თხაწართხალა – სამკურნალო და თაფლოვანი მცენარე

თაფლოვანი, სამკურნალო

თხაწართხალა (ლათ. Chamaenerium Angustifolium (L) Scop) ონაგრასებრთა ოჯახს ეკუთვნის. აჭარაში თხაწართხალას ყულაფს, ხარიკუდას ეძახიან. მცენარე სწორმდგომი, დაუტოტავი, ან ოდნავ დატოტვილი ღეროიანი 50-150 სმ სიმაღლისაა.

მოგრძო-ლანცეტისებრი ფოთლები ღეროზე მორიგეობითაა განლაგებული. მათი ნაპირები ოდნავ გამოსახული ძნელად შესამჩნევი კბილებით ხასიათდება, ამიტომ კიდემთლიანი ფოთლების შთაბეჭდილებას ტოვებს. კენწეროზე აღმამდგომ მტევნად შეკრებილი წითელი ყვავილები საკმაოდ დიდი ზომისაა.

თხაწართხალა ხშირად გვხვდება ტყეებში, ტყის პირებზე, ტყეკაფებზე, ნახანძრალებზე არხების ნაპირებსა და ზოგჯერ მდინარეთა ჭალებში.

საქართველოში ძირითადად მაღალმთიან რაიონებში გხვდება.

ფოთლებში აღმოჩენილია 20 პროცენტამდე მთრიმლავი ნივთიერებები, ლორწო, ალკალოიდები, შაქარი, პექტინი, C ვიტამინი, კუმარინი, ანტოციანური და ფლაონური ნივთიერებები.

ლორწოსთან შეხამებით ტანინების დიდი რაოდენობით შემცველობის გამო ამ მცენარის ფოთლები საუცხოო ანთების საწინააღმდეგო საშუალებაა, განსაკუთრებით წყლულოვანი დაავადების დროს.

თხაწართხალას ანთების საწინააღმდეგო საშუალებად იყენებენ კუჭის წყლულოვანი დაავადების, გასტრიტისა და კოლიტის დროს.

თხაწართხალას ფოთლებში C ვიტამინის დიდი რაოდენობით შემცველობა (თითქმის იმდენივეა, რამდენიც შავი მოცხარის ნაყოფებში) და ფლავონოიდების არსებობა მას მნიშვნელოვან ვიტამინურ საშუალებად ხდის.

თხაწართხალას გამონახარში შესწავლილი იქნა ფარმაკოლოგების მიერ. ცხოველებზე ჩატარებულმა ცდებმა აჩვენა მისი სედატიური (საძილე) და კრუნჩხვების საწინააღმდეგო მოქმედება, რითაც იგი ამინაზინს ჰგავს.

ხალხურ მედიცინაში თხაწართხალათი მკურნალობენ სიყვითლეს, თავის ტკივილს, გამონახარშსა და ნაყენს ხმარობენ ნივთიერებათა ცვლის მოშლის, კუჭ-ნაწლავის დაავადების, კუჭის წყლულის, ყურის, ყელისა და ცხვირის ანთების წინააღმდეგ. მის ფხვნილს აყრიან ჭრილობებზე.

ტიბეტის მედიცინაში გამონახარშს სიცხის დამწევად, სიყვითლისა და თავის ტკივილის სამკურნალოდ ხმარობენ, აგრეთვე იყენებენ ძილისმომგვრელ საშუალებად.

ფოთლებს ახმობენ და ჩაის შემცვლელად იყენებენ.

თხაწართხალა დიდად საყურადღებო თაფლოვანი მცენარეა. მისი ყვავილობა ფუტკრების აქტიური მოქმედების პერიოდს ემთხვევა. განსაკუთრებით დიდი რაოდენობით ნექტარს გამოყოფს ყვავილსაფარის გაშლის დროს და უამრავ ფუტკარსაც იზიდავს.

თხაწართხალა ძალიან კარგი (პროდუქტიული თაფლოვანი მცენარეა) ერთი ჰექტარზე 200-600 კგ ნექტარს იძლევა, მისგან მიღებული თაფლი ძალიან გემრიელია.

ყვავილობს ივნისიდან აგვისტომდე.

tkhawartkhala_samkurnalo_2000015777095311117

ავტორები: შ. ხიდაშელი, ვ.პაპუნიძე

*გამოიყენეთ ექიმის რეკომენდაციის გათვალისწინებით

თქვენი რეკლამა