საქართველოს მეაბრეშუმეობის მოკლე ისტორია და განვითარების პერსპექტივები

აბრეშუმი, ისტორია, საქართველო

უძველესი დროიდან საქართველო აბრეშუმის კულტურასთან მჭიდროდ იყო დაკავშირებული. მეფე ვახტანგ გორგასალმა ინდოეთში ლაშქრობიდან ალაფად გრენა (თუთის აბრეშუმხვევიას კვერცხი) საქართველოში ჩამოიტანა, რაც დასტურია იმისა, რომ, იმ დროისათვის, ჩვენში ამ კულტურას უკვე იცნობდნენ.

ამასთანავე, ცნობილია, რომ ვახტანგ გორგასლის სპარს მეუღლეს საქართველოში აბრეშუმის სამოსი დაახვედრეს.

V საუკუნის ჰაგიოგრაფიულ ძეგლში „შუშანიკის წამება“ იაკობ ცურტაველი აღნიშნავს – „წმიდამან შუშანიკ ნაცვლად ჭიჭნაუხტისა საქმისა ხელთა აღიხვნა „დავითნი“. ჭიჭნაუხტი- აბრეშუმის ხელსაქმეა.

აბრეშუმის წარმოებამ და გადამუშავებამ ფართო განვითარება საქართველოში ჯერ კიდევ ადრეულ ხანაში ჰპოვა. არმაზში, დიდგვაროვანის სამაროვანის გათხრისას, ქალბატონის ნეშტზე ნანახია აბრეშუმნარევი შალის ქსოვილის ნარჩენი (ძვ.წ. II ათასწლეული).

აბრეშუმის დიდი გზა საქართველოზე გადიოდა, რაც იმაზე მეტყველებს, რომ აქ აბრეშუმით ვაჭრობდნენ კიდეც. პლინიუს უფროსი (ახ.წ.Iს.) ამბობს, რომ რომიდან შორაპანში ყოველწლიურად იგზავნებოდა 100 ათასი სესტერცი (ფულის ერთეული) აბრეშუმის საყიდლად (ვახუშტი ბატონიშვილის „საქართველოს გეოგრაფია“).

ცნობილი იტალიელი მოგზაური მარკო პოლო (მე–12 ს.) აღნიშნავს, რომ საქართველოში მეაბრეშუმეობა და აბრეშუმის ქსოვა ძლიერ არის განვითარებული, რომ ქართველები აბრეშუმის ქსოვილის დამზადებისას ხმარობენ ოქროს ძაფებს და ღებულობენ აბრეშუმის ისეთ ლამაზ ქსოვილებს, რომლის მსგავსი მას არსად უნახავს.

საქართველოში, 1848 წელს ჩატარებული აღწერის მიხედვით, აბრეშუმის გადამუშავებას აწარმოებდა 210 000 ოჯახი.

ამავე პერიოდში (1828 წ.), ფრანგი ვაჭრის, კასტელას მიერ თბილისში დაარსდა აბრეშუმსახვევი ფაბრიკა. ფაბრიკის პროდუქცია თვეში 4–5 ფუთს შეადგენდა, რომელიც ადგილზეც იყიდებოდა და უცხოეთშიც გადიოდა.

უფრო გვიან, კერძოდ, 50–60-იან წლებში, დასავლეთ საქართველოში არსებობდა რამდენიმე აბრეშუმსახვევი საწარმო. აქ დამზადებული აბრეშუმი იყიდებოდა უცხოეთში (რუსეთში, კონსტანტინოპოლში, საფრანგეთში).

1895 წელს, ხონში ამოქმედდა პირველი ძაფსაღები ფაბრიკა. ამ პერიოდში, ხონიდან მარსელში, ლიონსა და მილანში 100 ტონაზე მეტი პარკი იგზავნებოდა. ხონი ამიერკავკასიაში მეაბრეშუმეობის ცენტრი გახდა.

1844 წლისათვის, აღმოსავლეთ საქართველოს სოფლებში აღრიცხული იყო 3 ათასზე მეტი შინაური დაზგა, რომლებზედაც ბამბის, შალისა და აბრეშუმის ქსოვილებს ამზადებდნენ, ქუთაისის მაზრაში კი, ათასამდე დაზგა.

მეაბრეშუმეობა საქართველოში მე–19 საუკუნის 60–იან წლებში ძლიერ იყო განვითარებული და წარმოადგენდა საქართველოს სოფლის მეურნეობის მძლავრ ეკონომიკურ ბერკეტს.

გასული საუკუნის 60-იან წლებში საქართველოში ყოველწლიურად იწარმოებოდა 4,0-4,5 ათასი ტონა აბრეშუმის პარკი, მეაბრეშუმეობაში დასაქმებული იყო 100-120 ათასი ოჯახი. მაგრამ, სამწუხაროდ, 1964 წელს დასავლეთ საქართველოში გაჩენილმა თუთის მიკოპლაზმურმა დაავადებამ „ფოთლის სიხუჭუჭემ“ 15 მილიონ ძირზე მეტი თუთის ხე გაანადგურა, რის გამოც პარკის წარმოება კატასტროფულად შემცირდა.

მართალია ქართველი მეცნიერების ძალისხმევით გამოყვანილი და გამოვლენილი იქნა თუთის დაავადების მიმართ შედარებით გამძლე ახალი ჯიშები, გაშენდა თუთის პლანტაციები, უფრო მეტი, ვიდრე 1965 წლამდე იყო, მაგრამ ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური და ეკონომიკური ცვლილებების გამო, დარგი ვეღარ განვითარდა.

