სუდანურა (სუდანის ბალახი), მისი სამეურნეო მნიშვნელობა და აგროტექნიკა

სუდანურა, სუდანის ბალახი

მეცხოველეობის მტკიცე საკვები ბაზის შექმნის საქმეში სუდანურა, სუდანის ბალახი (ლათ. Sorghym sudanense) უმნიშვნელოვანეს კულტურათა რიცხვს მიეკუთვნება. მას კარგად ჭამენ ცხოველები.

სუდანურას იყენებენ მწვანე საკვებად, თივად, სასილოსედ, საძოვრად, სენაჟად, სამარცვლედ და სხვა სახით. იგი გამოირჩევა დიდი გვალვაგამძლეობით. გათიბვის ან გაძოვების შემდეგ სწრაფი წამონაზარდებით, მაღალი და მყარი მოსავლით, მწვანე მასისა და თივის მაღალი ხარისხით და სხვა. ხასიათდება მოსული ნალექებისა და წყლის შეთვისების მაღალი უნარით.

სუდანურა პირველ ადგილზეა ცილების შემცველობით სხვა ერთწლიან მარცვლეულ კულტურათა შორის. სუდანურა გათიბვის ან გაძოვების შემდეგ სწრაფად იზრდება, ხელსაყრელ პირობებში ითიბება 3-4 ჯერ წელიწადში. მაღალი და მყარი მოსავლები მიიღება არა მარტო ტენით უზრუნველყოფილ რაიონებში არამედ გვალვიანშიც.

სუდანურას მორფოლოგიური და ბიოლოგიური თავისებურებანი

სუდანურა მიეკუთვნება სორგოსებრთა ოჯახს. აღმოცენების პირველ პერიოდში სუდანურა ძალიან ნელა ვითარდება. პირველი ხუთი ფოთლის წარმოსაქმნელად მას ესაჭიროება 3-6 კვირა.

მიწისზედა ორგანოების პირველდაწყებითი ნელი ზრდა იმით აიხსნება, რომ ამ პერიოდში მცენარე ძირითადათ ფესვთა სისტემას ინვითარებს.

სწრაფი ზრდა და ვეგეტაციური მასის დაგროვება ხდება აღერების ფაზიდან, რაც ემთხვევა პირველი ბარტყობის განვითარებას და გრძელდება საგველას გამოტანამდე. ამ პერიოდში კულტურის დღე-ღამური ზრდა აღწევს 5-7სმ ს.

სუდანურა ინვითარებს მძლავრ ფუნჯა-ფესვთა სისტემას, რომელთაც შესწევთ უნარი ჩააღწიონ ნიადაგში 2-3 მეტრის სიღრმემდე.

სუდანურას ბუჩქი 3-25 და ზოგჯერ მეტ ღეროსაც ინვითარებს. ღეროები კარგადაა შეფოთლილი, სწორად მდგომია, სიმაღლით 1,5-3 მეტრის. ფოთლები მსხვილია, სიგრძით 45-60 სმ- ია, სიგანით 4- 4,5 სმ- ია. ყვავილედი- გადაშლილი საგველაა, ნაყოფი მარცვალი. 1000 მარცვლის წონა 10-15 გრამი ან მეტია.

მოთხოვნილება გარემო პირობების მიმართ

  • ტემპერატურა

სუდანის ბალახი ძალიან სითბოს მოყვარული მცენარეა, ზრდა-განვითარებისთვის იგი ბევრ სითბოს საჭიროებს, ნიადაგში თესლის გაღვივების ოპტიმალური ტემპერატურა 20-30 გრადუსია, მინიმალური 8-10 გრადუსი.

მისი თესვა ცუდად გამთბარ ნიადაგში დაუშვებელია. იგი სინათლის მოყვარული და როგორც უკვე ავღნიშნეთ გვალვაგამძლეა. იზრდება სხვადასხვა ტიპის ნიადაგებზე, მაგრამ ყველაზე მაღალ მოსავალს იძლევა შავმიწებსა, მუქ ყავისფერ და ყავისფერ, ჭალის და სხვა კარგი ფიზიკური და ქიმიური თვისებების მქონე ნიადაგებზე.

  • ტენი

სუდანურას ახასიათებს დიდი გვალვაგამძლეობა, ეს თვისება განპირობებულია მისი მძლავრად განვითარებული ფესვთა სისტემითა და გრძელი სავეგეტაციო პერიოდით, რაც მას საშუალებას აძლევს კარგად გამოიყენოს ზაფხულის მეორე ნახევარში მოსული ნალექები.

