რქაწითელი მუსკატური – სელექციური თეთრყურძნიანი საღვინე – სასუფრე ვაზის ჯიშია.
ჯიში გამოყვანილია საქართველოს სასოფლო – სამეურნეო ინსტიტუტის კათედრაზე ვ. ქანთარიასა და ნ. ჩახნაშვილის მიერ.
მუსკატური რქაწითელი ორმაგი დანიშნულების ჯიშია. წარმატებით გამოიყენება როგორც სასუფრე ყურძნად, ასევე მაღალხარისხიანი სუფრის თეთრი, მშრალი ღვინის დასამზადებლად. ხასიათდება საშუალო ზრდითა და საშუალოზე მაღალი მოსავლიანობით.
ზრდასრული ფოთოლი საშუალო ზომისაა, მომრგვალო ფორმის, სამ – ხუთნაკვთიანი. ფოთლის ქვედა მხარე სუსტადაა შებუსული.
მტევანი საშუალო ან საშუალოზე დიდი ზომისაა, ცილინდრულ – კონუსური ფორმის, საშუალო სიკუმსის, ზოგჯერ მხრიანი. მარცვალი მომრგვალო ან მცირედ ოვალურია, საკმაოდ სქელკანიანი. რბილობი საშუალო სიმკვრივისა და წვნიანია, ზომიერად გამოხატული სასიამოვნო მუსკატური გემოთი.
სავეგეტაციო პერიოდი 154-160 დღეა. მტევნის წონა 255-270 გრამია. ყურძნის სრული სიმწიფის პერიოდში მისი შაქრიანობა აღწევს 22-24%-ს, მჟავიანობა 6.5 გ/ლ.
წყარო: სოფლის მეურნეობის სამეცნიერო კვლევითი ცენტრი / SRCA