2 თვის ასაკიდან გოჭის საკვებად შეიძლება გამოვიყენოთ პარკოსანთა ბალახი, გათიბული მწვანე მასა, სტაფილო და სხვა სახის საკვები, რომლის რაოდენობა საწყის ეტაპზე დღეში უნდა იყოს 300-400 გრ/1 სულზე.
დაუშვებელია, წვნიან საკვებზე მკვეთრად გადასვლა, ვინაიდან ის იწვევს დისპეპსიას. ასევე არ შეიძლება ნედლი და/ან მწვანე კარტოფილით კვება, აგრეთვე მწვანე კარტოფილის ნახარში წყლით საკვების მომზადება.
უფრო მომგებიანია გოჭების გაზაფხულზე სუქება, ვინაიდან ამ დროს არის იაფი მწვანე საკვებით და ბოსტნეულის ანარჩენებით მათი კვების, აგრეთვე მსუბუქი ტიპის სადგომში შენახვის შესაძლებლობა.
გოჭების გამოზრდა-სუქების ტექნოლოგიურ ციკლს ყოფენ სამ პერიოდად:
- რძით კვების – დაბადებიდან 45 დღის ასაკამდე (ან 2 თვემდე);
- მოსამზადებელი პერიოდი – გრძელდება ასხლეტიდან 3,5-4 თვის ასაკამდე;
- დამამთავრებელი სუქების, რომელიც გრძელდება 3,5-4 თვის ასაკიდან 8 თვემდე.
1. რძით კვების – დაბადებიდან 45 დღის ასაკამდე (ან 2 თვემდე).
პირველი 10-15 დღე გოჭის ძირითადი საკვებია დედის რძე. ამასთან, მე-3 – მე-4 დღიდან საკვებურში მათ მუდმივად უნდა ჰქონდეთ მშრალი კომბინირებული საკვები ან დაღერღილი მარცვალნარევი.
ასეთ შემთხვევაში, კომბინირებული საკვების ჭამის შეჩვევასთან ერთად, აღინიშნება გოჭის კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მოქმედების გაუმჯობესება. მე- 5 დღიდან გოჭებს უნდა შეეძლოს სასმელი წყლის ნებაზე მიღება. ასეთი ტექნოლოგიით გამოზრდილი გოჭები დედიდან ასხლეტისას იწონიან 10-15 კგ- ს;
ნეზვის დაბალი მერძეულობისას გოჭებს უნდა მივცეთ 100-300 გ/სულზე/ დღეში ნატურალური ან მოხდილი პასტერიზებული რძე. კარგ შედეგს იძლევა რძის ნაცვლად აციდოფილური „პროსტოკვაშით“ კვება.
მეძუძური გოჭის დამატებითი საკვებით უზრუნველყოფის სქემა მოცემულია ცხრილში №1.
2. მოსამზადებელი პერიოდი – გრძელდება ასხლეტიდან 3,5-4 თვის ასაკამდე.
სტრესული მოვლენების თავიდან ასაცილებლად მნიშვნელოვანია, რომ ნეზვიდან ასხლეტილი გოჭი დავტოვოთ იმავე დოლფარაში, სადაც იმყოფებოდა დედასთან ერთად.
სტრესის განვითარებისას გოჭები დიდი რაოდენობით ჭამენ საკვებს, რომლის მონელებას ვერ ასწრებს მათი კუჭნაწლავის სისტემა და აღინიშნება დისპეპსია.
სასურველია ამ პერიოდის გოჭები ვკვებოთ II პერიოდის მოზარდისათვის განკუთვნილი სპეციალური კომბინირებული საკვებით, ან მარცვლოვან-პარკოსანი საკვებნარევით.
ულუფის 1 კგ უნდა შეიცავდეს 1,12 კგ საკვებ ერთეულს, 11-12 მჯოულ მიმოცვლით ენერგიას, 134 გ მონელებად პროტეინს, 7,7 გ ლიზინს, 45 გ ნედლ უჯრედანას, 8 გ კალციუმს და 6,5 გ ფოსფორს.
