ირგას Amelánchier (ყვავტყემალა), მართალია მრავალი სახელი ჰქვია, მაგრამ ბუნებაში მის ორ სახეობას განასხვავებენ: კანადური და მრგვალფოთლოვანს. კანადური ირგა, 3-10 მ სიმაღლის ბუჩქი ან ხეა, მრგვალფოთლოვანი ირგა კი ხშირი დატოტვილი ბუჩქოვანი მცენარეა 50 სმ-დან 2 მ-მდე, ვარდისებრთა ოჯახიდან.
ირგა მდგრადია ცივი ამინდის მიმართ და ადვილად იტანს მკაცრ ზამთარს -40 გრადუსს. იგი დიდ მოთხოვნას არ უყენებს ნიადაგურ-კლიმატურ პირობებს, ამიტომ წარმატებულად ხარობს, როგორც ბარში ასევე მთაში. მას მავნებლები თითქმის არ ეკარება და მცენარე პრაქტიკულად არ ავადდება.
ირგა უხვად და ყოველწლიურად იძლევა მუქი-მოშავო ფერის ნაყოფს, მისი კენკრა არა მარტო გემრიელია, არამედ ძალიან სასარგებლოა. ირგა მრავლდება თესლით, ერთწლიანი კალმებით, გადაწვენით, ფესვის ამონაყრებით. ირგას იყენებენ როგორც დეკორატიულ მცენარეს.
გაზაფხულზე, ის ძალიან ლამაზად ყვავის და მთელ ბაღში სასიამოვნო სურნელი დგას. მისი ფესვთა სისტემა ღრმად მიდის ნიადაგში, როგორც ვერტიკალურად ასევე ჰორიზონტალურად, ამიტომ ის საუკეთესოა ეროზიის საწინააღმდეგოდ.
მისი თეთრი არომატული ყვავილები სატყუარაა ფუტკრებისთვის, რის გამოც, მცენარე კარგად იმტვერება და ჯანსაღ ნაყოფს იძლევა, რგვის საუკეთესო დროა შემოდგომა. კვების არე კანადურისთვის (4მ X 5მ), ხოლო მრავალფოთლოვანისთვის (2მX2მ).
ფარმაკოლოგიური თვისებების მიხედვით, ირგას ორივე სახეობა შეიცავს შაქარებს, ორგანულ მჟავებს, ასკორუტინს, C,D,K,PP, B ჯგუფის ვიტამინებს. ძირითადად ირგას კენკრა გამოიყენება ნედლად, მისგან მზადდება ჟელე, პასტილა, მურაბა, ჩირი. ნაყოფში ბეტა სიტოსტერინის (ქოლესტერინის ანტაგონისტი) არსებობის გამო, მას მიირთმევენ ათეროსკლეროზის, გულ-სისხლძარღვთა და კუჭის დაავადებების პროფილაქტიკისთვის, ავიტამინოზის სამკურნალოდ.
ნედლი კენკრის წვენი გამოიყენება ყელისა და პირის ღრუს სავლებად. სხვათა შორის, ახალმოკრეფილი კენკრის დაწურვა თითქმის შეუძლებელია, თუმცა ერთკვირიანი შენახვის შემდეგ, მისი წვენის მიღება მნიშვნელოვნად გამარტივებულია.
ქერქისა და ფოთლების ნახარში გამოიყენება, როგორც მკუმშავი და დამარბილებელი საშუალება ნაწლავების დაავადებების დროს, ასევე, ჩირქოვანი წყლულის სამკურნალოდ. ყვავილების წყლიანი და სპირტიანი ნაყენი გამოიყენება როგორც ჰიპოტენზიური და კარდიოტონიკური საშუალებები, ათეროსკლეროზის წინააღმდეგ.
ირგა შეიცავს ვიტამინ B2- ს, რომელიც იცავს თვალის ბადურას ულტრაიისფერი გამოსხივებისგან, ამცირებს დაღლილობას და აუმჯობესებს მხედველობის სიმახვილეს, კენკრა ასევე შეიცავს კაროტინს, რომელიც ხელს უშლის ბადურაში ასაკთან დაკავშირებულ ცვლილებებს.
ნერვული სისტემის პრობლემების მქონე ადამიანებს აწუხებთ დაძაბულობა, უძილობა, ასეთ შემთხვევებში ირგას მიღება აღადგენს ჯანმრთელ ძილს და დაგეხმარებათ მოდუნებაში. ირგა სასარგებლოა როგორც ახალი ხილი, მისი მურაბა კი საუკეთესოა ყელის ტკივილსა და გაციების დროს, მას მიირთმევენ თბილ ჩაისთან ან რძესთან ერთად.
ავტორი: ლალი გოგინავა
„ელკანას” რჩევები ბიომეურნეებს