ატმის წარმოშობისა და დომესტიკაციის ცენტრი ჩრდილო-აღმოსავლეთი და ცენტრალური ჩინეთია, სადაც სამეცნიერო კვლევებით აღმოჩენილია ატმის კურკები, რომლებიც თარიღდება 7000 – 6000 წლით ჩვენს ერამდე.
ჩინური ისტორიული წყაროების მიხედვით ამ ხილის დომესტიკაციისა და სასუფრედ მოხმარების მაგალითები დასტურდება ჯერ კიდევ 4000 წლის წინ. ევროპაში ატამი, ჯერ კიდევ ჩვენს წელთაღრიცხვამდე, რომაელებმა შეიტანეს ირანიდან.
კულტურული ჯიშები წარმოშობილია ატმის შემდეგი სახეობისგან (Prunus persica L., 2 n = 16). ნ. რიაბოვმა გამოყო ჩვეულებრივი ატმის ორი ქვესახეობა ვარდისებრყვავილიანი (sub sp. rosiflorae Riab) და ზარისებრ ყვავილიანი ატმები (subsp. compamiliflorae Riab). ასევე ატმის ცალკე სახესხვაობაა შეუბუსავი ატმები – ნექტარინები (Prunus persica var. Nucipersica).
ატმის ყველა ჯიშს, ნაყოფის შებუსვისა და რბილობის კურკისაგან მოცილების მიხედვით (პუატოს კლასიფიკაცია), ჰყოფენ შემდეგ ჯგუფად:
1. შებუსულნაყოფიანი სახლეჩი – ნამდვილი ატმები;
2. შებუსულნაყოფიანი სახრავი – პავიები;
3. ნექტარინები – შეუბუსავი სახლეჩი და შეუბუსავი სახრავი (ადრე გამოყოფილი ჯგუფი ბრუნიონები) ატმები.
საქართველოში ატამი გავრცელებულია უძველესი დროიდან, რაც ისტორიული და ლიტერატურული წყაროებით და გენეტიკური რესურსების მრავალფეროვნებით დასტურდება. საქართველოში ატმის წარმოების მთავარი რეგიონებია: კახეთი და შიდა ქართლი. ატმის ბაღების ძირითადი ფართობები გაშენებულია გურჯაანისა და თელავის მუნიციპალიტეტებში.
წყარო: ხეხილის ახალი ჯიშები და მათი თავისებურებები
დაკლიკეთ დოკუმენტზე (ფოტოზე) და წაიკითხეთ