საკვებს აძლევენ ნორმის მიხედვით, მშრალი სახით და დღეში 3-4 ჯერ. პერიოდის ბოლოსათვის გოჭების ცოცხალი მასა აღწევს 40 კგ-ს.
3. დამამთავრებელი სუქების, რომელიც გრძელდება 3,5-4 თვის ასაკიდან 8 თვემდე.
ამ პერიოდის დასაწყისში მოზარდის ცოცხალი მასა დაახლოებით 35-40 კგ-ა. საკვებს აძლევენ მშრალი სახით, დღეში 3-4 ჯერ.
ცოცხალი მასის მაღალი ნამატის მიღების გარანტიას იძლევა სიმინდის მარცვლისა და ცილით მდიდარი მწვანე მასის, და/ან თივის ფქვილის კომბინაცია. ამ უკანასკნელთა ხვედრითი წილი უნდა იყოს ულუფის ყუათიანობის 10-20%.
სუქებას ამთავრებენ 100-120 კგ ცოცხალი მასის მიღწევისას. უფრო მაღალი ცოცხალი მასის კონდიციამდე სუქება, ერთეულ წონამატზე საკვების დანახარჯების გადიდების გამო ეკონომიკურად გაუმართლებელია.
გამოზრდა სუქების სამივე პერიოდში ცხოველებს მუდმივად უნდა ჰქონდეთ სუფთა სასმელი წყალი და მინერალური საკვებ დანამატი (მათ შორის ცარცი, წითელი თიხა და ნახშირი).
გოჭის დღიური ულუფა შეიძლება შედგებოდეს მარცვლოვანი საკვების ნარევისაგან, მწვანე მასისაგან, სტაფილოს და ჩათუთქულ კარტოფილისაგან, იხ. ცხრილი №2.
დღიური ნორმა დამოკიდებულია მოზარდის ცოცხალ მასაზე და დაგეგმილ საშუალო დღეღამურ წონამატზე.
მოზარდის სუქების მესამე ეტაპზე და საერთოდ ღორის კვებაში კარგ შედეგს იძლევა კომბინირებული სილოსი, რომლის 60-70% უნდა შედგებოდეს არა უმეტეს 1-2% უჯრედანას შემცველი საკვებისაგან (შაქრის ჭარხალი, კარტოფილი, გოგრა, სტაფილო და სხვა), აგრეთვე სიმინდის ტაროსაგან, მწვანე მასისაგან და სხვა დანამატისაგან.
გოჭის დაკოდვა
არა სანაშენე დანიშნულების მამრ გოჭებს, შემთხვევითი შეწყვილების თავიდან ასაცილებლად კოდავენ. გარდა ამისა დაკოდილი ცხოველის ხორცი უფრო ხარისხიანი და მიმზიდველია.
სწორედ ამას ეფუძნება ბეკონის დასამზადებელი ღორის ტანხორცის სტანდარტის ერთ-ერთი ძირითადი მოთხოვნა, რომლის მიხედვით ნედლეული მიღებული უნდა იყოს არა უგვიანეს 4 თვის ასაკში დაკოდილი ცხოველისაგან.
გოჭის დაკოდვის ოპტიმალური ვადაა 4-6 კვირა, თუმცა ზოგიერთი საწარმოების გამოცდილებით ეფექტურია უფრო ადრეულ ასაკში დაკოდვა.
დადგენილია, რომ რაც უფრო მოზრდილია გოჭი, მით უფრო შესამჩნევია ამ დაკოდვის შედეგად განვითარებული სტრესის უარყოფითი მოქმედება მის ზრდაგანვითარებაზე.
ავტორი: გიული გოგოლი, სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორი;
/მეცხოველეობის პროდუქტების წარმოების და გადამუშავების ტექნოლოგია/
იხილეთ აგრეთვე: ზოგადი ინფორმაცია მათთვის ვინც ღორების მოშენებას გეგმავს