ნესვი — ნესვის კულტურა, დარგვა, რამდენიმე ჯიში

4760 Views Comment Off

ნესვი (ლათ. Cucumis melo) გოგრისებრთა ოჯახის ერთწლიანი მცენარეა. მის სამშობლოდ შუა აზიადა მცირე აზია ითვლება. ცნობილი სახეობებია გველისმაგვარი, დეკორატიული (აღმოსავლეთ საქართველოში დასტამბო) და ჩინური.

კულტურაში გავრცელებულია უფრო ჩვეულებრივი ანუ სუფრის ნესვი (Cucumis melo). სითბოს მოყვარული მცენარეა, უძლებს გვალვას. საქართველოში ნესვი დიდი ხნიდანაა ცნობილი.

მისი ნაყოფი ძვირფასი საკვები და დიეტური პროდუქტია. ნესვი, გარდა იმისა, რომ არომატული და გემრიელია, ვიტამინებისა და მიკროელემენტების ნაკრებსაც შეიცავს. მისი რბილობის 95% წყალია, დანარჩენი — შაქარი, კალციუმი, რკინა, თუთია, ცხიმი, A, B1, B2, C და PP ვიტამინები…

გამოიყენება როგორც უმი, ასევე შემჭკნარი და გამხმარი — ე.წ. ნედლი ჩირი.

ნესვს ფესვი ძლიერ განტოტვილი აქვს. ფესვების ძირითადი მასა ნიადაგში გაშლილია ზედაპირულად, სახნავ ფენაში 10-25 სმ-ის სიღრმეზე.

ფესვთა სისტემა მთავარღერძიანია, ცალკეული ფესვები საკმაოდ ღრმად ჩადიან ნიადაგში, განსაკუთრებით ფხვიერში. ღერო მხოხავია, მომრგვალო, დაკუთხული, სიგრძით 2-4 მეტრს აღემატება. ღეროს ისეთივე დატოტვა ახასიათებს როგორც კიტრს.

ფოთოლი შებუსულია, მომრგვალო, ხუთკუთხა, თირკმლის ან გულისებრი, კიდემთლიანი ან დანაკვთული, მუქი მწვანე ან მორუხო-მწვანე, ფოთლის იღლიაში მოთავსებულია ულვაშები.

ნესვი ერთსახლიანი და ერთსქესიანი მცენარეა, იშვიათად ორსქესიანი, მამრობითი ყვავილები ფოთლის იღლიაში ყვავილდედად შეკრული სხედან, ხოლო მდედრობითი ყვავილები ერთეულად არიან. განაყოფიერება ხდება ჯვარედინად, მწერების მეშვეობით.

შეფერილობა და ნაყოფის ფორმა ნესვს სხვადასხვაგვარიაქვს(ეს არის დამოკიდებული არა ხარისხზე, არამედ მის ჯიშზე).შეიძლება იყოს მრგვალი, ბრტყელი, ცილინდრული, ელიფსური და მსხლისებრი.

ზედაპირი: გლუვი, დანაოჭებული, დასეგმენტებული და მეჭეჭიანი. შეფერვა: ყვითელი, მწვანე, თეთრი, მიხაკისფერი, პირბადიანი ან უპირბადო; რბილეულის ფერი — თეთრი, მწვანე, მონარინჯისფერ-ყვითელი, ვარდისფერი.

კონსისტენცია: მკვრივი, ხრაშუნა, ფხვიერი, ბოჭკოებიანი. ბუდე, რომელშიც თესლია მოთავსებული, შეიძლება იყოს განთხევადი, სველი, მკვრივი, ტაროსებრი.

ნესვი სითბოს და სინათლის მოყვარული მცენარეა. თესლის აღმოცენება იწყება 15° C-ზე, მაღალ ტემპერატურაზე ამოდის 7-12 დღეში.

ნესვი მოჰყავთ როგორც ჩითილის გამოყვანით, ასევე პირდაპირ, ღია გრუნტში თესვით. ჩითილით გამოყვანის შემთხვევაში, რეალური შედეგების მისაღებად აუცილებელიაჩითილი გამოვიყვანოთ ერთჯერად ჭიქებში, სპეციალურ კასეტებში ან ტორფ-ნეშომპალიან კუბურებში.

გადასარგავად გამზადებული ჩითილი უნდა იყოს 20-25 დღის, აუწოწავი, მავნებლებისგან და დაავადებებისგან დაზიანების გარეშე პირდაპირ თესვით მოყვანისას, თესლი ითესება კარგად დამუშავებულ ნიადაგში, ბუდობრივად.

