ზებუსნაირი სახორცე ჯიშები

ზებუ, ძროხა, ხარი

ზებუსნაირი სახორცე ჯიშები: ძროხისნაირების ქვეოჯახის (bovinae) ხარის (bos) გვარში განსაკუთრებული ადგილი უკავია ზებუს, ანუ ინდურ ძროხას (Bos taurus indicus), რომელიც არის ჩვეულებრივი ძროხის ნაირსახეობა. ის ძროხასთან შეწყვილებისას იძლევა ნაყოფიერ შთამომავლობას, მიღებულ ცხოველებს კი ეძახიან ზებუსნაირებს.

არსებული მონაცემებით მსოფლიოში ძროხეულის ყველაზე გავრცელებულ 299 ჯიშს შორის 121 არის ზებუ ან ზებუსნაირი. სულ კი ცნობილია ზებუსა და ზებუსნაირი ძროხის 380-მდე ჯიში. მათი სულადობა 450 მლნ-ს აღემატება, ანუ ძროხეულის საერთო სულადობის 1/3- ს შეადგენს.

ზებუ ხასიათდება პაპანაქება სიცხისადმი ტოლერანტობით, ძროხასთან შედარებით უხეში საკვების საყუათო ნივთიერებების უკეთესი მონელებადობით, აგრეთვე ზოგიერთი ინფექციური და ინვაზიური დაავადებისადმი გადიდებული რეზისტენტობით და/ან იმუნურობით.

ეს თვისებები მემკვიდრეობით არის განსაზღვრული და შეჯვარებისას მაღალი განმეორებადობით ვლინდება შთამომავლობაში.

ამდენად ეს ცხოველები შეუცვლელნი არიან ტროპიკული და სუბტროპიკული კლიმატის ქვეყნების ბუნებრივი საკვებ-სავარგულების ათვისების თვალსაზრისით, ხოლო ზებუსნაირი ახალი ჯიშები საკმაოდ ეფექტურები არიან ინტენსიური მეცხოველეობის პირობებშიც.

ზებუს ჯიშებიდან განსაკუთრებულად საყურადღებოა ბრამანის და მისი მონათესავე ჯიშები-ინდუბრაზილი და კუბური ზებუ.

ბრამანი

ბრამანი გამოყვანილია აშშ-ში ზებუს ინდური ჯიშების- ონგოლეს, კანკრეჯისა და გირის მონაწილეობით. ის სახორცე-სარძეო პროდუქტიული მიმართულებისაა.

მისი ექსტერიერისათვის დამახასიათებელია კისერ-მინდაოს მიდამოში არსებული ხორცოვან-ქონოვანი კუზი, აგრეთვე მეტად დიდი ზომის ყურები და კანის ნაოჭები ღაბაბზე, გუგუბოსა და მუცელზე.

ფერად ცხოველები ღია ნაცრისფერია, გვხვდება წითელი ფერის ბრამანის ჯიშის ნახირებიც.

ფურების ცოცხალი მასა 450-550 კგ, კურო- მწარმოებლების 850-1000 კგ, ახალშობილი ხბოს კი 25-30 კგ-ია.

ძირითადად გამოიყენება სახორცე მიმართულების ტექნოლოგიით, რა დროსაც ხბოს ზრდიან დედის თავისუფლად წოვების პირობებში. ამიტომ ფურების სარძეო პროდუქტიულობაზე შეიძლება ვიმსჯელოთ ხბოს ცოცხალი მასით 6,5-8 თვის ასაკში ასხლეტისას, რაც 185-200 კგ-ს შეადგენს.

ბრამანის ჯიში გამოირჩევა პაპანაქება სიცხისადმი მდგრადობით, პრაქტიკულად არ ავადდება პიროპლაზმიდოზების ისეთი ფორმებით, როგორიცაა პიროპლაზმოზი, ანაპლაზმოზი და ფრანსეალოზი, ხოლო თეილერიოზით დავადება ვლინდება სულადობის 15-20%-ში და როგორც წესი, ლეტალი შედეგის გარეშე.  გარდა ამისა, ეს ჯიში რეზისტენტულია ისეთი დაავადებისადმი, როგორებიცაა ბრუცელოზი, ტუბერკულოზი, თურქული, ტრიპონოსომოზი.

გამოიყენება ჩვეულებრივი ძროხის ჯიშებთან სამრეწველო შეჯვარებაში, რა დროსაც ჰეტეროზისის მაღალი ეფექტის წყალობით მიღებული თაობა გამოირჩევა ორივე მშობლებთან შედარებით ზრდის უფრო მაღალი ენერგიით, სიცოცხლისუნარიანობით და საუკეთესო საკლავი პროდუქტიულობით.

ბრამანის ტიპის ზებუს მონათესავე კუბური ზებუ გამოიცადა საქართველოს ბარის რაიონებში. ადგილობრივ ჯიშებთან ჰიბრიდიზაციისას გაიზარდა სარძეო და სახორცე პროდუქტიულობა, აგრეთვე გაუმჯობესების ფურების ნაყოფიერება, ნამატის გამოსავლიანობა და სიცოცხლისუნარიანობა.

ინდური ზებუს მონაწილეობის, გამოყვანილია სარძეო პროდუქტიული მიმართულების ისეთი ჯიშები, როგორებიცაა იამაიკის იმედი (Jamaika Hope), ავსტრალიური მერძეული ზებუ (AMZ) და ზებუ-ფრიზი (FS).

ბრამანის ჯიშის კურო მწარმოებელი

ბიფმასტერი

ბიფმასტერი გამოყვანილია აშშ სამხრეთ და სამხრეთ-დასავლეთის შტატებში, ბრამანის ჯიშის ზებუს შეჯვარებით სახორცე პროდუქტიული მიმართულების შორთჰორნის და ჰერეფორდულ ჯიშებთან.

მის გენოტიპში ½ სისხლი ბრამანის, დანარჩენი კი დაახლოებით თანაბრად შორთჰორნისა და ჰერეფორდული ჯიშებისაა.

ამ ჯიშის ცხოველებში გაერთიანებულია სამივე გამოსავალი ფორმის საუკეთესო თვისებები: ზებუსგან მან მიიღო პაპანაქება სიცხისადმი გამძლეობა და დაავადებებისადმი მაღალი რეზისტენტობა, ხოლო შორთჰორნისა და ჰერეფორდულისაგან მალმწიფადობა, ზრდის პოტენცია, მაღალი საკლავი პროდუქტიულობა და ხორცის საუკეთესო საგემოვნო თვისებები.

ცხოველები ფერად წითელია, ცალკეულ ინდივიდებში აღინიშნება უმნიშვნელო თეთრი ნიშნები თავზე და მკერდზე, აგრეთვე ცურის და სასინჯის მიდამოებში.

ფურების ცოცხალი მასა 500-600 კგ, კუროების 850-1000 კგ, ახალშობილი ხბოს 25-35 კგ, ხოლო მოზარდის დედიდან 6,5-8 თვის ასაკში ასხლეტისას- 190-220 კგ.

ჯიშს აშენებენ ხალასად. კარგ შედეგს იძლევა სამრეწველო შეჯვარებაში, რა დროსაც მიიღება ჰეტეროზისის მაღალი ეფექტის მქონე სასუქი მოზარდი.

ბიფმასტერის ჯიშის კურო მწარმოებელი

ავტორი: გიული გოგოლი, სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორი;
/მეცხოველეობის პროდუქტების წარმოების და გადამუშავების ტექნოლოგია/

იხილეთ აგრეთვე: აბერდინ-ანგუსური ჯიში — სახორცე მიმართულება

თქვენი რეკლამა