ევკალიპტი – მრავალმხრივი გამოყენების მცენარე

ევკალიპტი

ევკალიპტი მიეკუთვნება ტვიასებრთა (Myrtsceae) დიდ ოჯახს, წვრილთესლოვანთა (Leptospermae) ქვეოჯახს და ევკალიპტის (Eucalyptus) გვარს. მის გვარში ითვლიან 380 სახეობას და 120 სახესხვაობას. მისი ბუნებრივი არეალი ავსტრალია, თასმანია და მიმდებარე კუნძულებია.

ევკალიპტები მცენარეთა სამყაროს ყველაზე მაღლი (150 მ) ხეებია, გვხვდება აგრეთვე ბუჩქოვანი ევკალიპტები. ეს კულტურა განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს მისი უძვისფასესი პროდუქციის გამო.

ავსტალიაში ევკალიპტს უწოდებენ „სიცოცხლის ხეს“, „ტყის ალმასს“. მართლაც, ამ მცენარის გამოყენება უკიდურესად მრავალმხრივია.

ევკალიპტის გავრცელება

ავსტრალიაში ევკალიპტის ბუნებრივ ტყეებს დაახლოებით 20 მილიონი ჰექტარი ფართობი უჭირავს, რაც მთელი ტყეების 80%-ს შეადგენს. სამშობლოს ფარგლებს გარეთ კი ევკალიპტის კულტურა ფართოდ არის გავრცელებული სუბტროპიკული და ტროპიკული ზონის 100-ზე მეტ ქვეყანაში.

ევკალიპტს სამრეწველო მნიშვნელობა აქვს: ბრაზილიაში, ესპანეთში, იტალიაში, ამერიკის შეერთებულ შტატებში, ინდოეთში, ჩინეთში, ვიეტნამში, კუბაში და სხვა ქვეყნებში.

ევკალიპტის ვრცელი ტყის მასივები აქვთ აშშ-ში, ესპანეთში, პორტუგალიაში, ინდოეთში, ახალ ზერლანდიაში, ბრაზილიასა და სხვა ქვეყნებში.

ევკალიპტი საქართველოში

ჩვენში ევკალიპტის შემოტანის, მათი მეცნიერული შესწავლისა და ათვისების საქმეში თვალსაჩინო წვლილი მიუძღვით ისეთ სამეცნიერო- კვლევით დაწესებულებებს, როგორიცაა: ყოფილი მემცენარეობის სრულიად საკავშირო ინსტიტუტის სოხუმის სუბტროპიკული კულტურების საცდელი სადგური; ბათუმის ბოტანიკური ბაღი; ჩაისა და სუბტროპიკული კულტურების სამეცნიერო კვლევითი და საქართველოს სატყეო ინსტიტუტები და სხვ.

პროფ. ვ. ხაბეიშვილმა თავისი მრავალწლიანი გამოკვლევებით დაამტკიცა, რომ ჩვენს სუბტროპიკულ რაიონებში გავრცელებული ევკალიპტის რიგი სახეობების მერქანი მაღალ ფიზიკურ-მექანიკური თვისებიბით ხასიათდება და წარმატებით შეიძლება გამოიყენონ სახალხო მეურნეობის სხვადასხვა დარგში, განსაკუთრებით ეთერზეთების მიღების საქმეში.

ევკალიპტის მერქანი

ევკალიპტი კომპლექსური გამოყენების მცენარეა; მას პირველ რიგში იყენებენ, როგორც ძალიან სწრაფმზარდ, მაღალპროდუქტიულ სამერქნე ტყის ჯიშს, რომელიც მოშენებისა და მოვლა-მოყვანის სიადვილითაც გამოირჩევა. მისი მერქანი თავისი სიმაგრით, გამძლეობით და სხვა ფიზიკურ-მექანიკური თვისებებით არ ჩამოუვარდება კაკლის, მუხის, წიფლის, წაბლის, ფიჭვის და სხვა ფოთლოვან და წიწვოვან მერქნიან ჯიშებს.

ევკალიპტის მერქანი ძვირფასი სათბობი მასალაა, იგი წვის დროს დიდი რაოდენობით გამოყოფს სითბოს. გამოანგარიშებულია, რომ ათი წლის ასაკში, ევკალიპტის ნარგავებს, ერთეული ფართობიდან. იმდენი მერქნის მიცემა შეუძლია, რასაც ჩვეულებრივი ფოთლოვანი ჯიშები, იმავე ფართობზე, დაახლოებით ასი წლის მანძილზე.

მერქანი მეტად მტკიცე და მაგარია, ახასიათებს მაღალი კუთრი წონა – 0,7-1,0; შეიცავს დიდი რაოდენობით ცელულოზას, ღებულობენ მაღალხარისხოვან ქაღალდს, მისი მწვანე მასა წარმოადგენს ძვირფას ნედლეულს წამლების, პარფიუმერიის და სხვა პრეპარატების წარმოებაში.

ევკალიპტის მერქანს წარმატებით იყენებენ მიწისზედა და მიწისქვეშა ნაგებობებისათვის. განსაკუთრებით გემთმშენებლობაში, ჰიდროტექნიკურ მშენებლობაში, ხიდების, ხიმინჯების, რკინიგზის შპალერებისათვის, ავეჯის დასამზადებლად, საბადოებში საყრდენად, სასოფლო-სამეურნეო ინვენტარისათვის.

ევკალიპტი, სასარგებლო, მცენარე

ეთეროვანი ზეთები

ევკალიპტიდან მიღებული ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პროდუქტია ეთეროვანი ზეთები, რომელსაც ევკალიპტის ფოთოლი, სახეობების მიხედვით, 0,1-დან 0,5,-მდე შეიცავს.

