კულტურული სათიბ-საძოვარი ეს არის ბუნებრივი ან ნათესი საკვები სავარგული, რომელიც სათანადო მოვლის, გაუმჯობესებისა და რაციონალური გამოყენების პირობებში უზრუნველყოფს ბუნებრივი სათიბ-საძოვართან შედარებით უფრო მეტ, გაცილებით მაღალი ხარისხისა და ნაკლები თვითღირებულების მწვანე მასის მიღებას.
საძოვრული საკვები, ან ბაგაზე მიტანილი ახლად გათიბული მწვანე მასა თითქმის მთლიანად არის დაბალანსებული უმნიშვნელოვანესი საყუათო ნივთიერებებით და ყველაზე უფრო სრულად აკმაყოფილებს ცხოველის ფიზიოლოგიურ მოთხოვნებს.
უნდა აღინიშნოს, რომ კულტურული საძოვრის ბალახის საკვები ერთეულის თვითღირებულება საძოვრად გამოყენებისას დაახლოებით 3-ჯერ იაფია, ვიდრე თივის საკვები ერთეული და ორჯერ იაფი, ვიდრე ბაგაზე მიცემული მწვანე ბალახის საკვები ერთეულის თვითღირებულება.
კულტურული საძოვრისა და სათიბის შექმნის სამი ძირითადი ხერხი გამოიყენება
1. იმ ბუნებრივი საკვები სავარგულების ზედაპირული გაუმჯობესება, რომლებიც ნიადაგობრივი პირობებისა და ბალახნარის ბოტანიკური შედგენილობის მიხედვით შესაძლებელია გარდავქმნათ კულტურულ საძოვრად ან სათიბად კორდის მოსპობისა და ბალახნარევის თესვის გარეშე.
2. ნათესი საძოვრის ან სათიბის შექმნა ბუნებრივი საკვები სავარგულების ძირეული გაუმჯობესებით, დაჩქარებული გამდელოების ან წინამორბედი კულტურების თესვით. ცალკეულ შემთხვევაში, ადგილმდებარეობის ბუნებრივი პირობებიდან და სამეურნეო მოთხოვნილებიდან გამომდინარე შესაძლებელია კულტურული სათიბ-საძოვრების შექმნა სახნავ მიწებზე.
3. კულტურული საძოვრის ან სათიბის შესაქმნელად მრავალწლოვანი ბალახების ძველი ნათესების, ან სხვა სასოფლო-სამეურნეო კულტურის ნათესების გამოყენება.
კულტურული საძოვრის ან სათიბის შექმნის ხერხის შერჩევისას უნდა ვიხელმძღვანელოთ კონკრეტული ადგილსამყოფელის ნიადაგობრივი და კლიმატური პირობებით, გავითვალისწინოთ ბუნებრივი საკვები სავარგულის ბალახნარის ტიპი, მოსავლიანობა, აგრეთვე ფერმერის სამეურნეო შესაძლებლობები და მიზნები.
აღმოსავლეთ საქართველოს ბარის პირობებში უპირატესობა უნდა მიეცეს ნათესი სარწყავი სათიბების შექმნას, მათ შორის განმარილებულ მიწებზე; კოლხეთის დაბლობზე მეტად პერსპექტიულია ნათესი სათიბების შექმნა მელიორირებულ ფართობებზე.
ეს ცხადია, არ გამორიცხავს ამ ზონებში წვრილი ფერმერებისათვის კულტურული საძოვრის შექმნას, როგორც მეცხოველეობის მეტად იაფი პროდუქციის წარმოების ერთ-ერთ საშუალებას, ანდა ყველა შემთხვევაში ნათესი ბალახნარის კომბინირებულ გამოყენებას სათიბად და საძოვრად.
საქართველოს მთიან რეგიონებში უფრო გამოიყენება კულტურული სათიბ-საძოვრების შექმნის პირველი ორი ხერხი, ხოლო მთავარი კავკასიონის ფერდობებზე კულტურული საძოვრების მოწყობა უმთავრესად მხოლოდ ზედაპირული გაუმჯობესების ღონისძიებათა ხერხებით არის შესაძლებელი.
ნათესი კულტურული საძოვრის ბალახნარი სასურველია ჩამოყალიბდეს პარკოსანი, მარცვლოვანი და მარცვლოვან-პარკოსანი მრავალწლოვანი ბალახების ნარევის დათესვით.
კულტურული სათიბის შექმნისას დაბლობ რაიონებში, განსაკუთრებით კი მორწყვის პირობებში და მწვანე მასისაგან ბალახის ფქვილის წარმოებისას, კარგი შედეგი აღინიშნება მატრო პარკოსანი ბალახების – აღმოსავლეთ საქართველოში ლურჯი იონჯას, დასავლეთში კი ლურჯი იონჯას ან მდელოს (წითელი) სამყურას, კოლხეთის დაბლობზე მათ გარდა კურდღლისფრჩხილას თესვისას.
