საქართველოს მებოცვრეობის ფერმებში ჩატარებულმა კვლევითმა სამუაშოებმა გვიჩვენა, რომ მებოცვრეობის მეურნეობაში თითქმის ყველგან შესუსტებულია სამუშაოები ბოცვრების ბეწვოვანი საფარის სიხშირის, ცოცხალი მასისა და სახორცე პროდუქტიულობის გაზრდის მიზნით. ნაკლები ყურადღება ექცევა ცხოველთა შერჩევას და გადარჩევას.
სანაშენო საქმის გასაუმჯობესებლად აუცილებელია: სანაშენო ბირთვის შექმნა, ძირითადი ფარის კლასობრივი შემადგენლობის გაუმჯობესება, სანაშენო საქმის გეგმების შემუშავება, რაც ითვალისწინებს მეხორცულობის, მალმწიფადობის, ბეწვოვანი საფარის ხარისხის და საკვების ანაზღაურების გაუმჯობესებას, აგრეთვე მწარმოებლების შეფასებას შთამომავლობის მიხედვით.
სამუშაოს ამოცანები და მეთოდები მეურნეობის დანიშნულებით უნდა განისაზღვროს. მებოცვრეობის მეურნეობაში სანაშენო და პროდუქტიული თვისებების სრულყოფა უნდა ჩატარდეს ხალასჯიშიანი მოშენების მეთოდით, ხოლო არსებული ჯიშების გაუმჯობესება, ახალი ტიპების და ხაზების შექმნით, რაც ფარის სრულყოფის და ახალი მაღალპროდუქტიული ჰიბრიდების და ნაჯვარი სულადობის შექმნის საფუძველს წარმოადგენს, სანაშენო ელიტური მოზარდის გამოზრდა უნდა წარმოებდეს საკუთარი ფარის შესავსებად.
ხორცის წარმოებისათვის ჰეტეროზისის ეფექტის გამოყენებით მიზანშეწონილია სამრეწველო შეჯვარების გამოყენება სახორცე-ტყავბეწვეულის მიმართულების ჯიშებში.
საინტერესოა აგრეთვე ცვლადი შეჯვარებაც, როდესაც შესაჯვარებლად გამოიყენება განსხვავებული გენოტიპების მქონე ცხოველები, რაც იწვევს ჰეტეროზისის ეფექტს მიღებულ შთამომავლობაში.
ჯიშთაშორისი შეჯვარების გამოყენებით მაღალი შედეგებია მიღებული შემდეგი ჯიშების შეხამებით.
მამლები დედლები
კალიფორნიული – რუხი გოლიათი
ახალზელანდიური თეთრი – საბჭოური შინშილა
ახალზელანდიური თეთრი – კალიფორნიული
რუხი გოლიათი – ახალზელანდიური თეთრი
ქართული სახორცე-ტყავბეწვეული – საბჭოური შინშილა
თეთრი გოლიათი – საბჭოური შინშილა
ბოცვრების მოშენებისა და შეჯვარების სქემა
მებოცვრეობაში სანაშენო საქმე ფართო მასშტაბებით უნდა წარმოებდეს. სასურველია ხაზების უწყვეტი შემოწმება რეციპროკული პერიოდული სელექციით, კორელაციის კოეფიციენტის დადგენით, მკაცრი ინდივიდუალური და ჯგუფური შერჩევით. ცხოველების გამოცდა შთამომავლობის პროდუქტიულობის მიხედვით. ბოცვრების პროდუქტიულობის სრულყოფა უნდა ჩატარდეს მათი გენოტიპის და გარემოს პირობების გათვალისწინებით.
ჰეტეროზისი მიიღება იმ შემთხვევაში თუ შესაჯვარებელი ჯიშები ერთმანეთისგან განსხვავდებიან სასარგებლო-სამეურნეო თვისებებით. მაღალი პროდუქტიული ნაჯვარები მიიღება აგრეთვე შესაჯვარებელი ცხოველების საუკეთესო შეხამების შერჩევით.
→ შეჯვარების პირველ ეტაპზე უნდა შეირჩეს ჯიში, ხაზი და ინდივიდი მათი პროდუქტიულობის და სანაშენო თვისებების მიხედვით.