ამ პერიოდისათვის საქართველოში მოქმედებდა:

→ 2 მეაბრეშუმეობის სასელექციო სადგური და მზადდებოდა 80კგ სუპერელიტური გრენა;

→ 5 საგრენაჟო ქარხანა ამზადებდა 4,5-5,0 ტონა ჰიბრიდულ გრენას;

→ 2 მეთუთეობის სასელექციო სადგური 1 მლნ. ნამყენი ნერგის წარმოებით;

→ 5 პარკსახვევი ქარხანა 450-500 ტონა აბრეშუმის ძაფის წარმოებით;

→ 2 აბრეშუმსაქსოვი კომბინატი 4,5-5,0 მილიონი მეტრი ქსოვილის წარმოებით.

ქართულ აბრეშუმს ხარისხით მოწინავე ადგილი ეკავა მსოფლიოში. ამჟამად, თუთის აბრეშუმხვევიას გენოფონდში შენარჩუნებულია 70-მდე ქართული და უცხოური ჯიში.

საკოლექციო ჯიშებთან ერთად არის თანამედროვე მაღალპროდუქტიული ქართული ჯიშები, რომლებსაც ახასიათებთ მაღალი ბიოტექნოლოგიური მაჩვენებლები. მაგ., ჯიში „მზიურის“ ძაფისაგან მზადდება უმაღლესი ხარისხის ქსოვილი „კრეპ-შიფონი”, რომელმაც 1998 წელს ესპანეთში ხარისხის საერთაშორისო გამოფენაზე „პლატინის ვარსკვლავი“ მიიღო.

თუთის აბრეშუმხვევიას გენოფონდის შენარჩუნება 2015 წლიდან მიმდინარეობს სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევით ცენტრში. აღნიშნული გენოფონდი ერთადერთია საქართველოში და მისი შენარჩუნება უაღრესად მნიშვნელოვანია მეაბრეშუმეობის აღორძინებისა და შემდგომი განვითარების საქმეში.

დღეისათვის, მეაბრეშუმეობის დარგი საქართველოში მძიმე მდგომარეობაში იმყოფება, მაგრამ შეიმჩნევა გარკვეული ძვრები დარგის გადასარჩენად, კერძოდ: სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის წილკნის ბაზაზე აშენდა მეაბრეშუმეობის ლაბორატორია, რომელიც აღჭურვილია უახლესი მოწყობილობებით, სადაც მიმდინარეობს თუთის აბრეშუმხვევიას გენოფონდის შენარჩუნება, ჯიშების ბიოტექნოლოგიური მაჩვენებლების გაუმჯობესება და მასთან დაკავშირებული ყველა სამუშაო.

2016 წელს, ქართველი ბიზნესმენების მიერ უზბეკეთიდან შემოტანილმა 100000 ძირმა თუთის ნერგმა გარკვეული სტიმული მისცა ხალხს და შეიქმნა 4 მეაბრეშუმეობის კოოპერატივი, რომელთაგან ორმა დაამზადა გარკვეული რაოდენობით პარკი და ადგილზე განახორციელა ძაფის ამოხვევა.

ახმეტის რაიონში ყოველწლიურად მიმდინარეობს პარკის წარმოება.

აჭარის „აგროსერვისცენტრში“ ჩატარდა დიდი სამუშაოები მეაბრეშუმეობის დარგის ასაღორძინებლად, კერძოდ:

→ გაშენდა თუთის პლანტაცია, რომელიც უკვე შედის ექსპლუატაციაში, თუთის ახალგაზრდა საძირეებზე დაიმყნო ჯიშიანი კალმები, მუშაობენ თუთის დათესვასა და საძირეების აღზრდაზე;

→ მომზადდა აბრეშუმის ჭიის გამოსაკვები ოთახები, სადაც დაიდგა თანამედროვე მოდერნიზებული გამოსაკვები თაროედები თაროებით;

→ შეიძინეს ტოტიდან ყლორტგამცლელი და თუთის ფოთოლსაჭრელი მანქანები და პარკის ამოსახვევი დანადგარი.

აბრეშუმის წარმოება, როგორც საქართველოს სამეურნეო და ხელოსნობის ერთ-ერთი უძველესი დარგი, მიჩნეულია მნიშვნელოვან კულტურულ მემკვიდრეობად და ქართველების არსებობის განუყოფელ ნაწილად, რომელიც უხსოვარი დროიდან ქართული იდენტობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მახასიათებელი იყო და კვლავაც აქვს ამის რესურსი.

ქვეყანაში მეაბრეშუმეობის განვითარებისათვის საჭიროა შემდეგი ღონისძიებების განხორციელება: საჭიროა აღდგეს თუთის ნერგების წარმოება, პლანტაციების და ერთეული ნარგაობის გაშენება.

ქართველი მეცნიერების მიერ დამუშავებულია თუთის კალმების დაფესვიანების სწრაფი და ეფექტიანი მეთოდები. თუთის ნერგების წარმოების დაწყების პარალელურად, უნდა დაიწყოს ჰიბრიდული გრენის წარმოებისათვის მზადება (სუპერელიტური, ელიტური და ჰიბრიდული გრენის დამზადება).

უნდა მომზადდეს თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი ინფრასტრუქტურა: პარკსაშრობი ფარდულები, გრენქარხანები და დაიწყოს სამუშაოები გრენის ადგილობრივი წარმოებისათვის. უნდა ჩატარდეს მოსახლეობის და სპეციალისტების სწავლება აბრეშუმის პარკის წარმოების თანამედროვე ტექნოლოგიების ასათვისებლად.

„ჩვენი სოფელი“

იხილეთ აგრეთვე: მეაბრეშუმეობის დარგის მიმოხილვა, ბაზრები, მომხმარებელი

თქვენი რეკლამა