ღორის წითელი ქარი (Erysipelas suum) ინფექციური დაავადებაა, რომელიც მიმდინარეობს ელვისებური, მწვავე, ქვემწვავე ან ქრონიკული ფორმით.
მწვავე მიმდინარეობის დროს დაავადება რთულდება სეპტიცემიური მოვლენებით, ხოლო ქრონიკული მიმდინარეობისას – ენდოკარდიტით და ართრიტით.
ცხოველი უმთავრესად ავადდება 3-12 თვის ასაკში. გოჭები 3 თვის ასაკამდე არ ავადდებიან, რაც გამოწვეულია დედის მიერ მათთვის გადაცემული იმუნიტეტით, ხოლო უკვე ზრდასრულ ღორებს უკვე აქვთ გამომუშავებული ბუნებრივი რეზისტენტობა და ეს იცავთ მათ დაავადებისგან.
ეკონომიკური ზარალი, რომელსაც წითელი ქარი იწვევს, საკმაოდ მნიშვნელოვანია, რადგან ლეტალობა ამ დაავადების დროს 55-80% აღწევს. გარდა ამისა, მხედველობაშია მისაღები მკურნალობის ხარჯები, რომელიც იხარჯება მკურნალობაზე და დაავადების საწინააღმდეგო ღონისძიებებზე.
დაავადება ბაქტერიული წარმოშობისაა. მისი გავრცელება შესაძლებელია დაინფიცირებული საკვების, წყლის, მოვლის საგნების, ნიადაგის და სხვა საშუალებით. მისი გადატანა ასევე შეუძლიათ მღრღნელებს, სისხლისმწოვ მწერებს და ფრინველებს. ამთვისებელი ცხოველის ორგანიზმში, დაავადების აღმძვრელი პათოგენური მიკრობის შეჭრა შეიძლება მოხდეს დაზიანებული კანიდან, ალიმენტარული გზით, ლორწოვანი გარსებიდან და სხვა.
დაავადება სეზონურია და ძირითადად თავს იჩენს გაზაფხულ-ზაფხულის სეზონებზე, თუმცა შეიძლება იშვიათად წელიწადის სხვა დროსაც გამოვლინდეს. პათოგენის ორგანიზმში შეღწევის შემდეგ, ის პირველად გამრავლებას იწყებს ლოკალიზაციის ადგილზე. ეს ხდება ძირითადად ნუშისებურ ჯირკვლებში, ნაწლავის ფოლიკულებში, დაზიანებული კანის მიდამოში და იწვევს ალერგიულ პროცესებს.
თუ ცხოველის ორგანიზმს მაღალი რეზისტენტობა აქვს, პროცესი შემოიფარგლება ადგილობრივი ინფექციით. ასეთ შემთხვევაში დაავადების მიმდინარეობა წავა უსიმპტომოდ, ან სუსტად გამოხატული კლინიკური ნიშნებით, რაც საბოლოოდ იწვევს ორგანიზმში იმუნიტეტის ჩამოყალიბებას. იმ შემთხვევაში კი, თუ ბაქტერიები ინტენსიურად გამრავლდებიან, იწყება მათ მიერ დიდი რაოდენობით ტოქსინების გამოყოფა, რაც იწვევს შინაგანი ორგანოების ქსოვილების ანთებას და მთელ რიგ ცვლილებებს მათში. ამის შემდეგ უკვე მკვეთრად გამოიხატება დაავადების კლინიკური ნიშნები.
ინკუბაციური პერიოდი გრძელდება 2-5 დღე. ელვისებური მიმდინარეობის დროს, ცხოველის საერთო მდგომარეობა მოულოდნელად უარესდება. იგი დათრგუნულია, აქვს სხეულის მაღალი ტემპერატურა. ცხოველი რამოდენიმე საათში კვდება კანზე ყოველგვარი ლაქების გაჩენის გარეშე. ამის გამო, ელვისებურ ფორმას, წითელი ქარის თეთრ ფორმასაც უწოდებენ.
მწვავე მიმდინარეობა დამახასიათებელია წითელი ქარის სეპტიკური ფორმის დროს. სხეულის ტემპერატურა 420-მდე იმატებს, ცხოველი მოდუნებული და დათრგუნულია, აქვს უმადობა, უმეტესად წევს, გაღიზიანებაზე სუსტად რეაგირებს, ადგომისას ბარბაცებს, აქვს ყაბზობა, აღენიშნება კუნთების კანკალი და გულის უკმარისობა.ზოგჯერ აქვს პირღებინება და ფაღარათი (განსაკუთრებით გოჭებში). გულის უკმარისობა თავის მხრივ იწვევს ფილტვების შეშუპებას, სუნთქვის გაძნელებას.
კანი ციანოზური და ფერმკრთალია, განსაკუთრებით ყელის, ყურების, კიდურების და მუცლის შიგნითა ზედაპირზე. ერითემული ლაქები თავიდან ვარდისფერია, რომელიც შემდეგ მუქ წითელ ფერში გადადის. ლაქების ფორმა შეიძლება იყოს მრგვალი, ოვალური, სამკუთხა, რომბისებური და სხვა. ლაქების გაჩენა იწყება დაავადების დაწყებიდან 1-2 საათის შემდეგ და გრძელდება 2-4 დღე. მკურნალობის არარსებობის შემთხვევაში ცხოველი კვდება.