მწკრივებს შორის 1,5-2 მეტრის დატოვებით, ხოლო მწკრივში ბუდნებს შორის 0,5-1 მეტრის დატოვებით. სათესი ნორმა 1,5-2 კგ/ჰა-ზე. ნესვი საჭიროებს გაფხვიერებას და რწყვას.

იგი საკმაოდ მგრძნობიარე კულტურაა ჰერბიციდების მიმართ, ამიტომ მისი მოყვანისას ჰერბიციდები თითქმის არ გამოიყენება. ნესვისთვის დამახასიათებელია იგივე მავნებელ-დაავადებები, რაც ზოგადად გოგროვანთა ოჯახისთვის.

აგროვიტა — მცენარეთა დაცვა, აგროკავკასია

რამოდენიმე ჯიში

სახეობის სახელწოდება: Cucumis melo L.

საზოგადო სახელი: ნესვი

ჯიშის სახელწოდება: მეგრული ნესვი- Cucumis melo ‘Megruli Nesvi’

წარმოშობა: სამეგრელოს რეგიონი. გავრცელებულია სამეგრელოს ყველა რაიონში და შავი ზღვისპირა ზონაში. სამეგრელოს ადგილობრივი ჯიშია.

ჯიშის დახასიათება: საშუალო-საადრეო ჯიშია, სავეგეტაციო პერიოდი 86 დღე. აღმოცენებიდან ნაყოფის პირველ მომწიფებამდე სჭირდება 86 დღე.

ღერო მხოხავია, სიგრძე – 2–3 მ. ბარდი საშუალოდ განტოტვილია. ფოთოლი თირკმლისმაგვარი, კიდემთლიანი, ფერი მუქი მწვანე. თესლი ბრტყელია ყვითელი, მოთეთრო ელფერით.

ნაყოფის ფორმა ელიფსურია, ცილინდრული ან ოვალური. ახასიათებს დახეთქვა. ამიტომ მომწიფებისთანავე უნდა იქნეს ნაყოფი აღებული. ტენიან პირობებს კარგად არის შეგუებული, მაგრამ ხასიათდება დაბალი გემური თვისებებით. პირველადი ნაყოფის ფერი მოთეთრო-მწვანეა, შემდეგ თანდათან ყვითლდება და მომწიფებისას მომწვანო-მოყვითალო ფერის რჩება. ზედაპირი ძლიერ ან სუსტად დასეგმენტებულია. ისხამს ბევრ და მსხვილ ნაყოფს.

რბილობი ყვითელი ფერისაა. ნაყოფში მშრალი ნივთიერების შემცველობა 10,40%, საერთო შაქრები 8,00%, სადეგუსტაციო შეფასება 3,5 ბალი. საჰექტარო მოსავალი16,0 ტონა.

დღევანდელი მდგომარეობა: არ არსებობს დაზუსტებული ინფორმაცია. შეიძლება ინახება კერძო კოლექციაში.

სახეობის სახელწოდება: Cucumis melo L.

ჯიშის სახელწოდება: მუხიანური-Cucumis melo ‘Mukhianuri’

წარმოშობა: იმერეთის რეგიონი, ქუთაისი. ხალხური სელექციის ჯიშია. გავრცელებულია ძირითადად დასავლეთ საქართველოში. იმერეთის, გურიის, სამეგრელოს რაიონების დაბლობ ნაწილში. ზუგდიდისა და ხობის რაიონების გამოკლებით. დარაიონებულია 1952 წლიდან I, II, III, და VI ზონებისთვის.

ჯიშის დახასიათება: საშუალო საადრეოა, აღმოცენებიდან ნაყოფის მომწიფებამდე სავეგეტაციო პერიოდი – 83 დღე. ღერო მხოხავია, 3–4 მეტრი სიგრძის, ძლიერ განტოტვილი ბარდით. ფოთოლი მომრგვალო ფორმისაა, კიდემთლიანი, შებუსულია, ფერად მუქი მწვანეა. ერთსახლიანი და ცალსქესიანი მცენარეა. თესლის ფორმა გაგრძელებულ–ოვალურია, ფერი – მოყვითალო.

ნაყოფის ფორმა მობრტყო-მოგრძოა ან ოვალური, ფერია მოყვითალო ან მონაცრისფრო მწვანე. კანი მკაფიო ან სუსტად დასეგმენტებულია. რბილობი მკვრივია, ოდნავ ბოჭკოიანი და საშუალოზე ნაკლები სიტკბოსი. მშრალი ნივთიერების შემცველობა 10,90%, საერთო შაქრები 8,80%, სადეგუსტაციო შეფასება 3,5 ბალი. დაბალმოსავლიანია 13,5 ტ/ჰა.

