ევგენოლის კამელია – თესვა, ნერგის გამოყვანა, მოვლა, ბაღის გაშენება

ევგენოლი, კამელია

ზოგადი ინფორმაცია

ევგენოლის კამელია (ლათ. Camelia sasangua) მრავალწლიანი მარადმწვანე ბუჩქია, ჩაისებრთა ოჯახიდან. ამ მცენარის ეთერზეთის შემადგენლობაში 95%-მდე ევგენოლია. ფოთოლი კი 0,25-1 %-მდე ეთერზეთს შეიცავს.

ევგენოლს უდიდესი გამოყენება აქვს მედიცინაში, პარფიუმერიაში, კოსმეტიკაში, გემო-კვების მრეწველობაში და სხვა. გარდა ამისა, ევგენოლი არის საწყისი მასალა ისეთი ძვირფასი ნივთიერებების ხელოვნურად წარმოსაქმნელად, როგორიცაა იზოევგენოლი, ვანილი და სხვა, რის გამოც ის მეტად პერსპექტიულია.

მცენარე საშუალოდ 2,5-3,0 მეტრის სიმაღლისაა, თუმცა ზოგჯერ ღერო 3-8 მეტრამდე აღწევს, ხასიათდება მოკლე მუხლთაშორისებით და ხშირი დატოტვით. ფოთოლი მარტივი აქვს, მორიგეობით გაწყობილი, საშუალო ზომის ყუნწით, აქვს ტყავისებური, პრიალა ზედაპირიანი, კიდედაკბილული ფირფიტა.

ყვავილი-უმთავრესად თეთრი და ვარდისფერი, სუსტი არომატის 5-8 ცალი გვირგვინის ფოთლით; ყვავილობს სექტემბრიდან დეკემბრამდე. კოლოფა ნაყოფი მომდევნო წლის ნოემბერში მწიფდება. სწორედ გვიან ყვავილობის გამო, მას დიდი მნიშვნელობა აქვს დეკორატიული მიზნითაც.

გავრცელება

ევგენოლის კამელია ტროპიკული ქვეყნის წარმოშობის მცენარეა. მისი კამელიის სამშობლოა ჩინეთი და იაპონია. შავი ზღვის სანაპირო ზოლში-ბათუმში, ჩაქვში, ქობულეთში, სოხუმში, სოჭში შეუტანიათ XX საუკუნის პირველ ნახევარში.

როგორც მარადმწვანე, გავრცელებული იყო მხოლოდ ბოტანიკურ ბაღებში. ბათუმის ბოტანიკურ ბაღში ათწლეულების განმავლობაში მუშაობდნენ და გამოიყვანეს არაერთი ჯიში და ფორმა კამელიებისა.

მეცნიერ მუშაკებმა: ნუნუ ჯინჭარაძე-ჯაბნიძემ და ზურაბ ბაკურიძემ, ასევე მათ შეისწავლეს და აღწერეს სხვადასხვა რეგიონში დეკორაციული სახით არსებული მიხაკის კამელიის ხეები და ბაღის საკოლექციო ნაკვეთებზე გააშენეს სადედე ბაღები.

გამრავლება

მცენარე მრავლდება თესლით და დაფესვიანებით, ეს უკანასკნელი ხერხი უფრო შრომატევადია და საჭიროებს სასათბურე მეურნეობას. ამრიგად, წარმოებაში კამელიის გამ- რავლება უმჯობესია თესლით, მას თესავენ უშუალოდ მუდმივ ადგილზე – ბუდნებში, ან წინასწარ მისი ნერგი სანერგეში გამოჰყავთ და შემდეგ პლანტაციაში რგავენ.

როგორც გენერაციული ასევე ვეგეტატიური გამრავლებისას საჭიროა ევგენოლის კამელიის ნარგავებში სათესლე ბუჩქების სამეურნეო ნიშანთვისებების დაწვრილებით და მათ შორის სადედე ბუჩქების წინასწარ შერჩევა.

სადედე მცენარეები კარგად განვითარებული და სრულიად საღი უნდა იყოს, განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს მისი შეფოთვლის უნარს, ზრდის ენერგიას და ფოთლებში ეთერზეთის შემცველობას.

