მომთაბარე მეღორეობის ტექნოლოგია

520 Views Comment Off

საქართველოს ტერიტორიის 1/3 მთაგორიანია და მისი მნიშვნელოვანი ნაწილი ფოთლოვანი ტყითაა დაფარული.

მომთაბარე მეღორეობას სწორედ იმ რაიონებსა და სოფლებში მისდევენ, რომლებიც ესაზღვრებიან ასეთი ტყის მასივებს. სხვადასხვა მონაცემებით საქართველოში წარმოებული ღორის ხორცის თითქმის 20-25% მოდიოდა მომთაბარე მეღორეობაზე.

სამთაბაროდ უპირატესად გამოიყენება კახური ღორი, კახურის მანგალიცურ ჯიშთან ნაჯვარი და სხვა ადგილობრივი პოპულაციები, რომლებიც შეგუებულნი არიან მოვლა-შენახვის ექსტენსიურ სისტემას, კარგად იყენებენ ფოთლოვანი ტყის ნაყოფს და სხვა ბუნებრივ სავარგულებს.

ტყის ნაყოფი ხასიათდება მაღალი კვებითი ღირებულებით. 1 კგ მშრალი, ჩენჩოგაცლილი რკოს ყუათიანობა 1,21 საკვები ერთეულია და შეიცავს 42 გ მონელებად პროტეინს, წიფლის- 2,06 და 110 გ, ხოლო წაბლის- 0,99 და 70 გ საკვები ერთეული და მონელებადი პროტეინი, შესაბამისად.

ღორი, ასევე, წარმატებით იყენებს სხვა საკვებ სავარგულებს-ბუნებრივ საძოვრებს და ერთწლიანი კულტურების მოსავლის აღების შემდეგ ჩაბნეულ მარცვლეულს და სხვა ანარჩენებს.

არსებული რესურსების უკეთესად გამოყენების მიზნით ტყის მასივებთან ახლოს აწყობენ ბანაკს. აქვე განლაგებულია ბინა მომსახურე პერსონალისათვის, ინვენტარისა და საკვების შესანახი სათავსო, ღორის მსუბუქი ტიპის სადგომი რამოდენიმე “განყოფილებით” სხვადასხვა ასაკის ცხოველებისათვის, აგრეთვე ინდივიდუალურ დოლფარები მაწოვარი ნეზვებისა და რძის ასაკის გოჭებისათვის.

ღორს შეუძლია აითვისოს ძირითადი სადგომის ირგვლივ 10-15 კმ რადიუსის ტყის მასივი.

ბანაკის მიმდებარე ფართობი, როგორც წესი, ეთმობა მაწოვარ ნეზვებს და 2 თვის ასაკამდე გოჭებს, ხოლო უფრო მოშორებული ტერიტორიების ათვისების მიზნით, ძირითადი სადგომის გარდა აუცილებელი ხდება დამატებითი სადგომის მოწყობაც, სადაც სასუქ სულადობას ტოვებენ დაზამთრებამდე (თოვლის საფარის დადებამდე).

ვინაიდან ტყის ნაყოფის მოსავლიანობა სხვადახვა წლებში განსხვავებულია, საჭიროა სულადობის რაოდენობისა და ფართობის გამოყენების რეგულირება. მოსავლიან წელს ღორი ნაკლებად გადაადგილდება საკვების ძებნის მიზნით და მეტ წონამატსაც იძლევა. კარგ შედეგს იძლევას ხეებიდან ნაყოფების ჩამობერტყვა.

გეგმაზომიერად ძოვებისას ღორი ნიადაგს აფხვიერებს, რაც აუმჯობესებს მისი ზედა ფენის აერაციას. იმავდროულად ტყის ნაყოფები მიწაში “ჩაითესება” და იქმნება მათი აღმოცენების ხელისშემწყობი პირობები.

მნიშვნელოვანია, რომ ძოვებამ ხელი არ შეუშალოს ტყის ბუნებრივ განახლებას. როგორც წესი, აპრილის მეორე ნახევრიდან იწყება მცენარეების ამოსვლა და, ამდენად, ამ პერიოდში ღორის ტყეში გაყვანა არ შეიძლება.

კარგ შედეგს იძლევა ტყისპირა თავისუფალ ფერდობზე, ან კიდევ საზამთრო სადგომთან იონჯის, სამყურას და მიწავაშლას საძოვრების მოწყობა. ეს ფართობები შეიძლება გამოვიყენოთ როგორც გაზაფხულ-ზაფხულის თვეებში, ასევე ზამთარშიც, როდესაც ცხოველები განიცდიან საკვების მნიშვნელოვან დეფიციტს.

კლიმატური პირობების გათვალისწინებით უმჯობესია ნამატის მიღება დაიგეგმოს გაზაფხულზე, ტყის მასივებში გასვლის წინა პერიოდისათვის. ასეთ შემთხვევაში მაქსიმლურად გამოიყენება გაზაფხულ-ზაფხულის თბილი კლიმატის სიკეთე და წლის ბოლომდე ნამატის ცოცხალი მასა აღწევს 50-60 კგ- ს, ანუ სარეალიზაციო კონდიციას.

სხვებთან შედარებით მომთაბარე მეღორეობისათვის ყველაზე ხელსაყრელი პირობები არის ახმეტის რაიონში, განსაკუთრებით კი სოფლების-ზემო და ქვემო ალვანის მიმდებარე ტერიტორიაზე (ჯაბური, ბაწარა, ფიჩხოვანი, პანკისისა და ილტოს ხეობა, ჩაჩხრიალის ტყე).

აქ ტყის და მდელოს ბუნებრივ საძოვრებზე უხვადაა ღორის საკვები- წიფელი, რკო, წაბლი, პანტა, მაჟალო, თუთა, ბალი, ტყემალი, ზღმარტლი, მაყვალი, კუნელი, მარწყვი და სხვა.

მთაბარობის პირობებში კარგ შედეგს იძლევა სასუქი მოზარდის დამატებითი კვება მარცვლოვანი საკვებნარებით, რა დროსაც საშუალო დღეღამური ნამატი 280-320 გ- ს აღწევს და, შესაბამისად, უმჯობესდება გასუქებული ღორის საკლავი პროდუქტიულობა.

ავტორი: გიული გოგოლი, სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორი;
/მეცხოველეობის პროდუქტების წარმოების და გადამუშავების ტექნოლოგია/

იხილეთ აგრეთვე: ღორის სასუქი მოზარდის (გოჭის) კვება და მოვლა-შენახვა

Share Button

Related Articles

კარტლისი — აგროტექნოლოგიები
თქვენი რეკლამა
ტრაქტორი — ფერმერთა აპლიკაცია
აგროსფერო
კლაასი
თქვენი საეკლამო ბანერი
Georgian Dairy
AgroPlus
მარანში ტემპერატურის რეგულირების ზოგიერთი საკითხი
2330 Views

პრობლემატური საკითხიდან გამომდინარე გვინდა, ორიოდე სიტყვით მოგახსენოთ ჩვენი მოსაზრება იმ საგნის შესახებ, რასაც მარანში ჰაერის

სრულად
სამკურნალო მცენარეები
კუნელი — სამკურნალო მცენარე, რამდენიმე რეცეპტი
1286 Views

კუნელის (ლათ. Crataegus; რუს. Боярышник) მრავალი სახეობა არსებობს. ამათგან სამკურნალოდ იყენებენ ძირითადად ორი სახეობის კუნელს – ეკლიანს ანუ ჩვეულებრივ 

სრულად
აგროკავკასია FB