ქიმიური შედგენილობებისა და ძირითადი გამოყენების ხასიათის მიხედვით ევკალიპტის ეთერზეთები პირობით შეიძლება რამდენიმე ჯგუფად დაიყოს:

  • სამედიცინო-ფარმაკოლოგიური;
  • საპარფიუმერო- კოსმეტიკური;
  • ტექნიკური.

სამედიცინო ეთერზეთების ჯგუფს ჩვეულებრივ მიეკუთნება ცინეოლითა და პინენით მდიდარი ევკალიპტის ზეთი. ასეთ ეთეროვან ზეთებს იძლევა: ლეგა ევკალიპტი, სფერული ევკალიპტი, ევკალიპტი ბოტრიოდე და ზოგიერთი სხვა სახეობა.

სამედიცინო ევკალიპტის ჯგუფს მიაკუთნეს ჩვენს სუბტროპიკებში ყველაზე ფართოდ გავრცელებული სახეობები – ტირიფისებრი პერინიის, სამეფო მეიდენის ევკალიპტები, რომლის ფოთლებიდანაც მიიღეს მაღალი აქტივობის გრიპის საწინააღმდეგო ანტივირუსული პრეპარატი „ევიმინი“.

საპარფიუმერო-კოსმეტიკური გამოყენების ეთერზეთების ჯგუფს მიეკუთვნება ისეთები, რომლებიც მნიშვნელოვანი რაოდენობით შეიცავენ ციტრანელოლს, გერანიოლს, გერანილაცეტატს და სხვ. ასეთი შედგენილობის ეთერზეთებს გვაძლევს მაკარტურის, სფეროსებრი, ლონომის ლურჯი, ნუშისებრი, სტარიგელიანა, მეიდენის ევკალიპტები და სხვ.

ეთერზეთოვანი ზეთებიდან, ტექნიკური დანიშნულებისაა ისეთი ეთერზეთები, რომელთა შემადგენლობაში ჭარბობს ფელანდრენი და ჰიპერიტონი. ასეთ ზეთს იძლევა ვიმინალის, ნაცარა, პიპერიტა, სამეფო, დივესი, ნუშისებრი ევკალიპტები და სხვ.

მათ უმეტესად ტექნიკური მიზნებისათვის იყენებენ, მაგალითად, სამთამადნო მრეწველობაში ქანების მადნით გასამდიდრებლად, აგრეთვე ფისების, კაუჩუკის, გუტაპერჩის გამხსნელად, ლაქების, საღებავების და წებოს წარმოებაში და სხვ. ასევე მისგან მიღებულ ეთერზეთებს საავტომობილო მრეწველობაში იყენებენ საწვავ მასალად.

ამ ჯგუფის ეთერზეთები სრულიად უჭვარტლოდ იწვის, მას უმატებენ ლიგროინს, რომ გამოიწვიონ სრული წვა.

ევკალიპტის ფოთლებისაგან მიღებული ზეთები

ევკალიპტის ფოთლები ბიოლოგიური სამკურნალო ნივთიერებებისა და ეთერზეთებით მდიდარი ლაბორატორიაა.

ევკალიპტის ფოთლების ნაყენს ყველაზე მეტად იყენებენ ჩირქოვანი, ხანგრძლივი შეუხორცებადი ჭრილობების სამკურნალოდ, პირის, ცხვირ-სახის ანთებით პროცესების, ანგინის, აგრეთვე სასუნთქი გზების სხვა ანალოგიური დარღვევების დროს.

ევკალიპტის ფოთლის ნახარშს იყენებენ აგრეთვე ვეტერინარიაში მეწველი პირუტყვის სარძევე ჯირყვლების ანთებისა და სხვადასხვა ინფექციური დაავადებების სამკურნალოდ და სხვ.

ევკალიპტის მერქნის კანი მნიშვნელოვანი რაოდენობით (45%-მდე) შეიცავს მთრიმლავ ნივთიერებას, რომელიც ძვირფასია ტყავის მრეწველობისათვის.

ევკალიპტის თაფლი

ევკალიპტი ჩინებული თაფლოვანი მცენარეა, ამ მცენარეს სახეობათა შესაფერისი შერჩევისას, შეუძლია მთელი წლის განმავლობაში უზრუნველყოს ფუტკრის ღალიანობა.

ევკალიპტის თაფლი გამოირჩევა სპეციფიკური სურნელებით და სამკურნალო თვისებებით, როგორც დეკორატიული მცენარე თავისი ქათქათა ღეროთი, ლამაზი ვარჯითა და მარადმწვანე მოლივლივე ფოთლებით, სასიამოვნო, დამამშვიდებელ ემოციებს იწვევს.

ევკალიპტი, სასარგებლო, მცენარე

ქარსაფარი და საკურორტო დანიშნულება

ევკალიპტს გარკვეული ღირებულება აქვს აგრეთვე, როგორც ქარსაფარ და სატყეო მელიორაციაში ტენიანი ნიადაგების გამაჯანსაღებელ მცენარეს. იგი ჩვენი საკურორტო ზონის ბაღ-პარკებისა და ხეივნების დამამშვენებელი და კლიმატის გამაჯანსაღებელია.

რეკომენდებულია, რომ ევკალიპტის ნარგავები უნდა გაშენდეს ყოველ დასახლებულ პუნქტში, საავადმყოფოების, სკოლების და წარმოება-დაწესებულებათა ნაკვეთებზე.

ევკალიპტის კულტურა/სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია/

ავტორები: რეზო ჯაბნიძე ს.მ. მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი;
გიორგი ჯაბნიძე  – სოფლის მეურნეობის აკადემიური დოქტორი, პროფესორი.

თქვენი რეკლამა