პლანტაციის გაშენება

ამ შემთხვევაში სადედე ხეების თაობა ფოთლის მეტ მოსავალს მოგვცემს და უკეთესი იქნება ეთერზეთის გამოსავლიანობაც. ერთი ჰექტარი სათესი ფართობიდან 100-120 ათასი ცალი სტანდარტული ნერგის მიღება შეიძლება, რომელიც უზრუნველყოფს ოცი ჰექტარი პლანტაციის გაშენებას.

ეს კამელია კარგად იზრდება წითელმიწა, ყვითელმიწა და ალუვიურ ნიადაგებზე, სუსტად – გაეწერებულ საშუალო და მსუბუქ თიხნარებზე. ის ვერ ვითარდება დაჭაობებულ და ჭაობიან მძიმე თიხნარებზე.

პლანტაციის გასაშენებლად ნიადაგის ძირითადი დამუშავება უნდა ჩატარდეს გაშენებამდე ოთხი-ხუთი თვით ადრე არანაკლებ 40-45 სმ-ზე. ხნულის ზედაპირის მოსწორება, ქვისა და სხვა ანარჩენებისაგან გაწმენდა უნდა ჩატარდეს პლანტაციის გაშენებამდე ერთი თვით ადრე.

ამავე დროს ერთ ჰექტარზე შეტანილი უნდა იქნეს წითელმიწებზე ფოსფოროვანი სასუქი 500 კგ, ხოლო ეწერ ნიადაგებზე 300 კგ, სუფთა ელემენტზე გადაყვანითა და უნდა გადაიხნას 15 სმ სიღრმეზე და დაიფარცხოს.

ვეგეტაციური გამრავლების დროს, კალმების დაფესვიანება და სტანდარტული ნერგის გამოსავალი 55-60%-ს შეადგენს, ე.ი. ყოველი სტანდარტული კვალსათბურიდან შეიძლება მიიღონ 3300- 3600 ცალი დაფესვიანებული კალმის ნერგი.

კამელიიდან ეთერზეთოვანი ნედლეულის მისაღებად მცენარეები უნდა გააშენონ 2X0,5 მ კვების არით. დარგვა უმჯობესია შემოდგომით ჩატარდეს.

პლანტაციის გაშენების შემდეგ მცენარისა და ნიადაგის მოვლითი ღონისძიებები შემდეგია: ნიადაგის პერიოდუ ლი გაფხვიერება, სარეველა მცენარეთა წინაარმდეგ ბრძოლა, მცენარეთა საკვები ელემენტებით უზრუნველყოფა და სხვა.

ვარჯის მოვლის მიზანია, მცენარეთა უკეთ დაბუჩქვა და ერთეული მცენარიდან მეტი მწვანე მასის მიღება. ამ მიზნით, დარგვიდან მეორე წელს, 15 თებერვლიდან 1 მარტამდე, დატოტვის გასაძლიერებლად, მცენარის შეფოთლილი ღერო 35 სმ სიმაღლეზე უნდა მოჭრან და გვერდითი ტოტები შეუკვეცონ. ნასხლავი უნდა შეაგროვონ ეთერზეთის მისაღებად.

შემდეგ წელს, წინა წელთან შედარებით, 5 სმ-ით უფრო მაღლა ისხვლება. ფაქტიურად, ეს ნედლეულის მოსავლის აღებაა და იგი უნდა ჩაატარონ მექანიზებულად, ჩაის სასხლავი მან- ქანით.

თესვა, ნერგის გამოყვანა

ევგენოლის კამელიის თესლით თესვა, წლის სხვადასხვა დროს შეიძლება. კლიმატური პირობების, ნერგების დანიშნულებისა და გაშენების დროის მიხედვით, დასავლეთ საქართველოს სუბტროპიკულ რაიონებში, სათბურებსა და კვალსათბურებში, ჩვეულებრივ, ადრე გაზაფხულზე (თებერვალი, მარტი) უნდა დაითესონ. აპრილის თვიდან თესვა შეიძლება ცივ კვალსათბურშიც.

