საკვები მალე ობდება და საკვებად უვარგისი ხდება. ინდაური დღეში იღებს 250-270 გ საკვებს. ინდაურს აუცილებელია მიეცეს ქვიშა, რომლის ნაწილაკის ზომა იქნება 0,8 სმ. პირველ კვირას ყოველ 100 ჭუკზე აძლევენ 400-500 გ ქვიშას, 2-8 კვირამდე – 900 გ-ს, 8-13 კვირიდან – 1,5 კგ-ს. სეირანული შენახვისას ფრინველი თვითონ მოიპოვებს ეზოში გაბნეულ სილას, ქვიშას და სხვა.
ინდაურის ერთ-ერთი ბიოლოგიური თავისებურებაა ხშირი კრუხობა. გაზაფხულზე, როცა კვერცხდებას იწყებს, რამდენიმე კვერცხის დადებისთანავე კრუხდება. ყველაზე უკეთესი დრო კრუხად ჯდომისა არის მარტი, აპრილი და მაისი. ბუნებრივად შესაძლებელია, ერთმა ინდაურმა გამოჩეკოს 20 ფრთა ჭუკი. ინკუბაციის ხანგრძლივობა 27-28 დღეა.
ინდაურს მხოლოდ ხორცის საწარმოებლად აშენებენ. თანამედროვე კროსები მაღალ ცოცხალ მასას აღწევენ. მამლები 30 კგ (ინდივიდები 40 კგ), ხოლო დედლები 11,5 კგ იწონიან, სახორცედ გამოზრდილი მამლები 16-17 კვირის ასაკში 20 კგ, ხოლო დედლები 10 კგ აღწევენ. ჭამადი ნაწილები ინდაურის ხორცში 70% და მეტია, ხოლო კუნთოვანი ქსოვილი 60%-ზე მეტი. ინდაურის ხორცი გამოირჩევა მაღალი საგემოვნო, დიეტური, კულინარული და კვებითი ღირებულებით. ისინი შეიცავენ 28%-მდე პროტეინს, ზომიერი რაოდენობით – 2-5% ცხიმს, ხორცი მდიდარია B ჯგუფის ვიტამინებით. სხვა ფრინველებთან შედარებით მათი ხორცი ყველაზე დაბალი ქოლესტერინის შემცველობით ხასიათდება. მშობელთა გუნდის მრავალჯერადი დაკომპლექტებით ერთ საშუალო დედალზე წლის განმავლობაში 200 ცალი კვერცხი და 1500 კგ-ზე მეტი ხორცი მიიღება.
ცნობილია, რომ ადამიანის კვებაში ყველაზე მნიშვნელოვანია ცილა, რომლის დეფიციტი მსოფლიოში 50% შეადგენს. მეცნიერული გაანგარიშებით დადგინდა, რომ ერთ ჰექტარ ნათესზე ყველაზე მეტ ცილას უზრუნველყოფს ინდაურის ხორცის და ამის შემდეგ, რძის წარმოება (144 კგ), შემდეგ მოდის კვერცხი და ბროილერები 138 და 137 კგ ცილა, ბეკონი უზრუნველყოფს მხოლოდ 80 კგ, ძროხის და ცხვრის ხორცი, შესაბამისად, 35 და 32 კგ.
ინდაურის მეხორცული პროდუქტიულობა ხასიათდება ადრეულ ასაკში კუნთოვანი ქსოვილის სწრაფი განვითარებით, განსაკუთრებით მკერდის და ხორცის მაღალი კვებითი თვისებებით. ინდაური კუნთოვან ქსოვილში პროტეინის შემცველობით პირველ ადგილზეა სხვა სახეობის ფრინველთა შორის: მკერდის კუნთებში პროტეინი შეადგენს 25%-ს, ფეხის _ 20% და მეტს.
ინდაური-ბროილერის გამოზრდის ხანგრძლივობა საშუალოდ შეადგენს 12-17 კვირას. თანამედროვე კროსები ოპტიმალური შენახვის პირობების და სრულფასოვანი კვებისას 12 კვირის ასაკში აღწევენ ცოცხალ მასას 3-5 კგ. საკვების დანახარჯი კი 1 კგ ცოცხალ მასაზე არ აღემატება 3 კგ-ს. ინდაურის საკლავი მასა 89%-ია, ნახევრადგამოშიგნული ნაკლავის მასა – 80-84%. ინდაურის ნაკლავი შედგება: კუნთოვანი ქსოვილისაგან – 50%, კანი კანქვეშა ცხიმით 10-15%, შიდა ცხიმი – 5-15%; ძვალი – 20%. ზოგიერთი თანამედროვე კროსების გამოშიგნული ნაკლავიდან კუნთოვანი ქსოვილის გამოსავალი შეადგენს 65%-ს. უნდა აღინიშნოს, რომ მეხორცული თვისებების ფორმირება დედალი ინდაურისთვის ხდება უფრო ადრეულ ასაკში, ვიდრე მამალი ინდაურისთვის. ასე მაგალითად, 12-13 კვირის ასაკში მათ მეხორცული თვისებები უკვე ჩამოყალიბებული აქვთ. ამავე ასაკში დედლებს აღენიშნებათ ხორცის საუკეთესო ხარისხი, სინაზე და გემო, ხოლო მამალი ინდაური კი კარგ ნასუქობას, ხორცის მაღალ ხარისხობრივ მაჩვენებლებს აღწევს ცოტა მოგვიანებით – 17 კვირის ასაკში. ინდაურის ასაკის და ნასუქობის ზრდასთან პარალელურად იზრდება მის ხორცში ცხიმის შემცველობა (30%-მდე), ხოლო ცილა მცირდება 18%-მდე. ინდაურის ცხიმი ხასიათდება კარგი ხარისხობრივი მაჩვენებლებით: დნობის წერტილი 31-320C, იოდის რიცხვი – 65-80-ია.
ამრიგად, ინდაური წარმოადგენს ერთ-ერთ გამორჩეულ სასოფლო-სამეურნეო ფრინველს ხორცისა და კვერცხის მაღალი ხარისხით და საუკეთესო საგემოვნო თვისებებით. ინდაურის კუნთოვანი ქსოვილი ისევე, როგორც ქათმის, გამოირჩევა შეფერილობით, ქიმიური შემადგენლობით და ორგანოლეპტიკური თვისებებით. ინდაურის თეთრი ხორცი შეიცავს პროტეინს მაღალი რაოდენობით, შეუცვლელ ამინომჟავებს და ნაკლები რაოდენობით ცხიმს.
კობა ნაცვალაძე – სოფლის მეურნეობის დოქტორი, სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი;
რუსუდან ბარკალაია – სოფლის მეურნეობის დოქტორი, სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი.