მტევანდიდი (აკიდო) – ქართული ვაზის ჯიში – გურია

აკიდო, მტევანდიდი, ვაზის, ჯიში, გურია

მტევანდიდი გურიაში გავრცელებული წითელყურძნიანი ვაზის აბორიგენული ჯიშია. მისი პროდუქცია გამოიყენება ადგილობრივი მოხმარების ხარისხოვანი წითელი სუფრის ღვინის დასაყენებლად.

ზემო გურიის ზოგიერთ სოფელში (ფარცხმა, საჭამიასერი, დაბლაციხე) მტევანდიდი ცნობილია აგრეთვე აკიდოს სახელწოდებით, რაც გურიაში ორმტევნიან რქას ნიშნავს.

აკად. ივ. ჯავახიშვილი თავის შრომაში გურიის ვაზის აბორიგენული ჯიშების განხილვისას ცალკე ასახელებს აკიდოს და მისი გავრცელების არეალს. ჩვენ მიერ ადგილზე წარმოებული გამოკვლევით დადასტურდა ამ ორი ჯიშის იდენტურობა, ამის გამო სახელწოდება აკიდო – მტევანდიდის სინონიმად უნდა მივიჩნიოთ.

ამასვე ადასტურებს თავის შრომაში აგრ. ე. ნაკაშიძეც. სოფ. ბაღდათის ზონაში გავრცელებულია ე.წ. დედალი მტევანდიდი, რომელიც ნამდვილი მტევანდიდის ტიპიური სახეობაა, რის გამოც იგი ნამდვილი მტევანდიდის სინონიმად უნდა მივიჩნიოთ. ჩოხატაურის რაიონის ზოგიერთ სოფელში მტევანდიდი მოხსენებულია აგრეთვე დიდმტევანას სახელწოდებით, ვინაიდან იგი მტევანდიდის იდენტურია, ამიტომ სახელწოდებაც დიდმტევანა ამ ჯიშის სინონიმად უნდა იქნეს მიჩნეული.

მტევანდიდის წარმოშობის შესახებ წერილობითი მასალა არ მოგვეპოვება. ამ ჯიშის როგორც ბოტანიკურ ნიშნებზე, ისე სამეურნეო თვისებებზე (ფოთლების მორფოლოგიური ნიშნები, ყლორტის ფერი და შებუსვა, ყვავილში მტვრიანების განწყობა და რაოდენობა, მარცვლის კონსისტენცია და ორგანოლეპტიკური თვისებები, ვაზის ზრდის სიძლიერე, სავეგეტაციო პერიოდის გახანგრძლივება, ყურძნის დაგვიანებით დამწიფდება და სხვ.)

მრავალი წლის მანძილზე წარმოებული დაკვირვებები ნათლად ადასტურებს მტევანდიდის აბორიგენობას. გარდა ამისა მტევანდიდის აბორიგენობის დამამტკიცებელია აგრეთვე მისი წმინდა ქართული სახელწოდებები-მტევანდიდი, აკიდო და დიდმტევანა. სახელწოდების მიხედვით იგი დიდმტევნიან ჯიშს უნდა წარმოადგენდეს, მაგრამ ამ მხრივ მტევანდიდი თავის სახელწოდებას ვერ ამართლებს. მას უვითარდება საშუალო ან საშუალოზე ოდნავ დიდი მტევნები. ეჭვს გარეშეა, ეს სახელწოდება მას შეერქვა სხვა აბორიგენულ ჯიშების მტევნებთან შედარების შედეგად, რამდენადაც ამ უკანასკნელთა მტევნები იმავე ეკოლოგიურ პირობებში მტევანდიდთან შედარებით უფრო მცირე და ნაკლებად განტოტვილი აღმოჩნდა.

აკად. ივ. ჯავახიშვილი თავის შრომაში მიგვითითებს გურიაში დიდმტევანას, ხოლო აჭარაში მტევანდიდის არსებობაზე და შესაძლოდ თვლის მათ იდენტურობას, მაგრამ იქვე აღნიშნავს, რომ აჭარაში გავრცელებული მტევანდიდი თეთრყურძნიანია, ხოლო გურიის დიდმტევანა წითელყურძნიანი. როგორც ირკვევა, გამოჩენილი მეცნიერისათვის არასწორი ცნობები მიუწოდებიათ დასახელებული ადგილებიდან.

მრავალი წლის განმავლობაში ჩვენ მიერ წარმოებული შესწავლისა და შემოწმების შედეგად დიდმტევანას, როგორც მტევანდიდისაგან განსხვავებული ჯიშის, არსებობა არ დადასტურდა. როგორც ეს სინონიმების განხილვისას გვქონდა აღნიშნული, დიდმტევანა მტევანდიდის ტიპიური სახეობაა.

რაც შეეხება აჭარაში თეთრყურძნიანი მტევანდიდის არსებობას, მიუხედავად მრავალი ცდისა, იგი ვერც ერთ სოფელში ვერ აღმოვაჩინეთ. ქედისა და ხულოს რაიონის ქვემო ზონაში მაღლარებად გვხვდება მხოლოდ და მხოლოდ წითელყურძნიანი მტევანდიდი, რომელიც  იგივე გურიაში გავცერლებული მტევანდიდია და მას არავითარი კავშირი არა აქვს ე.წ. თეთრყურძნიან მტევანდიდთან.