თივის დამზადებისათვის აუცილებელია მარცვლოვანი და პარკოსანი ბალახების ნარევის თესვა:
აღმოსავლეთ საქართველოში მიზანშეწონილია ლურჯი იონჯას, სათითურას, მდელოს წივანასა და უფხო შვრიელას თესვა;
დასავლეთ საქართველოში ლურჯი იონჯას, წითელი სამყურას, კურდღლისფრჩხილას, მაღალი კოინდარის, მდელოს ტიმოთელას, სათითურას;
მთიან რეგიონებში – მდელოს (წითელი) სამყურას, ამიერკავკასიის ესპარცეტის, მდელოს ტიმოთელას, სათითურას, უფხო შვრიელას თესვა.
კულტურული საძოვრის სწორი გამოყენების საფუძველს წარმოადგენს ნაკვეთმორიგეობითი ძოვების შემოღება.
საძოვრების გაძოვება
საქართველოს ველის ზონის ვაციწვერიან საძოვრების გაძოვება ძროხეულის მიერ მიზანშეწონილია დაიწყოს მაშინ, როდესაც ბალახნარის სიმაღლე 10-12 სმ მიაღწევს, ნათესი სარწყავი კულტურული საძოვრის – 15-20 სმ, სუბალპური ზონის მარცვლოვან-ნაირბალახოვან და მარცვლოვან-პარკოსნიან საძოვრების 8-12 სმ, სუბალპური მაღალბალახეულობის – 18-22 სმ, ავშნიანი ნახევრადუდაბნოს გაზაფხულის ეფემერეტუმის – 6-8 სმ, მშრალი ველის კაპუეტიანი, უროიანი და ველის წივანიანი საძოვრების – 8-10 სმ, ალპური ზონის დაბალახეულობისა ცხვრის მიერ – 4-6 სმ და ა.შ.
გაზაფხულზე ძოვების დაწყების ვადა შესაძლებელია განვსაზღვროთ ინდიკატორი მცენარეების ყვავილობის მიხედვითაც. ასე, სუბალპურ საძოვრებზე კავკასიური ბაიას ყვავილობის დასაწყისი შესაძლოა მივიჩნიოთ ბალახნარის გაძოვების დაწყების მომენტად, ხოლო ვაციწვერიან და ველის წივანიან საძოვრებზე კი ტიტების ან გამობერილი გლერძას ყვავილობა.
გაძოვები სიმაღლე
საქართველოს ნახევრადუდაბნოს და ველის ზონის, გაზაფხულის და შემოდგომის ეფემერეტუმი 2-3 სმ; ზამთრის მანძილზე ავშნის 3-6 სმ, წითელწვერასი 10 სმ, სხვა ნახევრადბუჩქებისა (ხურხუმო, ჩარანი) – ძირითადად ერთწლიანი ყლორტის გაძოვება ხდება;
ველის ზონის ვაციწვერიანი, ველის წივანიანი, უროიანი და სხვა მსგავსი დაჯგუფების, აგრეთვე მთის შუა ზონის მთა-მდელოს, მთა-ველის საძოვრებისათვის – 4-6 სმ;
სუბალპური და ალპური ზონის უმეტესი ტიპის ნაირბალახოვან-მარცვლოვანი საძოვრებისათვის 3-6 სმ;
მთის შუა და სუბალპური ზონის ფართოფოთლოვანი დაჯგუფებების და მაღალ-ბალახეულობისათვის 6-7 სმ; ნათესი მრავალწლოვანი ბალახებისათვის 6-7 სმ, სარგებლობის ბოლო ორ წელს კი 2-3 სმ; ბალახნარში იონჯას საკმაო რაოდენობით მონაწილეობისას გაძოვების სიმაღლე არ უნდა იყოს 8-10 სმ-ზე დაბალი.
სეზონის მანძილზე საძოვრის გამოყენების ოპტიმალური ჯერადობა პირველ და მეორე გაძოვებას შორის 20-25 დღეს, მეორე და მესამე გაძოვებას შორის 35-40 დღეს შეადგენს. ნათესი სარწყავი საძოვრის ბალახნარის გაძოვებას შორის დასვენების პერიოდი მნიშვნელოვნად მცირეა და ციკლების მიხედვით 14-25 დღეს არ აღემატება.
აღმოსავლეთ საქართველოს სარწყავი და დასავლეთ საქართველოს დაბლობ ზონაში ნათესი კულტურული საძოვარი შესაძლებელია გაიძოვოს 5-8-ჯერ, ტყისა და ტყე-ველის ბუნებრივი საძოვრები 2-4-ჯერ, მთის შუა ზონაში 3-4-ჯერ, სუბალპებში – 2-3-ჯერ, ალპებში 1-2-ჯერ.