ქვემწვავე მიმდინარეობა შედარებით მსუბუქად მიმდინარეობს და მას კანის ფორმასაც უწოდებენ, ცნობილია ასევე ,,ჭინჭრის ციების“ სახელით. ამ ფორმისთვის დამახასიათებელია ტემპერატურის მომატება 410 და მეტი, საერთო სისუსტე, მადის დაქვეითება და გაძლიერებული წყურვილი. კანზე წარმოქმნილი წითელი ლაქები ხელის დაჭერით ფერმკრთალდება, შემდეგ კი ისევ წითლდება. ავადმყოფობა გრძელდება 7-12 დღე და ხშირ შემთხვევაში ცხოველის გამოჯანმრთელებით მთავრდება.
ქრონიკული ფორმა ხშირად წარმოადგენს სეპტიცემიური ან ქვემწვავე ფორმის გაგრძელებას. კლინიკა გამოიხატება კანის ნეკროზში, სხვადასხვა ორგანოს ქრონიკულ დაზიანებაში და პოლიართრიტში. ძლიერი ნეკროზის დროს, კანის დიდი უბნები იფარება მუქი წითელი, მოშავო ფერის შეშუპებით, რაც შემდეგ იწვევს კანის დასკდომას. ეს პროცესი შეიძლება თვეობით გაგრძელდეს. კანი დანეკროზდეს და დაზიანებული უბანი მთლიანად მოცილდეს.
დიაგნოზი ისმება ეპიზოოტოლოგიური მონაცემების და კლინიკური ნიშნების საფუძველზე. დიფერენციული დიაგნოზი აუცილებელია ჭირთან, პასტერელოზთან, სალმონელოზთან და ლისტერიოზთან.
მკურნალობა: ამ დაავადების სამკურნალოდ გამოიყენება წითელი ქარის საწინააღმდეგო ჰიპერიმუნური შრატი და ანტიბიოტიკები. შრატი შეყავთ კუნთში ან კანქვეშ დოზით: 1-1,5 მლ. 1კგ. ცოცხალ წონაზე. თუ დაავადება მძიმე ფორმით მიმდინარეობს, შრატის დოზის ნახევარი შეყავთ ყურის ვენაში. ანტიბიოტიკი კეთდება კუნთში დოზით: 2-3 ათასი მ.ე.1 კგ. ცოცხალ წონაზე 6-8 საათის ინტერვალით.
იმ შემთხვევაში, თუ ანტიბიოტიკმა და შრატმა შედეგი არ მოგვცა, ვახდენთ იგივე მკურნალობის გამეორებას. კარგ შედეგს იძლევა ოქსტრა, ოქსტრა ლონგი, ოქსიტეტრაციკლინი და ა.შ
იმუნიტეტი: დაავადების მოხდის და გამოჯანმრთელების შემდეგ, ცხოველი იძენს მყარ და ხანგრძლივ იმუნიტეტს.
პროფილაქტიკა: დაავადების პროფილაქტიკისთვის აუცილებელია მისი პრევენცია. პირველ რიგში აუცილებელია წითელი ქარის საწინააღმდეგო გეგმიური ვაქცინაცია. დღეისათვის გამოიყენება ვაქცინები ,,ერიპესტინი“ და ,,ბორდეშილდ 4“.
,,ბორდეშილდ 4“ წარმოადგენს კომპლექსურ ვაქცინას და ერთდროულად ახდენს იმუნიტეტის გამომუშავებას პასტერელოზზე, პნევმონიაზე, რინიტსა და წითელ ქარზე. ცხოველებს გამოუმუშავდებათ ხანგრძლივი და დაძაბული იმუნიტეტი. რევაქცინაცია უტარდებათ პირველი ვაქცინაციიდან 4-5 თვის შემდეგ.
გოჭების იმუნიზაციისთვის იყენებენ ცოცხალ ვაქცინებს (რუმინული შტამი,,BP-2”და დეპონორებულ ვაქცინას კოვენის შტამისგან), ასევე გამოიყენება კონცენტრირებული ჰიდროქსილ ალუმინიანი ფორმოლვაქცინა. გოჭები იცრება 2-2,5 თვის ასაკში. BP-2 ვაქცინის გამოყენებისას, ცხოველი იცრება ერთჯერადად, ხოლო ინაქტივირებული და დეპონირებული ვაქცინებით – ორჯერადად, 12-14 დღის ინტერვალით.
წითელი ქარის პროფილაქტიკისთვის ვაქცინაციას ატარებენ 6 თვეში ერთხელ. იმუნიტეტის გამომუშავება იწყება ვაქცინაციიდან მე-8 დღეს და მთავრდება მე-14 დღეს. იმუნიტეტი გრძელდება 6 თვეს.
ვაქცინაციას იშვიათად შეიძლება ახლდეს ტემპერატურის დროებითი, უმნიშვნელო მომატება და უმადობა, რომელიც ყოველგვარი გართულების გარეშე მალე გაივლის.
ვაქცინაციის გარდა, დაავადების პრევენციისთვის აუცილებელია სპეციფიკური ვეტერინარულ-სანიტარული ღონისძიებების გატარება, რაც გულისხმობს ცხოველებისთვის ნორმალური კვების და მოვლა-შენახვის პირობების შექმნას, ზოოჰიგიენური პირობების გათვალისწინებით.
აუცილებლობის შემთხვევაში, ავადმყოფი ღორის დაკვლა უნდა განხორციელდეს მხოლოდ და მხოლოდ სანიტარულ სასაკლაოზე. ასეთი ტანხორცის გამოყენება შეიძლება მხოლოდ თერმული გადამუშავების შემდეგ, ისიც იმ შემთხვევაში, როცა დაავადება არ არის შორს წასული და მხოლოდ საწყისი სტადიაა. აუცილებელია ავადმყოფი ღორების სადგომიდან გამოყვანის შემდეგ, მოხდეს სადგომის საგულდაგულო დეზიინფექცია.
ავტორი: ამირან კოჩალაძე /ღორის დაავადებები/.