→ მეორე ეტაპზე – შეირჩეს შესაჯვარებელი ჯიშების საუკეთესო დედლები და მამლები. მიღებული შედეგების შეფასება ხდება შთამომავლობის კროსბრედული მაჩვენებლების მიხედვით.
→ მესამე ეტაპი – საუკეთესო ცხოველების გაფართოებული აღწარმოება ხალასჯიშიანი მოშენების და შეწყვილების საფუძველზე – ჯიშების ფარგლებში.
→ მეოთხე ეტაპი – მეორდება პირველის სქემა და პერიოდული სელექცია.
ჰიბრიდიზაციის სასელექციო სამუშაოები იწყება სპეციალიზებული ხაზების შექმნით, ყოველი მათგანის სელექცია ხდება განსაზღვრულ თვისებაზე. ცალკეულ ხაზებს აჯვარებენ ერთმანეთს შებრუნებითი შეჯვარების გამოყენებით. შემდეგ იყენებენ ხალასჯიშიან მოშენებას. ნათესაური შეწყვილების გამოყენებით, ზუსტდება ოპტიმალური შეხამება ინბრიდინგის გამოყენებით.
ამ სტადიიდან დაწყებული შეჯვარება აუცილებელია ჩატარდეს ცხოველების ცალკეული ჯგუფების შიგნით ფენოტიპური სელექციის გამოყენებით, რომელიც დამყარებულია განსაზღვრულ სელექციურ ინდექსზე. შეჯვარების შედეგად მიღებული ჰიბრიდული ბოცვრები ხასიათდებიან კარგად გამოხატული ჰეტეროზისის ეფექტით.
სანაშენო საქმის ორგანიზაცია ჰიბრიდების მისაღებად შესაძლებელია, როცა სელექციონერები შეძლებენ სინთეზური ხაზების შექმნას ჰიბრიდული ცხოველების შესაქმნელად. მამრობითი და მდედრობითი ხაზების სელექციის დროს აუცილებელია მკაცრი გადარჩევის ჩატარება. ხაზების შესაქმნელად საჭიროა ცხოველების ხაზთაშორისი და ჯიშთაშორისი სამრეწველო შეჯვარება ჯიშების, პროდუქტიულობის გათვალისწინებით.
სირთულეს წარმოადგენს ორი ნიშნის შენარჩუნება – ცოცხალი მასა და სიცოცხლის უნარი. რთულია ახალი ხაზის შექმნა სამი თვისების მიხედვით, ესენია: სიცოცხლისუნარიანობა, საკვების მაღალი ანაზღაურება და აღწარმოების უნარი, რადგან სამივეს გააჩნიათ მემკვიდრეობის დაბალი კოეფიციენტი.
მებოცვრეობის განვითარებისათვის აუცილებელია გადაწყდეს საკითხი საქართველოში მოშენებული ბოცვრის ჯიშების მიმართულებების შესახებ. საზღვარგარეთ (იტალია, საფრანგეთი, ინგლისი და აშშ) ტყავ-ბეწვეულის ჯიშის ბოცვრების მოშენება არ წარმოებს.
საქართველოში საკითხი მებოცვრეობის დარგის მიმართულების შესახებ, ჯერ კიდევ საკამათოა. ერთნი უპირატესობას ანიჭებენ სახორცე-ტყავბეწვეულის მიმართულების, მეორენი კი -ბროილერის მიმართულების ბოცვრებს. ბროილერის მიმართულების ბოცვრებს 3,5-4,5 თვის ასაკში იყენებენ სახორცედ საშუალო ცოცხალი მასით 3 კგ. ამ შემთხვევაში ერთი დედალი იძლევა 75 კგ დიეტურ ხორცს. ბროილერის და სახორცე-ტყავბეწვეულის მიმართულების გამოსაზრდელად 1 ც ცოცხალ წონაზე შრომის დანახარჯი და საამორტიზაციო ანარიცხი თითქმია ერთნაირია, ხოლო საკვები 0,8 საკვები ერთეულით ნაკლებია ბროილერის გამოზრდის შემთხვევაში. სახორცე-ტყავბეწვეულის მიმართულების ბოცვრებში პროდუქციის ხარისხი მაღალია.