აღმოსავლეთ საქართველოს ნახევრად უდაბნოს და მშრალი ველის ზამთრის საძოვრებზე ზამთრის საკვების ძირითადი მარაგის, უმთავრესად ნახევრადბუჩქების (ავშანი, ხურხუმო, ჩარანი, წითელწვერა და სხვ.) ერთწლიანი ყლორტების, უროს, ვაციწვერას და ზოგიერთი სხვა ბალახის ხმელი მასის გამოყენება ჩვეულებრივ ერთხელ ხდება, ხოლო ეფემერეტუმი, რომლის განვითარება ნალექების მოსვლასთან არის დაკავშირებული, ადრე გაზაფხულზე და გვიან შემოდგომით გაიძოვება ხოლმე.
ველისა და მთის ქვედა ზონის ბუნებრივი საკვები სავარგულები, ძირითადად ვაციწვერიანი, უროიანი და ველის წივანიანი სხვადასხვა დაჯგუფებები, ზაფხულის მანძილზე, წლის კლიმატური პირობებისაგან გამომდინარე საძოვრად გამოიყენება 1-3-ჯერ.
საძოვრის დატვირთვის დასადგენად შესაძლებელია ვისარგებლოთ შემდეგი საორიენტაციო მონაცემებით:
ერთ პირობით სულ მსხვილფეხა რქოსან პირუტყვს საძოვრული სეზონის განმავლობაში (საშუალო 150-180 დღე) ესაჭიროება ნათესი ან გაკულტურებულ ბუნებრივ ურწყავ საძოვარზე, დასავლეთ საქართველოში დაბლობ ზონაში 0,2-0,3, აღმოსავლეთ საქართველოს ბარის სარწყავ კულტურულ საძოვარზე 0,25-0,35 ჰა, მთის შუა ზონის ურწყავ პირობებში 0,5-0,7 ჰა, სუბალპურ საძოვრებზე 0,5-0,6 ჰა, ალპებში 0,9-1,3 ჰა, ნახევრად უდაბნოს ზამთრის საძოვრებზე მცენარეულობის ტიპის მიხედვით 2,0-4,0 ჰა, ვაციწვერიან-ველის წივანიან საძოვრებზე 1,0-1,5 ჰა და ა.შ.
სამეცნიერო დაწესებულების მიერ რეკომენდირებულია (საორიენტაციო) ტყე-ველის ზონაში გამოიყოს ერთი სული ზრდასრული მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვისათვის 0,4-0,5 ჰა ურწყავი საძოვარი, მოზარდისათვის – 0,2, ცხვრისათვის – 0,07-0,08, ცხენისათვის – 0,25-0,3 ჰა.
ნორმალური ზრდა-განვითარების ერთ ფურს, პროდუქტიულობისაგან დამოკიდებით დღე-ღამეში საშუალოდ ესაჭიროება 40-75 კგ მწვანე საკვები, 1 წელზე უხნეს დეკეულს ან მოზვერს 30-40 კგ, ერთ წლამდე ასაკისას – 15-25 კგ, ცხვარს 6-7 კგ, ბატკანს 2-3 კგ მწვანე მასა საშუალოდ 72-78% საერთო წყლის შემცველობით.
აღმოსავლეთ საქართველოს ზამთრის საძოვრებზე ნახევრად უდაბნოსა და მშრალი ველის გვალვიან პირობებში, საკვების სიმშრალის გამო, ცხვარს გაცილებით ნაკლები (2,5-5,0 კგ) საძოვრული ბალახი ესაჭიროება.
კულტურული საძოვრებიდან წლების განმავლობაში მყარი და მაღალი მოსავლის მისაღებად აუცილებელია მოვლის ისეთი ღონისძიებების განხორციელება, როგორიცაა სასუქების შეტანა, გაუძოვარი ბალახების წათიბვა, ნაკელის მოსწორება, სარეველების, მღრნელებისა და ჰელმინთების წინააღმდეგ ბრძოლა და სხვა.
გაუძოვარი ბალახების წათიბვა უნდა მოხდეს ზაფხულის განმავლობაში 1-2-ჯერ, არა უმეტეს 7-10 სმ სიმაღლეზე, ჩვეულებრივი სათიბი მანქანით. ნაკელის მოსწორება ხდება მე-2 ან მე-3 გაძოვების შემდეგ და სეზონის ბოლოს ფარცხით. მეტად მნიშვნელოვანია კოლბოხების დაშლა, რომელიც შესაძლებელია ჩატარდეს ასევე ფარცხის გამოყენებით, ადრე გაზაფხულზე ან შემოდგომით.
ავტორი: იოსებ სარჯველაძე —
სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა
დოქტორი, პროფესორი.