სუდანურა ყველაზე მეტად შთანთქავს ტენს ნიადაგის ღრმა ჰორიზონტებიდან, 1 მეტრიდან და უფრო მეტიდანაც. ამავე დროს იგი კარგად რეაგირებს მორწყვაზე. ზედმეტ ტენიანობას ვერ იტანს.

ნიადაგური პირობები, განოყიერება

სუდანურა ყველაზე კარგად იზრდება შავმიწებსა და მუქ-ყავისფერ ნიადაგებზე, შედარებით ცუდად სილიან და ღია-წაბლა ნიადაგებზე.

იგი იტანს მცირე მჟავიანობას და ეგუება დამლაშებულ ნიადაგებსაც. (ეს უკანასკნელი ნიადაგები, პროექტის მუშაობის არეალში, გავრცელებული არაა).

განოყიერება

სუდანურა 1 ტ. მშრალი ნივთიერების შესაქმნელად ნიადაგიდან ითვისებს ბევრ აზოტს (დაახლოებით 25-30 კგ/ჰა), ამიტომ, იგი ძალიან მგრძნობიარეა აზოტიანი სასუქების მიმართ.

სუდანურა ძლიერ რეაგირებს ორგანულ-მინერალური სასუქების შეტანაზე; ბორჯომის, ახალციხისა და ადიგენის ნიადაგური პირობებისა და მათში ძირითადი საკვები ელემენტების შემცველობიდან გამომდინარე რეკომენდაციას ვიძლევით შეტანილი იყოს N90 P60 K60 1 ჰა- ზე ანგარიშით.

მეორე და მესამე მოსავლების მისაღებად (თუ ნაკვეთი ითიბება 2-3 – ჯერ). პირველი და მეორე გათიბვის შემდეგ ნაკვეთში ისევ უნდა შევიტანოდ N45 P30 K30 და თუ სარწყავია ნაკვეთი მოვრწყათ.

თუ მეურნეს საშუალება აქვს გამოიყენოს ორგანული სასუქი მაშინ შესაძლოა ძირითად განოყიერებაში შესატანი სასუქის N90 P60 K60 დოზა შევამციროთ (თუ მაგალითად შეგვაქვს ნაკელი 1 ჰა-ზე 20 ტონა ე.ი. 1 000 კვადრატულ მეტრზე- 2 000 კგ, მაშინ შესაძლო შესატანი მინერალური სასუქების დოზები გავანახევროდ N45 P30 K30).

ნაკელი და ფოსფორ-კალიუმიანი სასუქები შეიტანება ძირითადი ხვნის წინ, ხოლო აზოტიანი სრული დოზით თესვისწინა კულტივაციის წინ და იგი აუცილებლად კარგად უნდა ჩაკეთდეს ნიადაგში.

ნიადაგის დამუშავება

სუდანურასთვის ნიადაგი უნდა დამუშავდეს მზრალად. გვიან შემოდგომაზე კი მოიხნას 22-25 სმ-ის სიღრმეზე. ეროზიასთან ბრძოლის საწინააღმდეგოდ ეროზირებულ ნიადაგებზე ხვნა უნდა ვაწარმოოდ გაზაფხულზე ფერდობის დახრილობის გარდიგარდმოდ ე.წ. კონტურულად.

ხნულის მდგომარეობის მიხედვით უნდა ჩატარდეს კულტივაცია 1-2 ჯერ. მ.შ. ერთი კულტივაცია, ფარცხვა თესვის წინ.

დარაიონებული ჯიშები

,,ივერია- 25’’, ,,მირონოვის 10’’, ,,სტანიჩნაია’’.

აგროტექნიკის თავისებურებანი

სუდანურა განვითარების დასაწყისში საჭიროებს სარეველებისაგან სუფთა მინდორს. მისი საუკეთესო წინამორბედებია: საშემოდგომო პურეული კულტურები, სამარცვლე პარკოსნები, სათოხნი კულტურები და სხვა.

თესლის მომზადება დასათესად, თესვა

თესლი თესვის წინ უნდა შეიწამლოს თესლის დასამუშავებელი პრეპარატით, საშუალო დოზა 2-3 კგ ტონა თესლზე.

სათივედ და გასაძოვებლად სუდანის ბალახი უნდა დაითესოს ჩვეულებრივ მწკრივად ხორბლის სათესით. თესლის ჩათესვის სიღრმე მშრალ ნიადაგში 6-8 სმ. ტენიანში 3-5 სმ. თესვის დროს თესლზე ბალასტის დამატება საჭირო არაა.