მტევანდიდი როგორც უხვმოსავლიანი და საკმაოდ ხარისხოვანი პროდუქციის მომცემი საღვინე ჯიში წარსულში გურიაში ფართოდ იყო გავრცელებული. განსაკუთრებით ფართოდ იყო იგი წარმოდგენილი გურიის აღმოსავლეთ ნაწილში. ვაზები კულტივირებული იყო მაღლარად და მიუხედავად მოუვლელობისა სავსებით ნორმალურად იზრდებოდა, ვითარდებოდა და უხვ მოსავალსაც იძლეოდა. როგორც გადმოგვცემენ, მტევანდიდის მაღლარები ფართო მასივების სახით იყო წარმოდგენილი აგრეთვე მის მოსაზღვრე აჭარაშიაც, განსაკუთრებით აჭარისწყლის ხეობის მარჯვენა ზოლში, ქედისა და ხულოს რაიონებში. ამის დამადასტურებელია ამ მხარეში ამჟამადაც შერჩენილი მტევანდიდის მაღლარები, რომელთა ზრდა-განვითარება და მოსავლიანობა ხელშემწყობი ამინდის დროს სავსებით დამაკმაყოფილებელია.

XIX საუკუნის მეორე ნახევრიდან ჩვენში გავრცელებულ სოკოვან ავადმყოფობათა და ფილოქსერის მოქმედების შედეგად მტევანდიდის მაღლარები გურიაში, მსგავსად სხვა აბორიგენული ჯიშებისა, მასობრივად განადგურდა და აქა-იქ მხოლოდ თითო-ოროლა ძირი გადარჩა. მათი მოვლა მაღლარად განვითარების გამო მეტად გაძნელებულია და მოსავლიანობა ამინდის პირობებზეა დამოკიდებული.

მტევანდიდის გავრცელების თანამედროვე არეალი მიუხედავად კარგი მოსავლიანობისა და პროდუქციის საკმაოდ მაღალი ღირსებისა მნიშვნელოვნად შეზღუდულია, რაც პირველყოვლისა გამოწვეულია უხვმოსავლიანი იმერული ჯიშის ცოლიკოურის ფართო გავრცელებით და ამავე დროს იმ გარემოებით, რომ ადგილობრივი მოსახლეობა მეტად მცირედ გავრცელების გამო მტევანდიდს ნაკლებად იცნობს. ამ უკანასკნელ ხანებში მტევანდიდის აღდგენას და ფართოდ გავრცელებას გურიაში სერიოზული ყურადღება ექცევა.

ჩოხატაურის რაიონში ნამყენების სახით დაბლარად იყო დანერგილია სოფ. დაბლაციხეში, საყვავისტყეში, ფარცხმაში, კალაგონში, საჭამიასერზე და გორა ბერეჟოულში სასოფლო-სამეურნეო ტექნიკუმის ტერიტორიაზე, ოზურგეთის რაიონში მტევანდიდი მოზრდილ ნაკვეთებად იყო წარმოდგენილი ბახვის მეურნეობაში და სოფ. ბაღდათში.

საკუთარ ძირზე დაფუძნებული მაღლარი მტევანდიდი გურიაში რამდენიმე ძირი გვხვდება ჩოხატაურის, ოზურგეთისა და ლანჩხუთის რაიონებში, ხოლო მაღლარად გაფორმებული ნამყენები (აშვებულია ველურ ხურმაზე) გაშენებულია ბახვის მეურნეობაში. საკუთარ ძირზე მაღლარად ფორმირებული მტევანდიდის ზრდა-განვითარება და მოსავლიანობა უშუალოდ ამინდზეა დამოკიდებული.

საქართველოს სხვა რაიონებში მტევანდიდი ძირითადად მხოლოდ კოლექციებშია წარმოდგენილი.

ბოტანიკური აღწერა

მტევანდიდი აღწერილია სოფ. კალაგონსა და დაბლაციხეში (ჩოხატაურის რ-ნი) და შესადარებლად სოფ. ბაღდათშიაც (ოზურგეთი რ-ნი).

დასახელებული რაიონების ჰავის პირობები ერთმანეთისაგან მცირედ განსხვავდება, განსაკუთრებით ატმოსფერული ნალექებისა და მასთან დაკავშირებული ჰაერისა და ნიადაგის შეფარდებითი ტენიანობის მხრივ.

სოფ. კალაგონში მტევანდიდის ნაკვეთი დაქანებულია სამხრეთისაკენ 25º-მდე. ნიადაგი მოწითალო ქვეთიხნარია და ნაკლებ ნოყიერი. საძირედ გამოყენებულია რუპესტრის დულო. ვაზები დაყრდნობილია სარზე და ფორმირებულია ქართული წესით.

სოფ. დაბლაციხეში მტევანდიდის ნაკვეთი მდ. სუფსის ხეობის მარჯვენა მხარეზეა გაშენებული, მდინარის ნაპირთან ახლო-გავაკებაზე. ნიადაგი ალუვიურია, მუქი წაბლა და საკმაოდ ნოყიერი. საძირედ გამოყენებულია რუპესტრის დულო. ვაზები დაყრდნობილია მავთულზე და ფორმირებულია ქართული წესით.

სოფ. ბაღდათში ნაკვეთი მცირედ დაქანებულია ჩრდილო-დასავლეთისაკენ ნიადაგი ქვიშნარ-ქვეთიხნარია და საკმაოდ ნოყიერი. საძირედ გამოყენებულია რიპარიაXრუპესტრის 3309. ვაზები დაყრდნობილია მავთულზე და ფორმირებულია ქართული წესით.

ახალგაზრდა ყლორტი. ზრდის კონუსი თეთრია, ცალ მხარეზე გადაჰკრავს მოწითალო ელფერი და ქეჩისებრ დაფარულია ბეწვისმაგვარი თეთრი ბუსუსით. ახლად გაშლილი პირველი ფოთოლი ზემო მხრიდან დაფარულია სქლად ბეწვისებრი თეთრი ბუსუსით, რომელსაც ხშირად გადაჰკრავს წითელი ელფერი. ქვემო მხრიდან კი ქეჩისებრ არის დაფარული თეთრი ბუსუსით. ბუსუსს ხშირად ახლავს მოწითალო ფერი.ფოთლის ყუნწიც იმავე ფერის ბუსუსითაა დაფარული. მომდევნო მეორე და მესამე ნორჩი ფოთოლი ზემო მხრიდან მცირედაა შებუსვილი. შებუსვა უფრო მეტია ძარღვების გასწვრივ.

ბუსუსი მონაცისფროა და ბეწვისებრი. ქვემო მხრიდან შებუსვა ქეჩისებრია, ხოლო თვით ბუსუსი ბეწვისმაგვარია. მეორე ფოთლის ბუსუსი მოთეთრო-მონაცრისფროა, მესამისა კი ნაცრისფერი. ზოგ შემთხვევაში ბუსუსს მოწითალო ელფერი გადაჰკრავს. მესამე და მეოთხე ფოთლის ყუნწი ღია_მწვანეა, ცალ მხარეზე მოიისფრო ელფერი დაჰკრავს და მცირედაა დაფარული ბეწვისებრი ბუსუსით.

ახალგაზრდა ყლორტი ცალ მხარეზე ღია მწვანეა, მეორე მხარეზე მოიისფრო და მცირედაა დაფარული მონაცრისფრო ბეწვისებრი ბუსუსით. შებუსვა უფრო ძლიერდება ყლორტის წვერისაკენ.

ერთწლიანი რქა. შემოსული ერთწლიანი რქა საშუალო სიმსხოსია, ღია მოწითალო-მოყავისფროა და დაჰყვება მუქი ფერის ზოლები. მუხლები უფრო მუქადაა შეფერილი. მუხლთშორისის სიგრძე 10-18 სმ აღწევს.

ფოთოლი. ზრდადამთავრებული ფოთოლი ღია მწვანეა მოყვითალო ელფერით, იგი საშუალო სიდიდისაა ან დიდია. მომრგვალოა ან ოდნავ ოვალური და მცირედაა დანაკვთული. მისი სიგრძე 17,9-21,5 სმ, ხოლო სიგანე 18,6-19,6 სმ აღწევს.

ფოთლის ყუნწის ამონაკვეთი ჩანგისებრია, მომრგვალო ან მახვილი ფუძე აქვს და შემდგარია სამი ძარღვისაგან. გვხვდება აგრეთვე ვიწრო ელიფსური ამონაკვეთები ურთიერთზე მცირედ გადადებული ნაკვთებით და ისევ ჩანგისებრი, ოთხი ძარღვისაგან შემდგარი და მახვილი ან წამახვილებულფუძიანი.

ფოთლის ზემო ამონაკვეთი ღიაა და მცირედაა ჩაჭრილი, იშვიათად საკმაოდ ჩაჭრილიცაა და მისი ნაპირები მიახლოებულია ერთმანეთთან. ამონაკვეთის ფუძე მახვილი ან მომრგვალოა. ქვემო ამონაკვეთი ღია და უმნიშვნელოდ ჩაჭრილია.

ფოთოლი სამნაკვეთიანია; მეორეული ნაკვთები არა აქვს. წვერის ნაკვთი ფოთლის ფირფიტასთან ბლაგვ კუთხეს ქმნის. ნაკვთების წვერის კბილები სამკუთხედისებრია, მცირედ ამოზნექილგვერდებიანი და წამახვილებულწვერიანი. გვხვდება მომრგვალო სამკუთხედისებრი და ხერხკბილისებრი ფორმის კბილებიც. მეორეული კბილები ფორმით მთავარი კბილების მსგავსია.

ფოთოლი ბრტყელია, გვხვდება ძაბრმაგვარ-ღარისებრ მოხრილი და ქვემოთ ნაპირებჩამოწეული ფოთლებით. ფოთლის ზედაპირი გლუვია ან ბადისებრ დანაოჭებულია. ქვემო მხრიდან მცირედ დაფარულია მოკლებეწვიანი ბუსუსით. მთავარი ძარღვები ოდნავ შებუსვილია და ღია მწვანე ფერისაა. ფოთლის ყუნწის შეფარდება შუა მთავარ ძარღვთან 0,9-1,0 უდრის, იგი შიშველი და ღია მწვანე ფერისაა.