დღევანდელი მდგომარეობა: არ არსებობს დაზუსტებული ინფორმაცია. შეიძლება დაცულია კერძო კოლექციაში.

დამატებითი ინფორმაცია: ნესვის ნაყოფისგან მზადდება საუკეთესო თაფლი, ჩირი და პასტა, რომელსაც იყენებენ საკონდიტრო წარმოებაში, კანფეტებისა და აღმოსავლური ტკბილეულის დასამზადებლად.

სახეობის სახელწოდება: Cucumis melo L.

ჯიშის სახელწოდება: თაქთაქიშვილი -Cucumis melo ‘Taktakishvili’

წარმოშობა: შიდა ქართლი, ბორჯომის რაიონი. გავრცელებულია აღმოსავლეთ საქართველოში.

ჯიშის დახასიათება: საშუალო-საადრეო ჯიშია. აღმოცენებიდან ნაყოფის მომწიფებამდე / პირველ კრეფამდე / სჭირდება 83 დღე. ღერო მხოხავია (4–4,5 მ.). ბარდი ძლიერ დატოტვილი, ფოთოლი დანაკვთული, მუქი მწვანე ფერის. ერთსახლიანი და ცალსქესიანი ჯვარედინდამამტვერიანებელი მცენარეა. თესლი მოგრძოა, თეთრი, თესლბუდე მკვრივია. ნაყოფის ფორმა მობრტყელო-მრგვალია, თავსა და ბოლოში ჩაზნექილია, ხოლო ზედაპირი დაღარული აქვს. კანი ყვითელი ფერისაა და დაფარულია ბადით. ნაყოფის საშუალო წონა 3 კგ–მდეა.

ნაყოფის რბილობი არომატული, საშუალო სისქის, მკვრივი და ნარინჯისფერია, ხოლო კანის მხარეს რბილობი მწვანეა. ტრანსპორტაბელურობა სუსტი აქვს.

გამოყვანილია ბორჯომის რაიონის მიჩურინელ მცდელ სელექციონერების გ. და მ. თაქთაქიშვილების მიერ, ჰიბრიდიზაციის მეთოდით. მშობელ ფორმებად აღებული იყო ჯიში „ნესვთა მეფე დიდი პრესკოტი“. ჰიბრიდის ხანგრძლივი აღზრდისა და გამორჩევის გზით მიღებულ იქნა ახალი ჯიში – „თაქთაქიშვილი“.

დღევანდელი მდგომარეობა: არ არსებობს დაზუსტებული ინფორმაცია. შეიძლება ინახება კერძო კოლექციაში.

წყაროები: გ. კვაჭაძე, მებოსტნეობა, თბილისი 1965 წ.;

საქართველოს სასოფლო-სამეურნეო კულტურათა დარაიონებული ჯიშების კატალოგი 1997 წლისათვის, თბილისი,1996 წ.;

ირ. მაჭავარიანი, ბოსტნეული და ბაღჩეული კულტურების მეთესლეობა, თბილისი, 1998 წ.;

მიწათმოქმედების ინსტიტუტის გარდაბნის საცდელი სადგურის სამეცნიერო-კვლევითი ანგარიში 1998 წ.

ჯიშების შესახება ინფორმაცია მოგვაწოდა:  ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაციამ „ელკანა“.

Share Button

Related Articles

კარტლისი — აგროტექნოლოგიები
თქვენი რეკლამა
ტრაქტორი — ფერმერთა აპლიკაცია
აგროსფერო
კლაასი
თქვენი საეკლამო ბანერი
Georgian Dairy
AgroPlus
Organic Life ამერიკელებს ჩურჩხელაზე გადასვლას ურჩევს
239 Views

შეწყვიტეთ ენერგეტიკული ბატონების ყიდვა - ჩაანაცვლეთ ის ყურძნის წვენისა და ნიგვზის ნაზავის ნუგბარით, მოუწოდებს ამერიკული პოპულარული გამოცემა

სრულად
სამკურნალო მცენარეები
შვიტა მინდვრის (Equisetum arvense) — სამკურნალო მცენარე
3646 Views

მინდვრის შვიტა (ლათ. Equisetum arvense) მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა შვიტისებრთა ოჯახიდან. აქვს მცოცავი, რუხი-მოშავო ფესურა. ღერო ორგვარია:

სრულად
აგროკავკასია FB