სუდანურას მოვლა-მოყვანის ტექნოლოგიაში დიდი მნიშვნელობა აქვს ოპტიმალური თესვის ვადების შერჩევას, იგი უნდა დაითესოს მაშინ როდესაც ნიადაგი თესლის ჩათესვის სიღრმეზე გათბება 10-12 გრადუსამდე.

არასაკმარისად გამთბარ, მაგრამ ტენიან ნიადაგში თესვისას თესლი ჯირჯვდება, მაგრამ არ აღმოცენდება, მასზე ვითარდება ობის სოკო და თესლი იღუპება. ამის გამო სუდანურას ადრე თესვა არამარტო გამეჩხერებულ, ნაკლებ-მოსავლიან აღმონაცენს იძლევა, ამავე დროს თუ აღმოცენება რაიმე მიზეზით ბრკოლდება, სარეველები სწრაფად ვითარდებიან და ჩაგრავენ ნათესებს.

სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებების მონაცემები და ფართო საწარმოო პრაქტიკა გვიჩვენებს, რომ ტენიან რაიონებში სუდანურა მწვანე საკვებად, თივად და თესლად უკეთესია დაითესოს მთლიანად მოთესვით მწკრივად ჩვეულებრივი მარცვლეულის სათესი მანქანებით, მწკრივულად 7,5- 15 სმ დაშორებით და ნიადაგი კარგად უნდა დაიტკეპნოს.

გვალვიან რაიონებში, სადაც ზაფხულის პერიოდში მცირე ნალექი მოდის სუდანურა საკვებად ფართომწკრივთან (45-60 სმ) იძლევა უფრო კარგ მოსავალს, ვიდრე მწკრივად თესვის დროს. გვალვიან რაიონებსა და არასაკმარისი ტენის დროს თესვის ნორმა მთლიანად მოთესვისას უნდა იყოს 30-35 კგ-ჰა-ზე. გვალვიან რაიონებში თესვასთან მიყოლებით რეკომენდირებულია ნიადაგის დატკეპვნა.

სუდანურას თივად აღება აუცილებელია საგველების გამოღების დასაწყისში, რადგან უფრო გვიან აღებისას მასა ძლიერ უხეშდება და უჯრედანას მნიშვნელოვანი რაოდენობით შეიცავს.

ოპტიმალურ ვადებში აღებისას იღებენ უფრო ყუათიან საკვებს, რადგან სუდანურას ფოთლებში ყვავილობამდე შედის პროტეინის ყველაზე მეტი რაოდენობა. ყავილობამდე გათიბული სუდანურა წამონაზარდს იზრდის უფრო სწრაფად, ვიდრე უფრო გვიან გათიბული.

პატარა ზომის ნაკვეთებზე (1 000 კვადრატული მეტრი), ხელით თესვისას საჭიროა 3,5 კგ. თესლს კარგად აერიოს 2,2- 2,5 კგ. გაცრილ მშრალი ბალასტი (ქვიშა, სილა, ნაკელი ან გრანულირებული სასუქი).

თესვა უნდა ჩავატაროთ ისე, რომ თესვის დამთავრების შემდეგ, თესლის რაღაც რაოდენობა დაგვრჩეს, რომელიც ისევ თანაბრად უნდა გავანაწილოთ მთელ ფართობზე და ა.შ. თესვის შემდეგ ნათესი უნდა დაიფარცხოს და მოიტკეპნოს.

მოსავლიანობა

სუდანურას გავრცელების არეალი ფართოა გამომდინარე მისი ბიოლოგიური თავისებურებებისაგან, თივის მოსავალი აღწევს 7-10 ტონას, ხოლო მწვანე მასის 35-40 ტ/ჰა-ს. თივაში ცილების შემცველობა 9-10 %-ია.

საქართველოს პირობებში (მთის მეცხოველეობის მიმართულების რაიონებში) თივის მოსავალი 4,5 – 5,0 ტ/ჰა არის და ზოგჯერ მეტი; თესლის მოსავალი 0,8 – 2,0 ტ/ჰა არის.

სუდანურას სავეგეტაციო პერიოდის ხანგრძლივობა 100-120 დღის ფარგლებში მერყეობს.

ქეა საერთაშორისო კავკასიაში;
ავტორები: ნ. ბერენიკაშვილი; ქ. კანდელაკი; ზ. რევიშვილი; თ. ყურაშვილი; დ. ცომაია.

იხილეთ აგრეთვე: სორგო — თესვა, მოვლა-მოყვანა, რამდენიმე ჯიში

თქვენი რეკლამა