ყვავილი. ყვავილი ორსქესიანია და ნორმალურად განვითარებული ბუტკო და მტვრიანები აქვს. მტვრიანები ნორმალურადაა დახრილი ბუტკოდან. მტვრიანები თითქმის ბუტკოს სიგრძეს აღწევს. ყვავილში ხუთი მტვრიანაა; გვხვდება ოთხიც, მხოლოდ იშვიათად. ყვავილების რაოდენობა ყვავილედში 300_500 აღწევს.

მტევანი. დიდი მტევნის ყუნწის სიგრძე 8-12 სმ აღწევს. მტევნის სიგრძე 15-17 სმ, ხოლო სიგანე 11-14 სმ უდრის. მარცვლების რაოდენობა მტევანში 100-130 შეადგენს. საშუალო მტევნის სიგრძე 12-14 სმ, სიგანე 9-12 სმ აღწევს; მტევანში 80-90 მარცვალია.

მტევანი მეჩხერია, ფორმით არასწორი, განიერი კონუსისებრი და განტოტვილი. იშვიათად გვხვდება საშუალო სიმკვრივის მტევნებიც. მტევნის ყუნწი შუამდე გახევებულია და ღია წითელი-მოყავისფროა. ყუნწის დანარჩენი ნაწილი კლერტითურთ ბალახმაგვარია და ღია მწვანე. მტევნის ზედა ნაკვთის სიგრძე ხშირად აღწევს თვით მტევნის სიგრძის ნახევარს.

მარცვალი. მარცვლის ყუნწის სიგრძე საჯდომი ბალიშითურთ 5-9 მმ აღწევს. ფერად მწვანეა. საჯდომი ბალიში ოდნავ მოყვითალოა, ღია მწვანე ელფერი დაჰკრავს, დამეჭეჭებული და ვიწრო კონუსისებურია, იშვიათად განიერი კონუსისებურიც გვხვდება. მარცვალი საჯდომ ბალიშზე მტკიცედაა მიმაგრებული.

მარცვალი მუქი ლურჯი (თითქმის შავი) ფერისა და საშუალო სიდიდისაა-სიგრძე 15,3 მმ და სიგანე 13,4 მმ უდრის. მსხვილი მარცვლის სიგრძე 17 მმ, ხოლო სიგანე 15,8 მმ აღწევს. წვრილი მარცვლის სიგრძე 9 მმ, სიგანე 8 მმ უდრის. მარცვლის ფორმა ოვალურია, შუა წელში უფრო განიერია, ბოლო მომრგვალებული აქვს და სიმეტრიულია, სქელკანიანი, საკმაოდ ხორციანი და წვნიანია. ფიფქით (ცვილი) მარცვლის კანი საკმაოდ სქლადაა დაფარული.

მარცვლების მომწიფება მტევანზე არათანაბრად მიმდინარეობს, რაც მტევანდიდის დამახასიათებელ ნიშან_თვისებას წარმოადგენს.

წიპწა. მარცვალში 1-4 წიპწაა. უფრო ხშირად ერთწიპწიანი მარცვლები გვხვდება. წიპწის სიგრძე 7-8 მმ, სიმსხო 3-4,5 მმ აღწევს. იგი მოყავისფროა, ხოლო მუცლის მხარეს, ღარებში ბაცი ყვითელი ფერისაა. ქალაძა მოთავსებულია ზურგის შუა ნაწილის ოდნავ ქვემოთ და თითქმის ოვალური ფორმისაა, იშვიათად სამკუთხედისებრი. ზურგის მხარე გლუვია. ნისკარტის წვერი ჟანგისფერია, სიგრძით 2 მმ აღწევს.

აგრობიოლოგიური დახასიათება

ფენოლოგიური დაკვირვებები მტევანდიდის ბიოლოგიური ფაზების მსვლელობაზე და აგრობიოლოგიურ თვისებათა შესწავლა წარმოებდა მისი გავრცელების რაიონებში: სოფ. კალაგონს, დაბლაციხესა (ჩოხატაურის რ-ნი) და სოფ. ბაღდათში (ოზურგეთის რ-ნი).

სავეგეტაციო პერიოდის საერთო ხანგრძლიობა კვირტის გაშლიდან ყურძნის სრულ სიმწიფემდე აღწევს 208-216 დღეს, ხოლო ფოთოლცვენის დამთავრებამდე 236-240დღეს. ცალკეული ბიოლოგიური ფაზების მსვლელობა შემდეგ სურათს იძლევა: კვირტების წამობერვასა და გამოფურჩქვნას მტევანდიდი იწყებს აპრილის პირველ რიცხვებში; ყვავილობა ხელისშემწყობი ამინდისა და სათანადო მოვლის დროს იწყება მაისის ბოლოსა და ივნისის დასაწყისში და 14-15 დღეში მთავრდება.

დაკვირვებამ ცხადყო, რომ ჩოხატაურის რაიონში, დაბლაციხე-საყვავისტყის ზონაში, ყვავილობა სოფ. ბაღდათთან შედარებით 2-3 დღით ადრე იწყება, რაც აიხსნება ამ პერიოდში სოფ. დაბლაციხეში სითბოს ჯამის ნორმალური დაგროვებით და ამის შედეგად გაზაფხულის ნაადრევად დადგომით.