მებოცვრეობაში სახორცე მიმართულების ცხოველების უპირატესობა გამოიხატება: ბოცვრის ხორცის ხარისხში, მალმწიფადობაში, ხორცის გამოსავლიანობის შრომის მცირე დანახარჯებში. ფერმერულ მეურნეობებში ძირითადად აშენებენ სახორცე-ტყავბეწვეულის მიმართულებების ბოცვრებს.
ეკონომიკური ეფექტურობის შეფასება ხელფასის გათვალოსწინებით (ბოცვრების გამოზრდის დროს სხვადასხვა დანახარჯებით) გვიჩვენებს, რომ ბოცვრებს ხორცად ჩაბარების (ტყავ-ბეწვეულის გათვალისწინებით) საუკეთესო 5,0-5,5 თვის ასაკია. ამ ასაკში ბოცვრები იწონიან 3,5-4 კგ, ხოლო ბეწვს უკვე მეორედ იცვლიან, რაც შეეხება კომპლექსებს, სადაც ბოცვრების ინტენსიური გამოზრდა მიმდინარეობს, ბოცვრების ჩაბარების ( სახორცედ) საუკეთესო ასაკი 3,0-3,5 თვეა, ცოცხალი მასა შეადგენს 2,5-2,7 კგ.
მემკვიდრეობითობის მიახლოებითი კატეგორიები
ისეთი თვისებები, როგორიცაა ჰეტეროზისის ზომა და მემკვიდრეობითობის სიდიდე, დამოკიდებულია პოპულაციის გენეტიკურ სტრუქტურაზე. ნაჯვარები სხვა ცხოველებისგან განსხვავებით ადვილად ეგუებიან არახელსაყრელ ფაქტორებს. ჰეტეროზისი უფრო ხშირად შესაჯვარებელ ცხოველზეა დამოკიდებული. შესაჯვარებელი ჯიშები, რაც უფრო მეტად განსხვავდებიან გენეტიკურად, მით უფრო ჭარბობს ჰიბრიდული ძალა ნაჯვარში. მემკვიდრეობითობისათვის დამახასიათებელი ჯიშური თვისებები სხვადასხვა ჯიშების თვალსაზრისით თითქმის 100 % აღწევს, ხოლო ინდივიდუალური სხვაობა 50 % არ აღემატება. ჰეტეროზისი უფრო ხშირად აიხსნება ჰეტეროზიგოტულობით, რომელიც ხალასჯიშიანებში 50 % შეადგენს.
შეჯვარება ეფექტურია, თუ შთამომავლობა ითავსებს შესაჯავარებელი ჯიშების საუკეთესო თვისებებს. ცდებმა გვიჩვენა რომ, ჰეტეროზისის ეფექტურობისათვის ნაჯვარების ხორცის და ბეწვის პროდუქტიულობის ასამაღლებლად აუცილებელია ისეთი ცხოველების შეჯვარება, რომელთაც გააჩნიათ მემკვიდრეობითობის მაღალი მონაცემები. დიდი მნიშვნელობა აქვს ჯიშების შერჩევას. აუცილებელია შერჩევა, ჩატარდეს ექსტერიერის, პროდუქტიულობის და კვების დონის მაჩვენებლებით.
ნაჯვარები ითავსებენ ორივე მშობლის ნიშან-თვისებებს. მშობლის ზემოქმედება ზოგიერთ ბიოლოგიურ და სამეურნეო-სასარგებლო თვისებებზე სხვადასხვა ბოცვრებში სხვადასხვაგვარია. შეჯვარების ეფექტი დამოკიდებულია არა მარტო მშობლების წყვილების შერჩევასა და გადარჩევაზე, არამედ გარემოს პირობრბზეც.
სახორცე პროდუქტიულობის მაღალი მაჩვენებელების მისაღებად საჭიროა ყურადღება დაეთმოს მწარმოებლის შერჩევას. მშობლების ჯიშთაშორისი ტიპი ხელს უწყობს ჰეტეროზისის გამოვლენას. ჰეტეროზისის მიღების მიზნით, მწარმოებლები უნდა შეფასდნენ პროდუქტიულობით და შთამომავლობის ხარისხით. მაღალი კლასის მამლების შესაჯვარებლად გამოყენებამ მათი წარმოშობის, პროდუქტიულობის და შთამომავლობის მიხედვით, შეიძლება გააძლიეროს შთამომავლობის ჰიბრიდული ძალა.