მცირე რაოდენობით თესვა შეიძლება აგრეთვე ბაღის ყუთებში (ან ქოთნებში). ყუთის ძირში უნდა ჩაყარონ მსხვილი ქვიშა და ზემოდან 10 სმ სისქით მოაყარონ ნიადაგის საკვები ნარევი ევგენოლის კამელიის თესვა და ნერგის გამოყვანა უკეთესია იმ ზონაში ან რაიონში, სადაც შემდეგში უნდა გააშენონ.

თესლის ჩათესვამდე კვალსათბურის ნიადაგი ერთი ბარის პირზე უნდა გადაბარონ, ხოლო შემდეგ მოამზადონ და გაშალონ ხელოვნური საკვები ნარევი. ნიადაგის ხელოვნური საკვები ნარევი უნდა შედგებოდეს ორი წილი კარგად გადამწვარი ნეშომპალის, ორი წილი კორდის მიწისა და ერთი წილი სილისაგან.

მათ კარგად გაცრიან და ერთმანეთში აურევენ. ხელოვნური საკვები ნარევი კვალ-სათბურში 10 სმ სისქით უნდა გაიშალონ. ნიადაგი უხვად უნდა მორწყან, რომ კარგად დაჯდეს, რის შემდეგაც უნდა დათესონ. რადგან კამელიის თესლი მეტად წვრილია და ღრმად დათესვისას ვერ აღმოცენდება, ამიტომ თესენ ნიადაგზე მობნევით.

დათესვის შემდეგ თესლს ზემოდან 1-1.5 მმ სისქით უნდა წააყარონ საკვები ნარევი. 1მ-ზე უნდა დათესონ 50-60 გ თესლი. სათბურში უნდა დაიცვან 25-30 სითბო. ასეთი ტემპერატურის პირობებში 5-7 დღეში აღმონაცენი უნდა მივიღოთ.

როგორც ნათესარის აღმოცენებამდე, ისე აღმოცენების პირველ ათ დღეში განსაკუთრე- ბული ყურადღება უნდა მიაქციონ სათბურის ნიადაგის ზომიერად ტენიან მდგომარეობაში შენარჩუნებას.

კარგი მოვლა-პატრონობის შედეგად, ევგენოლის კამელიის ჩითილი 20-25 დღეში 10-15 სმ გახდება და შემდეგ შეიძლება მისი გადატანა სპეციალურ ფარდულში შესახავსებლად.

კამელიის სარგავი მასალის აღზრდის პროცესში, უკანასკნელ დრომდე, აუცილებელ ოპერაციად ითვლება ნათესარების ე.წ. დაჯგუფება-პიკირება ანუ გადარგვა.

ეს პროცესი კი იმას გულისხმობდა, რომ როდესაც სათბურში ან კვალსათბურში ნათესარები 3-5 სმ სიმაღლეს მიაღწევდნენ და განივითარებდნე ერთ-ორ წყვილ ფოთოლს, საჭირო იყო 7X7 სმ-ის კვების არით მათი გადარგვა, ამ მიზნისათვის სპეციალურად მომზადებულ კვლებზე.

გამოსავლიანობა

კამელიის პლანტაცია სრულმოსავლიანი გახდება გაშენებიდან 8-9 წლის შემდეგ და ნედლეულის ყოველწლიური მოსავალი ექვსი ტონა შეიძლება იყოს.

ეთერზეთის გამოსავლიანობა თუ 0,6 % იქნება, მაშინ პლანტაციიდან შეიძლება მიიღონ 35 კგ ეთეროვანი ზეთი ან ამავე რაოდენობის ევგენოლი.

წარმოებაში კამელიის დანერგვით, შესაძლებელი იქნება სუბტროპიკული ზონის საწარმოებში შრომითი და საწარმოო სიმძლავრეთა უფრო რაციონალური გამოყენება, რადგანაც კამელიის ნედლეულის მოსავლის აღება და გადამუშავება ემთხვევა ზამთრის პერიოდს, როცა სოფლის მეურნეობაში მუშახელი ნაკლებადაა დატვირთული.

რეკომენდაციების ავტორები: რეზო ჯაბნიძე; სულიკო ბერიძე; ნანა ჯაბნიძე.
სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია.

თქვენი რეკლამა