ყურძენი შეთვალებას იწყებს 26-28 აგვისტოდან და მწიფდება ოქტომბრის დამლევს (ჩოხატაურის რ-ნი), ან ნოემბრის პირველ დეკადაში (სოფ. ბაღდათი). სოფ. ბაღდათში ყურძნის დაგვიანებით დამწიფება ძირითადად გამოწვეულია მოკრეფის წინ ნაკვეთის მორწყივთ. მორწყვა იწვევს ნიადაგში ტემპერატურის შემცირებას და მარცვალში წყლის გადიდებას, რაც ამცირებს შაქრის კონცენტრაციას.

უნდა აღინიშნოს, რომ დასავლეთ საქართველოში და განსაკუთრებით შავი ზღვის სანაპირო ზონაში უხვი ატმოსფერული ნალექების გამო ვენახების მორწყვა, როგორც წესი, აღკვეთილ უნდა იქნეს, რადგან იგი იწვევს პროდუქციის ხარისხის გაუარესებას და ამავე დროს აგვიანებს ყურძნის სრულ დამწიფებას. ფოთოლცვენას მტევანდიდი ჩვეულებრივ იწყებს ნოემბრის მეორე ნახევარში და ამთავრებს ნოემბრის ბოლოს ან დეკემბრის პირველ რიცხვებში.

ჩოხატაურისა და ოზუგეთის რაიონებში მოჭარბებული ნალექებისა (1280-1540 მმ) და უხვი სითბოს გავლენით (4000º–მდე) მტევანდიდის სავეგეტაციო პერიოდი, როგორც ეს ზემოთაც იყო აღნიშნული, მნიშვნელოვნადაა გახანგრძლივებული, მიუხედავად ამისა ვაზის რქები ყურძნის მასობრივი მწიფობის პერიოდისათვის ასწრებს სრულ მომწიფებას და ღებულობს ჯიშის დამახასიათებელ ელფერს.

ვაზის ზრდა-განვითარება საშუალო ან საშუალოზე ძლიერია. ბაღდათისა და დაბლაციხის ზონებში ხელსაყრელ ეკოლოგიურ პირობების მოქმედების შედეგად ვაზების ზრდა ძლიერია და რქების სიგრძე ხშირ შემთხვევაში 2-2,5-მდე აღწევს.

მოსავლიანობა. მტევანდიდი მოსავლის პირველ ნიშანს იძლევა დარგვიდან მესამე წელს; იშვიათად მეორე წელშიაც ივითარებს თითო-ოროლა არატიპიურ მტევანს, ხოლო სრულ მოსავალს მეხუთე წლიდან იძლევა. მაღლარად ფორმირებული მტევანდიდის მოსავლიანობა მეტად ცვალებადია; ხელსაყრელი ამინდის დროს ერთი ძირი მაღლარის მოსავალი 50 კგ აღწევს; დაბლარად აღზრდილი ვაზების მოსავალი ქართული წესით ფორმირების შემთხვევაში ერთი ძირიდან საშუალოდ 3 კგ არ აღემატება. მოსავლიანობის კოეფიციენტი 1,7-2 აღწევს. რქაზე ხშირად ორი მტევანია, მაგრამ არათანაბრად განვითარებული. ვაზის ძველი ნაწილებიდან განვითარებული ყლორტები ჩვეულებრივ უმოსავლოა. მტევანდიდს ახასიათებს დაწვრილმარცვლიანება; მაგრამ წვრილი მარცვლები ყურძნის მასობრივი მწიფობის პერიოდისათვის ასწრებს მომწიფებას.

მტევანდიდის 1 ვაზზე 8-12 კვირტის დატოვების შემთხვევაში მოსავლიანი ყლორტების რაოდენობა 72_78% აღწევს. ერთეულ ნაკვეთებზე მოსავლის უკეთეს მაჩვენებლებს იძლევა სოფ. ბაღდათის მევენახეობის ზონა. მაგალითად, იქ ერთი ჰექტარიდან მოსალოდნელი მოსავალი მტევანდიდისა 120 ცენტნერამდე აღწევს იმ დროს, როდესაც დაბლაციხესა და კალაგონში (ჩოხატაურის რ-ნი) იგი 80-85 ცენტნერს არ აღემატება. მოსავლის ამგვარი მატება ბაღდათის ზონაში გამოწვეულია, ჯერ ერთი, ნიადაგური პირობებით და, მეორე, რაც მთავარია, ყურძნის სრული მწიფობის პერიოდში ვენახის მორწყვით, რასაც მოსავლის მნიშვნელოვნად გადიდება მოსდევს.

გამძლეობა სოკოვან ავადმყოფობათა და მავნებელთა მიმართ

გურიის რაიონებში სითბოსა და ატმოსფერული ნალექების სიუხვის მიუხედავად მტევანდიდის გამძლეობა სოკოვან ავადმყოფობათა მიმართ და განსაკუთრებით ნაცრის მიმართ ზოგიერთ ადგილობრივ ჯიშებთან შედარებით (ჩხავერი, ნაკაშიძის ჯანი) დამაკმაყოფილებელია.