ჰეტეროზისის გამოსავლენად დიდი მნიშვნელობა ენიჭება დედლების თვისებებს. თუ დედალი მიეკუთვნება მსხვილ ჯიშს, შთამომავლობა უფრო მსხვილია, ხოლო თუ დედალი ადგილობრივი ჯიშებიდანაა შერჩეული, მაშინ ჰიბრიდული შთამომავლობაც შეჩვეული იქნება ადგილობრივ პირობებს. მამლების შერჩევის დროს ითვალისწინებენ იმას, რომ მამლები მემკვიდრეობით გადასცემენ ცოცხალ მასას. ნაჯვარი ბაჭიები ასხლეტის დროს უფრო მეტს იწონიან, ხალასჯიშიან თანატოლებთან შედარებით.
ჯიშთაშორისი შეჯვარების გამოკვლევებმა ბოცვრების სახორცე (კალიფორნიული) სახორცე- ტყავბეწვეულის (საბჭოური შინშილა), სახორცე (ახალზელანდიური თეთრი) ჯიშების შეჯვარებამ სპეციალიზებული სახორცე-ტყავბეწევულის (რუხი გოლიათი, თეთრი გოლიათი, ვერცხლისფერი) ჯიშის მამლებთან გვიჩვენა ხალასჯიშიანი და ნაჯვარი მოზარდი ბოცვრების ზრდის ახალი კანონზომიერებები.
ამ კანონზომიერების არსი იმაში მდგომარეობს, რომ ნაჯვარ ბოცვრებს ხალასჯიშიანებთან შედარებით ნაყოფიერება, ცოცხალი წონა, ჩონჩხის ძვლები, კუნთოვანი ბოჭკოები, შინაგანი ორგანოები ინტენსიურად ეზრდებათ 90-120 დღის ასაკამდე, ხოლო ხალასჯიშიანებს 160 დღის ასაკამდე. 120 დღის ასაკში ნაჯვარებში მთელი ორგანიზმის და ცალკეული ორგანოების ზრდა მცირდება, ხოლო ხალასჯიშიანების თანატოლებში გრძელდება 160 დღის ასაკამდე, რომ ნაჯვარი ბოცვრები ხალასჯიშიანებთან შედარებით გამოირჩევიან მალმწიფადობით.
პირველი თაობის ბოცვრებში ინტენსიურად მიმდინარეობს ორგანიზმის ზრდის პროცესები, განსაკუთრებით 60-90 დღის ასაკში ნაჯვარები თავის ხალასჯიშიანი თანატოლებისაგან იძლევიან კარგი ხარისხის ხორცს და ტყავ-ბეწვეულს.
მრავალწლიანმა გამოკვლევებმა გვიჩვენა, რომ ნაჯვარი ცხოველების ეკონომიკური მნიშვნელობა წარმოებაში უნდა განისაზღვროს მშობლების ჯიშთან შედარებით.
ჯიშთაშორისი სამრეწველო შეჯვარება სახორცე და სახორცე-ტყავბეწვეულის ბოცვრის ჯიშების სახორცე ჯიშის მამლებთან საშუალებას იძლევა, მოკლე დროში გააუმჯობესდეს ბოცვრების სახორცე პროდუქტიულობა, ხორცის და ტყავ-ბეწევეულის ხარისხი, აგრეთვე სახორცე მებოცვრეობის სწრაფი განვითარებისათვის დედისეული ფარის შექმნა.
ახლო მომავალში ჩვენს ქვეყანაში გათვალისწინებულია სახორცე მიმართულების მებოცვრეობის დარგის განვითარება. ამისათვის აიცილებელია სამრეწველო შეჯვარებით მიღებული ნაჯვარი დედლების დიდი რაოდენომით დატოვება, სახორცე ფარის მოშენების შემთხვევაში, ყურადღება მიექცეს ნაჯვარი ცხოველის უნარს – მემკვიდრეობით მიიღოს მაღალი აღწარმოებითი მაჩვენებლები.
ელგუჯა გუგუშვილი,
საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი.
იხილეთ აგრეთვე: საქართველოში მებოცვრეობის განვითარების პერსპექტივები