ზოგიერთ წლებში სრული მწიფობის პერიოდში ყურძენზე ვითარდება შავი სიდამპლე, რაც მეტად უარყოფით გავლენას ახდენს პროდუქციის ღირსებაზე.

მტევანდიდი ფილოქსერისადმი სუსტი გამძლეობით ხასიათდება.სწორედ ამით აიხსნება საკუთარ ძირზე არსებულ მტევანდიდის მაღლარების მასობრივი გადაშენება, იმ დროს, როდესაც ალადასტურის და ზოგიერთი სხვა ჯიშის მაღლარები კიდევ შემორჩენილია დასახელებულ რაიონებში.

ზოგიერთ წლებში, განსაკუთრებით ხელშემწყობი ამინდის დროს, მტევანდიდს აზიანებს ყურძნის ჭია. უფრო მეტად ეს მავნებელი ვითარდება ყვავილობისა და ყურძნის მწიფობის პერიოდში და იწვევს მოსავლის მნიშვნელოვნად შემცირებას და პროდუქციის ხარისხის გაუარესებას.

ეკოლოგიური პირობების მიმართ მტევანდიდი თითქმის არ იჩენს მგრძნობიარობას. იგი წარმატებით ვითარდება როგორც დაბლობ, ისე შემაღლებულ, მთისპირა ადგილებში, მაგრამ სამაგიეროდ პროდუქციას სხვადასხვა ადგილას სრულიად განსხვავებულს იძლევა. ეს ჯიში მაღალი ღირსებისაა და საღ ყურძენს იძლევა მზით უხვად განათებულ სამხრეთით ან სამხრეთ-აღმოსავლეთით დაქანებულ ნაკვეთებზე, სადაც ნიადაგი ნოყიერია და კალციუმის კარბონატების საკმაო რაოდენობას შეიცავს, დაბლობ და ნოყიერ ადგილებში მტევანდიდი უხვ მოსავალს იძლევა, მაგრამ პროდუქციის ხარისხი მნიშვნელოვნად დაბალია.

ჯიში ადვილად ეგუება როგორც მოკლე, ისე გრძელ გასხვლას. დასავლეთ საქართველოში სითბოსა და ტენის მოჭარბებული მოქმედების შედეგად სოკოვან ავადმყოფობათა განვითარება გაძლიერებულია, რაც უარყოფითად მოქმედებს მოსავლის რაოდენობასა და პროდუქციის ღირსებაზე. გარდა ამისა ვაზის ბუჩქისებრი ფორმირება სარზე ხშირ შემთხვევაში (განსაკუთრებით ღრუბლიან და წვიმიან ამინდში) იწვევს ვაზის შიგნითა ნაწილებში აერაციის შენელებას, მზის სხივების მოქმედების შესუსტებას, რის გამოც სოკოვან ავადმყოფობათა მოქმედება ძლიერდება.

ამიტომ მტევანდიდის ვენახის გაშენებისას აუცილებლად ანგარიში უნდა გაეწიოს აგრეთვე შტამბის დაყენების სიმაღლეს და ვაზის იმგვარად ფორმირებას, რომ უზრუნველყოფილი იქნეს რაც შეიძლება ინტენსიური მოქმედება, როგორც მზის სხივებისა, ისე აერაციის. ამიტომ მიზანშეწონილად მიგვაჩნია მტევანდიდი ფორმირებულ იქნეს ამაღლებულ შტამბზე თავისუფალი სხვლის წესით 2-3 სანაყოფის მიცემით ან ორმხრივ კორდონისებრი ფორმით და მათზე ორ-ორი საფორმო რგოლის შექმნით. დასაშვებია აგრეთვე მტევანდიდის ფორმირება ოლიხნარისებრი წესით, რაც წარმატებით შეიძლება გამოყენებული იქნეს ფერდობ ადგილებში, სადაც მექანიზაციის გამოყენება ტექნიკურად მოუხერხებელია.

სამეურნეო-ტექნოლოგიური დახასიათება

სამეურნეო თვისებათა დასახასიათებლად მტევანდიდის ნიმუშები აღებულ იქნა სოფ. კალაგონის, დაბლაციხისა (ჩოხატაურის რ-ნი) და სოფ. ბაღდათის (ოზურგეთის რ-ნი) ნაკვეთებიდან.

მტევანდიდის მტევნის საშუალო წონა მერყეობს 196,0-დან – 235,5 გ-მდე, ხოლო საშუალოდ 207 გ უდრის. მარცვლების რაოდენობა მტევანზე მერყეობს 110-120 შორის. საშუალო მტევნის კლერტის წონა 3,2-4,0 გ-მდე აღწევს; მარცვლის წონა 95,5-96,2% შეადგენს. საშუალო მტევნის კანი 25,5-26,4%, ხოლო წიპწისა 4,0-4,8% შეადგენს. ამრიგად, კლერტის, წიპწისა და ჩენჩოს ნარჩენები საშუალოდ 33,7% შეადგენს, ხოლო წვენის გამოსავლიანობა-66,3%.

დიდი მტევნის წონა 382 გ უდრის, მცირე მტევნისა _ 150 გ. 100 მარცვლის საშუალო წონა 168-180 გ, ხოლო საშუალოდ 174 გ შეადგენს. 100 მარცვალში წიპწების რაოდენობა 155 აღწევს. აქედან, ერთწიპწიანი მარცვლები 57%, ორწიპწიანი-32%, სამწიპწიანი-10% და ოთხწიპწიანი -1% შეადგენს.

ქიმიური ანალიზის ჩასატარებლად ნიმუშები აღნიშნულ ადგილებიდან იქნა აღებული ყურძნის სრული მწიფობის პერიოდში. აქვე მოგვყავს სხვადასხვა დროს ჩატარებული ქიმიური ანალიზის შედეგები.

მიუხედავად ყურძნის გვიან მოკრეფისა (ოქტომბრის ბოლო და ნოემბერის პირველი დეკადა),წარმოდგენილ ნიმუშებში შაქრის შედგენილობა საერთოდ არ არის გადიდებული, რაც აიხსნება ამ პერიოდში ჰიდროთერმული კოეფიციენტის გაზრდით, ყურძენში წყლის ჭარბად დაგროვების გამო, ნიმუშების შედარების შედეგად შაქრის რაოდენობის მხრივ აშკარა უპირატესობა ენიჭება სოფ. კალაგონიდან და დაბლაციხიდან აღებულ მასალას, რომელშიაც შაქრის რაოდენობა მერყეობს 21-დან- 23,5%-მდე, რაც სავსებით საკმაოდ უნდა ჩაითვალოს ხარისხოვანი წითელი სუფრის ღვინის დასაყენებლად. სოფ. ბაღდათის ნიმუშში მიუხედავად ყურძნის უფრო დაგვიანებით დაკრეფისა (29.X-8.XI) შაქარი 21% არ აღემატებოდა, რაც გამოწვეულია ყურძნის მწიფობის პერიოდში მოსავლის გადიდების მიზნით ნაკვეთის ხელოვნურად მორწყვით.

სოფ. კალაგონისა და დაბლაციხის ღვინის ნიმუშები, როგორც ეს ანალიზის შედეგებიდან ჩანს, ალკოჰოლის ნორმალურ რაოდენობას (11,2-11,6º) შეიცავს, მაგრამ ამავე დროს მჟავიანობაც ოდნავ მომეტებულია (7,1-7,3‰). მქროლავი მჟავიანობის რაოდენობა (0,58-0,70‰) საანალიზო მასალაში ღვინის სისაღის მაჩვენებელია. ასევე ნორმალურად ჩაითვლება ექსტრაქტის რაოდენობა, რომელიც დასახელებულ ნიმუშებში 25,88-26,71-მდე აღწევს. ოდნავ მომეტებულად ჩაითვლება ტანინის რაოდენობა (0,89-0,94), რაც გამოწვეულია ტკბილის ჭაჭაზე დადუღებით.

სოფ. ბაღდათის ღვინის ნიმუშში ალკოჰოლის შემცირებული რაოდენობა და ოდნავ მომეტებული მჟავიანობა, როგორც ეს ზემოთ იყო აღნიშნული, გამწვეულია ყურძნის მწიფობის პერიოდში ვენახის მორწყვით.

სოფ. ბაღდათის ღვინის ნიმუშები სავსებით დადუღებულად უნდა ჩაითვალოს, რადგან მასში მოცემულია 12,05º-მდე ალკოჰოლი და 0,030%-მდე შაქარი. ექსტრაქტის რაოდენობა ამ ნიმუშში სავსებით ნორმალურია (1,94), ხოლო მქროლავი მჟავიანობის სიმცირე (0,045) ღვინის სისაღის მაჩვენებელია.

სოფ. დაბლაციხის ორი ნიმუში, როგორც ეს ანალიზის შედეგებიდან ჩანს, ვერ აკმაყოფილებს ხარისხოვანი სუფრის ღვინისადმი წაყენებულ მოთხოვნას, რადგან ნორმალურ ალკოჰოლიანობასთან ერთად ღვინოში დარჩენილია შაქრების მნიშვნელოვანი რაოდენობა (1,692-3,780), რაც მნიშვნელოვნად ამცირებს ღვინის ღირსებას. ეჭვს გარეშეა, რომ ღვინის ამ ნიმუშთა ნორმალურად დადუღების შემთხვევაში დარჩენილი შაქრების ხარჯზე ალკოჰოლი გაიზრდებოდა და შედეგად მნიშვნელოვნად გაუმჯობესდებოდა ამ ღვინის ღირსებაც.

მტევანდიდის ღვინის შენახვის უნარიანობაზე და ტრანსპორტაბელობაზე დაკვირვებანი წარმოებული არ ყოფილა, მაგრამ ღვინის ორგანოლეპტიკური თვისებები და ქიმიური შედგენილობა ნათლად ადასტურებს მის ტრანსპორტაბელობას და შენახვის დიდ უნარს. ამასვე ადასტურებენ აგრეთვე გურიაში მომუშავე ცნობილი აგრონომ_მევენახეები ა. შარაშიძე, ა. ხუნდაძე და ა. შარაშიძე (ჩოხატაურის რ-დან) და ს. ბერძენიშვილი (სოფ. ბაღდათიდან), რომელთაც თავიანთი საკარმიდამო ნაკვეთის მოსავლიდან მრავალჯერ დაუყენებიათ ღვინო. როგორც ისინი გადმოგვცემენ, ღვინო როგორც გემური თვისებებით, ისე შენახვის უნარითა და ტრანსპორტაბელობით მკვეთრად გამოირჩეოდა სხვა აბორიგენულ ვაზის ჯიშთა ღვინოებისაგან. გადმოცემით დადასტურებულია აგრეთვე მტევანდიდის ღვინის მაღალი ტრანსპორტაბელობა. როგორც აგრ. ა. ნაკაშიძე, გ. შარაშიძე და სხვ. აღნიშნავენ, იგი შორეულ მანძილზე ხშირად გადაჰქონდათ გუდებით.

ღვინის ღირსებასთან ერთად აღსანიშნავია მტევანდიდის ყურძნის ტრანსპორტაბელობა და შენახვის დიდი უნარი, რაც მრავალი წლის განმავლობაში წარმოებული დაკვირვებით დადასტურებულია.

ვარიაციები. მტევანდიდის ვარიაციებიდან გურიის რაიონებში გავრცელებულია ე.წ. მამალი მტევანდიდი, რომელიც როგორც ბოტანიკური ნიშნებით, ისე აგრობიოლოგიური და სამეურნეო თვისებებით მნიშვნელოვნად განსხვავდება ნამდვილ მტევანდიდისაგან.

მამალი მტევანდიდი, როგორც მცირემოსავლიანი ვარიაცია, ნაკლებად საინტერესოა, რის გამოც აქ მოვიყვანთ მის მხოლოდ მოკლე დახასიათებს. ვაზს ახასიათებს ძლიერი ზრდა ცალკეული რქების სიგრძე სავეგეტაციო პერიოდის დასასრულისათვის ხშირად 4-5 მ აღწევს. საშუალოზე მცირე სიდიდისა და ღრმად დანაკვთული ფოთლები აქვს. მტევანი საშუალოზე მცირეა, დატოტვილია, მეჩხერი და თითქმის უფორმო. მარცვალი საშუალოზე მცირეა და ჩვეულებრივ ტკბილი გემო აქვს. რქაზე ხშირად ერთი მტევანია, როგორც მცირემოსავლიანი ვარიაცია, იგი ინტერესს მოკლებულია.

საერთო შეფასება და დარაიონება

მორფოლოგიურ და აგრობიოლოგიურ ნიშან_თვისებათა მიხედვით მტევანდიდი კოლხეთის ვაზის ჯიშთა ჯგუფის ტიპიური წარმომადგენელია და სამეურნეო თვალსაზრისით გურიის ვაზის ჯიშთა ჯგუფს მიეკუთვნება.

მრავალი წლის განმავლობაში წარმოებული დაკვირვებებით, აგრეთვე ადგილზე მომუშავე გამოცდილ მევენახე-აგრონომების ჩვენებით დასტურდება, რომ მტევანდიდი უეჭველად საინტერესოა გურიის რაიონებისათვის, როგორც ადგილობრივი მნიშვნელობის ხარისხოვანი პროდუქციის მომცემი წითელყურძნიანი ჯიში.

აკიდო, მტევანდიდი, ვაზის, ჯიში, გურიაფოტო: სოფლის მეურნეობის სამეცნიერო კვლევითი ცენტრი

მტევანდიდის პროდუქცია წარმატებით შეიძლება იქნეს გამოყენებული, როგორც ხარისხოვანი წითელი სუფრის ღვინის დასაყენებლად, ისე ძირითად საკუპაჟე მასალად.

მტევანდიდი ყურადღებას იპყრობს აგრეთვე, როგორც საჭმელი ყურძენი. მას შენახვის დიდი უნარი აქვს (ინახება მთელი ზამთრის განმავლობაში) და აგრეთვე კარგი ტრანსპორტაბელობა ახასიათებს.

მაღალხარისხოვანი წითელი ღვინოების დასამზადებლად მტევანდიდი წარმატებით უნდა იქნეს გავრცელებული გურიის აღმოსავლეთ ნაწილში და განსაკუთრებით მდ. სუფსისა და ხევისწყლის ხეობებში-ჩოხატაურის, დაბლაციხის, იანოულის, ნოღას, კოხნარის, საჭამიასერის მიკრორაიონებში. შესაფერის მთისპირა მიკრორაიონების შერჩევის გზით იგი შეიძლება ფართოდ გავრცელდეს აგრეთვე მდ. ბუგაზოულისა და ბახვისწყლის ხეობათა შუა წელში.

ვინაიდან მტევანდიდი ფილოქსერის მიმართ ნაკლები გამძლეობით ხასიათდება, მისი შემდგომი გავრცელება აუცილებლად უნდა ხდებოდეს ნამყენების სახით სათანადოდ შერჩეულ ფილოქსერაგამძლე ვაზის საძირეებზე.

ნიკო კეცხოველი, მაქსიმე რამიშვილი, დიმიტრი ტაბიძე.
საქართველოს ამპელოგრაფია. 1960 წელი. რედაქცია „აგროკავკასია“.

თქვენი რეკლამა